მგლები 5
უკანასკნელი ქურდი
ბორის მალიშევს იმდენად აღელვებდა კიევში მიმდინარე ოპერაციის ბედი, რომ გენერლისთვის მიცემული პირობა დაარღვია და კლიმის აგარაკს მიაშურა. მისდა გასაოცრად, მასპინძელი სრულიად დათრგუნული დაუხვდა. ის თავჩაქინდრული იჯდა მაგიდასთან და ჭიქას ჭიქაზე სცლიდა.
– რა მოგდის, კლიმ? – მალიშევმა უკმაყოფილოდ გადადგა გვერდზე ვისკის ბოთლი და მის პირისპირ დაჯდა.
– აა... შენ ხარ! – მასპინძელმა ამღვრეული მზერა მიაპყრო, მერე კი ისევ ბოთლს წაეტანა.
მალიშევმა ბრაზით აუკრა ხელი. ბოთლი იატაკზე გადავარდა და დაიმსხვრა. შუშის ნამტვრევები წკრიალით მიმოიფანტა ოთახში. ამის დანახვაზე კლიმმა იფეთქა, ფეხზე წამოიჭრა და მთელი ხმით აყვირდა.
– რა გინდა, შენი დედაც!... ყელში ამოხვედით შენც და შენი იდიოტური გეგმებიც!.. გაეთრიე ჩემი სახლიდან!..
მალიშევი არნახულად გააშმაგა კლიმის საქციელმა. ის სწრაფად სწვდა ყელში მასპინძელს, მარჯვენა სახეში რამდენჯერმე გაარტყა და ძლიერად უბიძგა. კლიმი შებარბაცდა, უკან გადაქანდა და იატაკზე გაიშხლართა. იმავ წამს სასტუმრო ოთახში პირადი მცველები შემოცვივდნენ. მათ გაოგნებული მზერა ესროლეს იატაკზე გაშხლართულ კლიმს, რომელსაც ცხვირიდან სისხლი სდიოდა. მერე კი, მალიშევს პისტოლეტის ლულები მიუშვირეს.
– იარაღი დაუშვით, იდიოტებო!.. – მრისხანედ წამოიძახა მალიშევმა, – დაგავიწყდათ ვინ ვარ?! ჩემი ერთი სიტყვა და თქვენი ბოზბანდა სამუდამოდ გაქრება მზისქვეშეთიდან!
მცველებმა ერთმანეთს გადახედეს და შემდეგ კლიმს შეხედეს. მან ხელის მოძრაობით ანიშნა: იარაღი დაუშვით და ოთახიდან გადითო.
– ასე ჯობია, – ჩაილაპარაკა მალიშევმა, როგორც კი მცველებმა კარი გაიხურეს. მერე კი კლიმს მიუახლოვდა, ადგომასა და მაგიდასთან დაჯდომაში დაეხმარა.
კლიმმა სახეზე ჩამონადენი სისხლი ცხვირსახოცით მოიწმინდა, სიგარეტს მოუკიდა და მალიშევს ჰკითხა:
– რისთვის მოხვედი?
– რისთვის მოვედი?! – გაიკვირვა მან, – სამი დღე გელი და შენგან არავითარი ინფორმაცია არ მიმიღია!.. ისე გათავხედდი, ტელეფონის ზარსაც კი არ პასუხობ?! რა გემართება, კლიმ?! ხომ არ შეიშალე?!
– ჰო... შევიშალე!... ნაღდად შევიშალე, მაგრამ არა – დღეს!.. მაშინ, როცა შენთან დავიჭირე საქმე!..
– ზედმეტი მოგდის! – ბრაზით თქვა მალიშევმა, – შეგახსენებ, მხოლოდ ჩემი დამსახურებით ხარ ცოცხალი!
– რა მნიშვნელობა აქვს მაგას. ხვალ ხომ შენი დამსახურებით მომკლავენ! – ავად ჩაილაპარაკა კლიმმა.
– რა მოხდა ბოლოს და ბოლოს. ასე რამ აგირია გონება?!
– შენი... მხოლოდ შენი კარნახით დავეტაკე გეგეშიძეს. ნაბიჭვარს, რომელსაც თავად სატანა მფარველობს!.. მას ერთი ტყვიაც კი არ უსვრია. თითიც კი არ გაუნძრევია ჩემი სასტავის წინააღმდეგ, მაგრამ ჩემს ხალხს ამ საქმის გაგონებაც კი აღარ უნდა!..
