როგორ მოხვდა ბესიკ დუღაშვილი მსოფლიოს კარიკატურისტების ხუთეულში და რა წარმატება მოუტანა მას კირა ნაითლმა და რიჩარდ ატენბორომ
მხატვარი, კარიკატურისტი, დიზაინერი ბესიკ დუღაშვილი, მიუხედავად უცხოეთიდან არაერთი საინტერესო შემოთავაზებისა, მაინც საქართველოში, საკუთარ ოჯახთან ერთად ყოფნას ამჯობინებს და, რაც მთავარია‚ მიიჩნევს, რომ მოვა დრო, როდესაც მისი პროფესია ჩვენს ქვეყანაშიც უფრო მეტად იქნება დაფასებული. მის ნამუშევრებს უცხოეთში უკვე იცნობენ, განსაკუთრებული წარმატება კი მან კარიკატურისტების საიტზე მოიპოვა, სადაც მისმა კარიკატურებმა უკვე აიღო პირველი, მეორე და მესამე ადგილები. გარდა ამისა, მას 159-ე საჯარო სკოლაში აქვს სახვითი ხელოვნების სტუდია, სადაც ძალიან ნიჭიერ ბავშვებს ასწავლის და მათით განსაკუთრებულად ამაყობს.
ნათლობის დროს გადახდენილი ისტორია, რომელიც დღემდე გაკვირვებას იწვევს
ბესიკ დუღაშვილი: დედაჩემი მიყვებოდა, რომ ჯერ კიდევ ნათლობამდე‚ რასაც პირველად შევეხე‚ იყო საშლელი. პრაქტიკულად, ბაბუამ გამზარდა‚ რადგან დედა და მამა სულ მუშაობდნენ. თან‚ მისტიკური მომენტიც იყო: ამბობენ, როდესაც „ღრიანკალი“ იბადება, ოჯახში ვიღაც კვდება ან მის დაბადებამდე, ან – დაბადების შემდეგ. ჩემს დაბადებამდე ბიძაჩემი მოკლეს შეყვარებულთან ერთად და ბაბუამ მთელი სიყვარული ჩემზე გადმოიტანა. იმ დროს სათამაშოების დეფიციტი იყო, ამიტომ ბაბუამ საშლელი გახვრიტა, კანაფი გაუკეთა და აკვანზე დამიკიდა. როგორც კი არტახებს გამიხსნიდნენ, მაშინვე მას ვკიდებდი ხელს. თურმე სამი თვის ვიყავი‚ როცა მომნათლეს. რა თქმა უნდა‚ ეს არ მახსოვს, მაგრამ‚ როცა დაბადების დღეებს მიხდიდნენ, ჩემი დღეგრძელობისას ყოველთვის იხსენებდნენ იმ საოცარ ფაქტს, რაც ამ დღეს მოხდა. განსაკუთრებულად ჩემს ნათლიას უყვარდა ამ ამბის მოყოლა. ნათლობისას‚ თურმე‚ ხელში მეჭირა პატარა სახატავი რვეული და ფანქარი. როდესაც ემბაზში განბანის წინ ტანსაცმელს მხდიდნენ, მარჯვენა ხელიდან სახატავი რვეული მარცხენა ხელში გადმომიტანია. გამორთმევა რომ დააპირეს, ტირილი დამიწყია და მღვდელს უთქვამს: ოღონდ არ იტიროს და, არა უშავს, მაგასთან ერთად განვბანო. მახსოვს‚ ცოტა რომ წამოვიზარდე, ბალიშის ქვეშ სახატავები თუ არ მედო, ვერ ვიძინებდი. შუაღამისას გამეღვიძებოდა, სახატავებს ხელით მოვსინჯავდი და მერე მშვიდად ვაგრძელებდი ძილს. 3 წლის ვიყავი‚ როდესაც თოვლის ბაბუა დავხატე თავისი ნაოჭებით, დაღარული ხელებით. მართალია‚ რაღაცეები არასწორად იყოAC, მაგრამ, მე რომ ამ ასაკში ეს დავინახე და გავიაზრე, უკვე ბევრს ნიშნავდა.
