კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ სძინავს არასდროს ირაკლი კავსაძეს და ვინ დაემატა მას ოჯახში მოსავლელი

სულ რაღაც ერთი კვირის წინ, თბილისში ირაკლი კავსაძე „სინეტიკ თეატრის” დასთან ერთად ჩამოვიდა და რუსთაველის თეატრის სცენიდან რამდენიმე დაუვიწყარი საღამო გვაჩუქა. აქ მსახიობები, შეიძლება ითქვას, მართლაც დაფრინავენ. თეატრი თბილისში პირველად იმყოფებოდა სპექტაკლებით „სტუმარ-მასპინძელი” და „მეფე ლირი”. „სინეტიკ თეატრმა” ვაშინგტონის ყველა სხვა თეატრს შორის ამერიკის ყველაზე პრესტიჟული 15 ნომინაცია და 4 პრიზი აიღო. „მეფე ლირი” ხუთი კვირის განმავლობაში  ქვიშაზე, უსიტყვოდ იდგმებოდა „შექსპირის თეატრში”, იმ თეატრში, რომელიც მსოფლიო თეატრების სამეულშია შესული. „ზაფხულის ღამის სიზმარმა” კი, თურმე, პირველი ლედის, მიშელ ობამას დიდი მოწონება და შეფასება დაიმსახურა. დღევანდელ ინტერვიუში ირაკლი კავსაძე თავის ცხოვრებაზე გიამბობთ.       

 

– ირაკლი, უკვე თერთმეტი წელია, ამერიკაში ხართ. თუ იხსენებთ ხოლმე იმ დღეს, როცა საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეთ, მერე კი აიღეთ ჩემოდანი და წახვედით... ანუ, როგორ დაიწყო ყველაფერი?    

