კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ვენტო,” რომელიც პერიოდულად, სიჩქარეების გადართვისას, ქრება, რაც ხდება დაბალ ბრუნზე. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: ამის მიზეზი შეიძლება იყოს „ხალასტოი ხოდის რეგულატორის დატჩიკი”, ანუ, თავისუფალი სვლის რეგულატორის გადამცემი, რომელიც, შეიძლება,  ან გასასწორებელი იყოს, ან შესაცვლელი, ანუ, ის არეულია და ინფორმაციას არასწორად გადასცემს. სხვა შემთხვევაში, აჩვენეთ კომპიუტერის ხელოსანს, რომელიც ზუსტად გაარკვევს, რა პრობლემაა. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფოკუსი”, მართვის ავტომატური კოლოფით. ძალიან სწრაფად მიდუღდება წყალი – ხანდახან, დღეში ორჯერაც კი და მეც ინტენსიურად ვცვლი. ყოველი დაქოქვის წინ ვამოწმებ წყლის დონეს და აკლდება კიდეც. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: თქვენს მანქანას აქვს სერიოზული პრობლემა. ყველაზე მარტივი, რაც შეგიძლიათ, თავად შეამოწმოთ, ის არის, რომ დააკვირდეთ რადიატორს და გაარკვიოთ, მას ან წყლის მილებს რამე პრობლემა ხომ არ აქვს – წყალი ხომ არ გასდის, ან ოდნავ მაინც ხომ არ ჟონავს. ამ დროს სისტემას წყალი აკლდება და, შესაბამისად, იწყებს დუღილს. გარდა ამისა, თუ ერთხელ მაინც ისე ადუღდა წყალი, რომ ავტომობილი არ გააჩერეთ, არ აცადეთ წყალს გაციება და შემდეგ წყალი არ დაამატეთ, შესაძლებელია, დამწვარი იყოს ძრავას საფენი, ეგრეთ წოდებული „პრაკლადკა”, რაც უფრო სერიოზული პრობლემაა და მისი მოგვარება გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ. აუცილებლად  სასწრაფოდ წადით პროფილაქტიკაში, რადგან, თუ რადიატორს აქვს პრობლემა, მას ხელოსანი უცებ შეცვლის და იმასაც ძალიან მალე დაადგენს, ძრავას საფენს ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა. 

კითხვა: სულ ახლახან შევიძინე ავტომობილი „რავ 4”, 1997 წლის. იქნებ, მირჩიოთ, რა ხარისხის ბენზინი ჩავასხა?

პასუხი: საერთოდ, იაპონურ ავტომობილებს ძალიან „უყვართ“ მაღალი ხარისხის ბენზინი, თუმცა, ჩვენს პირობებში, ის ეგრეთ წოდებულ „პრემიუმსაც” აიტანს. ასე რომ, შეგიძლიათ, ჩაასხათ ნებისმიერი კომპანიის „პრემიუმ” ხარისხის საწვავი. 

კითხვა: მაინტერესებს, რა დაზიანებას გამოიწვევს უკუსვლის სიჩქარეში ჩაგდება დაძრულ ავტომობილში, რომელიც მართვის მექანიკური კოლოფითაა აღჭურვილი? 

პასუხი: ტექნიკურად ეს შეუძლებელია. მას დაყენებული აქვს დამცავები, ეგრეთ წოდებული „სტოპერი”, რომლის საშუალებითაც არ უნდა ჩავარდეს უკუსვლის სიჩქარეში. მაგრამ, თუ ეს მაინც მოახერხეთ, სიჩქარეთა კოლოფი მწყობრიდან გამოვა და, შესაძლოა, შესაცვლელიც გახდეს.  

კითხვა: მაინტერესებს, 2007 წლის „მერსედესი ე 55” აემჯი კომპრესორი, რომელსაც 476 ცხენის ძალა აქვს, გაასწრებს თუ არა 2007 წლის „მერსედესს ეს 600” 517 ცხენის ძალით აღჭურვილს და, შეიძლება თუ არა რუსთავის ავტოდრომზე ამ ტესტ-დრაივის ჩატარება?

პასუხი: ეროვნულ ავტოდრომზე „რუსთავი,” რასაკვირველია, ნებისმიერი ტესტ-დრაივის ჩატარება შეიძლება თავისუფალ დღეებში, ანუ იმ დროს, როდესაც იქ შეჯიბრება არ ტარდება. რაც შეეხება გასწრებას, ეს ძალიან სადავო საკითხია, მით უმეტეს, როდესაც საქმე ორ „მერსედესს” ეხება. ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ ზის საჭესთან და როგორ მართავს ავტომობილს.  

კითხვა: ახლახან შევიძინე მართვის ავტომატური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილი. თითქოს სველ აღმართზე მას უფრო უჭირს ასვლა, ვიდრე მექანიკური კოლოფით აღჭურვილ მანქანას უჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ წინა მანქანა მსუბუქი იყო, ეს კი „ჯიპია“. ზოგადად ეს  „ავტომატიკების” პრობლემა ხომ არ არის?