– მე ხომ გაგაფრთხილე, შენი ხალხი გაარიდე უკრაინას-მეთქი! – თქვა მალიშევმა.
– გამაფრთხილა!.. – ისტერიკულად გადაიხარხარა კლიმმა, – რაში მჭირდება შენი გაფრთხილება?.. ჩემს ხალხში ერთიც აღარ მეგულება ისეთი, ვინც გეგეშიძისა და მისი „სასტავის” წინააღმდეგ აღმართავს ხელს!
– ეს არც იყო საჭირო. მე გითხარი, რომ გუსმანის საქმის შემდეგ, შეგეძლო, ჩეჩნები გეგეშიძის წინააღმდეგ გამოგეყენებინა!
– იცი რას გეტყვი... – სახეში ჩააცქერდა კლიმი, – მე არ ვიცი იქ, მოსკოვში რა ძალა აქვს შენს სიტყვას და საერთოდ, ვინმე გიწევს თუ არა ანგარიშს, მაგრამ უკრაინაში შენი ნათქვამი ჰაერია და მეტი არაფერი!.. შენ მაგარ გამტან ხალხად, ნამდვილ მგლებად დამიხასიათე მარჩუკი და ციგანოვი!.. სად არიან ახლა ისინი?! შენ მითხარი, რომ გუსმანს ერთი ორი გასროლითა და აფეთქებით მოვტეხავდით!.. მას კი არაფერი ეტყობა შეშინებულის!.. პირიქით, აქეთ გვიტევს!.. როცა არაფერმა გაჭრა, შენ და ტიხონოვმა ჩეჩნები შემოგვტენეთ!.. იცი, სად არიან ახლა ის ჩეჩნები?!
– სად?! – ჰკითხა უსიამოვნო მოლოდინით შეპყრობილმა მალიშევმა.
– მათ ნარჩენებს დღემდე ფხეკენ კიევი-ბორიკოვის ავტომაგისტრალიდან!
მალიშევისთვის ცნობილი იყო, რომ კიევიდან ორმოციოდე კილომეტრით დაშორებულ ბორიკოვში გუსმანის აგარაკი მდებარეობდა. მაგრამ, რა შუაში იყო ჩეჩნების ნარჩენების აგარაკისკენ მიმავალი გზატკეცილიდან აფხეკა.
– რას გულისხმობ, კლიმ?!
– იმას, რომ ტიხონოვის ჩეჩნები აღარ არიან... ირივე დაიბრიდა... ბუხ!.. – კლიმმა თეატრალურად აიქნია ხელები, – და ორივე ცაში აფრინდა!
– შეგიძლია, დალაგებით ამიხსნა?
– მე უკვე მომბეზრდა მაგაზე ლაპარაკი... – კლიმი კარს მიუბრუნდა და მთელი ხმით დაიყვირა, – კუზმა!..
ორიოდ წუთში ოთახში ორმოციოდ წლის ტანმაღალმა მამაკაცმა შემოაბიჯა.
– ჩემი კაცია... ის აგიხსნის ყველაფერს... ჩეჩნები მის თვალწინ აფრინდნენ ცაში... მე კი თავი გამანებე!... – ამ სიტყვებთან ერთად კლიმი მაგიდას მოშორდა, ბარიდან ვისკის ბოთლი გამოიღო, სავარძელში ჩაჯდა და სასმელი პირდაპირ ბოთლიდან მოსვა.
– დაჯექი, – სკამზე მიანიშნა მალიშევმა კუზმას, – დაჯექი და მიამბე: რა მოხდა კიევში.
კუზმა მაგიდას მიუჯდა და ლაპარაკი დაიწყო.
– კიევში კლიმმა გამგზავნა, ჩეჩნებისთვის ბინის მოსამზადებლად. როცა ყველაფერი მზად იყო, მერკულოვი ჩეჩნებთან ერთად ჩამოვიდა. მას არ უნდოდა, რომ ვინმეს ჩეჩნებთან ერთად შეემჩნია, ამიტომაც მათთან ურთიერთობა მე მიწევდა.
– რას გულისხმობ ურთიერთობაში? – ჰკითხა მალიშევმა.