– ჯერ კიდევ ინსტიტუტში ვსწავლობდი ამერიკაში წასვლა რომ მინდოდა, მაგრამ, არ მინდოდა, ამას სხვანიარი სახე მისცემოდა. ბევრია, ვისაც ამერიკაში უნდა წასვლა და არ აინტერესებს, რომ ჩავა, მერე რას გააკეთებს, როგორ იცხოვრებს, რა ბედი ეწევა. მე უკვე ჩამოყალიბებული ვიყავი, რა მინდოდა და ეს იყო არტისტობა, მაგრამ, როდის და როგორ მოხდებოდა, ეგ უკვე აღარ ვიცოდი, ეს გარემოებებზე იყო დამოკიდებული.  2002 წელს გამოჩნდა წასვლის ვარიანტი. ჩემი სიდედრი უკვე ცხოვრობდა ამერიკაში და ჩემმა ცოლმა სთხოვა, ვიზა გამოეგზავნა, თუმცა, არც მაშინ იყო ადვილი ორი ოჯახის გაშვება. მოხდა ისე, რომ ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, პაატა ციქურიშვილს, რომელიც ჩემი თანაკურსელი იყო და კარგი მეგობრები ვიყავით, ამერიკაში შევხვდი. პაატა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ძალიან მალე წავიდა გერმანიაში ოჯახთან ერთად და იქ შექმნა თეატრი, მერე გადავიდა ამერიკაში, მაგრამ, მე იმ დროს არ ვიცოდი, რომ იქ იყო. ჩვენმა საერთო მეგობრებმა მითხრეს, პაატა აქ არისო. შევხვდით ერთმანეთს და ყოველგვარი ემოციების გარეშე დავიწყეთ აწონ-დაწონა, რა და როგორ იქნებოდა. მაგრამ, დარჩენაზე არ მიფიქრია, იმიტომ, რომ არ მქონდა სამართლებლივი ბაზა, თორემ, სხვა მხრივ უკვე ჩემზე იყო დამოკიდებული, როგორ განვავითარებდი საკუთარ თავს. კი ბატონო, აი, მოვიდა ბედი შენთან, ჩამოგიქროლა თეთრმა რაშმა, მიდი და შეახტი, ხომ ელოდებოდი თეთრ რაშს და, აჰა!.. ეს იყო ზუსტად – კი, ახლა შევახტები თეთრ რაშს და გავაჭენებ. დაახლოებით ორთვე-ნახევარი დავრჩი, მაგრამ, მოვასწარი მათი სპექტაკლის ნახვა და ძალიან მომეწონა, რამაც უფრო მეტად გამიღვივა სურვილი, იმ სცენაზე მეთამაშა. არ დამავიწყდება, ასეთი საუბარიც იყო: იმ პერიოდში იწყებდნენ ახალ სპექტაკლზე მუშაობას. პაატამ ლაპარაკში მითხრა: რამე რომ იყოს, ორ თვეში ისწავლი ტექსტს ინგლისურადო? არადა, საერთოდ არ ვიცოდი ინგლისური. ამან კიდევ უფრო ამანთო და, კი-მეთქი, დავეთანხმე, მაგრამ, მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა ისევ და ისევ იმის გამო, რომ სამართლებლივი ბაზა არ მქონდა. სურვილი ერთია და რეალობა – მეორე. მერე თქვა: არა, არა, არც საბუთი გაქვს, არც არაფერი, მოუმზადებელი ხარ და, მოდი, შემდეგი წლისთვის გადავდოთო. კი ბატონო, წავალ, ერთი წელი ვიქნები ისევ რუსთაველის თეატრში და პარალელურად დავიწყებ საბუთების შეგროვებას-მეთქი. პაატამ წინასწარ გააფრთხილა ხალხი, რომ ესა და ეს პიროვნება ჩამოდისო. ერთია, რომ პაატა სამხატვრო ხელმძღვანელია და, მეორეა, რომ თეატრს ჰყავს დირექტორთა საბჭო, რომელსაც იურიდიული და ფინანსური საკითხები ავალია. აქედან გამომდინარე, მათ უნდა ვენახე, ვინ ვარ, რა ვარ... შეიძლება პაატამ კარგად დამახასიათა, მაგრამ, მათ უნდა მნახონ, გამიცნონ. მოკლედ, მომეცა საშუალება, მეთამაშა სპექტაკლი, თუმცა, პირველი სპექტაკლი პაატასთან არ მითამაშია. ისე მოხდა, რომ იმ წელიწადს გადაწყვიტეს, რომ პაატა დადგამდა ცალკე და მეორე რეჟისორი – ცალკე. პირველ სპექტაკლს ის მეორე რეჟისორი დგამდა და მასთან ვითამაშე. მერე პაატას სპექტაკლში ვითამაშე ჰამლეტი  და ასე შემდეგ... და, უცებ ალაპარაკდა პრესა, რომ ახალი სახე გამოჩნდა. მოკლედ, მიმიღეს. სიტყვებს ვიზეპირებდი, იქვე, კულისებში გოგონა იჯდა და ის მეხმარებოდა სიტყვების სწორად წარმოთქმაში. მერე უკვე თეატრის საბჭომ აიღო თავის თავზე, რომ ვიზა გამგრძელებოდა. სამართლებრივად არანაირი დარღვევა არ მქონდა, რადგან, იმ ექვსი თვის განმავლობაში მე არ ვიღებდი გასამრჯელოს და, შესაბამისად – ჩეკს. ჩემი ფულით ჩავედი და ჩემს ფულს ვხარჯავდი. დასაწყისში მეგობართან ვცხოვრობდი, მერე კი უკვე მქონდა ჩეკის აღების უფლება.  

– წარმომიდგენია, როგორი მძიმე იქნებოდა თქვენი წასვლა მამათქვენისთვის.    

– კახი უფრო დაძაბული იყო, ვიდრე მე, იმიტომ, რომ, მე ვიცოდი, სადაც მივდიოდი, კახიმ კი ეს სხვანაირად აღიქვა – კარგ პლაჟზე რომ ზიხარ, უცებ გაქანდი და დიდ ოკეანეში გადახტი. მე კი ვფიქრობდი, რომ გადავხტები, მთავარია, აქ გავიდე და მერე გავაგრძელებ ჩვეულებრივად-მეთქი, მაგრამ, კახი ნერვიულობდა. რა თქმა უნდა, სანამ წავიდოდი, კახისთან გავდიოდი კონსულტაციებს, ვუხსნიდი, რატომ უნდა წავიდე, რას ემსახურება ეს ყველაფერი. არ მინდოდა, მარტო ჩემს თავზე ამეღო გადაწყვეტილება და ამით შემოვფარგლულიყავი. რომ ველაპარაკებოდი, პასუხს არ მცემდა, კარგა ხანს ხმას არ იღებდა, უბრალოდ, იჯდა და მისმენდა.   

– ხართ წარმატებული და აღიარებული მსახიობი, გყავთ კარგი სამეგობრო და საახლობლო წრე, გაქვთ კარგი ოჯახი, სტაბილური შემოსავალი და საკუთარი სამსართულიანი სახლი – ანუ, რაც საჭიროა, მაგრამ, მაინც არა მგონია, ამერიკაში სამსართულიანი სახლის ყიდვა ასეთი ადვილი იყოს, მით უმეტეს, საქართველოდან ჩასული ჩვეულებრივი ქართველი მსახიობისთვის. რა ბარიერების გადალახვა მოგიხდათ, რომ ამისთვის მიგეღწიათ?          

