რატომ აგროვებდა ცოლების კოლექციას 47 წლის მამაკაცი
თაღლითობისა და ქურდობისთვის 47 წლის სულხან გ-ს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. გამოძიებით დადგინდა, რომ სულხან გ. ცოლებს ირთავდა, რომლებსაც შემდეგ ქურდავდა და „ნადავლი“ ნამდვილ ცოლ-შვილთან მიჰქონდა! თუმცა, ვინაიდან „ოჯახის შენახვის“ მიზნით ჩადენილ დანაშაულს კანონი არ ცნობს, ბრალდებულს პასუხი საკადრისად აგებინეს.
სულხან გ., რომელიც თბილისში სამუშაოდ სოფლიდან ჩამოვიდა, ყვება, რომ „ოპტავიკებისგან” საქონელს იაფად იღებდა და ბაზარში ძვირად ყიდდა, მაგრამ, ნავაჭრი ცოტა რჩებოდა, რაც ოჯახის სარჩენად არ ჰყოფნიდა.
შეეფერება თუ არა მისი ნათქვამი სიმართლეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ, ბრალდებული ირწმუნება, რომ ამ ტიპის დანაშაულისკენ მას სხვებმა უბიძგეს. „კეთილის მსურველებმა“ დაარწმუნეს, რომ კაპიკების გამო მზეზე დგომით თავის მოკვლა არ ღირდა და, რადგან გარეგნობაც ხელს უწყობდა, ჯობდა, ფული სხვა გზით ეშოვა. მანაც, დაუჯერა, ვაჭრობას დროებით შეეშვა და ოჯახის რჩენა ცოლების შერთვით ამჯობინა. წარმოუდგენელია, მაგრამ, სწორედ ამ მიზნით, ცოლშვილიანი სულხან გ. არაოფიციალურად ორჯერ დაქორწინდა. მეორე ცოლის მშობლებმა მას უზარმაზარი ქორწილიც კი გადაუხადეს, მაშინ, როცა ოფიციალურად დაქორწინებისას, უსახსრობის გამო, პატარა სუფრის გაშლაც კი ვერ შეძლო.
სისხლის სამართლის საქმეში ყველაზე საინტერესო ის მომეტია, რომ განსასჯელმა თავად აღიარა დანაშაული, რომელიც გამოძიებისთვის ვერასოდეს გახდებოდა ცნობილი. საქმე ისაა, რომ სამართალდამცველებს მის შესახებ მხოლოდ ერთი ცოლის გაქურდვის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, მეორე კი ბრალდებულმა თავად აღიარა.
ქორწინებები შეცვლილი ვინაობით
საბრალდებო დასკვნის თანახმად, სულხან გ-ს ბრალი დაედო თაღლითობასა და სხვისი უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებაში, რაც მან 2011 წლის 15 ოქტომბერს ჩაიდინა. დანაშაული კი იმაში გამოიხატა, რომ პოლიციაში შევიდა შეტყობინება ვინმე პეტრე სამუშიას მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე, რომელმაც ცოლის სახლიდან ოქროული, ავტომანქანის ნაწილები, ფანარი, 50-კილოგრამიანი თაფლის ბიდონი, კონიაკები და სხვა წვრილმანი ნივთები მოიპარა და გაუჩინარდა, რითაც დაზარალებულს 3 000 ლარზე მეტი ზარალი მიაყენა.
მომხდარის გამო, ეჭვმიტანილზე ძებნა გამოცხადდა, მაგრამ, მითითებულ მისამართზე მსგავსი პიროვნება არ ცხოვრობდა, ანუ, რეალურად, პეტრე სამუშია საერთოდ არ არსებობდა...
ძებნილი, ცხადია, სულხან გ. იყო. „პეტრე სამუშიად” კი თავს ცრუ ქორწინების გამო ასაღებდა, რადგან, ქალი, რომელიც შეირთო, ოფიციალურად დაქორწინებულ კაცს და სამი შვილის მამას ცოლად არ გაჰყვებოდა.
საქმის მასალებიდან ჩანს, რომ „პეტრე,” ეგრეთ წოდებულ ცოლთან, ლანა ს-სთან, სულ რაღაც ერთი თვე ცხოვრობდა და გაუჩინარება მაშინ გადაწყვიტა, როდესაც გაიგო, რომ ლანა ორსულად იყო, მაგრამ, სახლიდან ხელცარიელი წასვლა არ ისურვა – სულხან გ-მ სახლიდან ზემოთ დასახელებული ქონება გაზიდა და გაყიდა, ფული ოფიციალურ ცოლ-შვილს მიუტანა და ოჯახი მოატყუა, თითქოს ახალქალაქში იშოვა სამუშაო და თანხა საკუთარი შრომით იშოვა.