– ისინი საერთოდ არ იცნობდნენ კიევს. მე მეგზურობას ვუწევდი. ვირჩევდი გზებს. ვუჩვენე გუსმანის ბინა, აგარაკი... ამას რამდენიმე დღე დასჭირდა. ბოლოს ჩეჩნებმა გადაწყვიტეს, გუსმანს აგარაკზე მგზავრობისას დასხმოდნენ თავს. კიევში ეს არ მოხერხდებოდა. გუსმანი დაჯავშნული მანქანით, დაცვასთან ერთად მოძრაობდა. ბორიკოვისკენ მიმავალ გზაზე კი ბევრი ყრუ ადგილია. ჩეჩნებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, გზისპირას მძლავრი ნაღმი დაემონტაჟებინათ და გუსმანის მანქანის გავლისას აეფეთქებინათ. თუ ის აფეთქებისას არ დაიღუპებოდა, მანქანიდან გადმოსული შორიდან, სნაიპერის შაშხანით მოეკლათ. როგორც ამიხსნეს, ასე მოქმედებდნენ ისინი ჩეჩნეთის ომის დროს. შესაფერისი ადგილი თავად შეარჩიეს, კიევიდან, დაახლოებით, ოცი, ოცდაორი კილომეტრის დაშორებით. იქ მკვეთრი მოსახვევია და გუსმანის მანქანა თავისთავად შეანელებდა სისწრაფეს. იქ ტყეა და სნაიპერის ჩასასაფრებელი ადგილის შერჩევაც იოლი იყო... – კუზმამ სიგარეტს მოუკიდა და ლაპარაკი განაგრძო, – საქმეზე ერთად წავედით. ჩეჩნები ერთი მანქანით მგზავრობდნენ. მე უკან მივყვებოდი...
– რისთვის? – ჰკითხა მალიშევმა.
– მერკულოვმა მითხრა, რომ ტიხონოვს თავდასხმის კადრების ხილვა სურდა. თავდასხმა მე უნდა გადამეღო. ამას გარდა, ჩეჩნებიც უნდა დამეზღვია. რამე ისე რომ არ წასულიყო, მე უნდა წამომეყვანა იქიდან.
– როგორ დაიღუპნენ ჩეჩნები? – ჰკითხა მალიშევმა.
– აზრზე არ ვარ, – მხრები აიჩეჩა კუზმამ, – კიევიდან უკვე გასულები ვიყავით. ჩეჩნების მანქანა ასი მეტრით წინ მიდიოდა. ამ დროს მოხდა აფეთქება. ჩემს წინ ცეცხლისა და კვამლის ღრუბელი გაჩნდა. წამის მეათედის შემდეგ ჩემს მანქანას ტალღამ დაარტყა. დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ მართვა დავკარგე და გზიდან გადავვარდი. აზრზე რომ მოვედი, მანქანიდან გადმოვედი. იმ ადგილას, სადაც ბოლოს ჩეჩნების მანქანა დავინახე, დიდი ორმო მოჩანდა. მანქანის ნამუსრევი აქეთ-იქით იყო მიმოფანტული. ჩეჩნებზე ხომ ბაზარი არ არის. მათ გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ. მე მგონი, ვეღარც კი იპოვიდნენ.
– როგორ გგონია, როგორ მოხდა აფეთქება?
– მგონი, თავისივე ნაღმი აუფეთქდათ.
– ასეთი არიფები იყვნენ? – განაგრძო მალიშევმა.
– არ ვიცი, არიფები იყვნენ თუ სუპერპროფესიონალები. მაგრამ, ფაქტია, რომ აფეთქდნენ, – უპასუხა კუზმამ.
– მერკულოვი სად არის?
– კიევში. იქაური საქმეებიც მისახედია.
– კარგი... წადი, – თქვა მალიშევმა და კლიმს მუბრუნდა, რომელსაც ამასობაში ვისკის ბოთლი სანახევროდ გამოეცალა, – კიევს რა ცნობები აქვს ამ საქმის შესახებ?
– არ ვიცი და არც მაინტერესებს, – გულგრილი იერით უპასუხა მან.
– არ გაინტერესებს?! – მოიღრუბლა მალიშევი, – მე კი მგონია, რომ ძალიან უნდა გაინტერესებდეს!
– არა ცდები... – კლიმმა ერთი ყლუპი ვისკი მოსვა და დაამატა, – ეს ჩემი საქმე აღარ არის. შენ თუ გაინტერესებს, ტიხონოვთან გაარკვიე, რა ხდება კიევში.
– ორი ჩეჩენის საკუთარ ნაღმზე აფეთქება არაფერს ცვლის. სხვებს და უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს მოვძებნით.
– არა!.. – ცივად თქვა კლიმმა, – შენ და ტიხონოვმა თუნდაც მთელი არმია ჩაიყვანეთ კიევში. მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ!
