გოგრის დიეტა
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გოგრა ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური პროდუქტია ჯანმრთელად გასახდომად. ამიტომ, თუ გსურთ, გახდეთ, ოღონდ, ისე, რომ არ დასუსტდეთ და თქვენი ორგანიზმი არ გამოიფიტოს, გოგრაზე ერთგულ დამხმარეს ვერ იპოვით, მით უფრო, რომ ახლა ამ პროდუქტის სეზონია და სახეობა თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ, აირჩიოთ.
გოგრას ერთდროულად ორი საუკეთესო თვისება აქვს: დაბალკალორიულია და ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის; გარდა ამისა, შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მიკროელემენტს, რაც ასე აუცილებელია ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ, რადგან გახდომა გსურთ, მხოლოდ გოგრა უნდა მიირთვათ. უკეთესი შედეგი გექნებათ, თუ კვირაში ერთხელ მაინც მოაწყობთ განტვირთვის დღეს გოგრით: მოხარშეთ ან შეწვით 2 კილოგრამი გოგრა და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. თუ მაინცდამაინც ტკბილი არ გამოდგა, შაქარს ნუ დაამატებთ, უკიდურეს შემთხვევაში, 1 ნაჭერზე 1/4 ჩაის კოვზი თაფლი იმყოფინეთ. 15 წუთის შუალედით კი დააყოლეთ 1 ფინჯანი მწვანე ჩაი (უშაქროდ, ლიმონით).
ცხადია, დიეტის დროს უნდა გამოირიცხოს კანფეტი და სხვა ტკბილეული, მაგრამ, თუ ტკბილი სასუსნავი ისე მოგინდათ, რომ თავს ვეღარ იკავებთ, შეგიძლიათ, გოგრის ერთ ნაჭერზე თაფლის რაოდენობა ნახევარ ჩაის კოვზამდე გაზარდოთ.
თუ ხორცის გარეშე ვერ ძლებთ, აქაც შეიძლება გამოსავლის პოვნა: პატარა ნაჭრებად დაჭერით ხბოს (ან კურდღლის) ხორცი და მოშუშეთ ძალიან ცოტა ზეითუნის ზეთში. თითქმის მზად რომ იქნება, ჩაამატეთ მოზრდილ კუბიკებად დაჭრილი გოგრა (ცხადია, ქერქი და შიგთავსი უნდა მოაშოროთ) და შუშეთ სრულ მზადყოფნამდე. ცეცხლიდან გადმოდგმამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ თქვენთვის სასურველი მწვანილი და ოდნავ, მარილი. გოგრა ძალიან არ ჩაგეხარშოთ, თორემ, ჩაიშლება და ვიზუალურობას დაკარგავს.
გოგრის დიეტა დღეში ოთხჯერად კვებას მოიცავს და არ გამორიცხავს დილით (მხოლოდ დღეში ერთხელ) ერთ ფინჯან უშაქრო ყავას. გარდა ამისა, დღის განმავლობაში, გოგრასთან სხვადასხვა კომბინაციით, შეგიძლიათ, მიირთვათ 1 ქილა უცხიმო მაწონი ან კეფირი, ან, ხბოს ხორცი მოხარშული თევზის ნაჭრით ჩაანაცვლოთ.
ძალიან სასარგებლოა გოგრის თესლიც (უმი სახით), ოღონდ, ზედმეტი არ მოგივიდეთ – დღეში 50 გრამი საკმარისია.
მრავალფეროვნებისთვის, შეგიძლიათ, მოხარშული გოგრის კუბიკებისგან ფხალი ან სალათა მოიმზადოთ, ოღონდ, წიწაკისა და პილპილის გარეშე და ძმარი და მარილიც მინიმალური რაოდენობით გამოიყენეთ, რომ მადა ან წყლის მოთხოვნილება არ გაგიძლიერდეთ.