– სახლიც მაქვს და კარგი გრძელვადიანი ბანკის ვალიც. ჩემი მეუღლე და სიდედრიც შემომიერთდნენ კრედიტის აღების მომენტში და ასე მოგვცეს თანხა, თორემ, მე რომ მეთქვა, სახლი მინდა-მეთქი, მეტყოდნენ  – გადი, რა, გაიარეო. იყო შემთხვევები, როცა გამიჭირდა. ფინანსური კრიზისი რომ იყო,  მითხრეს, შეიძლება, ვეღარ გადაგიხადოთ, მარტო სპექტაკლებიდან რასაც აიღებთ, ეს იქნებაო, რაც შოკი იყო ჩვენთვის. საგონებელში ჩავვარდი. დავიწყე მუშაობა სასმელების კომპანიაში, დავრბოდი და ვყიდდი ღვინოსა და სხვა სასმელს, დისტრიბუტორად ვმუშაობდი. როდესაც ასეთ სიტუაციაში ვარდები, უკვე გეკარგება ყველანაირი ბარიერის შეგრძნება. შვილები გყავს, როგორ გინდა, იცხოვრო? ბოლოს და ბოლოს, იმ ბინაში, სადაც ცხოვრობ, ქირას გადახდა უნდა.

–  მართლა ცუდ დღეში ყოფილხართ. ამხელა ვალით მშვიდად ნამდვილად ვერ იცხოვრებ.

– რა თქმა უნდა, საგონებელში ჩავვარდი, შემეშინდა, იმიტომ რომ ნანახი მაქვს, როგორ გამოუყარეს კაცს სახლიდან ყველაფერი, რადგან, არ გადაიხადა ერთი თვე, ორი თვე... თავიდან გპატიობენ და ბოლო ეტაპზე გეუბნებიან: მოვდივართ და ბინა დაცლილი დაგვხვდესო. თუ ბანკის ვალი გაქვს, ბანკი გეუბნება – ბინა მიმაქვსო. ამ საკითხში განსაკუთრებით პუნქტუალური ვარ – რაც არ უნდა მოხდეს, ვალი უნდა გავისტუმრო, რომ ჩემი ჭერი მქონდეს. შეიძლება, არ ვიყიდო რაღაც საჭმელი, ტანსაცმელი, რაც ასევე ძალიან მჭირდება, მაგრამ, უნდა მქონდეს ჭერი. ერთხელ ასეთი რაღაც დამემართა: დღისით ვერ მოვიცალე, რეპეტიციები გვქონდა და, ღამით, მანქანით რომ ვმოძრაობდი, შევჩერდი ერთ-ერთ აპარატთან. შეგიძლია, მანქანიდან არ გადმოხვიდე და ისე ჩადო ბარათი, დეპოზიტი გააკეთო – შენს ანგარიშს აკრეფ და შეუშვებ, მაგრამ, იმ აპარატიდან მეორე დღეს იღებენ ჩეკებს, დეპოზიტი მიდის ბანკში და იქ უკვე რეალურად გიდევს ციფრი. მოკლედ, დეპოზიტი გავაკეთე, მაგრამ, არ მომდის არანაირი ინფორმაცია ტელეფონზე. ცოტა დავიძაბე და მივედი ბანკში – აი, ასეთი და ასეთი ჩეკი ჩავდე ამა და ამ აპარატში თან, ღამე იყო-მეთქი... შეხედა, მერე კომპიუტერში შეამოწმა და მეუბნება: კი, მაგრამ, მოხსნილიაო. რა არის მოხსნილი, დეპოზიტი გავაკეთე-მეთქი. მოგაჭრეს, წაიღესო. გაიმეორე, რა თქვი-მეთქი.  ალბათ, რამე ვალი გქონდათო... რა ვალი მქონდა, თქვენ ხომ არ გაგიჟდით-მეთქი. თან, რას მეუბნებიან, იცი? რომ  თანხის ოთხმოცდაათი პროცენტია მოხსნილი და ათი დამიტოვეს. ამოვიღე ქაღალდი და ვაჩვენე – გარკვევით წერია ესა და ეს დღე, საათი, ესა და ეს თანხა... ორი ჩეკი რომ ყოფილიყო, მესმის, მაგრამ, ამის შუაზე გაყოფა, 90 პროცენტის მოჭრა და წაღება როგორ მოხდა-მეთქი. შეხედა და მითხრა – თქვენ ამ შემთხვევაში ძალიან კარგი ხელჩასაჭიდი გაქვთ, რომ „გაახუროთო“. აქ  მომიყვანეთ თქვენი მენეჯერი-მეთქი. დაუძახეს. ეს  რა არის-მეთქი? შეხედა და მითხრა, თქვენ საიდან გაქვთ ეს თანხაო. ჯერ შენ გამეცი პასუხი, რატომ და რაში გაქვს მოხსნილი-მეთქი და, რომ ამოვულაგე დოკუმენტები, ადვოკატები ჩავრთე და ამბები დავიწყე, იქ უკვე ხელები ასწია. თუ არ გინდა, ახლა აქ გული გამისკდეს, გააკეთე ისე, როგორც საჭიროა. თუ გაინტერესებთ საიდან მოვიტანე ეს თანხა, ყველაფრის დოკუმენტაცია მაქვს და შეგიძლიათ, ნახოთ. ხვალ დილას კი ეს თანხა ჩემს ანგარიშზე უნდა ვნახო. თქვენთან ლაპარაკს ვამთავრებ-მეთქი – და, წამოვედი. მეორე დღესვე გამოვიტანე ფული და დავხურე ანგარიში. რატომ გაგაქვთ, ბატონოო... თქვენი ნდობა კიდევ შეიძლება, რაც თქვენ მანერვიულეთ-მეთქი?!  

