კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გურჯიშვილი-ქართველიშვილი-გურჯიევი

გურჯიშვილი იგივეა, რაც ქართველიშვილი. ანატოლიაში მოხვედრილ ქართველიშვილს, ბერძენიშვილსა და თეთრაძეს იქაურები გურჯს ეძახდნენ. ამ შერქმეული სახელის გამო მათ გაუგვარდათ გურჯიშვილობა. მათი ნაწილი რუსული გავლენით გურჯიევად და გურჯიოვად ჩაწერეს. გვარი, ფორმით – გურჯიშვილი, 1721 წლის აღწერით, სოფელ წინწყაროშია დაფიქსირებული. 

გურჯი თურქულში ქართველს ნიშნავს. არის საკუთარი სახელი გურჯიც. 

სოფელ წინწყაროში მცხოვრები გურჯიშვილები ბერძნებად აღიარეს და გვარი გურჯიევად მონათლეს. თავდაპირველად გვარი ქართველიშვილი გახდა გურჯიშვილი, შემდგომ კი – გურჯიევი. თურქეთში გადასახლებული ბერძენიშვილებიც გურჯიევებად მოუნათლავთ. 

საქართველოში 60 გურჯიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 34, ბოლნისში – 17, ხაშურში – 9. 

138 – გურჯიევი.

ჩაკაშვილი-ჩოკოშვილი 

აზნაური ჩაკაშვილების წინაპრები კახეთიდან გადმოსულები არიან თეიმურაზ მეფის დროს, 1629 წელს: „საციციანოს გერდის წინ მოსახლენი, ძველად ჩოკაშვილთაგანნი, მდაბალნი აზნაურნი და ცნობილნი დროსა ვახტანგ მეფისასა, რომელთაცა ჩოკას მაგიერ გაუგვარდათ ჩოკაშვილობა და არიან მოხსენიებულ ტრაქტატსა შინა“. 

ისტორიულ წყაროებში, ასევე, თავადი ციციშვილის აზნაურად გვხვდება ჩაკაშვილი. 

„თავად ჯანდიერისშვილს, მეფემან მისცა ჯილდოდ თავადობა გვარად ჯანდიერობისა წელსა ქრისტეს აქეთ 1628-სა და სახასოთაგან კახეთსა შინა მამული და ყმა და არიან აწ მცხოვრებნი კალაურსა შინა; ხოლო ახმეტას მცხოვრებნი იწოდებიან ჩოკაშვილებად ამავე ჯანდიერთა გვარისა და არიან აზნაურნი“. 

საქართველოში 452 ჩოკოშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 240, თბილისში – 106, გურჯაანში – 71. არიან სხვაგანაც.

საყევარიშვილი

საყევარაშვილი, საყევარიშვილი და საყევრიშვილი – ერთი და იგივე გვარებია. 

საყევარი გუთნის თავის ხარების წინ უღლის მისაბმელი პანი, ჯაჭვი ან ძელია. სავარაუდოდ, ეს დასდებია გვარს საფუძვლად. 

1823 წელს ამ გვარს დოკუმენტებში ვხვდებით სოფელ კუმისში, დღევანდელ გარდაბნის რაიონში და ერტისში, დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონში. 

„ოთარი ნინიას ძე საყევარაშვილი, მეუღლე მარიამი, ძმები: ვანო, იოსები, პეპანა, არაქელა, გიორგი, სიმონი, დავითი, ასლანი და ტასო; დედა – თალალა, მოიხსენიებიან 1823 წელს, აღწერით ერტისში“. 

საქართველოში 28 საყევარიშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 17, ბოლნისში – 4, თბილისში – 7. 

ქობულაშვილი-ქობულისძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქობული.

ქობულაშვილი უძველესი გვარია, მისი ძველი ფორმა იყო ქობულისძე.

„მთავართა გვარებში“ ვახუშტი წერს: „ხოლო გვარიანი მთავართა მათ ძველთანი ესენი არიან: ქობულისძე, დონაური, ასელმანეილი, ბაღუაში, რომელიც იყო ლიპარტის ძე”.

„თავადი ქობულაშვილის წინაპარნი იყვნენ ქობულად წოდებულნი უკვე 882 წლიდან. როცა სამბათ მეფე აფხაზეთიდან წავიდა, თან გაჰყვნენ ქობულისძენიც. ქობულთა შვილთაგან დაშთნენ გურიას ადგილსა ქობულეთსა შინა და იყვნენ მუნ. შემდგომად, მეფემან დავით კახთმან შერთო ცოლად გურიელის ასული თინათინი, მას მოჰყვა მზითევში ქობულოვი და დედოფლის შუამდგომლობით მიიღო მეფემან თავადობის ხარისხში და დაასახლა რუისის პირსა ადგილსა”.

„ხოლო, წელსა 1752, შეიკრიბნენ მხედრობანი ლეკთანი და მოადგა ყვარელსა. მაშინ ციხესა ყვარლისასა შეაშველა მეფემან და უთავა მათ თავადი ბებურიშვილი პაპა, მდივანი სოლომონ ქობულოვი, თაყაიშვილი ფირუზა, რატიშვილი ბეჟან, ნამორაძე ერასტი და სხვანი, მრავალნი კეთილშობილნი და გლეხნი. განამაგრეს ციხე იგი და ლეკთა, ვინაითგან ვერა რამე ჰყვეს, უკუიქცნენ სირცხვილეულნი”.