– კლიმ, დაგავიწყდა რომ მე არასოდეს ვცვლი პირობებს! – მალიშევმა წინ წაიწია და სახეში ჩააცქერდა.
– რას გულისხმობ? – დაიძაბა „კლიმი”.
– შენი სიცოცხლე გუსმანისა და გეგეშიძის სიცოცხლეების ნაცვლად!... ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამაზე!
პასუხად კლიმმა ბოთლი ტუჩებისკენ წაიღო, მაგრამ მალიშევმა დალევის საშუალება არ მისცა. სწრაფად ადგა, მიუახლოვდა, ბოთლი ხელიდან წაგლიჯა, ვისკი დემონსტრაციულად დაღვარა იატაკზე, ცარიელი ბოთლი დაუბრუნა და დამცინავად თქვა:
– ისეთი მთვრალიც არ ხარ, რომ ვერ მიხვდე, რას ვგულისხმობ. ნორდსტრიმის თაობაზე ბოლო გადაწყვეტილება ერთ კვირის შემდეგ, უფრო ზუსტად კი, ორშაბათს უნდა მიიღონ. იმ დროისთვის გუსმანი ცოცხალი თუ იქნება... მოკლედ, შენც ხვდები, რასაც მიიღებს ჩემგან!... ასე რომ, მინერალურ წყალზე გადადი და სტუმრებს დაელოდე!.. ტიხონოვი თავად დაგიკავშირდება, გაიგე?!
ამ სიტყვებთან ერთად მალიშევი შებრუნდა და კარისკენ წავიდა. კლიმმა გააფთრებული მზერით გააცილა. შემდეგ მოულოდნელად წამოიჭრა და ტუმბოს უჯრიდან პისტოლეტი ამოიღო. ჩახმახის გაჩხაკუნებაზე მალიშევი პისტოლეტს წაეტანა და შემობრუნება სცადა, მაგრამ უკვე გვიან იყო. კლიმმა სამჯერ ზედიზედ ისროლა. ზურგში დაძგერებულმა ტყვიებმა მალიშევი წინ გაისროლა და იატაკზე დასცა.
– ნაბიჭვარო!.. – დაიხრიალა მწვავე ტკივილით შეპყრობილმა.
კლიმი უმალ მის გვერდით გაჩნდა. მხარში სწვდა, ზურგზე გადააბრუნა, პისტოლეტი სახეში მიაბჯინა და ჩაჰყვირა:
– ახლა რაღას გაუგზავნი გუსმანს, დამპალო?!
– იცი, რა მოგელის ამის გამო?.. – გაჭირვებით ამოიხრიალა მალიშევმა.
– შენ მაინც ვეღარ მოესწრები ამას! – ავად ჩაილაპარაკა კლიმმა და სასხლეტი დაუშვა.
იმავე წამს ოთახში პისტოლეტმომარჯვებული მცველები შემოცვივდნენ. ისინი შემოსასვლელთან შედგნენ და დაბნეულები მიაჩერდნენ პისტოლეტმომარჯვებულ კლიმს და სისხლის გუბეში გაშოტილ მალიშევს.
– ეს მძორი აქედან მოაშორეთ... დაღამებას დაელოდეთ და შემდეგ ტყეში, რაც შეიძლება შორს გაიტანეთ და რაც შეიძლება ღრმად ჩაფალით!.. – ბრძანა კლიმმა. შემდეგ კი ბარს მიუბრუნდა და ვისკის მომდევნო ბოთლი მოიმარჯვა.
* * *
პეტრე ტიხონოვი ახალი მისული იყო სამსახურში, როცა კაბინეტში მისი მდივანი შემოვიდა. მდივანს დაბნეული გამომეტყველება ჰქონდა. ხელში საშუალო ზომის კონვერტი ეჭირა.
– რაშია საქმე, ნადია? – ტიხონოვმა თვალი მოსწყვიტა კომპიუტერის მონიტორს.
– თქვენთვის წერილია... – გაუბედავად უპასუხა მდივანმა და კონვერტი გაუწოდა.
ტიხონოვმა კონვერტს დახედა.
„ტიხონოვს პირადად სასწრაფოდ” – ეწერა ზედა. კონვერტს რაიმე შტამპი ან ბეჭედი არ ჰქონდა, რაც იმას მიუთითებდა, რომ ეს ოფიციალური გზავნილი არ იყო.
– ვინ მოიტანა ეს კონვერტი? – მდივანს მიუბრუნდა ტიხონოვი.