ბრალდებულის აღიარებიდან ჩანს, რომ, თურმე, ლანას გარდა, მას კიდევ ერთი „ცოლი“ ჰყავდა და არც მისგან წამოსულა ხელცარიელი – სულხან გ-მ ყოფილ „სიმამრს“ საზამთროს ბაღის ფული, დაახლოებით 3 000 ლარამდე დასცინცლა.
სხვათა შორის, პატიმარს არც ის დაუმალავს, რომ ორი ცოლის გამოცვლა მან სულ რაღაც ექვს თვეში მოახერხა, ანუ, 15 ოქტომბერს ლანასგან წამოვიდა, მანამდე კი, ორი თვით ადრე, აგვისტოში, პირველი „ცოლი“ მიატოვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პატიმარი მის მიერ ჩადენილ საქციელს ძალიან ნანობდა, აცხადებდა, რომ ორივე უსინდისოდ მოატყუა, მაგრამ, უხაროდა, რომ მისი არაოფიციალური ცოლებიდან ბავშვი მხოლოდ ერთს შეეძინა...
სულხან გ-მ ნამდვილი ვინაობა, რა თქმა უნდა, „პირველ ცოლსაც“ დაუმალა მას როსტომ ჩემიად გაეცნო და თავადვე დაასკვნა, რომ სწორედ მისი ტყუილის გამო ვერ მოახდინეს სამართალდამცველებმა მისი ცოლყოფილების საჩივარზე რეაგირება – ქურდ „ქმარს“ პირველმა „ცოლმაც“ უჩივლა, მაგრამ, პოლიციამ არარსებული პიროვნების პოვნა ვერ შეძლო...
ქორწილი სუფრაზე გაცნობილ ქალთან
გამოძიების მასალებით, ლანა ს-მ გაუჩინარებული ქურდი ქმარი თავად იპოვა და მისთვის სრული შოკი აღმოჩნდა, როდესაც გაიგო, რომ მას არა პეტრე, არამედ, სულხანი ერქვა და სამი შვილი ჰყავდა.
ყველაზე დიდი კურიოზი კი ის არის, რომ ქურდი მაშინ იპოვეს, როდესაც ბაზარში ცოლის სახლიდან მოპარულ თაფლს ყიდდა. მისი პოვნა კი მართლაც შემთხვევითობა იყო: სულხან გ-ს ბაზარში, სრულიად შემთხვევით, ლანას მეზობელი შეხვდა, რომელსაც პატივისცემის ნიშნად თაფლი იაფად მიჰყიდა. ამ გულისხმიერების გამო მეზობელი მადლობელი დარჩა. სოფელში ჩასულმა კი, იმავე საღამოს მოინახულა ლანა და მადლობა მასაც გადაუხადა, ანუ, ლანა ს-მ მისგან გაიგო, რომ მისი ქმარყოფილი ბაზარში ვაჭრობდა და, ისე, რომ „პეტრეს” ადგილსამყოფელი არავისთვის უთქვამს, ექიმთან წასვლის მომიზეზებით, მშობლებისგან მალულად, თბილისში თავზე დაადგა ყოფილ ქმარს, თუმცა, სულ ტყუილად – კაცმა გამოუცხადა, რომ ცოლი და სამი შვილი ჰყავდა და ქალს სთხოვა, მშვიდობიანად დაცილებულიყვნენ...
როგორც თვითმხილველები ჩვენებებში წერენ, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ხელჩართული ცემა-ტყეპა გაიმართა, რაც იმით დასრულდა, რომ სულხან გ-მ ტაქსი გააჩერა და ქალს გაეპარა. ლანა ს. კი, რომელიც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სუფრაზე გაცნობილი ქმარი აღარ დაუბრუნდებოდა, ნათესავებს მისი ადგილსამყოფელი გაუმჟღავნა, თუმცა, ბაზარში მის დასაკავებლად მისულ პოლიციას „პეტრე” იქ აღარ დახვდა.
იქ მყოფი გამყიდველების დაკითხვის შედეგად, პოლიციამ „პეტრეს” ნამდვილი ვინაობა გაარკვია და ბრალდებული თბილისში, ნაქირავებ ბინაში მაშინ დააკავა, როდესაც ნამდვილ ცოლ-შვილთან ერთად სოფელში დასაბრუნებლად ბარგს კრავდა.
