რისთვის მიიღო გოგა ხაინდრავას წინაპარმა იაპონიის იმპერატორის – ხიროხიტოს უმაღლესი ჯილდო – „მზის ორდენი“
არსებობენ ქართველები, რომელთაც თავისი ქმედებით, ცხოვრების სტილით და, საერთოდ, არსებობით, უცხო მიწაზე ქართველობა და საქართველო შეაყვარეს გარშემო მყოფთ. ივლიანე ხაინდრავა-უფროსი ერთ-ერთი მათგანია. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ჩინეთში, მანჯურიელ ქართველთა შორის, ის ყველაზე გამოჩენილი და თვალსაჩინო პიროვნება გახლდათ. ივლიანე ხაინდრავა უფროსი 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ხარბინის ქართულ კოლონიას. ჩვენი რესპონდენტია მისი შთამომავალი, გოგა ხაინდრავა.
გოგა ხაინდრავა: ხაინდრავები ოდიშის აზნაურები იყვნენ. ჩემი ოჯახი ლეხაინდრაოში ცხოვრობდა. იქ დაიბადა ჩემი ბაბუა – ივლიანე. მას ანჯაფარიძის ქალი ჰყავდა ცოლად. ბაბუა 17 წლის იყო, როდესაც ქუთაისში, გიმნაზიაში სასწავლებლად წამოვიდა. მოგეხსენებათ, ოკუპანტები მაშინაც იყვნენ.... მათ წინააღმდეგ საბრძოლველად იატაკქვეშეთში ჯგუფი ჰქონდათ ჩამოყალიბებული, რომლის წევრიც იყო ბაბუაჩემი. ერთ-ერთი აქციის დროს, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ააფეთქეს და ბაბუას 25 წლით კატორღაში ყოფნა მიუსაჯეს. სახალინში ფეხით ჩაიყვანეს, 14 წელიწადი იჯდა იქ, ოსტროგში.
– ამ პერიოდში ის უკვე დაოჯახებული იყო?
– დიახ, მეუღლეც ჰყავდა და პატარა გოგონაც. მაშინ ასეთი წესი იყო – ჯერ აოჯახებდნენ და მერე გზავნიდნენ სასწავლებლად. სამწუხაროდ, ის ქალბატონი დაავადდა და ახალგაზრდა გარდაიცვალა. დარჩა ერთი გოგონა – მამიდაჩემი. ბაბუამ 14 წელი გაატარა კატორღაში, შემდეგ გაასახლეს, რადგან, რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, ანუ, საქართველოში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. ამიტომ, ჩინეთში გადავიდა და იქ დაფუძნდა. მანჯურიაში იყო ასეთი ქალაქი – ხარბინი. სხვათა შორის, იქ ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ იმპერიიდან გაქცეული და გადასახლებული სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. ჩინეთი თავისუფალი ქვეყანა იყო, ერთიანი ხელისუფლება არ მოქმედებდა...
– როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება ხარბინში?
– წარმატებით. დროთა განმავლობაში, მანჯურიაში ბაბუა ძალიან პატივცემული კაცი გახდა. კარგი ოჯახი შექმნა, შეძლებული კაცი იყო, ქველმოქმედი. ტყის კონცესიები ჰქონდა, მდინარეზე – გემები, რომლებზეც რესტორნები იყო განთავსებული, ნაპირზეც... მოკლედ, დიდი მეწარმე იყო. ქართული საზოგადოება დააარსა და 25 წელი თავკაცობდა. ქართულენოვანი წიგნების ბიბლიოთეკა გახსნა იმ მიზნით, რომ ბავშვები და მოზარდები ენასა და მშობლიურ ფასეულობებს დაუფლებოდნენ და მათი მადლი შეეგრძნოთ; სხვადასხვა წრე ჩამოაყალიბა. რამდენიმე სათვისტომოს საპატიო წევრი იყო: ებრაელების, რუსების, ჩერქეზების...