პასუხი: პირიქით, სველ აღმართზე მართვის ავტომატური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილი გაცილებით იოლად და უკეთესად ადის, ვიდრე მექანიკა. ის უფრო ადვილად პოულობს მოდების წერტილს, რომელიც იდეალურია იმ კონკრეტული მონაკვეთისა და გზის საფარისთვის და ძალიან ნაზად იძვრება – ისე, რომ ავტომობილი არ ბუქსაობს და არ წვალდება. მექანიკურზე კი, ამისგან განსხვავებით, ყველაფერი ჩვენს ფეხზე და შეგრძნებებზეა დამოკიდებული. თუ გაზი  ოდნავ მეტი მოგვივიდა, განსაკუთრებით – სველ აღმართზე, ავტომობილი ბუქსაობას იწყებს და ჩვენ ვერ ვიძვრებით. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 4”, რომლის საქარე მინის საწმენდები წმენდის პროცესში, მძღოლის მხარეს ძიგძიგებს მხოლოდ უკან დაბრუნების დროს და რაც მთავარია, ცუდად წმენდს. ეს საკმაოდ ნერვების მომშლელია. მირჩიეს, საწმენდი რეზინები გამომეცვალა და პრობლემაც მოგვარდებოდა. ამიტომ, შევიძინე ახალი რეზინები, მაგრამ არ უშველა. ამავე მიზნით, შევცვალე თვითონ საწმენდი ჯაგრისები, არაერთხელ და არა ერთი ფირმის, მაგრამ უშედეგოდ. იქნებ მირჩიოთ, რა ვუშველო? ხელოსნებმა მითხრეს, რომ გამოსაცვლელი ან დასაზეთია მთლიანად საწმენდი სისტემაო. ეს საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომ, გადავწყვიტე, ამ რჩევის სისწორე თქვენი ჟურნალის საშუალებით გადამემოწმებინა. 

პასუხი: ეს საკმაოდ ხშირი პრობლემაა, შესაბამისად, თქვენი კითხვაც არ არის გასაკვირი. რომ იცოდეთ, რა მარტივია ამ გაუმართაობის აღმოფხვრა, გაგეცინებოდათ. სავარაუდოდ, ჯოხზე, რომელზეც საწმენდი ჯაგრისი მაგრდება, შეცვლილია ჯაგრისის დახრის კუთხე. ანუ, ჯაგრისი არასწორი კუთხით ეხება მინას. თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ ბრტყელტუჩა, ეგრეთ წოდებული „პლოცკო” და ძირითადი ღეროს გადაგრეხით ორ წამში მოაგვაროთ ეს პრობლემა. საწმენდი ჯაგრისი უნდა ეხებოდეს მინას სწორი კუთხით. 

კითხვა: იქნებ მირჩიოთ მოხმარების თვალსაზრისით თბილისის პირობებში „პაჯერო იო” უკეთესია თუ „რავ 4”? რომელს რა უპირატესობა აქვს?

პასუხი: ამ კითხვას საკმაოდ ხშირად გვისვამენ, როგორც ჩანს, ორივე ავტომობილი საკმაოდ პოპულარულია. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ჯობია, გეტყვით, რომ „პაჯერო” კარგია, მაგრამ „ტოიოტა” უკეთესია. მიზეზების ჩამოთვლა საკმაოდ შორს წაგვიყვანს. ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, „ტოიოტა” გაცილებით ნაკლებპრეტენზიული და ამტანია.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ნივა”, 2000 წლის. ძალიან ხშირად იწვება ეგრეთ წოდებული „პრედახრანიტელები” და სულ დამწვრის სუნი დგება. რითი შეიძლება ამას ვუშველო?

პასუხი: კარგი იქნებოდა თუ მიუთითებდით, კონკრეტულად, რომელი მცველი იწვება, რადგან, ეს პასუხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად კი, პრობლემა აქვს იმ დეტალს, ან იმ დეტალთან მიმავალ ელექტროგაყვანილობას, რომლის მცველიც იწვება. არ ღირს ამ მცველის იმაზე ძლიერი მცველით შეცვლა, რომელიც მწარმოებლის მიერაა რეკომენდებული და მით უმეტეს, არ სცადოთ მავთულის ან ეგრეთ წოდებული „ფოლგის” ქაღალდის შემოხვევა, ამით პრობლემას ვერ აღმოფხვრით, სამაგიეროდ, ხანძრის პროვოცირებას მოახდენთ. თუ მცველი არ იარსებებს, გაყვანილობა გახურდება და აალდება. ამიტომ გირჩევთ, აუცილებლად დაადგინოთ მცველის დაწვის მიზეზი (სავარაუდოდ მოკლე ჩართვის მიზეზი). ამისთვის კი მიმართეთ ელექტრიკოსს.

 

скачать dle 11.3