კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-45(618) 

 

ხალხის გადამალვა, მათი დაცვა, ისევე, როგორც აღმოჩენა, მოტაცება ან ლიკვიდაცია, „კაგებეს“ უშუალო მოვალეობა იყო და ამ ფუნქციას ის ძირითადად წარმატებით ასრულებდა. მე რამდენიმე ასეულ ასეთ საქმეში მაქვს მონაწილეობა მიღებული და მარტა მიულერის საქმეც ერთ-ერთი რიგითი დავალება იყო. თუმცა, ამით მისი მნიშვნელობა არ დაკნინებულა: აკადემიკოს სეროვს ცოლი დავუბრუნეთ, ბავშვებს – დედა, ხოლო, რაც მთავარია, სახელგანთქმულ საბჭოთა ბალისტიკურ რაკეტებს, სეროვმა მათი მოდიფიკაცია არნახულ დონემდე აიყვანა.

– ხედავ, კოკი, როგორი ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია შენმა ქმედებამ, როდესაც მარტა მიჰგვარე ქმარს? – მან ისეთი მაგიური რაკეტები გააკეთა, რომ ამერიკელები შიშისგან კანკალებენ, – მითხრა შჩუკინმა იმ ცნობილი მოვლენებიდან ცხრა თვის შემდეგ, როდესაც თავისთან დამიბარა.

– ბუნებაში არაფერი იკარგება, ამხანაგო გენერალო, – მივუგე შჩუკინს, მან კი თავი გააქნია და მითხრა:

– მაგრამ, ახლა ისეთი შემთხვევაა, რომ ერთი კაცი დაგვეკარგა და ის შენ უნდა მოძებნო, თანაც – სასწრაფოდ. მას ეგრეთ წოდებული „ბაქტერიოლოგიური ჩემოდანი“ აქვს გატაცებული და, თუ დროზე არ ვიპოვეთ, დიდი საშინელებაა მოსალოდნელი.

შჩუკინის სიტყვებმა დაახლოებით მიმახვედრა, რაში იყო საქმე, მაგრამ, დასაზუსტებლად ვკითხე:

– კონკრეტულად ეს რას ნიშნავს?

– კონკრეტულად ეს იმას ნიშნავს, რომ გუშინ დილით, ომსკიდან ორასი კილომეტრის დაშორებით მდებარე საიდუმლო ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიიდან, რომელიც მიუვალ ტაიგაში, ღრმა მიწისქვეშეთშია განთავსებული, „კაგებეს“ პოლკოვნიკმა ანატოლი მახოვმა ბაქტერიოლოგიური ვირუსებით სავსე ჩემოდანი გაიტაცა. ჩემოდნის ზომებია: ორმოცი სანტიმეტრი სამოცზე, სისქე – თორმეტი სანტიმეტრია. ჩემოდანს აქვს სპეციალური კონტეინერი-ყუმბარა, რომელიც საათის მექანიზმზე მონტაჟდება და აფეთქების შედეგად გავრცელებული ვირუსი ორი საათის განმავლობაში 400 კილომეტრის რადიუსში ანადგურებს ყველა ცოცხალ არსებას. მისი სამკურნალო ვაქცინა არ არსებობს და ამით მისი მოქმედების ეფექტურობა განუზომელია. თავად პოლკოვნიკი მახოვი ამ ლაბორატორიის დაცვის უფროსი იყო. მან ვერტმფრენი გაიტაცა და გაუჩინარდა. მოგვიანებით ვერტმფრენი ლენინგრადის მისადგომებთან იპოვეს, მაგრამ, პოლკოვნიკი იქ არ აღმოჩნდა.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ბოდიშს გიხდით, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ, ერთი კითხვა მაქვს.

– გისმენ, – მომიგო შჩუკინმა.

– ამხანაგო გენერალო, ხომ არ გეშლებათ, გატაცებული ვერტმფრენი მართლა ლენინგრადთან იპოვეს?

– აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაციაა. მახოვმა დილის 8 საათზე გაიტაცა ვერტმფრენი, ლენინგრადთან დაახლოებით საღამოს 6 საათზე დაეშვა და გაუჩინარდა.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ეს შეუძლებელია. ომსკიდან ლენინგრადამდე ოთხი ათას კილომეტრზე მეტი მანძილია და იქიდან ვერტმფრენით ათ საათში ჩაფრენა გამორიცხულია.