– წარმოდგენა არ მაქვს, – მხრები აიჩეჩა ქალმა, – დილით კაბინეტის კარი მე გავაღე. ეს კონვერტი კი მაგიდის დაკეტილ უჯრაში დამხვდა. დარწმუნებული ვარ, გუშინ იქ არ ყოფილა. სამსახურიდან წასვლის წინ ყველა უჯრა დავალაგე. ეს კონვერტი არ მინახავს.
– კარგი... კარგი... დამშვიდდი, – ტიხონოვს ღიმილი მოჰგვარა მდივნის დაბნეულმა სახემ, – ყველაფერს გავარკვევთ.
როგორც კი მდივანმა კარი გაიხურა, ტიხონოვმა კონვერტი გახსნა. შიგ გარე მეხსიერების ჩიპი აღმოჩნდა. გზავნილით გაოცებულმა ჩიპი კომპიუტერს მოარგო და მონიტორს მიუბრუნდა. ინფორმაციამ, რომელიც ჩიპში აღმოჩნდა საგონებელში ჩააგდო. ეს იყო მისი და კლიმის სატელეფონო საუბრები. ერთ ფაილში კი, მისი და მერკულოვის პირადი საუბრის ჩანაწერი აღმოჩნდა. საუბარში ტიხონოვი მოსკოველ ჩეჩნებს ახსენებდა, რომლებსაც გუსმანის საკითხი უნდა მოეგვარებინათ. იქვე სახელდებოდა მალიშევის გვარი და ნორდსტრიმთან დაკავშირებული ისტორიაც. ამ ჩანაწერის უცხო ხელში აღმოჩენა, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა. მით უმეტეს ახლა, როდესაც ნორდსტრიმის საკითხის გადაწყვეტამდე ერთი კვირა რჩებოდა. მაგრამ ახლა ამაზე უფრო სხვა რამ აღელვებდა. მაინც ვის უნდა გაეკეთებინა ეს ჩანაწერები და ვინ და რა მიზნით უგზავნიდა მას. თანაც მაშინ, როდესაც მოსკოველი ჩეჩნები უკვე დახოცილები იყვნენ. ჩანს, ჩანაწერის ავტორისთვის ესეც უნდა ყოფილიყო ცნობილი.
ვინ?.. – ფიქრს მიეცა ტიხონოვი, – მალიშევი?.. არა... რისთვის?.. ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ. გარდა ამისა, დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ბორისი კი ასეთი მეთოდებით არასდროს მოქმედებს მოკავშირეებისა და მეგობრების წინააღმდეგ... კლიმი?.. არა... იგივე ვარიანტია... მასთანაც დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს. თანაც, კარგად ესმის, რომ ჩემს წინააღმდეგ წასვლით ბიზნესსაც დაკარგავს და თავსაც... მაშინ ვინ და რაც მთავარია, რა მიზნით?!
„შანტაჟი“ – ეს პირველი აზრი იყო, რომელმაც გაუელვა გონებაში.
„არა“ – მაშინვე უკუაგდო აზრი, – „ეს ძალიან მარტივი იქნებოდა. უკრაინაში არ მეგულება თავზეხელაღებული ადამიანი, რომელიც ასეთი წინადადებით შემომბედავს: გადამიხადე ამდენი, თორემ ამ მასალებს პროკურატურას გავუგზავნიო!” სისულელეა. საქმე უფრო რთულად არის... ბევრად რთულად, ვიდრე წარმომიდგენია!..“
ტელეფონის ზარმა ტიხონოვი ფიქრს მოსწყვიტა. თავი მიანება მონიტორს, ტელეფონს გადასწვდა და უპასუხა.
– გისმენთ...
– მიიღე ჩემი გზავნილი? – გაისმა ყურმილიდან.
ტიხონოვს საოცრად ნაცნობად ეჩვენა ხმა, მაგრამ ვერავის დაუკავშირა.
– იმ საინტერესო ფლეშკას გულისხმობ?
– ჰო, – დაუდასტურა თანამოსაუბრემ.
– ვინ ხარ და რა გინდა? – ჰკითხა ტიხონოვმა.
– ჩანს, საფიქრალი გაგიჩინა იმ ჩანაწერებმა, – განაგრძო უცნობმა.
– განსაკუთრებული არა. თუმცა, საინტერესოდ მეჩვენა.
– იმასთან შედარებით, რაც არ იცი, ეგ ჩანაწერები მართლაც უმნიშვნელოა.
