სად შეხვდა არსენ ვენგერს და კლაუდიო კანიჯას ზურა ხიზანიშვილი და ფეხბურთის რომელი არგენტინელი ვარსკვლავის გარეშე არ ჭამდა ის საჭმელს
ხიზანიშვილების ოჯახი ქართული ფეხბურთისთვის ნამდვილად არ არის უცხო, მამა – ნოდარ ხიზანიშვილი „დინამოს” ოქროს თაობის ფეხბურთელი და ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების, 1981 წელს მოგებული თასების თასის ერთ-ერთი შემოქმედია, შვილი – ზურა ხიზანიშვილი კი თანამედროვე ქართული ფეხბურთის სახე და ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრია, რომელსაც ზურგს წარმატებული საკლუბო კარიერა და ეროვნულ ნაკრებში 13-წლიანი ასპარეზობა უმაგრებს. გთავაზობთ ინტერვიუს ზურა ხიზანიშვილთან, რომელსაც თურქეთში დავუკავშირდით და საუბარი, რა თქმა უნდა, 1981 წლით დავიწყეთ, იმ წლით, როცა ზურა დაიბადა.
– ზურა, შენი დაბადებით დავიწყოთ, 1981 წელს დაიბადე, როცა ქართულმა ფეხბურთმა თავის ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია და მამა ამ გამარჯვების უშუალო შემოქმედი იყო. თუ იცი, როგორი განწყობა იყო მაშინ ოჯახში?
– გადმოცემით ვიცი, რაც ხდებოდა. 6 ოქტომბერს დავიბადე და 13 მაისს იყო თასის ფინალი. დედა ორსულად იყო ჩემზე და მთელი უბანი, კორპუსი, აბსოლუტურად ყველა ჩვენ სახლში ყოფილა შეკრებილი ფეხბურთის საყურებლად. როგორც ვიცი, როცა „კარლ ცეისმა” გოლი გაგვიტანა, დედას გული წაუვიდა. ძალიან ინერვიულა, „დინამო” რომ აგებდა და სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ არავინ მოდიოდა, რადგან ყველა თამაშს უყურებდა. ბიძაჩემმა დარეკა რამდენჯერმე და უარს ეუბნებოდნენ, გვაცალეთ, ფინალიაო. თამაშის დამთავრების შემდეგ კი, ერთბაშად სამი მანქანა მისულა. ძალიან დიდი დავბადებულვარ, 6 კილო და 500 გრამი – უკვე სკოლაში შემეძლო წასვლა (იცინის).
– ფეხბურთზე მამამ შეგიყვანა, თუ შენი სურვილით მოხდა?
– მამა საერთოდ არ აქტიურობდა. რაც მახსოვს, ის იყო, რომ 7 წლის მიმიყვანეს ფეხბურთზე. მამამ მიმიყვანა პირველად, მაგრამ ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში უფრო დიდი წვლილი დედას მიუძღვის. წვიმაში, ქარში, თოვლში, ნებისმიერ ამინდში დავყავდი დედას ვარჯიშებზე. ახლა, რომ ვაკვირდები, თან, როცა, მეც შვილები მყავს, მისთვის, ალბათ, ძნელი მომენტი იყო – თვითონ ფეხბურთელი და შვილს იქნებ სულ არ უნდა ეს ფეხბურთელობა. იცოდა, რა სპორტიც იყო, რა სიძნელეებიც ახლდა. თანაც ისეთი ადამიანია, უნდოდა, ვყოფილიყავი ნამდვილი ფეხბურთელი და არა, პატარ-პატარა მიღწევებს დავჯერებოდი.
– ნაკრებში პირველ თამაშს როგორ გაიხსენებდი, 1999 წელს შედგა შენი დებიუტი და მაშინდელი ნაკრები, ალბათ, ერთ-ერთი უძლიერესი იყო არსებობის ისტორიაში?