მეზობლები ამბობენ, რომ სულხან გ-ს დაკავება ნამდვილი ცოდვის ტირილი იყო, რადგან, ხელბორკილები მას სამი შვილისა და ცოლის თვალწინ დაადეს. მათი განმარტებით, სულხანი იმდენად წესიერი და პატიოსანი კაცი იყო, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა, ის კი არა, დაკავების ოქმზეც არ მოუწერეს ხელი. თუმცა, როდესაც გაიგეს, რომ სულხანს არაოფიციალურად ორი ცოლი ჰყავდა და ორივე გაქურდა, მომხდარით მათაც შოკი მიიღეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაიგეს, რომ რეალურად ის ახალციხეში კი არ მუშაობდა, დროს ცოლებთან ატარებდა, მის ცოლ-შვილს კი მეზობლები აწვდიდნენ ლუკმაპურს.
ლანა ს-ს ჩვენებიდან: „სამეგრელოში ძვირფასი ქორწილები ვიცით და სწორედ ასეთ ქორწილში გავიცანი სულხანი. ის ნეფის ნათესავებს მოჰყვა. სუფრაზე გვერდიგვერდ ვისხედით და ერთმანეთი იმდენად მოგვეწონა, რომ მაშინვე დაქორწინება შემომთავაზა. ვიცოდი, ჩემები წინააღმდეგი იქნებოდნენ და, ამიტომ, ის ღამე სულხანთან გავატარე... მამაჩემს სხვა გზა აღარ ჰქონდა, ქორწილი მეორე დღეს ჩვენს სახლში გაგრძელდა და ერთი კვირა სუფრა არც ალაგებულა. იმდენად ბედნიერი ვიყავი, თავი სიზმარში მეგონა.
მე და სულხანმა ჩვენს სახლში სამ კვირაზე მეტი გავატარეთ, შემდეგ ჩემმა დამ გადაგვიპატიჟა, სადაც დაახლოებით ათი დღე დავრჩით. იქიდან ყველანი ჩვენს სახლში დავბრუნდით და სწორედ ამ პერიოდში თქვა „პეტრემ”, რომ მშობლების ჩამოსაყვანად ჯერ თბილისში, შემდეგ კი სოფელში უნდა წასულიყო და სამ დღეში დაბრუნდებოდა. იმ დღის შემდეგ პეტრე აღარ გამოჩენილა,” – განაცხადა ლანა ს-მ.
იმ პერიოდში, როდესაც სულხან გ. დააკავეს, ლანა თითქმის 7 თვის ორსული იყო და რომ არა მისი ასეთი მდგომარეობა, ალბათ, ბრალდებულის ცოლ-შვილს ვერ გადაურჩებოდა – პატიმრის ოჯახის წევრები ორსულ ქალს უშვერი სიტყვებით იმის გამო ლანძღავდნენ, რომ მათი ერთადერთი მარჩენალი დააჭერინა. მათ შორის დაპირისპირება კი მანამდე გრძელდებოდა, სანამ განსასჯელმა თავად არ აღიარა დანაშაული. პროცესზე მან დეტალურად მოყვა ყველა ის ნიუანსი, რაც თაღლითობით ჩაიდინა და ამით მისი ცოლ-შვილიც დარწმუნდა, რომ სულხანი წმინდა წყლის არ იყო...
საბოლოო სიტყვაში განსასჯელმა სულხან გ-მ დაზარალებულებს პატიება, ხოლო სასამართლოს ბრალის შემსუბუქება სთხოვა. საკუთარი საქციელი მან იმით ახსნა, რომ ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ, თან ირწმუნებოდა, თითქოს თანაცხოვრების პერიოდში ორივე დაზარალებული შეუყვარდა... – ასეთი იყო პატიმრის ლოგიკა, მაგრამ, ბრალდებულმა ვერაფრით ახსნა, რატომ იკადრა შეყვარებულმა კაცმა ვინაობის შეცვლა და, მით უმეტეს – ქურდობა.
საბოლოოდ, ქურდობისა და თაღლითობისთვის სულხან გ-ს 6 წელი მიესაჯა. მასვე დაეკისრა ზარალის ანაზღაურება, ხოლო მის მიერ აღიარებულ მეორე ეპიზოდზე, რომელიც საკუთარი ნებით გაამჟღავნა, საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო...