კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა გააკეთოს ადამიანმა საკუთარი ცხოვრების გზაზე სწორი არჩევანი და შეუძლია თუ არა ქრისტიანს ეშმაკის მზაკვრობის ჩაშლა

„მოვიდა ჩვენი უფალი და ჩვენ გამო ადამიანი გახდა, რათა‚ როგორც წმიდა გრიგოლი ამბობს: მსგავსით მსგავსი განიკურნოს, სულით – სული, ხორცით – ხორცი. ცოდვის გარდა, ყველაფრით კაცი გახდა, მიიღო ჩვენი არსება – ჩვენი ცდუნების დასაბამი; გახდა ახალი ადამი, მისივე შექმნილი ხატი, განაახლა ჩვენი ბუნება, განწმინდა გრძნობები, როგორც თავდაპირველად იყო“... – ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი)

 

– ქრისტიანობის არსს შეადგენს‚ ქრისტეს ჯვარი და მისი აღდგომა, რომლის მეშვეობითაც კაცობრიობას, ბოლოს და ბოლოს, მიეცა საშუალება, ახლად შობილიყო, განახლებულიყო. მეორე უმთავრესი ასპექტი, რომელიც ქრისტიანობის არსს შეადგენს, არის ადამიანის სულიერი ცხოვრების სწორი წარმართვა. პირველი, რაც მხოლოდ ქრისტიანობას ახასიათებს, ეს არის მტკიცება – „ღმერთი სიყვარული არს“. ღირსი ანტონი დიდი ამბობს: „ღმერთი სახიერი, უვნებო და უცვალებელია. ის არც ხარობს და არც მრისხანებს, რადგან, სიხარული და მრისხანება ვნებებია. უაზრობაა, ვიფიქროთ იმაზე, რომ ღმერთი ადამიანების საქმეების გამო ან კარგად გრძნობს თავს, ან – ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ზიანს არავის აყენებს და მარად უცვალებელია. ჩვენ კი, როცა სახიერნი ვართ, ღმერთს ვეზიარებით მასთან მსგავსების გამო, მაგრამ, როცა ვბოროტდებით, ვშორდებით მას, იმიტომ რომ, განვსხვავდებით მისგან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთი მრისხანებს ჩვენზე, არამედ იმას, რომ ჩვენი ცოდვები გვაგდებს ამ მდგომარეობაში და მტანჯველ დემონებთან გვაკავშირებს. თუ შემდეგ ლოცვა-ვედრებითა და კეთილი საქმეებით ცოდვათა შენდობას მოვიპოვებთ, იმას კი ნუ დავასკვნით, ღმერთს გული მოვულბეთ ან შევცვალეთო, უბრალოდ, ამგვარი მოქმედებითა და ღვთისკენ მოქცევით ვკურნავთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ისევ გვეძლევა იმის უნარი, რომ ვიგემოთ ღვთის სახიერება“. ამიტომ, ნურავინ იტყვის, რომ ის უფლისგან გამოიცდება, განიცდება, რამეთუ ღმერთი ბოროტებისგან შორს არის, გამოუცდელია და ის არავის განსცდის. 

– ბევრს ხშირად უგრძნია, თუ როგორ იბრძვის მის შიგნით ორი ადამიანი: ერთი – ძველი, რომელიც მის ეკლესიურ ცხოვრებამდე არსებობდა და ახალი, რომელიც დღეს მის არსებაში განაგრძობს ცხოვრებას.

– დიახ, ადამიანის ცნობიერებაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ბრძოლა ძველსა და ახალ კაცს შორის. შესაბამისად, ეს ორი ადამიანი აკეთებს არჩევანს: ისინი ან ქრისტეს ირჩევენ, ან – ანტიქრისტეს. გადაწყვეტილების მიღება ჩვენზეა დამოკიდებული: ან სულის ცხოვნება უნდა ავირჩიოთ, ან – წარწყმედა. მხოლოდ საკუთარი თავისადმი, საკუთარი ძალებისადმი გაბედული და პატიოსანი მზერის მიპყრობა და საშინელი სულიერი სიღატაკის შეგრძნება დაგვანახვებს ჭეშმარიტ ხსნასა და ჭეშმარიტ მაცხოვარს – ქრისტეს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი საუკუნო ცხოვრების სიკეთე. 