– 17 წლის ვიყავი და კარგად მახსოვს, რაც იწერებოდა მაშინდელ გაზეთებში და რასაც ამბობდნენ ჩემზე და ოთარ ხიზანიშვილზე ტელევიზიით. ბავშვობიდან ვძმაკაცობდით მე და ოთარი და ერთად მოგვიწია ნაკრებში თამაშიც. ოთარი ძირითადში დააყენა იმ მატჩში მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა იოჰან ბოსკამპმა და მე შეცვლაზე შემიყვანა. ისე ვნერვიულობდი შესვლისას, ერთი ის მახსოვს, რომ არ მინდოდა ზევით ახედვა. ბევრი მაყურებელი იყო სტადიონზე და მხოლოდ ქვევით ვიყურებოდი, მინდორს ვუყურებდი. სამწუხაროდ, მაშინ წავაგეთ, მაგრამ მე მაინც კარგად მახსენდება, რადგან ჩემი პირველი თამაში იყო. იქიდან დაიწყო ჩემი სერიოზული გზა ფეხბურთში და ბოსკამპის დიდი მადლიერი ვარ, რომ ეს გზა გამიხსნა.
– ნაკრებში გატარებული პერიოდიდან რა გახსენდება ყველაზე კარგად და ყველაზე მეტად რაზე გწყდება გული?
– ნაკრებში რომ მოვხვდი, მაშინ ვერ ვაანალიზებდი, რამხელა პასუხისმგებლობა მქონდა აღებული. დღეს, როცა წლები მომემატა, გული მწყდება – 13 წლის განმავლობაში რაც ნაკრებში ვარ, ვფიქრობდი, რომ ორჯერ მაინც ვითამაშებდი ევროპის ჩემპიონატზე და მსოფლიო ჩემპიონატზე. მაგრამ, სამწუხაროდ, იმ დონის გუნდმა, როგორიც 90-იანებსა და შემდგომ წლებში საქართველოს ნაკრები იყო, ვერ მოახერხა დიდ ტურნირზე თამაში. იმ დიდი ფეხბურთელებისთვის, როგორებიც არიან: ქინქლაძე, ქეცბაია, არველაძეები, ნემსაძე და სხვები ყველაზე გულდასაწყვეტია, რომ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დაასრულეს კარიერა. მე მ ათზე უმცროსი ვარ და ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ამ სიბერეში იქნებ ვითამაშო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე და ეს სურვილი ავისრულო. ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ამის დიდი სურვილი მაქვს. რა თქმა უნდა, მსოფლიოზე თამაშიც არანაკლებ მინდა, მაგრამ ისეთ ჯგუფში მოვხვდით ესპანეთთან და საფრანგეთთან ერთად, რომ რთულია წინასწარ რამის თქმა. თუმცა ესპანეთთან ჩატარებული თამაშის შემდეგ, სულ იმას ვამბობ, ყველასთან შეიძლება თამაში და მაქსიმუმის მიღწევა-მეთქი.
– ზურა, ასაკი ახსენე და შენი აზრით, რატომ გახდა ეს თემა აქტუალური ნაკრებში: იგივე იაშვილი და კობიაშვილი, ფაქტობრივად, ასაკის გამო გაუშვეს ნაკრებიდან. არადა, სხვა ნაკრებებში საკმაოდ არიან ასაკოვანი ფეხბურთელები და მათ გაშვებას გუნდიდან არავინ ჩქარობს.