– და, მაინც, ეს ასეა, – გაეცინა შჩუკინს, – ესაა ახალი მოდიფიკაციის ვერტმფრენი, სახელწოდებით „ქარიშხალი“, რომლის სიჩქარე 700 კილომეტრია საათში, ფრენის სიშორე კი 5 ათასი კილომეტრია. ასეთი მონსტრი ჯერჯერობით სამი ცალია აწყობილი, სამივე ექსპერიმენტულია და ერთი ცალი სწორედ იმ ლაბორატორიის კუთვნილებაა. ახლა გასაგებია?

შჩუკინის ინფორმაცია იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ხელები გავშალე და მივუგე:

– წარმოუდგენელია! ის ნამდვილი სასწაული იქნება.

– კი, ასეა, – დამიდასტურა გენერალმა.

– როგორც ჩანს, პოლკოვნიკი მახოვი ფინეთში გადასვლას გეგმავს და ეს ვერტმფრენით ან ვერ შეძლო, რადგან მანძილი აღარ ყოფნიდა, ან ჩამოგდების შეეშინდა და ამიტომ სხვა გზით შეეცდება საზღვრის გადაკვეთას.

– დიახ, ჩვენც ასე ვფიქრობთ, ალბათ, ფინეთში აპირებს გადასვლას. ვერტმფრენში კი ბენზინის ავზი დაცარიელდა და იძულებითი დაშვება განახორციელა.

– გასაგებია. ესე იგი, ლენინგრადში მომიწევს გამგზავრება.

– მოკლედ, ასე, ჩემო კოკი. მახოვის ძებნას, რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი უწყება, მილიცია და სამხედროები ახორციელებენ. ფეხზე დგას ყველა, მაგრამ, ყველამ არ იცის, რისთვის ეძებენ. შენ კი იმიტომ გამოგიძახეთ, რომ ამ ოპერაციის საიდუმლოება უზრუნველყო და ჩემოდანი უვნებლად ჩამოიტანო. გასაგებია?

– გასაგებია.

– შენ, ფაქტობრივად, ამ ოპერაციის ხელმძღვანელი ხარ და ათეულ ათასობით ადამიანი გემორჩილება. როგორც კი მახოვის კვალს აღმოაჩენენ, მაშინვე დაგიკავშირდებიან და აყვანაში უშუალო მონაწილეობას მიიღებ. შენი უმთავრესი და ერთადერთი მიზანია ჩემოდანი. ეს სასიკვდილო იარაღი უვნებელი უნდა ჩამოიტანო მოსკოვში.

შჩუკინი ოდნავაც არ აჭარბებდა. საშინელი ჩემოდნის მოსაძებნად თითქმის ოცდაათი ათასი ადამიანი იყო მობილიზებული, რადგან, ვირუსი რომ გავრცელებულიყო, ერთ დიდ ქალაქს პირწმინდად გაანადგურებდა. ჩემოდნის გატაცების ამბავი სულ ხუთიოდე ადამიანმა იცოდა, თუ არ ჩავთვლით ლაბორატორიის თანამშრომლებს, რომლებიც საიმედოდ იყვნენ ბლოკირებულები მიწისქვეშეთში და არანაირი ინფორმაციის გავრცელების საშუალება არ ჰქონდათ. მახოვი ძალიან მალე, გაქცევიდან სულ რაღაც 48 საათში ავიყვანეთ. მას ჩვენმა მაძებრებმა ერთ-ერთი ძველი სახლის ნანგრევებში მიაგნეს და, როგორც დავალებული ჰქონდათ, ჯერ მე დამიკავშირდნენ. რომ მივედი, პოლკოვნიკს ეძინა, საშინელი ჩემოდანი კი ფეხებთან ედო. მე ჩემოდანი ფრთხილად ავიღე, შევათვალიერე და, რომ დავრწმუნდი მისი აფეთქების არანაირი საშიშროება არ არსებობდა, ოპერმუშაკებს ვუბრძანე:

– წამოიყვანეთ, მაგრამ არ გააღვიძოთ, იძინოს. მას ჯერ კიდევ დასჭირდება ძალები, რომ თავისი საქციელი აგვიხსნას.