– და რა არ ვიცი? – დაიძაბა ტიხონოვი.
– ამას მხოლოდ პირად საუბარში გეტყვი... შეგვიძლია, ახლავე შევხვდეთ ერთმანეთს... – შესთავაზა თანამოსაუბრემ.
– არა... უცნობს არ შევხვდები!
– არა?! – გაიკვირვა თანამოსაუბრემ, – არა მგონია, რომ შენს მდგომარეობაში უარი გამართლებული იყოს!
„გუსმანი!... ღმერთო ჩემო, ეს ხომ მისი ხმაა!..“ – ტიხონოვს ელვასავით გაურბინა გონებაში.
თანამოსაუბრის ვინაობის გარკვევამ თავზარი დასცა, ეს იყო ყველაზე ცუდი ვარიანტი, ყველა შესაძლებელიდან. საქმე მართლაც იმაზე ცუდად იყო, ვიდრე თავიდან ვარაუდობდა. გუსმანთან აღარ გაჭრიდა ხმამაღალი განცხადებები შავ ფიარზე, პროვოკაციასა და მონტაჟზე.
– რა გადაწყვიტე? – ჰკითხა თანამოსაუბრემ.
– როდემდე უნდა მელაპარაკო ინკოგნიტოდ, სტეფანე? – ძალა მოიკრიბა ტიხონოვმა, – მე თავიდანვე მივხვდი, რომ შენ იყავი. უბრალოდ, მინდოდა, თავად დაგესახელებინა ვინაობა.
– ნუ იპრანჭები, – დამცინავად წარმოთქვა გუსმანმა, – კარგად გიცნობ და ისიც ვიცი, რა ბაგაჟის პატრონიც ხარ. მოკლედ, შენობიდან უკანა გასასვლელით გამოდი. იქ ჩემი ხალხი დაგხვდება. ისინი ჩემთან მოგიყვანენ... გელოდები!..
* * *
გუსმანი ქალაქგარეთ, მომცრო ტბის პირას დახვდა ტიხონოვს. ის ტბის პირას იდგა და გედებს პურის ნატეხებით უმასპინძლდებოდა. ტიხონოვის მიახლოებისას, გუსმანმა თავი მიანება გედებს, მისკენ წამოვიდა და მისალმების ნიშნად ხელი გაუწოდა.
– გამარჯობა პეტრე.
ტიხონოვმა უხალისოდ ჩამოართვა ხელი. მას ჯერაც ვერ წარმოედგინა, თუ რა ჰქონდა ჩაფიქრებული სტეფანს.
– მე მგონი, ხვდები, რომ ძალიან სერიოზული საუბარი გველის, – განაგრძო გუსმანმა.
– როგორც მახსოვს, მე და შენ არასერიოზულად არასოდეს გვისაუბრია, – უპასუხა ტიხონოვმა.
– მართალი ხარ, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა... წამოდი, გავიაროთ. მიყვარს სეირნობა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც არის, – თქვა გუსმანმა და ტბის ნაპირს გაუყვა.
ოციოდ მეტრი უხმოდ იარეს. შემდეგ ისევ გუსმანმა განაგრძო საუბარი.
– ასე რატომ გამიმეტე, პეტრე?! საქმე საქმეა. მაგრამ სროლა?.. მკვლელობა?! მეც ნაწყენი ვიყავი შენზე, მაგრამ ქილერების მოგზავნა აზრადაც არ გამივლია!
ტიხონოვმა დუმილით უპასუხა.
– ზოგჯერ დუმილი იმაზე მეტის მთქმელია, ვიდრე ერთსაათიანი მონოლოგი, – ჩაილაპარაკა გუსმანმა, – მაგრამ ხედავ, როგორ შემობრუნდა საქმე? შენმა მკვლელებმა შენ უფრო მეტი დაგიშავეს, ვიდრე მე. ახლა კი ორივე მძიმე არჩევნის წინ ვდგავართ. მე შემიძლია, მსვლელობა მივცე ამ მასალებს. ვიცი, შენ უკან საკმაოდ გავლენიანი ხალხი დგას. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, შენი ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად, მაგრამ არ გირჩევ. შენ კარგაც იცი, რომ მეც არ ვარ ხელწამოსაკრავი კაცი. რამეს თუ ხელი მოვკიდე, აუცილებლად მივიყვან ბოლომდე. მაგრამ, ამ შემთხვევაში, არ მინდა ამის გაკეთება. ყველაფერს დავივიწყებ. ეს საუბარი მხოლოდ მე, შენ და ამ ტბას ეცოდინება. მაგრამ, სამაგიეროდ, შენგანაც ასეთივე მძიმე გადაწყვეტილებას ველი.