ისტორიულ წყაროებში ვკითხულობთ, რომ თამაზ ქობულიშვილი იყო კანცელარიის მოხელე. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მას გადაუწერია „დასტურლამალი” დავით რექტორის ხელნაწერიდან. ის ერთგვარად ედავება ამ უკანასკნელს, რომ სოფლები კახეთს ეკუთვნის და არა ქართლს.

საქართველოში 657 ქობულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 269, მცხეთაში – 258, გარდაბანში – 36. არიან სხვაგანაც.

ტაბეშაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტაბა. ტაბეშაძე ორსუფიქსიანი გვარია: ში+ძე. ტაბა-ზე, დაშენებული ქართული გვარია ტაბაშაძე. ტაბარუკი სოფელია გარდაბნის რაიონში და აქედანაა, ასევე, გვარი ტაბარუკაშვილი.

ტაბა ფუძედაა სახელსა და გვარებში: ტაბატაძე (ტაბატა), ტაბაღუა (ტაბაღი). ტაბახი უძველესი ეთნონიმია ძველი აღმოსავლეთის მოსახლეობიდან, ამავე ძირისაა ტაბახია, ტაბაშიძე.

ტაბეშიძე, შესაძლებელია, ლაზური გაფორმების გენეტიკური სახელი იყოს (გვარის ფუნქციით).

ტაბეშაძე იმერეთში წარმოშობილი, იმერული გვარია.

საქართველოში 236 ტაბეშაძე ცხოვრობს: ბაღდათში – 164, ქუთაისში – 24, თბილისში – 16. არიან სხვაგანაც.

უჩაძე-უჩიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი უჩა. ამავე ძირით გვხვდება ქართული გვარები:  უჩიძეების გვარის ერთ-ერთი კაცის გადმოცემით, მათი წინარე გვარი, უჩაძე, სათავეს იღებს წოვა-თუშეთიდან და ადრე ისინი უთაიძეები ყოფილან. 

საქართველოში 204 უჩაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 75, ახალციხეში – 45, ცაგერში – 35. არიან სხვაგანაც. 

22 – უჩიძე: თბილისში – 3, ფოთში – 2, ქუთაისში – 2. არიან სხვაგანაც.

ზარაფიშვილი 

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზარიფა.

გადმოცემით ირკვევა, რომ, დაახლოებით 1700-იან წლებში, ქიზიყში, კერძოდ, სოფელ ზემო მაჩხაანში, დასახლებულა სარგის ზარაფიშვილი. მას თან ჩამოუტანია საქსოვი დანადგარები და ოჯახს დაუწყია პირველი მოხმარების ფართლეულის ქსოვა, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას აკმაყოფილებდნენ. თვითონ სარგისი და მისი ვაჟიშვილი – იოთამი, თბილისში დაბრუნებულან და სამეფო ზარაფხანაში ფულის მოჭრა გაუგრძელებიათ. იოთამის ვაჟიშვილები – სტეფანე, მიხეილი და ნიკოლა – განთქმული მშენებლები, კალატოზები ყოფილან და მთელ საქართველოში ეკლესიებსა და სახლებს აშენებდნენ. 

ზარაფიშვილების საგვარეულო გამორჩეული იყო. მათ გარეშე სოფლებში – ქვემო და ზემო მაჩხაანში ოჯახების შექმნა და სადავო საკითხები არ წყდებოდა. ისინი, ასევე, ვენახების დაგეგმარებასა და მიწათმოწყობაში სთავაზობდნენ ხალხს დახმარებას. 

საქართველოში 74 ზარაფიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 34, დედოფლისწყაროში – 19, დუშეთში – 10. არიან სხვაგანაც. 

მთიულიშვილი 

გვარი მომდინარეობს სადაურობის სიტყვა მთიულისგან. 

მთიულიშვილები 1873 წელს ბანცურთკარში ცხოვრობდნენ. აქაური მთიულიშვილების ადრინდელი გვარი ნადიბაიძე ყოფილა, ნადიბაიძეები კი, მთიულეთში ფშავიდან იყვნენ მოსული და გაბადაურებისგან წარმომავლობენ. ბანცურთა გვარისანი მეჩვიდმეტე საუკუნეში გადასახლებულნი ჩანან ქართლში, ლიახვის ხეობის სოფელ ტირძნისში. 

1647 წლის საბუთით, ნინია ბანცური არის ტირძნისის მოურავი, რომელსაც ყოველ ენკენისთვეს გიორგი არაგვის ერისთავისთვის სააღაპედ უნდა გადაეხადა: ერთი ცხვარი, პური და ღვინო, ხუთი ჩარექი სანთელი და ეწირვებინა ჟამი. 

„მთიულისშვილი გიორგი, კიდმანში მცხოვრები, წილად ხვდა ქაიხოსრო ციციშვილს“ (1664-1673 წლები). 

„მთიულიშვილ დათუნას ჰყავს სახლიკაცი ქიტა. როსტომ მეფემ ის უწყალობა იორამ თარხან-მოურავისშვილს, რომელსაც დათუნამ ერთგულების პირობა მისცა“ (1643 წელი). 

საქართველოში 743 მთიულიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 170, გორში – 117, დუშეთში – 108. არიან სხვაგანაც.

скачать dle 11.3