– ხშირად ადამიანები დადიან ეკლესიაში, ლოცულობენ, თითქოსდა, ერთი შეხედვით, სწორად ცხოვრობენ, მაგრამ, საერთოდ არ იცვლებიან, არ იზრდებიან როგორც სულიერად‚ ასევე მორალურად. ეს რისი ბრალია?

– სწორი ქრისტიანული ცხოვრების შედეგად ადამიანები ყოველთვის იცვლებიან. მათ, ვინც განიწმიდებიან ვნებებისგან და თავმდაბლობას მოიპოვებენ, სულიწმიდა მიიღეს. თუ ადამიანი სწორად იცხოვრებს, შეუდგება ქრისტიანულ ცხოვრებას, ის აუცილებლად შეიცვლება, განიკურნება და მას მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება დაეხმარება. ეკლესია ადამიანისთვის ცოცხალ ღმერთთან შეხვედრის ადგილია, ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და ზიარებაა. ჭეშმარიტ რელიგიურ გზას მხოლოდ ის ადამიანი ადგება, ვინც საკუთარი ცხოვრების გზაზე რეალურად შეხვდა ღმერთს, ვისაც შეეწია მისი ყოვლისშემძლე ძალა. ისევე, როგორც გონებით ვერ შეიცნობ სილამაზეს, აზრი რელიგიური განცდების მწველი ცეცხლის მხოლოდ ფერმკრთალი გამოხატულებაა და მისი შეცნობაც ძალიან რთულია, მაგრამ, არა შეუძლებელი. დიდი წმიდანი ისააკ ასური წერს, რომ უამრავი მტკიცებულება შეიძლება მოვიყვანოთ რელიგიური განცდებისა და სიყვარულის მდგომარეობაზე. ამ საკითხის შესახებ ძალიან კარგად საუბრობს წმიდა აბბა დოროთე: „იცოდეთ, ძმებო, თუ ჩვენს ნებას შევუდგებით, თუნდაც მარჯვენა მხარეს ვიბრძოლებთ, მალე დავეცემით. ეშმაკი მზაკვარია‚ სიძვასა და პარვას არ ჩაგვაგონებს (იცის, ასეთ რამეს არ დავუჯერებთ), არამედ, პირველად რამე კეთილი საქმის შესახებ გვეტყვის, რომელიც ჩვენ ძალზედ გვწადია. ასე დაგვაჩვევს ჩვენი ნების შედგომას და უეჭველად დაგვცემს მარჯვნიდან ან მარცხნიდან, უმთავრესად კი – მარჯვნიდან. როგორც დაწერილია‚ „ეშმაკი ბოროტებას უმთავრესად მაშინ იქმს, რაჟამს სიმართლესაც თანა შეჰრთის“. ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენს ნებას მივდევთ და თავად ვარჩევთ სათნოებას. გვგონია, კარგს ვაკეთებთ, მაგრამ, სწორედ მაშინ ვცდებით და სულს წარვიწყმედთ. როცა კაცი თვის ნებას უარყოფს, მაშინ უბიწოდ და წრფელად იხილავს ღვთის გზას: „ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი“. „თუ კაცის ნებას ზედა თავის მართლებაც დაერთვის, იცოდეთ‚ ასეთი კაცი საერთოდ არ სჩადის სიკეთეს“. ღმერთს სურს, ჩვენს ნებასა და განზრახვას კი არ შევუდგეთ, არამედ, ჩვენს მოძღვარს ვკითხოთ და მან დაგვიცვას შეცდომისგან, რადგან, გვეტყვის: ეს გააკეთე, ის გააკეთეო, ეს კარგია და ეს ცუდია, ის დროულია და მართებულია. თუ კაცი ასე დაეკითხება თავის მოძღვარს და, რასაც ეტყვის‚ გააკეთებს, მაშინ ეშმაკი დროს ვერ იხელთებს მის სავნებად და ამ საქმით მთელი მისი მზაკვრობა ჩაიშლება. ნუ გიკვირს, რომ ღმერთს ასე სურს და ამრიგად განაგო. ბოროტ ეშმაკს კი ძალიან უყვარს ისინი, ვისაც მოძღვარი არ ჰყავს და თავის