ხარბინში გაიცნო და იქორწინა ბებიაჩემზეც. ბებია პოლონელი ქალბატონი გახლდათ. ბაბუა მასზე 20 წლით უფროსი იყო. ბებიაც რეპრესირებული ოჯახიდან გახლდათ, ვილნოში (ვილნიუსში) ცხოვრობდნენ – მოგეხსენებათ, ეს ტერიტორია მაშინ პოლონეთს ეკუთვნოდა. იქაურობა რუსებმა რომ დაიპყრეს, გამოიქცნენ და ისინიც ხარბინში დაფუძნდნენ. ბებიასა და ბაბუას ორი ვაჟი შეეძინათ – მამაჩემი და ბიძაჩემი. ხაინდრავების ოჯახი ხარბინის ცენტრალურ ქუჩაზე – კიტაისკაიაზე, სამსართულიან კერძო სახლში ცხოვრობდა. მდინარის ერთ-ერთ შენაკადს „ხაინდრავების შენაკადი“ ერქვა.
1933 წელს იაპონელები მანჯურიაში შევიდნენ, იქაურობა დაიპყრეს და ბაბუა გააკოტრეს.
– რას საქმიანობდა მანამდე, გარდა იმისა, რომ ქართული საზოგადოება დააარსა?
– დღევანდელი ტერმინოლოგიით, ძალიან გავლენიანი ბიზნესმენი იყო. 1926 წელს იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბაბუაჩემი სათავეში ჩაუდგა ფონდს, რომელიც დაზარალებულებს ძალიან დაეხმარა. ამ საქმეში ბაბუას წვლილი იმდენად დიდი იყო, რომ იაპონიის იმპერატორ ხიროხიტოს უმაღლესი ჯილდო – „მზის ორდენი“ მიიღო. ბაბუა საზოგადო მოღვაწე გახლდათ. მეორე მსოფლიო ომის დროს ის დაავადდა და ჩინეთში გარდაიცვალა. იქვეა დასაფლავებული.
– ამის შემდეგ როგორ ცხოვრობდა მისი ცოლ-შვილი?
– მამაჩემისთვის და ბიძაჩემისთვის საქართველო იყო რაღაც განსაკუთრებული, ზღაპრული, საოცნებო ქვეყანა, რომელშიც არასდროს იყვნენ ნამყოფი. როდესაც მამაჩემი იბადებოდა, ბაბუა საქართველოში სხვა სახელითა და გვარით ჩამოვიდა, მეუღლეც წამოიყვანა და ოჯახს გააცნო. ეს იყო 1916 წელს. იმდროინდელი, ძალიან საინტერესო ფოტოები მაქვს. შემდეგ ჩინეთში დაბრუნდნენ და თან მამიდაჩემი, ანუ ბაბუას უფროსი ქალიშვილი წაიყვანეს.
მეორე მსოფლიო ომის დროს ბიძაჩემი იაპონელმა ოკუპანტებმა დაიჭირეს; სამწელიწად-ნახევარი იჯდა ციხეში. ომი რომ დამთავრდა, ბებიაჩემმა და მამაჩემმა სამშობლოში დაბრუნება მოითხოვეს. საქართველოზე დაუსწრებლად იყვნენ შეყვარებულები.
ომში გამარჯვებული ქვეყანა: სტალინი – ქართველი, ბერია – ქართველი... იცით, როგორ მუშაობდა კომუნისტური პროპაგანდა?! ბუნებრივია, ეს იყო სატყუარა ემიგრაციისთვის. სამშობლოში რომ დაბრუნდნენ, ძალიან სწრაფად იგემეს საბჭოური „კეთილდღეობა.“
– ეს რაში გამოიხატა?
– თავდაპირველად, საქართველოში არ შემოუშვეს. ყაზანში ცხოვრების უფლება მისცეს, სადაც თითქმის წელიწადი იცხოვრეს. შემდეგ ბათუმში დასახლდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოვიდნენ თბილისში. ძალიან უჭირდათ. ამ პერიოდში მამაჩემმა გაიცნო დედაჩემი და დაქორწინდნენ.
– დედაზეც გვიამბეთ.