– აქ რომ ირაკლი კავსაძეს ან სხვა ნებისმიერ ცნობილ მსახიობს დისტრიბუტორად ან სადმე ბაზრობაზე ემუშავა, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენს ილაპარაკებდნენ. ერთი მხრივ, გაგიმართლათ, რომ საქართველოში არ მოგიწიათ დამატებითი სახსრების მოძიება.           

– როცა არ იყო შემოსავალი, მაღაზიაშიც მიმუშავია, სუპერმარკეტში – მთელი ღამე, დილამდე, ვრეცხავდით და ვალაგებდით. მე ახლა პარალელურად მშენებლობაზე ვარ.  სანამ ეს მენტალიტეტი იქნება საქართველოში, ქვეყანა არ აშენდება, ამას, შეიძლება, თაობები დასჭირდეს. ახლა, თუ დენირო წავიდა ჩემსავით მშენებლობაზე, ეს უკვე ქვეყნის სირცხვილი იქნება. მე მინახავს მილიონერები, რომლებიც მუშაობენ და, საერთოდ, ისინი ასეთები არიან – ვერ მიხვდები, რომ ის მილიონერია. საკუთარი თვალით მყავს ნანახი მულტიმილიარდერი, ოღონდ, შახტის მუშა მეგონა – შავი, ტურტლიანი... თავის მეგობარს მოაკითხა, რომელიც ჩვენი მასპინძელი იყო და იმ მომენტში არ იყო სახლში. ვხედავ, შემოვიდა ეზოში რაღაც მანქანა რახრახით, შავ ბოლს უშვებს, ვიღაც შავი კაცი მოვიდა, მაიმუნს ჰგავს. გამარჯობა! გაგიმარჯოს! მერლინი სახლშიაო? გავუღიმეთ და ვუთხარით: იცით, წასულია ვირჯინიაში და მალე მოვა, ჩვენ სტუმრები ვართ... თუ შეიძლება, გადაეცით, რომ სტივი იყოო. კარგი-მეთქი და წავიდა. დაბრუნდა ეს ქალი საღამოს. ვუთხარით, ვიღაც სტივი იყოო. მერე ჩემმა სიდედრმა ლაპარაკში უთხრა: ვინ არის ეს სტივი, რას ჰგავდა, ან რა მანქანით მოვიდა, ჩატურტლიანებული, დაძონძილი, შახტის მუშააო? ვინ არისო?! – გაეცინა მერლინს, – შახტის მუშა კი არა, ცნობილი მულტიმილიარდერიაო.  

– თქვენს ადგილას იმ კაცს ეგრე არ გავუშვებდი – შემოვიპატიჟებდი, კარგად გავიცნობდი, დავუმეგობრდებოდი – რა იცით, რაში გამოგდგომოდათ. ბოლოს და ბოლოს გზას გასწავლიდათ, როგორ უნდა მიხვიდე მულტიმილიარდერობამდე... ხუმრობა იქით იყოს და, ახლა როგორ ცხოვრობთ?                                     