პოლკოვნიკი ისე მიიყვანეს ლენინგრადის „კაგებეს“ სამმართველოში, რომ არ გაუღვიძია. როგორც ეტყობოდა, ის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უკიდურესად იყო გამოფიტული. მას მხოლოდ მაშინ გაეღვიძა, როდესაც მოსკოვში დავეშვით და, რომ დამინახა, მკითხა:

– სად ვარ და ვინ ხართ?

– მოსკოვში დავეშვით, მე კი თქვენი გამცილებელი ვარ, – მივუგე მახოვს და ვკითხე: – კარგად გამოიძინეთ?

– დამცინით? – მითხრა მახოვმა, რაზეც ვუპასუხე:

– არა, არც მიფიქრია. უბრალოდ, მაინტერესებს, ძალები თუ აღიდგინეთ, რადგან, ხანგრძლივი საუბრები მოგიწევთ გამომძიებლებთან და, მინდა ვიცოდე, მზად თუ ხართ ამისთვის.

მახოვი რომ ლუბიანკაზე მივიყვანე, ის მაშინვე დასაკითხად წაიყვანეს და, რომ იტყვიან, ლიმონივით გაწურეს. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ თურმე პოლკოვნიკი ამერიკაში აპირებდა შეღწევას და თეთრი სახლის წინ უნდოდა ჩემოდნის აფეთქება. როგორც მახოვმა განმარტა, ის ამერიკას ვერ იტანდა და მიაჩნდა, რომ, თუკი ეს ქვეყანა განადგურდებოდა, დანარჩენ მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებდა... ყველაფრის მიუხედავად, პოლკოვნიკი შერაცხადად სცნეს, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს, ჩემოდანი კი საიდუმლო ლაბორატორიაში დააბრუნეს, უსაფრთხოების წესები გაამკაცრეს და დაცვის თანამშრომლების შერჩევის კრიტერიუმებიც შეცვალეს.

მიუხედავად იმისა, რომ დღესაც, ისევე, როგორც მაშინ, მიმაჩნია, რომ მახოვის დახვრეტა სწორი იყო, მის აზრებს ნაწილობრივ ვეთანხმები. პოლკოვნიკი დასახვრეტი იმიტომ იყო, რომ მან მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა – განსაკუთრებით საშიში, მასობრივი განადგურების იარაღი გაიტაცა და რისკის ქვეშ დააყენა მილიონობით საბჭოთა ადამიანის სიცოცხლე... ნაწილობრივ კი იმაში ვეთანხმები, რომ დაუშვებელია ამერიკის პარპაში დედამიწაზე და ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოუტანს კაცობრიობას. მე, რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამერიკა ფიზიკურად განადგურდეს და ხალხი დაიხოცოს, მაგრამ, ამ ზესახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ბატონობა მსოფლიოში უნდა დასრულდეს... სხვათა შორის, ზუსტად იმავე, მასტაბილიზებელ როლს ასრულებდა საბჭოთა კავშირი და როდესაც ის თავიდან მოიშორეს და დაშალეს, ამერიკამ სწორედ მაშინ გაშალა ბოლომდე ფრთები.

ამას წინათ, ერთ-ერთ ყოფილ სოციალისტურ ქვეყანაში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელზეც ახალი მსოფლიოს პრობლემებზე საუბრობდნენ და შეფასებას აკეთებდნენ, თუ როგორი გახდა ის. კონფერენციის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ ცივი ომის დასრულებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ მსოფლიო უსაფრთხო გახადა. თუმცა, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანი, ძველი ანტისაბჭოელი და ნობელის პრემიის ლაურეატი, რაც მას ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის მიანიჭეს ემიგრაციაში ყოფნისას, ცივი ომის დროს, საწინააღმდეგოს ამბობდა. მისი გამოსვლა კონფერენციაზე, რომელიც უამრავმა ტელეკომპანიამ პირდაპირ ეთერში გადასცა და მრავალ გაზეთში დაიბეჭდა, ნამდვილი ბომბი აღმოჩნდა. ამ ადამიანის თქმით, ის და მისნაირები ვერაგი ამერიკული პროპაგანდის ბადეში გაებნენ და თავისი სამშობლოს წინააღმდეგ გაალაშქრებინეს. ამ ადამიანმა თავისი გამოსვლის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატები მიწასთან გაასწორა, მას ბოროტების კერა უწოდა და მშვიდობის დარგში მიღებულ ნობელის პრემიაზე უარი განაცხადა. ბოლოს, მან ასე დაასრულა ეს სკანდალური სიტყვა:

– მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ვითომდა მშვიდობის პრემია, სინამდვილეში ომისა და უბედურების, ნგრევისა და ქაოსის ხელშეწყობისთვის მომცეს და უარს ვაცხადებ მასზე. ამერიკის შეერთებული შტატები ბოროტების დიდი კერაა, ამიტომ, მსოფლიოს მოვუწოდებ, რომ ყურადღებით იყოს და ფრთები შეაჭრას ბოროტების ამ შავ ფრინველს, რომელიც დედამიწას თავს დასტრიალებს და განადგურებას უქადის...

იმ კონფერენციაზე მე სწორედ ამ ადამიანის მოსაკლავად ვიყავი ჩასული და ნახევარი მილიონი დოლარი გადამიხადეს ამ შეკვეთაში. უფრო სწორად, ნახევარი თანხა ანგარიშზე დამისვეს, მეორე ნახევარი კი საქმის შესრულების შემდეგ უნდა მოეცათ. გეგმის მიხედვით, ობიექტს ინტერვიუსთვის უნდა ვწვეოდი ჟურნალისტის ამპლუაში და მისთვის თავი მომეკვეთა... თავის მოკვეთა კონტრაქტის აუცილებელი პირობა იყო. თუმცა, მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ოიბიექტის მოკვლის სურვილი გამიქრა და პირიქით, მისი გადარჩენის დაუოკებელმა ჟინმა შემიპყრო.

ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელსაც მისი ცნობილი გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტები ბუზებივით დაეხვივნენ, როგორც იქნა, მარტო მოვიხელთე, წარვუდექი და ვუთხარი:

– თქვენი მშობლიური ქვეყნის წარმომადგენელს ინტერვიუზე დაგვთანხმდებით?

ჩემი სიტყვების გაგონებაზე ობიექტი წამოწითლდა და დარცხვენილმა მითხრა:

– სამწუხაროდ, მე თავის დროზე სამშობლო გავყიდე, ვუღალატე მას და დიდად შევუწყვე ხელი მის დაქცევა-განადგურებას.  ახლა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვნანობ, მაგრამ, უკვე გვიანაა.

– ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, – ვუთხარი ობიექტს და დავამატე – მოდი, სათევზაოდ წავიდეთ და, როგორც ეს ძველი რუსული ტრადიციითაა მიღებული, ერთი კარგი უხა მოვხარშოთ, თითო ჭიქაც გადავკრათ, თან ინტერვიუც ჩავწეროთ.

ჩემმა ორიგინალურმა წინადადებამ ობიექტი კარგ ხასიათზე დააყენა და მითხრა:

– კეთილი, თანახმა ვარ.

ობიექტი იმიტომ გავიყვანე ბუნების წიაღში, რომ სასტუმროს ნომერში მოსმენა-თვალთვალის დიდი ალბათობა არსებობდა, მე კი მოწმეები არ მჭირდებოდა და, როდესაც თევზაობა დავასრულეთ და თევზის სუპის – უხას მოდუღება დავიწყეთ, ობიექტს ვუთხარი:

– ერთ რამეს გეტყვით და არ შეცბეთ.

ობიექტმა შემომხედა და მითხრა:

– ჩემს ცხოვრებაში იმდენი რამ გამიგია, ისეთი რა უნდა მაცნობოთ, რომ შევცბე?

 – იცით, მე თქვენს მოსაკლავად დამიქირავეს.

ობიექტმა თავი გააქნია და მომიგო:

– სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო. თუმცა, ეს მოსალოდნელი იყო. დიდი ხანია, გული მიგრძნობდა, რომ უკვე აღარ მენდობოდნენ და ჩემი მოკვლა უნდოდათ. ჩემმა გუშინდელმა გამოსვლამ კი ეს ამბავი დააჩქარა.