– ესე იგი, მაგ მასალებს მსვლელობას მისცემ? – გახედა ტიხონოვმა.
– ხომ გითხარი, არ მინდა, მაგრამ თუ გაჯიუტდი, მართლაც ასე მოვიქცევი, – უპასუხა გუსმანმა.
– გაგიჭირდება რამის დამტკიცება. რამდენიმეწუთიანი ჩანაწერი არაფერს ნიშნავს. სად არიან ის ჩეჩნები?.. ვინმემ ნახა ისინი?..
– არა, მათ ვეღარავინ ნახავს. მიკროსკოპითაც რომ შეაგროვონ მათი ნაწილები, მშობელი დედაც კი ვერ ამოიცნობს... შენ, რა თქმა უნდა, იცი, როგორც დამთავრდა მათი უკრაინული ვოიაჟი. თუ იმის მტკიცებასაც დამიწყებ, რომ არაფერი გსმენია ბორიკოვის გზატკეცილზე მომხდარი აფეთქების შესახებ?
„ესეც იცის. კარგადაა ინფორმირებული. მაინც ვინ აწვდის ინფორმაციას. ჩანს კლიმის სასტავიდან ჩალიჩობს ვიღაც“,– გაიფიქრა ტიხონოვმა.
– ისევ არაფერი გაქვს სათქმელი? – თქვა გუსმანმა.
– რა თქმა უნდა, მსმენია. მაგრამ, მაგ აფეთქებასა და მითიურ ჩეჩენ ქილერებს შორის რაიმე კავშირს ვერ ვხედავ. ჯერჯერობით მილიციამ დაღუპულების არათუ ვინაობა, რაოდენობაც კი ვერ დაადგინა, – უპასუხა ტიხონოვმა.
– ეს შენს კიდევ ერთ სისუსტეზე მიანიშნებს, – ირონიით ჩაილაპარაკა გუსმანმა.
– რას გულისხმობ? – მოიღრუბლა ტიხონოვი.
– შენს მცდარ არჩევანს. ჩანს, საერთოდ ვერ ერკვევი ადამიანებში!.. ვისთან დაიჭირე საქმე, პეტრე?! მალიშევი... კლიმი... მარჩუკი... ციგანოვი... ბოლოს ჩეჩნები!..
– შენ ხომ კარგად ერკვევი ადამიანებში და სწორი არჩევანიც გააკეთე! – ბრაზით წამოსცდა ტიხონოვს.
– შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, აბსოლუტურად სწორი არჩევანი გამიკეთებია. ჩემს თანამოაზრეებს ასფალტიდან არ ფხეკენ და არც ჩემი საუბრების ჩანაწერები მოუსმენინებია ვინმეს. ასე რომ, შედეგი სახეზეა!
– გარწმუნებ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება! – ცივად მიუგო ტიხონოვმა.
– როდესაც ვინმეს ემუქრები, ზუსტად უნდა იცოდე, რამდენი მოკავშირე გყავს. შენ ჯერაც არ იცი, რომ შენს მომხრეებს კიდევ ერთი პიროვნება გამოაკლდა.
ტიხონოვს მზერა დაეძაბა. ვერაფრით მიხვდა, ვის გულისხმობდა გუსმანი.
– არ იცი... ეს ნაღდად არ იცი... ამაზე უშიშროების საბჭოში ანგარიშს არავინ მოგაწვდიდა... მე რომ არა, ამის შესახებ ძალიან დიდი ხანი ვერაფერს შეიტყობდი. ჯობია, ისევ ჩემგან მოისმინო, რომ კიდევ ერთხელ გადახედო შენს სამეგობრო წრეს... – გუსმანმა პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა, – მალიშევი მკვდარია, პეტრე!
– რაა?! – გაოგნდა ტიხონოვი.
– მალიშევი მკვდარია, – გაიმეორა გუსმანმა, – ამის შესახებ ჯერჯერობით რუსეთის „ეფესბეშიც” არაფერი იციან, მაგრამ გარწმუნებ, შენ ვეღარასოდეს იხილავ მას!
– და შენ გგონია, შენ და გეგეშიძეს ვინმე შეგარჩენთ ამას?!
