როდის იყო მარიტა როხვაძე „კარგი ჩასაკბეჩი გოგო“ და რამ შეცვალა მისი ცხოვრება რადიკალურად
ჯეოსტარი მარიტა როხვაძის ცხოვრება ამ პროექტის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა – ის კიდევ უფრო აქტიური, დატვირთული და, რაც მთავარია‚ საქმიანი გახდა. მაგრამ, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საერთოდ აღარ ჰგავს საკუთარ თავს. ამას ისიც ამტკიცებს, რომ მას უკვე ბევრი ახლობელიც ვეღარ ცნობს. ამის მიზეზი კი არის ის, რომ მარიტამ 4 თვეში 17 კილოგრამი დაკლო, თმის ვარცხნილობა შეიცვალა და, შესაბამისად‚ მისი ჩაცმის სტილი და იმიჯიც მთლიანად განსხვავებული გახდა.
მარიტა როხვაძე: „ჯეოსტარის“ შემდეგ, სარკეში რომ ვიხედებოდი და, თან‚ სარკეში ვეღარ ვეტეოდი, მივხვდი, რაღაც ზომები უნდა მიმეღო. აი, თურქ კაცს რომ მოეწონები – კარგი ჩასაკბეჩი გოგოაო, – ზუსტად ასეთი ვიყავი. ამას განსაკუთრებით ეგვიპტეში მივხვდი და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ წონაში დამეკლო. საცურაო კოსტიუმში ისე არ მომწონდა ჩემი თავი... ერთიანად დიდი ვიყავი და, ლოყებიდან გამომდინარე‚ თავიც კი დიდი მქონდა. ამიტომაც‚ უკვე ეგვიპტეში დავიწყე ვარჯიში, თან‚ ისეთი საჭმელები აქვთ – სულ მოხარშული, ნედლი, არ არსებობს, რომ წონაში მოიმატო. მოკლედ‚ ყოველდღე 20 წუთი დავრბოდი. ზურა ამერიკაში მიფრინავდა და, ვიფიქრე: პუტკუნა მარიტა შევუყვარდი და, რომ დავიკლო‚ რამე ხომ არ მოხდება, ვაითუ აღარ მოვეწონო-მეთქი. მოკლედ‚ მომცა უფლება: შეგიძლია‚ დაიკლოო. ნელ-ნელა შევამცირე ჩემი მენიუ, პური საერთოდ ამოვიღე, ვჭამდი ნახევრად მოხარშულ წიწიბურას ყველაფრის გარეშე, ასევე; იოგურტებს ცხიმის გარეშე, ბოლოს კი – მხოლოდ ხილსა და ბოსტნეულს. 4 თვეში 17 კილოგრამი დავიკელი. სიმართლე გითხრა‚ საერთოდ არ გამჭირვებია, ძალიან ძლიერი ნებისყოფა მაქვს. თან‚ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პარალელურად, ყოველდღე დავდიოდი აუზზე, საუნაში და ვვარჯიშობდი ტრენაჟორებზე. ძალიან კარგი შედეგი მივიღე. ყველა მწერდა, მირეკავდნენ: როგორ დაიკელიო. არავის სჯეროდა, რომ ჩემი მეთოდით დავიკელი და ვინმეს დიეტას არ ვიცავდი. ეს არის მარიტა როხვაძის დიეტა: არ ვჭამთ არაფერს და ვვარჯიშობთ. ნებისყოფაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. იმდენად მინდოდა წონაში დაკლება, ვიცოდი‚ ეს უნდა გამეკეთებინა, მჯეროდა, რომ ეს მარიტა უფრო კარგი იქნებოდა, ვიდრე ის, რომელიც მაშინ იყო. მერე რა, რომ კარგი ხმა გაქვს, ვიზუალიც კარგი უნდა გქონდეს. „ბრეკეტებიც“ გავიკეთე, ვარცხნილობაც შევიცვალე და ახლა ვიცვამ იმას‚ რაც მინდა – მოკლე კაბასაც, გამოყვანილებსაც.
– შენი ძველი იმიჯი მუსიკალურ კარიერაში ხელს გიშლიდა?
– კი, მიშლიდა. ყველა ამბობდა. როგორ ჰგავს ადელსო. ადელი – ადელია, 4 „გრემი“ აიღო, ძალიან წარმატებული ადამიანია და, შეიძლება‚ თავისი წონა სულაც არ აწუხებს. მე არ მინდა ადელს ვგავდე, მე მინდა‚ მარიტა იყოს მარიტა. ახლა ძალიან მომწონს საკუთარი თავი, მაგრამ‚ სულ გავიძახი, კიდევ უნდა დავიკლო-მეთქი – მგონი‚ ავადმყოფობაში გადამეზარდა. ისეთი კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით, ვამბობდი კიდეც: მარიტა, როცა საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ‚ ყველაფერს მიაღწევ ისევე, როგორც „ჯეოსტარში“.
