კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, როგორ უნდა მივიღო რძის აბაზანები, რომელი რძე უნდა გამოვიყენო და, საერთოდ, რა ინფორმაცია არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით?
პასუხი: კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის სასარგებლოა როგორც უმი რძე, ისე რძის მჟავე პროდუქტები. ცნობისთვის, რძე შეიცავს ამინომჟავების სრულ კომპლექტს, ასევე, დაახლოებით 50 სახეობის მინერალსა და ვიტამინს.
რაც შეეხება რძის აბაზანებს, კანის მოვლის ეს საშუალება შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. ჯერ კიდევ დედოფალ კლეოპატრას მიაჩნდა თხის რძე ახალგაზრდობის ელექსირად და ყოველდღე იღებდა რძის აბაზანებს. არანაკლებ სასარგებლო და გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია ძროხის რძე. გამაახალგაზრდავებელი აბაზანები კი უნდა მოამზადოთ შემდეგი პროპორციით: გაავსეთ აბაზანა საშუალოდ ცხელი წყლით, ჩაასხით მასში 2-3 ჭიქა უმი რძე, თქვენთვის სასურველი ეთერზეთის 10-15 წვეთი და იგრძენით თავი დედოფლად. 20-30 წუთის შემდეგ გადაივლეთ თბილი წყალი.
კითხვა: ვიცი, რომ იოგურტი დიეტური პროდუქტია, მაგრამ, ერთი და იგივე ძალიან მოსაბეზრებელი ხდება. იქნებ, მასწავლოთ იოგურტისგან რაიმე სასიამოვნო დესერტის მომზადება, ოღონდ, დიეტურიც რომ იყოს.
პასუხი: 250 გრამი ნატურალური იოგურტი, 130 მილილიტრი რძე 200 გრამი მანგოს პიურე და ცოტაოდენი ილი (კარდამონი) ერთად დააბლენდერეთ (შეგიძლიათ, ნახევარი კოვზი თაფლიც შეურიოთ) და სვით მთელი დღის განმავლობაში. შეგიძლიათ, მანგო თქვენთვის სასურველი ხილით ჩაანაცვლოთ.
კითხვა: პერიოდულად მემტვრევა ან მექერცლება ფრჩხილები ხელებსა და ფეხებზე. თუ შეიძლება, მასწავლეთ რაიმე მცენარეული რეცეპტი, რომელიც ამ პრობლემას მომიგვარებს.
პასუხი: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთში ნუშის, კალენდულის, გაღივებული ხორბლისა და აბუსალათინის ზეთები (ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი), ჩაუმატეთ ლიმონის ეთერზეთი (ესეც ნახევარი ჩაის კოვზი) და მიღებული ნარევის 1 სადილის კოვზი გახსენით ტაშტში ჩასხმულ თბილ წყალში, ჩაუმატეთ 1 სადილის კოვზი ზღვის მარილი და მიიღეთ აბაზანა ყოველ საღამოს, 2-3 თვის განმავლობაში (ხელებზე და ფეხებზე). აბაზანის ხანგრძლივობა – 20 წუთი.
კითხვა: როგორ უნდა გავაკეთო ვაშლის ნიღაბი და რომელი ჯიშის ვაშლის გამოყენება ჯობია ამ მიზნით?
პასუხი: უმჯობესია, გამოიყენოთ უფრო მეტად მჟავე სახეობის ვაშლი. კარგად გარეცხილი 1 ცალი ვაშლი კანიანად გახეხეთ მსხვილ სახეხზე, შეაზილეთ ცოტაოდენი დაფქული „ჰერკულესი“ და წაისვით მთელ სახეზე (თვალების გარშემო არ შეიძლება), ყელსა და დეკოლტეზე და წამოწექით. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაისვით თქვენი მკვებავი.