– დედა არის თბილისელი, მამით რუსი, დედით ქართველი. ბებიაჩემი ბაქოში მუშაობდა და დედა ცოტა ხანს მასთან იზრდებოდა. შემდეგ თბილისში ბებიასთან დაბრუნდა. აქ დაამთავრა სკოლა, შემდეგ – უმაღლესი სასწავლებელი. დედა ძალიან კარგი სპორტსმენი იყო – კალათბურთს თამაშობდა, თხილამურებზე კარგად იდგა, სპორტის ოსტატი გახლდათ. მამაც სპორტსმენი იყო. ყოფილ კიროვის პარკში იმართებოდა ხოლმე საქართველოს, საბჭოთა კავშირის პირველობები. დედა და მამა ერთმანეთს პირველად იქ შეხვდნენ.
ქორწინებიდან ექვსი თვის შემდეგ მამა დაიჭირეს. წელიწად-ნახევარი აქ, „კაგებეს“ იზოლატორში იჯდა და შემდეგ გააციმბირეს.
– რა იყო ოფიციალური მიზეზი?
– სამშობლოს ღალატი, მაგრამ, რომელი სამშობლოსი, ეს გაუგებარი იყო, რადგან მამაჩემს საქართველოსთვის არასდროს უღალატია; საბჭოთა კავშირის მოქალაქე კი არასდროს ყოფილა. ამიტომ, ძნელი გასაგები იყო, რას ედავებოდნენ.
ჩემი ძმა დაახლოებით 2 წლის იყო, როცა დედამ მას ხელი მოჰკიდა და მამაჩემის დედასთან ერთად წაიყვანა ციმბირში – იქ, სადაც მამაჩემი სასჯელს იხდიდა. ხუთი წელი ერთად იყვნენ. სტალინის გარდაცვალების შემდეგ რეპრესირებულების რეაბილიტაცია დაიწყო. დედა 9 თვის ორსული იყო ჩემზე, როცა ცნობილი გახდა, რომ მამას ათავისუფლებდნენ. საბუთების მოწესრიგებას დრო სჭირდებოდა. მშობლებს არ სურდათ, რომ მე გადასახლებაში დავბადებულიყავი და, ამიტომ, დედა და ბებია 1 ივლისს თბილისში ჩამოვიდნენ, 7-ში კი მე დავიბადე.
– პოლონელ ბებიაზეც გვიამბეთ.
– მან გამზარდა. პოლონურად შრომასა და წესრიგს შემაჩვია. 93 წლისა თბილისში გარდაიცვალა. მშობლები და შვილები ერთად არიან მიბარებული ქართულ მიწას. ეს იყო მათი ანდერძი და წადილი. ბებიას ერთი და შვეიცარიაში ცხოვრობდა, მეორე და – ავსტრალიაში, ძმა – ნიუ-იორკში. ის ჩვენს მოსანახულებლად 1968 წელს ჩამოვიდა.
– ოჯახური ტრადიცია თუ გაქვთ ხაინდრავებს?
– ოჯახური ტრადიცია?! პოლიტპატიმრობა – ბაბუა, მამა, ბიძა და მე. ეს არ არის კომფორტული ტრადიცია, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ჩვენი ოჯახის მამაკაცებს ახასიათებთ. თუმცა, ქალბატონებიც მოგვმადლა ღმერთმა... მაგალითად, თათია ხაინდრავა, რომელიც მამაჩემის ბიძაშვილი იყო. ანუ, სიმონი და ივლიანე იყვნენ ძმები. სიმონს ცოლად კონსტანტინე გამსახურდიას და ჰყავდა.
– თქვენს შვილს რას უწინასწარმეტყველებთ? იმედია და გისურვებთ, რომ მას არ გაეზიარებინოს ის არასასიამოვნო ტრადიცია, რომელიც მისმა მამა-პაპამ იგემა თავის დროზე...
– ამ ჯოჯოების ხელში ლევანი პატიმრობასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ, მადლობა უფალს, არ გაგვწირა. მას თავისი გზა აქვს; საკუთარი ოჯახი, მეუღლე და ორი შვილი – ლუკა და ნინო ჰყავს. იმედია, ისეთივე ღირსეული გვარის გამგრძელებლები გვეყოლება, როგორი წინაპრებიც გვყავდა.