– კიდევ როდის დაგჭირდა საკუთარი ნებისყოფის გამოცდა?
– „ჯეოსტარი“ იყო პირველი პროექტი, სადაც დამჭირდა ნებისყოფის გამოცდა, თან‚ დიდი დოზით, რადგან, ძირითადად ხალხზე იყავი დამოკიდებული. გაბრაზდა მარიტა და მერე რა?! – ეს ხალხზე ცუდად იმოქმედებდა. ამიტომ‚ როგორც ნათქვამია: მოთმინებითა შენითაო... საერთოდ‚ ძალიან იმპულსური ადამიანი ვარ, მალე ვფეთქდები, მაგრამ, მერე ყველაფერს ვაანალიზებ და, როცა დამნაშავე ვარ, ყოველთვის შემიძლია ბოდიშის მოხდა – ეს არ მიმაჩნია „გრეხად“. როდესაც შოუ-ბიზნესში ხარ‚ საოცარი მოთმინება გჭირდება. მერე რა, რომ ჯეოსტარი გახდი, უცებ არ მოვა სპონსორი და არ გეტყვის, ახლა მე შენ ფულს მოგცემ და კონცერტებზე გაგიყვანო. რა თქმა უნდა‚ არ არის ასე. თვითონ უნდა იშრომო და ივარგო, სხვანაირად არაფერი გამოვა. შრომა შემიძლია, მაგრამ არ შემიძლია აფერისტობა, თუმცა‚ შოუ-ბიზნესში ცოტა საჭიროა ეს თვისება. არც ის შემიძლია‚ ადამიანი შევაწუხო: მე აქ მინდა, ან იქ მინდა და დამეხმარეთ-მეთქი. არადა‚ ყველაფერს ფინანსები სჭირდება, ამისთვის კი მსმენელს ისეთი კარგი რამ უნდა შესთავაზო, რომ შენი დაფინანსება მოუნდეს. ახლა აგვისტომდე გადავიღებ სამ კლიპს. გოჩა ლომთაძე არის ჩემი პროდიუსერი, ყველაფერს ეს ადამიანი მიკეთებს. ძალიან კარგი სიმღერებია და, ვფიქრობ‚ საქართველოს გარეთ უფრო იყიდება, ვიდრე საქართველოში.
– შენს შეყვარებულს მოეწონა შენი ახალი იმიჯი?
– ზაფხულში მნახა, როცა ერთად ვიყავით, თუმცა, იმის მერე კიდევ გავხდი. ძალიან მოვეწონე, მაგრამ, ახლა ეჭვიანობა დაიწყო: დაიკელი და ძალიან ხომ არ „განაშდიო.“ ადრე პუტკუნა, საყვარელი ბავშვი ვიყავი, ახლა კი ყველა მეუბნება: რაც შეიცვალე‚ აღარ ხარ საყვარელი, „გაწუპაკდიო“. ვიზუალი დიდ ეფექტს ახდენს ადამიანზე, თუმცა‚ ისევ ისეთი გიჟი, გადარეული ვარ ყველასთან და ამასთან წონის კლება არაფერ შუაშია.
– როგორც ვიცი, ქუთაისის მერიაში დაიწყე მუშაობა.
– დიახ, მუშაობა დავიწყე ქუთაისის მერიაში, კულტურის სამსახურში. ჩემს საქმეში შედის სხვადასხვა მნიშვნელოვან დღეებში კონცერტების, ღონისძიებების დაგეგმვა. ახალი წლისთვის იგეგმება გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას. სამსახურში მივდივარ დილის 10 საათზე და საღამოს 6-7 საათამდე იქ ვარ. ამ დღეებში ბიუჯეტს დაგვიმტკიცებენ და მერე დავიწყებთ ორგანიზაციულ სამუშაოებს. ძალიან მომწონს ჩემი საქმე, თან, საოცრად ოჯახური, კარგი გარემოა. ყველა მიყვარს, ძალიან საყვარლები არიან და მოდუნების საშუალებას არ მაძლევენ – თან ვერთობი‚ თან ვმუშაობ. რაც მთავარია‚ ძალიან მიწყობენ ხელს – როცა კონცერტი მაქვს, მაშინვე მათავისუფლებენ და არ მაქვს ამ მხრივ პრობლემები.