– მე და გეგეშიძეს?! – გაიკვირვა გუსმანმა, – რას ამბობ?! რატომ გვიკავშირებ ამ საქმეს ჩვენ?! სულ მცირე ფანტაზიის უნარი რომ გქონოდა, თვითონ მიხვდებოდი, როგორ აღმოჩნდა შენი საუბრების ჩანაწერები ჩემთან. იქნებ გგონია, რომ გეგეშიძე მიკროფონით ხელში შეიპარა კლიმის სახლში და თქვენი საუბრები ჩაიწერა?! ოდნავ მაინც დაძაბე გონება, პეტრე!
ტიხონოვი შედგა, ტბისკენ შებრუნდა და ჩაფიქრდა. ის გრძნობდა რომ გუსმანი არ ტყუოდა. ვთქვათ, ჩეჩნების აფეთქება მართლაც გეგეშიძეს უკავშირდებოდა, მაგრამ საიდან უნდა შეეტყო მას მათი უკრაინაში ყოფნის შესახებ?.. ამ ჩანაწერებიდან?.. მაშინ როგორ მოხვდა ჩანაწერები გუსმანთან?.. თუნდაც ჩეჩნების უკრაინაში ჩამოსვლის შესახებ სცოდნოდათ, როგორ უნდა მოეხერხებინათ ორიოდ დღეში მათი ადგილსამყოფლის გარკვევა და შემდეგ მათი აფეთქება?! საიდანაც არ უნდა წამოსულიყო, მაინც ერთ წერტილში ხვდებოდა... კლიმის სასტავი!... ჩეჩნების უკრაინაში ყოფნისა და მიზნის შესახებ მხოლოდ სამმა იცოდა... მან, კლიმმა და მერკულოვმა!.. მერკულოვი?! არა... ის ვერასოდეს გაბედავდა მალიშევის მოკვლას... თანაც, ტიხონოვმა იცოდა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ის კიევიდან არ გასულა... რჩებოდა კლიმი, – ტიხონოვს უმალ თვალწინ დაუდგა მათი ბოლო შეხვედრა, – კლიმი გაღიზიანებული ჩანდა. არ დაუმალავს, რომ ნანობდა მალიშევთან საქმის დაჭერას და მასთან ურთიერთობის გაწყვეტა სურდა... ესე იგი, კლიმი!..
ამის გაფიქრებამ შიში მოჰგვარა ტიხონოვს. მალიშევის, კლიმისა და მისი დაჯგუფების გარეშე, ის იმ დამრტყმელი ძალის გარეშე რჩებოდა, რომელსაც შავი სამუშაო უნდა შეესრულებინა. ამ დროს კი ის იმყოფებოდა გუსმანთან, რომლის გვერდითაც გეგეშიძე და მისი ხარკოველები იდგნენ. ასეთ ვითარებაში დაპირისპირებაზე ფიქრი სრული უაზრობა იყო. ის ნებისმიერ შემთხვევაში, წააგებდა და ვინ იცის, იქნებ ხვალ ისიც ჩეჩნებივით აფრენილიყო ჰაერში.
– რა გინდა ჩემგან? – ყრუ ხმით იკითხა ტიხონოვმა.
– მხოლოდ ერთი რამ. მინდა, გადარჩენის შანსი მოგცე, – უპასუხა გუსმანმა.
– რას მოითხოვ ამის სანაცვლოდ?
– რამდენიმე დღეში ნორდსტრიმის აქციებთან დაკავშირებით, მთავრობამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მე ვიცი, რომ შენ რუსეთის „გაზპრომს“ ლობირებ. ყველასთვის ეს ასეც უნდა დარჩეს. მაგრამ, საბოლოო სხდომაზე უშიშროების საბჭოს სახელით, მე დამიჭერ მხარს!.. ეს წინადადება არ არის, პეტრე. ჩათვალე, რომ შენი სიცოცხლის საზღაურია. მე საუბრის გაგრძელებას აღარ ვაპირებ. შენ ან „ჰოს“ მეტყვი, ან – „არას“. რაც არ უნდა მიპასუხო, ჩემი ბიჭები, ნებისმიერ შემთხვევაში, მიგიყვანენ იქ, საიდანაც წამოგიყვანეს. შემდეგ კი... – გუსმანი თვალებში ჩააცქერდა და დაამატა, – დანარჩენზე თავად იფიქრე. ჩემი მხრივ კი პირობას გაძლევ, რომ უარის შემთხვევაში, ბოლო სხდომა შენს გარეშე შედგება!..
გაგრძელება შემდეგ ნომერში