– მეორე სამსახურში (მშენებლობაზე) არის ხოლმე ისეთი მომენტები, როცა ვეღარ „ვქაჩავ“. კახიმ იცოდა, რომ დილას მოვდივარ სახლში, რადგან, რეპეტიციებია, სპექტაკლს მუსიკალურად ვაფორმებთ, იქით – დეკორაციებია მოსახაზი, ათასი საქმეა და სულ თეატრში  ვარ. მოვალ, ცოტას წავუძინებ და მერე ისევ გავრბივარ. ახლა, ეს სამსახური რომ დაემატა, საერთოდ დილიდან გასვლას ითხოვს და თვალის მოხუჭვასაც ვეღარ ვასწრებ.  ჩემმა უმცროსმა შვილმა გამოთქვა სურვილი, ძაღლი მინდაო და ახლა ისიც ჩემს კისერზეა. არანაირი პრეტენზია არ მაქვს, შვილივით მიყვარს. ბავშვს რომ ჩავეხუტები, ის მომვარდება, გაგრძნობინებს, მე რა დაგიშავეო... დილით, ყველას რომ სძინავს, გამყავს, ვასეირნებ, ვაჭმევ, ვაბანავებ, – მოკლედ, ყველანაირად ვუვლი. კახი რომ იყო ჩვენთან ჩამოსული, ბრაზობდა, დაანებე თავიო. კაცო, ხომ მოშარდა და მოისაქმა, რანაირად დავანებო თავი-მეთქი. გადაირია კახი – ცოტა ხანს მაინც დადე ბალიშზე თავი თორემ, გააფრენ, შეიძლება, ტვინში სისხლი ჩაგექცესო. მშენებლობაზე ერთხელ ისე ჩამოვვარდი კიბიდან, ვიფიქრე, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. სცენაზე ხომ, საერთოდ, რამდენჯერ დავმტვრეულვარ, ღმერთმა იცის.  

 – გამოდის, რომ აქედან ხომ გაექეცით მამას და, ახლა, ამერიკაში რომ ჩამოდის, ვერც იქ ვერ გნახულობთ წესიერად. 

– აი, ხომ შვილი ვარ, მაგრამ, ჩემი მეუღლე ძალიან დიდი და კარგი მეგობარია კახის და, მგონი, ლიკა უფრო უყვარს ვიდრე მე. 

– სცენაზე რატომ იმტვრევით?     

– კლავდიუსს ვთამაშობდი. იქ არის ერთი ასეთი სცენა, როცა მუხლებზე ეცემი. დავეცი და თვალებში დამიბნელდა, გონება დავკარგე. თავი იატაკს დავარტყი და ამან გამომაფხიზლა. მუსიკას ცოტა ავცდი, მაგრამ, თამაში განვაგრძე. მერე, კენედის ცენტრში დრაკულას როლს ვთამაშობდი. ჯიბეში ბოთლი მედო, რომელსაც ჩხუბის შემდეგ ვიღებდი. პაატას ხელი უნდა დაევლო, გადავეგდე და ჰაერში უნდა ავმხტარიყავი. ამ ახტომისას, პალტო მხარზე გადამეკიდა, ბოთლი მეორე მხარზე მომექცა და იატაკს დავასკდი. მაშინაც გონება დავკარგე. მოცვივდნენ და წამიყვანეს საავადმყოფოში. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს მუხლი გარეთ გამომივარდა და ვეღარ ვშლიდი, საშინლად მტკიოდა. არადა, მთავარი როლი მქონდა და ის სპექტაკლიც კენედის ცენტრში უნდა გვეთამაშა. შემცვლელის პოვნა საკმაოდ რთული იყო. ექიმებმა მითხრეს, ვერ ითამაშებო. რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა ვითამაშო-მეთქი. გიჟი ხარო. კი, ასეა, საერთოდ, არტისტები შექანებული ხალხი ვართ-მეთქი. გადამიხვიეს, ტკივილგამაყუჩებლები მომცეს და ასე ვითამაშე. მერე ფეხზე სამი ოპერაცია გავიკეთე. ექვსი წელია, ნორმალურად არ გამივლია, ტკივილგამაყუჩებლებს ვიკეთებდი. მერე გავიგე, რომ თბილისში ვიღაც ხალხური მედიცინის მეთოდით მკურნალობდა. ვიფიქრე, თანამედროვე მედიცინამ ვერ მომარჩინა და, იქნებ, ხალხურმა მიშველოს-მეთქი. მალამო გამომიგზავნეს და, მართლაც, ტკივილები მომეხსნა. უნდა ნახოთ, როგორი სპორტული და ჯანიანი დასის წევრები გვყავს. სცენაზე დაფრინავენ და ტრავმებსაც ამიტომ იღებენ. თქვენ გგონიათ, მხოლოდ მე მაქვს ტრავმები?!                                                                                                                 

 

скачать dle 11.3