ობიექტის სიტყვებმა შემაცბუნა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ლიკვიდაცია რომელიმე პრორუსული დაჯგუფების შეკვეთა იყო იმ ძველი ცოდვებისთვის და იმ ძველი წვლილისთვის, რაც ამ კაცმა საბჭოეთის დაშლაში შეიტანა. მსგავსი შეკვეთა რამდენიმეჯერ შევასრულე კიდეც და ჩემს ეჭვს დაბალი ანაზღაურებაც ადასტურებდა – 500 ათასი დოლარი ასეთი ფიგურის მკვლელობისთვის გროშები იყო, მაგრამ, დამკვეთები მეტს არ იხდიდნენ. თანაც, ეს შეკვეთა ჩემს პოლიტიკურ მოსაზრებებსაც ემთხვეოდა და ამის გამო დავთანხმდი. თუმცა, ობიექტის სიტყვების შემდეგ ეჭვი შემეპარა დამკვეთების ვინაობაში და ვუთხარი:

– შეკვეთა ჯერ კიდევ ათი დღის წინ მომცეს და მათვე მითხრეს, რომ ამ კონფერენციას დაესწრებოდით.

– გასაგებია, – თავი დამიქნია ობიექტმა, – შეიძლება, ისინი არ მოელოდნენ, რომ ასეთი სკანდალური გამოსვლა მექნებოდა, მაგრამ, უკვე კარგა ხანია, აღარ მენდობიან და მე ამას მთელი არსებით ვგრძნობდი.

– გამოდის, რომ თქვენი შეკვეთა, უფრო სწორად, თქვენი ლიკვიდაცია ყოფილ საბჭოელებს არ შეუკვეთავთ ჩემთვის?

ჩემი სიტყვები ობიექტს სასაცილოდ არ ეყო  და მითხრა: 

– ჩემი მოკვლა ჩემმა ყოფილმა მეპატრონეებმა შეგიკვეთეს, იმ ხალხმა, ვინც ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ ამამხედრა, წლების განმავლობაში მისი სიძლიერის წინააღმდეგ მამუშავა, მისთვის საძირკველი მათხრევინა, ბოლოს კი ნობელის პრემია მომიგდო, მაგრამ, როცა ყველაფერს მივხვდი და მათი ჭეშმარიტი სახე შევიცანი, უკვე გვიან იყო. ახლა მათ ჩემი მოკვლა უნდათ და ამასაც მიაღწევენ. მიდით, რას უდგახართ, ჩემო კარგო, აქ თქვენ უხის საჭმელად არ მოგიწვევივართ – ამასაც ახლა მივხვდი. საერთოდ, ჩემი უბედურებაა, რომ ყველაფერს გვიან ვხვდები.

– არა, აქ მართლაც უხის საჭმელად მოგიწვიეთ და, კიდევ, იმის გასარკვევად, თუ რა ხდება სინამდვილეში. იცით, მეც გვარიანად დავიბენი და მინდა, სიმართლე გავიგო. აქ ვერავინ მოგვისმენს და, შეგვიძლია, მშვიდად, თავისუფლად ვილაპარაკოთ. 

ობიექტს უხა დავუსხი, არყით სავსე ჭიქა მივაწოდე, მივუჭახუნე და ვთქვი:

– როგორც რუსები ვიტყვით, ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს!

– გაუმარჯოს! – მომიგო ობიექტმა და ჩემთან ერთად გადაკრა არაყი.

– ჩვენივე ტრადიციისამებრ, ჯერ კარგად დავნაყრდეთ, შემდეგ კი ვილაპარაკოთ, – ვუთხარი ობიექტს და, მართლაც, როდესაც კარგად გეახელით, ობიექტმა მითხრა:

– მშვენიერი უხა იყო. ახლა კი ვილაპარაკოთ. მკითხეთ, რა გაინტერესებთ. 

– თქვენ თქვენი მფარველები, პატრონები ახსენეთ. მე მაინტერესებს, ვინ არიან ისინი?

ობიექტს გაეცინა და მითხრა:

– ისინი ის ხალხია, ვინც რეალურად მართავს ამერიკას, ამერიკის მეშვეობით კი – მთელ მსოფლიოს.

– ეს – ზოგადად. კონკრეტულად?