– რაც ფეხბურთი დაარსდა, მე არ მახსოვს, რომ ვინმეს იქ ჩაეწეროს წესებში, ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს 33 ან 35 წლამდეო. ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რამ. ფეხბურთელს იქამდე შეუძლია თამაში, მანამ ძალა ერჩის, ფიზიკურად, მორალურად მზად არის. მე არ მესმის, როცა ფეხბურთელს ეუბნებიან, შენ ბებერი ხარ და წადი ნაკრებიდანო. 30 წლის მერე შესაძლოა ვეტერანად ითვლები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თამაშს თავი დაანებო. იგივე კობიაშვილი, იაშვილი – არ მინდა სხვა ქვეყნების ჩემპიონატებს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ რომელიმე „ჭ” კლასის ჩემპიონატში ხომ არ თამაშობენ, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდებში ასპარეზობენ. მეორე ბუნდესლიგაში თამაში კი, არცთუ იოლია. მე ვერ დავეთანხმები აზრს, რომ ნაკრებიდან ასაკის გამო უნდა გაუშვა ფეხბურთელი. შესაძლოა, 33 წლის ფეხბურთელი 20 წლის ბიჭზე უკეთ თამაშობდეს. „მანჩესტერ იუნაიტედის” მაგალითი რომ ავიღოთ, რაიან გიგზი 39 წლისაა და დღემდე თამაშობს. პოლ სქოულზს სულაც დასრულებული ჰქონდა კარიერა და ფერგიუსონმა დააბრუნა ფეხბურთში, მჭირდებიო. გამოცდილება სულ სხვაა და ისე გამოდის, იქ უფრო აფასებენ გამოცდილ ფეხბურთელებს და ჩვენთან კი – პირიქით, რაც სამწუხარო ფაქტია.
– ინგლისის ჩემპიონატს შევეხეთ და საკმაოდ დიდი დრო გაქვს გატარებული ბრიტანეთში, სადაც რამდენიმე კლუბის შემადგენლობაში ირიცხებოდი. როგორ გაიხსენებდი იქ გატარებულ პერიოდს?
– 11 წელი გავატარე ბრიტანეთში და ისევე მენატრება იქაურობა ახლა, როგორც თბილისი. მანამდე შოტლანდიაში ვიყავი, შემდეგ – ექვსი წელი ინგლისში და მიმაჩნია, რომ ინგლისურ „პრემიერლიგაზე” მაგარი ჩემპიონატი მსოფლიოში არ არსებობს. თამაშის დაწყებას ისევე ველოდებოდი, როგორც ახალ წელს, იმდენად დიდი დღესასწაული იყო ეს ჩემთვის და სხვებისთვისაც. ახლა თურქეთში ვარ და აქაურობა ძლიერ განსხვავდება – სხვა მენტალიტეტი, სხვა დონე, სხვა ფეხბურთია. რთულია ინგლისის ჩემპიონატთან შედარება.
– 2000-იანი წლების დასაწყისში ამბობდნენ, რომ ლონდონის „არსენალი” იყო შენით დაინტერესებული. რატომ ვერ შედგა კონტრაქტი, რამ შეგიშალა ხელი?
– „არსენალმა” მიმიწვია, 2 კვირით ვიყავი ჩასული და მთავარ გუნდთან ვვარჯიშობდი. რეზო ძოძუაშვილის ბიჭმა, მიშა ძოძუაშვილმა ჩამიყვანა ლონდონში. 17 წლის ვიყავი მაშინ და ყველას ახსოვს, რა პერიოდი იყო თბილისში – უშუქობა, უპერსპექტივობა და უცებ „არსენალი” მიწვევს. ამის დაჯერება თავიდან გამიჭირდა, თან არც ინგლისური ვიცოდი. სანამ ბაზაზე არ მივედი და ერთი კაცი არ ვნახე, რომელსაც არსენ ვენგერი ჰქვია, ვერ ვიჯერებდი სად ვიყავი. ამის შემდეგ სხვანაირად აღვიქვი ყველაფერი. 2 კვირა გავატარე „არსენალში”, მაკვირდებოდნენ, დადებითად გადაწყდა ყველაფერი და როცა საქმე საქმეზე მიდგა, „ლოკომოტივმა” ისეთი თანხა მოითხოვა ჩემში, „არსენალს” თავის არსებობის განმავლობაში არ ჰქონდა გადახდილი არც ერთ ფეხბურთელში. მგონი, ტიერი ანრიში გადაიხადეს იგივე თანხა მერე. „არსენალის” შემდეგ თბილისში დავბრუნდი. ნაკრებთან ერთად იტალიაში ვითამაშეთ და მაშინ დაინტერესდნენ ჩემით შოტლანდიელები. ასე მოვხვდი „დანდიში”, სადაც გიორგი ნემსაძე თამაშობდა იმ დროს. მანამდე „ვესტ ჰემში” ვიყავი სტაჟირებაზე, მაგრამ შოტლანდიის ვარიანტი უკეთესი იყო.
