აბეზარი პენსიონერი იოსკა და საგოგმანოდ გამოსული „ჟიგული“
კაპიკს კაპიკზე აწეპებდა კოტე ზალიკაშვილი და, როგორც იქნა, მიაღწია საწადელს: ფულიც შეაგროვა და საპირველმაისოდ („პრაზნიკთან“ დაკავშირებით) ცინცხალი, თეთრი, ქათქათა „ჟიგული 06“ შეაგორა ეზოში.
მთელი ღამე არ უძინია, გარშემო უვლიდა სანუკვარ მანქანას, ხუთჯერ გარეცხა და მოსაღამოვდა კიდეც.
რას შეარჩენდნენ მოდარაჯებული ძმაკაცები... სამი დღე სულ ყანწების ტრიალი იყო გაჩაღებული – მწვანე შუქზე გევლოსო, მარცხი არ გენახოსო, ინსპექტორები დაგბრმავებოდესო და ასე შემდეგ. მეოთხე დილით გაბრუებული გამოვიდა ეზოში.
– გევიკატავებ ერთი-ორს, დოვუფსებ თვალებს მტერ-მოყვარესო, – დაუბარა ცოლს, ჩაჯდა, დაქოქა და ფრთხილად გამოაგოგმანა ჭიშკრიდან.
წინ კი ფართე შარა იყო.
„სიფრთხილეს თავი არ სტკივა“, – გაახსენდა ანიჩკა მასწავლებლის სკოლის დროინდელი დარიგება და მეორე სიჩქარით, ნებიერად გავიდა მთავარ ქუჩაზე.
„დალოცვილი... დალოცვილი... რას მისრიალებს, ბიჭო?!“ – გაიფიქრა, სიჩქარე შეცვალა და გაზს მოუმატა. მანქანა ისარივით გავარდა.
უცებ, შუქნიშანი გადაეღობა – წითელი. ამას კი არ ელოდა და „რეზკად“ დაამუხრუჭა. დაამუხრუჭა და – ბახ! – გაიგონა უკანა მხრიდან.
გამწარებული გადმოხტა მანქანიდან და ხელში 78 წლის პენსიონერი მეზობელი იოსკა შერჩა, რომელიც თავისი „ზაპოროჟეცით“ შემოსკდომოდა საბარგულზე.
– რა ვქენი ეს, რა! – შემოირტყა იოსკამ თავში ხელი, – არ დამიჭირა ტორმუზმა! აუუ, რა ვქნა ახლა?!
შემოეყარა გულზე კოტეს, მაგრამ, რა ქნას?
– რა ვქნათ ახლა? – მაინც ჰკითხა მეზობელს ინსტინქტურად.
– ცარიელი მაწვნის ბოთლები მიმქონდა ჩასაბარებლად მე უბედურს, – აქოთქოთდა იოსკა, იქნება ერთი მაწონი მომივიდეს-თქვა... პენსიაც აღარ მოაქვენ ამ ამოსაწყვეტლებს... უი, უი, უი!!!
იოსკა რომ მანქანას ვერ შეუკეთებდა, ცხადი იყო. მოხუც მეზობელს ციხეში ხომ არ გაუშვებდა? იქით დაამშვიდა:
– კაი, კაი, რაცაა, ისაა... ამას რაღა ეშველება, აქ არ გაგისკდეს გული... ჩაიქნია ხელი, ჩაჯდა და წავიდა.
ურიის ვალი ივალა და გაარემონტა მანქანა.
ორი კვირა გასულიყო ამასობაში.
ახალგარემონტებული, „გადაკრასკული“ მანქანა გამოიყვანა კოტემ დილით და გლიჯა მესამე სიჩქარეში.
ზუსტად იმ „სვეტაფორთან“ ისევ არ აინთო მაინცდამაინც წითელი?!
კოტიკომ „რეზკი ტორმუზი“ მისცა და, ბახ! – ისევ მოესმა და იგრძნო უკნიდან...
– ახლა კი მოვკლავ ამ შობელძაღლს, ვიღაცაა! – გაუშრა პირი კაცს, – მოვკლავ, სულერთია... რა ბედი მაქ, კაცო!
გააღო კარი, გადმოხტა მანქანიდან და... თავისი „ჟიგულის“ უკან იოსკას „ზაპოროჟეცი“ დალანდა.
– წადი, წადი, ნუ გეშინია, მე ვარ, მეე! – გადმოყო თავი მანქანიდან იოსკამ. გული რომ არ წასვლოდა, კოტიკო სასწრაფოდ ჩაჯდა თავის „ჟიგულიში“, მაგრამ, ადგილიდან ვეღარ დაძრა...