– კონკრეტულად, ის მსხვილი ბანკირები და ფინანსისტები, ვის ხელშიცაა მსოფლიო ეკონომიკის ლომის წილი და დედამიწის რეალური ბატონ-პატრონებიც სწორედ ისინი არიან. სწორედ მათმა სატანურმა გეგმამ დაშალა საბჭოთა კავშირი. მე და ჩემისთანებმა ამ საშინელებაში ხელი შევუწყვეთ მათ. სანაცვლოდ კი, მატერიალური კეთილდღეობა და სხვადასხვა რანგის ჯილდოები და პრემიები მივიღეთ. იცით? ეს ხალხი ბოროტებისთვის მოევლინა ქვეყანას. ამ აზრზე მე დიდი და მრავალმხრივი ანალიზის შედეგად დავდექი. ისინი, ძველი წარმართების არ იყოს, სხვის სიცოცხლეს სწირავენ ეშმაკს და, არ გამიკვირდება, რომ ეს რიტუალურ დონეზეც კი განახორციელონ.

– თქვენ არ შემცდარხართ, – მივუგე ობიექტს, – თქვენი მოკვლის აუცილებელი პირობა თქვენთვის თავის მოკვეთაა.  

ჩემს სიტყვებს ობიექტი არ შეუცბუნებია და მითხრა:

– აი, ხომ გითხარით. ისინი ნამდვილი ეშმაკისეულები არიან... დედამიწაზე გამეფება სურთ და დანარჩენების დამონება.

– ჰმ, საშინელი პერსპექტივაა დედამიწის მცხოვრებლებისთვის.

– გეთანხმებით, – დამიდასტურა ობიექტმა, ყურადღებით შემათვალიერა და მკითხა – კი მაგრამ, თქვენ რაში გაინტერესებთ ეს ყველაფერი, თქვენ ხომ დაქირავებული მკვლელი ხართ? თქვენი საქმეა მკვლელობა, ამ საქმეში ფულის აღება და არა პოლიტიკური წიაღსვლები!

– ჯერ ერთი, მე რიგითი დაქირავებული მკვლელი არ ვარ და ეს პროფესია ჩემი მატერიალური კეთილდღეობისთვის არ ამირჩევია.

– აბა, რისთვის? – მკითხა ობიექტმა.

– ძირითადად, იდეური მოსაზრების გამო. თუმცა, კარგ ფულსაც ვშოულობ.

– იდეური მოსაზრების გამო?

– დიახ. რასაც ახლა გეტყვით, ის ჯერ არავისთვის მითქვამს. მე „კაგებეს“ ძველი თანამშრომელი ვარ და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სპეცდავალებებს ვასრულებდი. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, რაც, ჩემის აზრით, დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, ამ საქმიანობას შევუდექი, მაგრამ, უარს ვამბობ ისეთ შეკვეთაზე, რომელიც ჩემს იდეურ მოსაზრებებს ეწინააღმდეგება. ახლა გასაგებია?

– გასაგებია, – მომიგო ობიექტმა, – როგორც ვხვდები, თქვენ ჩემს მოკვლას არ აპირებთ.

– დიახ, მე თქვენი გადარჩენა მინდა.

– ჩემი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. ეს შეკვეთა ისეთმა ხალხმა მოგცათ, ვინც უკან არაფერზე იხევს და, თქვენ თუ არ შეასრულებთ, მაშინ სხვას დაავალებენ ამ საქმეს, ის სხვა კი მეც მომკლავს და თქვენც მოგიღებთ ბოლოს.

– და მაინც, მე შევეცდები თქვენს გადარჩენას და, ვფიქრობ, გამოგვივა.

– როგორ?

– სამშობლოში უნდა დაბრუნდეთ, ყველაფერი მოინანიოთ. ისინი გაპატიებენ და დაგიცავენ.

– რუსეთში დავბრუნდე?

– დიახ. 

– არა მგონია, რომ რუსეთმა მიმიღოს. თანაც ჩემს მტრებს იმდენი ძალა აქვთ, რომ რუსეთშიც მომწვდებიან, – ხელი ჩაიქნია ობიექტმა, მე კი ვუთხარი:

– თუ მოინანიეთ, მიგიღებენ. რუსეთი დღეს საკმაოდ ძლიერია და თუ თქვენს მფარველობაზე დასთანხმდება, ვერავინ გახლებთ ხელს.

– კარგი, ვცადოთ, – მითხრა ობიექტმა და დაამატა – ერთ რჩევას მეც მოგცემთ და, იმედია, დამიჯერებთ.

– გისმენთ, ბრძანეთ.

– თქვენ, ალბათ, საბანკო ანგარიში გაქვთ, სადაც ფულს გირიცხავენ კონტრაქტორები.