– „დანდიში” არგენტინელ კლაუდიო კანიჯასთან ერთად მოგიწია თამაში. როგორია ის მოედნის მიღმა?
– კლაუდიო კანიჯა, მოგეხსენებათ, რა დონის ფეხბურთელიც იყო და ვამაყობ, რომ ჩემი მეგობარია. დღემდე გვაქვს ერთმანეთთან კავშირი. „დანდიში” 6 თვე ვითამაშეთ ერთად და გლაზგოშიც ვმეგობრობდით. იმ პერიოდში სულ მარტო ვიყავი და კლაუდიოს ოჯახიც, ძირითადად, ესპანეთში ცხოვრობდა, ისიც მარტო იყო, სულ ერთად ვიყავით – როგორც იტყვიან, უჩემოდ საჭმელსაც კი არ ჭამდა. (იცინის).
– კიდევ რას გაიხსენებდი ბრიტანეთში თამაშის პერიოდიდან?
– „ბლექბერნში” პირველი სეზონის დროს, რომელიც საკმაოდ კარგად ჩავატარეთ, ერთ-ერთ ბოლო მატჩში „მანჩესტერ სიტის” ვხვდებოდით და იმ მატჩში გოლი გავიტანე. თამაშის შემდეგ მეუღლესთან ერთად რესტორანში ვიყავი და იქ „სიტის” ქომაგებმა ჩამოიარეს. აგრესიულად იქცეოდნენ, თუმცა მე მითხრეს, შენ პატივს გცემთო. რატომ-მეთქი რომ ვკითხე, ქართველი ხარ და გიო ქინქლაძის გამოო (იცინის). დღემდე უდიდეს პატივს სცემენ ქინქლაძეს და ძალიან უყვართ მანჩესტერში. საერთოდ, ბრიტანეთში სხვა მიდგომაა ფეხბურთისადმი. თუნდაც ბავშვი, რომ იბადება ოჯახში, ჩვენთან, რომ „დოლჩე და გაბანას” ან „ჟივანშის” აცმევენ პირველად, იქ იმ გუნდის მაისურს აცმევენ, რომელსაც ოჯახი ქომაგობს. ერთხელ სტუმრად მიმიპატიჟეს მეზობლებმა, მაშინ გლაზგოში ვცხოვრობდი. ოჯახი იყო, ქმარი, ცოლი და პატარა შვილები – გოგო და ბიჭი. დამპატიჟეს ვახშამზე, მეც უარი ვერ ვუთხარი და მივედი მეორე დღეს. გამიღეს კარი, ზურა, შენ გენაცვალეო, მიმიწვიეს მაგიდასთან, მაგრამ დიასახლისი არ ჩანდა. ვხედავ, ეს კაცი შედის სამზარეულოში და გამოაქვს კერძები. დიასახლისის ხმა კი მესმის, მაგრამ არ ჩანს. ბოლოს ვიკითხე, სად არის-მეთქი და ქმარი მეუბნება, დაანებე თავიო. „სელტიკის” გულშემატკივარია და შენი ნახვა არ უნდა, რადგან „რეინჯერსში” თამაშობო (იცინის).
– სამზარეულოს ამბავში როგორ ხარ, თუ გეხერხება კერძების მომზადება?