ბაბუა, შალვა დევდარიანი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. სამი კლასის განათლება კი ჰქონდა, მაგრამ, იმდენად ჭკვიანი კაცი იყო, აბიტურიენტებს მათემატიკაში ამეცადინებდა. მოგვიანებით ორთქლმავალი გააკეთა. პატარა ზომის კი იყო, მაგრამ, დადიოდა, თან‚ იმ პრინციპით‚ რა პრინციპითაც‚ საერთოდ‚ ორთქლმავლები დადიან. ის ჯერ ხაშურის „დეპოს“ უფროსის კაბინეტში ინახებოდა, შემდეგ – რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის კაბინეტში, ბოლოს კი რკინიგზელთა სახლის მუზეუმში ვნახე. ბაბუამ ბევრი რამის მიმართ გამიღვიძა ინტერესი. რასაც ვკითხავდი‚ ყველაფერზე ჰქონდა პასუხი, თუ არ ჰქონდა, წიგნს გადმომიღებდა და იმ ადგილზე გადამიშლიდა, რაც მაინტერესებდა. აქედან მოყოლებული‚ დღემდე ბევრი რამ მაინტერესებს, თუნდაც ის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფეხსაცმელების ქარხანაში ვმუშაობდი. როდესაც ქარხანაში ნახეს ჩემი ნამუშევრები, მხატვარ-დიზანიერის შტატი არ ჰქონდათ, მაგრამ, მთავარმა ეკონომისტმა დაუშვა. ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი და, რადგან დრო მქონდა, ვისწავლე ფეხსაცმელი კონსტრუირება და შეკერვა – დაწყებული ზედაპირით, დამთავრებული ძირით. როცა იცი, როგორ კეთდება ეს ფიზიკურად, მერე დიზაინის გაკეთებაც უფრო ადვილია და ყველაფერს ითვალისწინებ. როცა აკადემიაში ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მასწავლებელმა მითხრა: იქიდან გამომდინარე, რომ შენ ხარ ინტერიერის დიზაინერი‚ უნდა იცოდე, ეს ყველაფერი როგორ კეთდებაო. წავედი და ვისწავლე: მღებავის მოსწავლეც ვიყავი, მლესავისაც. შესაბამისად, როცა ინტერიერის დიზაინში შეკვეთა მაქვს, ისე ვაკეთებ, რომ კმაყოფილები არიან შემკვეთებიც და მუშებიც.
მსოფლიო კარიკატურისტებს შორის
კარიკატურების ხატვა, ჯერ კიდევ სკოლაში, გართობის ერთ-ერთი საშუალება იყო. სიცილი რომ გვინდოდა‚ მასწავლებელს დავხატავდი ხოლმე, ხან – მოსწავლეს. შემდეგ‚ როდესაც ნიკოლაძეში ვსწავლობდი, ამან უფრო სერიოზული სახე მიიღო – ერთმანეთს ვაშარჟებდით. ნიკოლაძეში ძალიან რთული სადიპლომო თემა ავიღე: „ერეკლე მეორის გასვენება“, ანუ, ერეკლე მეორე ზამთარში გარდაიცვალა და უნდა დამეხატა, როგორ მოასვენებდნენ მას თელავიდან თბილისში, საშინელი ამინდი იყო – თოვლჭყაპი. საჯარო ბიბლიოთეკაში დავდიოდი, რომ ყველა ინფორმაცია ამომეკრიბა. დიდ პანოზე გადმოვიტანე ეს ყველაფერი. მასწავლებელმა რომ ნახა, ასეთი რამ თქვა: ძალიან კარგად გამოგდის კარიკატურების ხატვაო. მაშინ ეს შეფასება ცოტა ცუდად აღვიქვი, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ძალიან კარგი რამ თქვა. საქართველოში არ ვართ კარიკატურისტები დაფასებულები, თორემ, უცხოეთში ჩვენი პროფესიის ხალხს დიდ პატივს სცემენ... თუმცა ბოლო დროს ამ საკითხში მდგომარეობა ცოტა შეიცვალა და ამაში დიდ წვლილი მიუძღვის ზალიკო სულაკაურს. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში უკვე კარგად იცნობდნენ ჩემს ნამუშევრებს, საქართველოში ჩემთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა პარლამენტში მოწყობილი გამოფენა, რაშიც მიშა მაჭავარიანი დამეხმარა. გარდა ამისა‚ კემომ მომცა ორი საიტის მისამართი – აქ მსოფლიოს კარიკატურისტები არიან და შეგიძლია‚ გაეცნოო. ჩემი ნამუშევრებიც ავტვირთე. ამ საიტზე ყოველ ათ დღეში ტარდება კონკურსები, სადაც შეგიძლია, საკუთარი შესაძლებლობები შეაფასო, რადგან აქ ხმას მხოლოდ ცნობილი კარიკატურისტები გაძლევენ, ეს კი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. ყველა ძლიერმა კარიკატურისტმა გამოიარა ეს კონკურსი. ცნობილი მსახიობის ფოტოს დებენ, უნდა გააშარჟო და გამოაქვეყნო. პირველად შვიდეულში მოვხვდი, შემდეგ მეოთხე ადგილი ავიღე, მერე – ისევ მეშვიდე. შარშან დეკემბერში 2011 წლის ბოლო კონკურსი იყო და მეორე ადგილი ავიღე. თუმცა‚ რატომ მომცეს მეორე ადგილი‚ არ ვიცი, რადგან, მე და პირველ ადგილზე გასულს ერთნაირი ხმები გვქონდა. „დამამშვიდეს“: ის ფრანგია, შენ – ქართველიო. ამის მერე დავხატე მსახიობი რიჩარდ ატენბორო, რომელიც სანტა კლაუსის როლის საუკეთესო შემსრულებელია და ვიზუალურადაც ძალიან ჰგავს. მოკლედ‚ 2012 წლის პირველივე კონკურსში ამ კარიკატურით პირველი ადგილი ავიღე, თან‚ ამ კონკურსში სერიოზული კარიკატურისტები ჩამოვიტოვე უკან და ეს მეამაყება. ამის მერე‚ გარკვეული პერიოდის განმავლობაში‚ აღარ მიმიღია ამ კონკურსში მონაწილეობა. თუმცა‚ ცოტა ხნის წინ დადეს კირა ნაითლის ფოტო, გავაშარჟე და მესამე ადგილი ავიღე, თუმცა‚ მიმაჩნია, რომ შეიძლებოდა, მეორე ადგილიც ამეღო. ასე რომ‚ პირველი, მეორე და მესამე ადგილი უკვე მაქვს. რაც მთავარია‚ ეს კონკურსი ბევრ რამეში გეხმარება: ჯერ ერთი, რომ სხვა კარიკატურისტებიც გაგიცნობენ და მეორეც – სწორედ ამის მერე იყო უცხოეთიდან საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებები – ჩასვლას და მუშაობას მთხოვდნენ. თუმცა‚ როგორც ინტერიერის დიზაინერს‚ ადრეც მქონდა ასეთი ტიპის შემოთავაზება, განსაკუთრებით – ლონდონიდან, რადგან, სხვა დიზაინერებისგან განსხვავებით‚ ის პრივილეგია მაქვს, რომ ხელით ხატვა შემიძლია. მთავაზობდნენ ბინას, ძალიან კარგ ხელფასს, ყველაფრით ვიქნებოდი უზრუნველყოფილი, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, უარი ვთქვი. რაც შეეხება კარიკატურებს, ისინი ძირითადად უცხოეთში იყიდება და ამით ვინახავ ჩემს ოჯახს. როდესაც ამ კონკურსებში იღებ მონაწილეობას, გარკვეული პროცენტები, ქულები გემატება და, შესაბამისად‚ გარკვეულ ადგილსაც იღებ. რომ გადაიანგარიშებ, მიხვდები‚ შენ რომელ ადგილზე ხარ, და სხვა – რომელზე. შარშან ისე მქონდა ქულები, რომ საუკეთესო კარიკატურისტების ხუთეულშიც მოვხვდი, წელს, შეიძლება‚ ოცეულში მოვხვდე, უბრალოდ‚ ეს დათვლა ოფიციალურად არ ხდება.