– დიახ, ასეა.

– მაშინ, გირჩევთ, ეს თანხები სასწრაფოდ გამოიტანოთ ბანკიდან და, ან ქეშად შეინახოთ სახლში, ან რაიმე ბიზნესსა თუ ქონებაში ჩადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი გადარჩენის გამო, ამ ანგარიშს გაგიყინავენ, ერთ ცენტსაც ვერ გამოიტანთ და წამში გაღატაკდებით.

– ვითომ?

– გარწმუნებთ. თავს დავდებ, რომ ასეა. ამ ადამიანებს ფინანსურ სფეროში ყველაფერი ძალუძთ, მით უმეტეს – რუსეთის გარეთ. ამიტომ, გირჩევთ, ახლავე გააკეთოთ ეს.

ჩემს საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის თბილისში წამოღება არც ისე ადვილი საქმე იყო, მაგრამ, რომ დავფიქრდი, მივხვდი, ასე იყო საჭირო და მთელი თანხა სხვადასხვა გადამზიდი ფირმის საშუალებით თბილისში გავგზავნე. მე და ობიექტი კი მალულად მოსკოვში ჩავედით, მე ის შჩუკინს შევახვედრე და ყველაფერი მოვაყოლე.

– შევეცდები, დაგეხმაროთ, – უთხრა შჩუკინმა, – უცნაურია, რომ გეხმარებით, არადა, თქვენ გამო კინაღამ თავი წავაგე.

– ჩემ გამო?

– დიახ. თქვენ რომ შეერთებულ შტატებში გაიქეცით, მაშინ ჯერ კიდევ პოდპოლკოვნიკი ვიყავი, თქვენზე თვალთვალი მქონდა დავალებული და ხელიდან რომ გამისხლტით, ხელმძღვანელობამ მკაცრი გაფრთხილება მომცა, ჩემს უშუალო უფროსს ჩემი გასამართლებაც კი უნდოდა. რომ არა ანდროპოვი, რომელმაც პირადად დამიცვა, შეიძლება, დღეს ცოცხალიც კი არ ვყოფილიყავი.

– ძალიან ვწუხვარ, რომ უსიამოვნება მოგაყენეთ.

– რას იზამ, შეცდომებისგან არავინ ვართ დაზღვეული.

შჩუკინმა ობიექტი რუსეთის პირველ პირს შეახვედრა და სწორედ მან ითავა მისი დაცვა და მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ თუკი ობიექტს თმის ღერიც კი ჩამოუვარდებოდა თავიდან, ამას სასტიკ პასუხს გასცემდნენ... ასეთი განცხადების მერე ობიექტს ვერავინ შეეხო და დღეს ის რუსეთის სიძლიერის ერთ-ერთი თავგამოდებული მომხრეა და ყველაფერს აკეთებს ამისთვის: წერს წიგნებს, ამხელს ამერიკულ მზაკვრულ პოლიტიკას და თანაც, აქტიურად საქმიანობს დუმაში, რადგან, რუსეთის პარლამენტის წევრია.

ასეთები ამ ბოლო დროს საგრძნობლად მომრავლდნენ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკით და, აღიარებენ, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკა დანარჩენი მსოფლიოს მიმართ ყოვლად უსამართლოა.

სამწუხაროა, რომ ბევრი ეგრეთ წოდებული დემოკრატი ძალიან გვიან, მაშინ მოეგო გონს, როდესაც ამერიკის საპირწონე ქვეყანა აღარ არსებობს, რადგან, რამდენად გამოდგება რუსეთი ამ როლისთვის, ღმერთმა უწყის. მართალია, ეს ქვეყანა ყოველმხრივ ცდილობს ძველი დიდების დაბრუნებას, მაგრამ, ანგლოსაქსური კოალიცია მთელი ძალით უშლის ხელს ამ პროცესს და, კაცმა არ იცის, შეძლებს კი რუსეთი სტატუს კვოს აღდგენას?!

ჩემი სიტყვების დასტურად ის შემთხვევაც კმარა, რომელშიც პირადად მომიწია მონაწილეობის მიღება. ობიექტის ამბიდან სულ რაღაც სამი თვის შემდეგ შჩუკინმა მოსკოვში ჩასვლა მთხოვა და, რომ შევხვდი, მითხრა:

– კოკი, შენი დახმარება მჭირდება.