– მარტო როცა ვიყავი, ეს შოტლანდიაში ხდება, ძალიან განებივრებული ვყავდი იტალიელ მეგობრებს. წარმოიდგინე იტალიიდან რომ მოდიოდნენ, ერთი ჩემოდნით ტანსაცმელი მოჰქონდათ და მეორეთი კი – საჭმელები, მაკარონი, თავისი ყველით, ზეთით და ყველაფრით, სულ იტალიურ კერძებს ვჭამდი. შემდეგ, ცოლი რომ მოვიყვანე, სალომემაც გამანებივრა საჭმლის კეთების ამბავში. კერძების მომზადება კი შემიძლია, მაგრამ უბრალოდ არ მიწევს. საერთოდ, იტალიური სამზარეულო მომწონს, თურქულიც კარგია, მაგრამ ნამეტანი ცხიმიანია. ქართული კერძებიდან ყველაფერი მიყვარს, ხინკალიც, ლობიოც, მეგრული სამზარეულოც, გააჩნია ხასიათს.
– ალკოჰოლთან როგორ ხარ?
– ძალიან შორს, მაქსიმუმ, რამდენიმე ჭიქა ღვინო დავლიო. თუმცა, „ბლექბერნში” როცა გადავდიოდი, ასეთი პუნქტი ეწერა კონტრაქტში – რომელი ალკოჰოლური სასმელი მოგწონს და, მოიხმარ თუ არა ალკოჰოლსო. მე ვუთხარი, არც ერთი-მეთქი, მაქსიმუმ, წითელი ან თეთრი ღვინო. კლუბის წარმომადგენელი კი არ მეშვებოდა. კაი, ჰო მითხარი, რომელი, იქნებ ლუდიო. არა, არასდროს დამილევია ლუდი-მეთქი და ვერაფრით დავაჯერე. მერეც, თამაშის შემდეგ, როცა თანაგუნდელები სადმე მივდიოდით, ისინი ლუდს სვამდნენ ბევრს და მე ბარმენს ღვინოს ან წყალს ვუკვეთავდი. ჩემზე ამბობდნენ: არა, ეს ბიჭი არ არის ჯანმრთელიო (იცინის). ჩემი გუნდელები იმდენ ლუდს სვამდნენ, მე მაგდენი წყალი არ დამილევია მთელი ცხოვრების განმავლობაში.
– გართობის ამბავში როგორ არის საქმე თურქეთში?
– გასართობად სტამბული იდეალურია. დიდი არჩევანია, მაგრამ ქაისერში, სადაც ვარ, ძირითდად, არანაირი გართობა არ არის. უფრო რელიგიური ქალაქია. სასმელიც კი არ იყიდება და კლუბზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ინგლისში კი გართობა მიღებული იყო თამაშების შემდეგ. „ბლექბერნში” მთავარი მწვრთნელი – მარკ ჰიუზი ითხოვდა კიდეც, წადით და გაერთეთ, კლუბში, ბარშიო. ნაკრებიდან როცა ვბრუნდებოდი, 2 დღეს გვასვენებდნენ, მაგრამ თამაშის დღეს 100-პროცენტიანი უნდა ყოფილიყავი.
– ნაკრებში, ლევან კობიაშვილის შემდეგ, ყველაზე მეტი მატჩი გაქვს ჩატარებული და თუ უმიზნებ 100 მატჩის დაგროვებას?
– მოვიტყუები, რომ ვთქვა, არა-მეთქი. ამის დიდი სურვილი და მიზანიც მაქვს. თანაც, სპორტული გაგებით, როცა ისეთ დიდ ფეხბურთელს ეჯიბრები, როგორიც ლევან კობიაშვილია, სხვა სტიმულია. 100-იც და 120 მატჩის მინდა ვითამაშო ნაკრებში. როგორ მოხერხდება, ეს დროსა და ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. კობიმ 15 წელი მოანდომა, რომ 100 მატჩი ეთამაშა ნაკრებში და წარმოიდგინეთ, რამხელა შრომა აქვს ჩადებული ამაში. გერმანიის ნაკრებში ფეხბურთელმა შესაძლოა, 5 წელიწადში ითამაშოს 100 მატჩი და საქართველოს ნაკრები სულ სხვაა. მიხარია, რომ ახლოს ვარ მე-100 მატჩთან. თუმცა, არც ისეა საქმე, რომ 100 ვითამაშო და გავჩერდე, რამდენიც შემეძლება, იმდენი მინდა, ვითამაშო.