– როგორც ვხვდები‚ „ჯეოსტარის“ შემდეგ შენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
– საგრძნობლად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ნელ-ნელა წინ ვდგამ ნაბიჯებს. კონცერტები მაქვს, მირეკავენ და, რაც მთავარია‚ აუცილებელია, ხალხის წინაშე წარვდგე შეცვლილი იმიჯით, შემომხედონ და თქვან: უი, ეს გოგო როგორ გალამაზებულაო. საკუთარი ნათესავებიც ვეღარ მცნობენ. „რუსთავი 2-შიც“ ვერავინ მიცნო, ერთმა ისიც მითხრა, როგორ ჰგავხარ მარიტას, ოღონდ შენ გამხდარი ვარიანტი ხარო. მე ვარ-მეთქი მარიტა... მიხარია, როდესაც გაოცებული სახეებით მიყურებენ. ზოგადად‚ შრომისმოყვარე ვარ და, ვფიქრობ, რომ ადამიანმა არ უნდა ითაკილოს იმ საქმის გაკეთება, რომელიც უყვარს. არ აქვს მნიშვნელობა‚ სად იმღერებ: კლუბში, რესტორანში თუ სცენაზე‚ რადგან, მღერი‚ იქ‚ სადაც შენ მოგწონს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ და, იმედია‚ მივაღწევ იმას‚ რაც ყველაზე მეტად მსურს. ჯერჯერობით არ მინდა‚ წინასწარ რამე ვთქვა, რადგან‚ რამდენჯერაც ვთქვი, იმდენჯერ არ გამოვიდა და ამიტომ ვერიდები. გათხოვებას არ ვგულისხმობ, ეს ძირითადად, ჩემს საქმიანობას შეეხება.
– ადრე მითხარი, ამერიკაში ვაპირებ გადასვლას საცხოვრებლადო. ამ მხრივ არის სიახლეები?
– ზაფხულში მივდივარ ამერიკაში, მაგრამ, არ მგონია‚ დავრჩე. ჯერ საქართველოში მინდა ავიწყო კარიერა, თუმცა‚ იქ მაინც ნულიდან მომიწევს ცხოვრების დაწყება, რადგან, იქ არავინ იცნობს მარიტა როხვაძეს, ალბათ‚ რამდენიმე ქართველის გარდა. ამიტომ‚ როცა მექნება საკუთარი კლიპი, ალბომი, მერე უფრო თამამად წავალ. საერთოდ‚ ძალიან რისკიანი ადამიანი ვარ, შემიძლია‚ დათმობებზეც წავიდე, თუნდაც‚ პირად ცხოვრებაში, მაგრამ‚ ადრენალინი მიყვარს ძალიან. ზურა რომც არ ცხოვრობდეს ამერიკაში, ალბათ‚ მაინც წავიდოდი‚ თუ მექნებოდა ამის შანსი. ახლა ნამდვილად მაქვს კარგი შანსი, მაგრამ, ჯერ არ ვაპირებ იქ დარჩენას, უბრალოდ‚ ცოტა ხანს დავისვენებ და ვიქნები ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად. იქ რომ ჩავალ და ვერავინ ვერ მიცნობს, ეს ჩემზე იმოქმედებს, რადგან, ყველაფერი გულზე მხვდება. თუმცა‚ აქ, როცა ჩემს საქმეს დავასრულებ, ვიტყვი: „მარიტა, შენ ეს შეძელი“, მერე კი აუცილებლად უნდა წავიდე უცხოეთში.
– ზურა‚ ტრადიციულად‚ ალბათ‚ დეკემბერში ჩამოვა.
– ჩამოვა. დრო ისე სწრაფად გადის, ვერც ვიგრძენი უმისობა. თან‚ სულ ვლაპარაკობთ ტელეფონით, სკაიპით. ხანდახან ვეჯუჯღუნები: ნუ მელაპარაკები ამდენს-მეთქი, რადგან დროში დიდი განსხვავებაა. რა თქმა უნდა‚ მენატრება, მაგრამ, არავისთან არ ვამბობ: ვაიმე, ზურა ძალიან მენატრება-მეთქი. პირიქით‚ მირჩევნია‚ საქმეზე ვილაპარაკო – ამით დროც სწრაფად გადის და ზურაც უფრო მალე ჩამოვა. შარშან ყველაზე ბედნიერი ახალი წელი მქონდა და წელსაც მინდა მოვიწყო. მე და ზურას რაღაც გვაქვს ჩაფიქრებული, რაც ყველასთვის სიურპრიზი იქნება: ფშ... და – უცებ გაქრე...