– მზად ვარ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, ისევე, როგორც ძველ დროში, – მივუგე შჩუკინს, მან კი მითხრა:

– ამას წინათ ეს კაცი გარდაიცვალა. გეცნობა?

შჩუკინის მიერ დასახელებული პიროვნება ძალიან ცნობილი რუსი გენერალი იყო, რომელიც უგანათლებულესი ადამიანი და უბადლო ანალიტიკოსი გახლდათ. ის მთელი რუსეთის მასშტაბით მოგზაურობდა და ლექციებს კითხულობდა, ამ ლექციებზე კი ის ეგრეთ წოდებულ ფარულ მსოფლიო მთავრობას ამხელდა, აკრიტიკებდა და ამტკიცებდა, რომ ყველა უბედურება დედამიწაზე მათი პროვოცირებული იყო. შუა ხნის ინტელექტუალ გენერალს მაგარი ჯანმრთელობა ჰქონდა და, როდესაც ის მოულოდნელად ინფარქტით გარდაიცვალა, ყველა მისი ახლობლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მისი ახლობელი და იდეური თანამოაზრე აღმოჩნდა გენერალი შჩუკინიც. მან ამ გენერლის საქმის გამოსაძიებელ, ფარულ მოქმედებებში მონაწილეობისთვის მიხმო მოსკოვში.

– დიახ, მეცნობა, ვიქტორ იაკოვლევიჩ. თქვენ ფიქრობთ, რომ მოკლეს?

– დარწმუნებული ვარ ამაში. მაგრამ ყველა ვარაუდს ფაქტობრივი დასაბუთება სჭირდება. ჩვენ ამ საქმეს ფარულად ვიძიებთ და გთხოვ, რომ დაგვეხმარო.

– რა უნდა გავაკეთო?

შჩუკინმა ორმოციოდე წლის მამაკაცის სურათი მიჩვენა და მითხრა:

– აი, ეს კაცი უნდა ჩამოათრიო ამერიკიდან.

– ვინ არის?

– სასტუმრო „ასტორიას“ მიმტანი. როგორც ჩანს, მან მოწამლა გენერალი. ჩვენ ვიდეოფირები მოვიპოვეთ და იმის გაშიფვრის შემდგომ გავაკეთეთ ასეთი დასკვნა. ეს ამერიკელი მეორე დღესვე ნიუ-იორკში გაემგზავრა, არადა, სულ რაღაც ორი კვირის ჩამოსული იყო მოსკოვში. ვფიქრობ, რომ ის რუსეთში გენერლის მოსაკლავად იყო გამოგზავნილი.

– მე მზად ვარ, – მივუგე შჩუკინს, – თუ  ამ კაცს ცოცხალს მივაგენი.

– აი, მაგაში კი გეთანხმები. შეიძლება ის, ცოცხლად არ იყოს და უკვე თავიდან მოიშორეს, მაგრამ, ისაა ჩვენი ერთადერთი ხელჩასაჭიდი და სხვა გზა არ გვაქვს.

ამერიკაში, რა თქმა უნდა, სხვისი საბუთებით და შენიღბული ჩავედი, ობიექტის ძებნას შევუდექი და, ჩემდა გასაკვირად, მას თავის სახლში მივაგენი საღ-სალამათს.

– ვინ ბრძანდებით? – მკითხა ობიექტმა, როდესაც კარი გამიღო.

– სადაზღვევო კომპანიიდან ვარ, სერ. ეს შენობა ჩვენი ფირმის მიერაა დაზღვეული და საქმეზე გეწვიეთ.

– მე უკვე დაზღვეული ვარ და მეტი დაზღვევა არ მჭირდება, – მითხრა ობიექტმა, რომ თავიდან მოვეშორებინე, მაგრამ, მე გავუღიმე და ვუთხარი.

– არა, სერ, თქვენ ვერ გამიგეთ. მე თქვენს დასაზღვევად კი არ მოვსულვარ, არამედ იმისთვის, რომ კომპენსაცია გადაგიხადოთ.

– კომპენსაცია?

– დიახ, კომპენსაცია.

– რისი კომპენსაცია?

– შემომიშვით და ყველაფრის საქმის კურსში ჩაგაყენებთ, – ვუთხარი ობიექტს.

 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3