ზრახვებს არ აღიარებს, რადგან, „დაცვენენ ვითარცა ფურცელი“. ეშმაკს იმიტომ უმძიმს ზრახვების გამოაშკარავება და აღსარების ხმასაც ვერ ისმენს, რათა სრულიად დაგვეუფლოს. კვლავ დავუკვირდეთ, რატომ უყვარს მას ისინი, ვინც თავის თავს ენდობა და თავის ნებას მისდევს? – რადგან ასეთები ეშმაკის ნებას მისდევენ და ეშმაკს ეხმარებიან თავისი სულის წარწყმედაში. ძმებო, არ უნდა ენდოთ საკუთარ თავს და არ მიჰყვეთ ღვთის ნებას, რადგან ეს არის სრულყოფილი თავმდაბლობა, სულიერი სიხარული და უვნებელი განსვენება. იცოდეთ, უამისოდ შეუძლებელია კაცის ცხონება. ზოგიერთი ამბობს: თუ არავინ მყავს, რომ დავეკითხოთ, რა ვქნა? და ამით თავის დანუგეშებას ლამობს. მე კი ვიტყვი: ვინც ჭეშმარიტად დაიმდაბლებს თავს, თავის ნებას განუდგება, ღვთისთვის მოინდომებს და მასწავლებლის ნებას რწმენით შეუდგება, ჩვილ ბავშვსაც რომ ჰკითხოთ, ღმერთი არ დატოვებს‚ თავისი ნებისკენ გაუძღვება და ბავშვის გონებას განანათლებს, რათა ღვთის ნება ასწავლოს შემკითხველს. მაგრამ, რწმენითა და თავმდაბლობით თუ არ კითხულობს, ასეთმა კაცმა წინასწარმეტყველსაც რომ ჰკითხოს‚ მისი მრუდე გულისამებრ ეტყვიან. თუნდაც კეთილი უთხრან, მაინც ვერ გააკეთებს და უფრო მეტად ისჯება. სიკეთის ქმნის დროსაც გვმართებს გონიერება. თუმცა, ყოველ საქმეს ისე უნდა მოველოდეთ როგორც ღვთის სასჯელს, როგორც წმიდა აღათონი. როცა სიკვდილის ჟამს მას ჰკითხეს: „შენც გეშინია, მამაო?“ მან უპასუხა: „მე რაც ვიცოდი, ჩემი ძალისამებრ გავაკეთე, მაგრამ, არ ვიცი, ღმერთისთვის თუ იყო სათნო, რადგან, სხვაა ღმერთის სამართალი და სხვა – კაცის“. როცა სინდისი გვეუბნება, ასე ან ისე მოიქეციო და ჩვენ მას არ ვუსმენთ, შემდეგ ის თავს კიდევ შეგვახსენებს, მაგრამ, თუ კიდევ არ მოვუსმენთ, მაშინ ჩვენი სინდისი ითრგუნება და აღარ შეუძლია ჩვენი მხილება სიმძიმის გამო, ზედ რომ ადევს; ბუნდოვნად გვინათებს და მოვლენებს გარკვევით არ გვაჩვენებს. როგორც ამღვრეულ წყალში ვერავინ ხედავს თავის გამოსახულებას, ისე ვართ ჩვენც – აღარ გვესმის, რას გვეუბნება სინდისი და ისიც აღარ გვგონია ჩვენთან არის თუ არა. თუმცა, სინდისი იმდენად წმიდა რამ არის, რომ ის ყველასთან არის, არასდროს ქრება და მუდამ ჩვენთვის კეთილს გვეუბნება. მაგრამ, ხშირად ადამიანები სინდისის ხმას არ უსმენენ, მას წინააღმდეგობას უწევენ, არ იცავენ საკუთარ სინდისს და ამის შედეგად ცოდვასა და სრულ უგუნურებაში ვარდებიან. აი, რას ამბობს ამის შესახებ წმიდა ბასილი: „ძმებო, ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი სინდისი, სანამ წუთისოფელში ვართ. არ დავუშვათ, რამე საქმის გამო გვამხილოს, არც რამეში დავთრგუნოთ, თუნდაც უმნიშვნელო საქმეში. იცოდეთ, ამ უმნიშვნელოდან დიდამდეც მივალთ. ნელ-ნელა ცუდ ჩვეულებებს შევიძენთ და შემდეგ სინდისის უგულებელყოფას დავიწყებთ“.

скачать dle 11.3