კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დააფასეს ერთმანეთი გიგა კვენეტაძემ და მისმა ექსმეუღლემ განშორების შემდეგ და რა აკავშირებთ მათ დღემდე

ავტორ-შემსრულებელი გიგა კვენეტაძე, თამრო დუდუნიასთან ერთად რამდენიმე დღით საქართველოში იყო ჩამოსული. ამის მიზეზი კი ახალი კლიპის პრეზენტაცია იყო. პრეზენტაციამ ამაღლებული განწყობით ჩაიარა და უამრავმა სტუმარმაც მოიყარა თავი. ყველა, ვინც იქ იყო, აღნიშნავდა, რომ მოულოდნელად, წარსულში აღმოჩნდა და ძველი, კარგი დრო გაახსენდა, როცა ქართული შოუ-ბიზნესი აქტიურად ცხოვრობდა. 

 

– ძალიან ლამაზი და კარგი დღე აჩუქეთ შენ და თამრო დუდუნიამ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენი კლიპის პრეზენტაციაზე იყვნენ მოწვეული.

– ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო და კარგი დღე იყო. იმედი მაქვს, ეს დღე სტიმულს მისცემს შოუ-ბიზნესის ძველ თუ ახალ წარმომადგენელს. დიდი სურვილი მაქვს, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში დადებითი ძვრები მოხდეს. მიხარია, რომ აღვადგინე კარგი და საინტერესო ტრადიცია, რადგან ყველა პრეზენტაცია, უპირველესად, კარგი კომუნიკაციის საშუალებაა. შოუ-ბიზნესი ინფორმაციის გარეშე წარმოუდგენელია. 

– კლიპის პრეზენტაციაზე ქართული შოუ-ბიზნესის უამრავი წარმომადგენელი იყო მოსული. როგორ მოუყარე თავი ამდენ ადამიანს? ამას იმიტომ გეკითხები, რომ წლებია, ამ რაოდენობით ისინი არსად შეკრებილან. ყველა ამბობდა, რომ ამ დღეს ისინი 8-9 წლის წინანდელ დროში დააბრუნე.

– ასე იყო. სტუმრები მართლაც ძველ დროში დავაბრუნე. მათ უმრავლესობას პირადად თვითონ დავურეკე, დამეხმარა ქეთი გომართელიც, რომელიც ჩემთან ერთად იდგა და ურეკავდა ყველას. სასიამოვნოა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მეც დადებითი ენერგიით დახუნძლული მივდივარ უკან. 

– რა გელოდება მოსკოვში? ანუ ახალი შემოთავაზებები მაქვს მხედველობაში.

– მოსკოვში ბევრი სიახლე მელოდება. ამას გარდა, ვაკეთებ ნიკოლაი ტიმოფეევის ალბომს, რომელიც „დისკოთეკა ავარიის” ყოფილი წევრია. თბილისში წამოსვლის წინ, ვესაუბრე ჯგუფ „ნე პარას” წევრებს, რომლებიც ახალ ალბომზე იწყებენ მუშაობას და შემომთავაზეს რამდენიმე სიმღერის დაწერა. ასევე, არის სხვა საინტერესო პროექტებიც. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაფერი ტემპში მიდის და ყველაფერი რიგზეა. 

– რაც შეეხება კლიპს, რას ფიქრობ, როგორ მიიღო მაყურებელმა?

– პრეზენტაციიდან გამომდინარე, მაყურებელმა დადებითად შეაფასა. 

– ბენდთან ერთად შენ და თამრომ ეს სიმღერა ცოცხლადაც შეასრულეთ.

– ამით კიდევ ერთხელ მივუთითეთ ქართულ შოუ-ბიზნესს, რომ ცოცხალი შესრულების ტრადიცია უნდა გაგრძელდეს. ამის შესაძლებლობა კი საქართველოში ნამდვილად არის. ამ დროს იმპროვიზაციის დიდი საშუალება აქვს მომღერალს, რაც სასიამოვნოა შემსრულებლისთვის. ჩვენი კლიპის პრეზენტაციაზე უამრავი ნიჭიერი მომღერალი, კომპოზიტორი და მედიის წარმომადგენელი ვნახე. მივხვდი, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა გააქტიურდეს შოუ-ბიზნესი. ამის პოტენცია ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს.

– მოსკოვში სხვისთვის უფრო მეტს მუშაობ, ვიდრე საკუთარი თავისთვის. თავად არ აპირებ ამღერებას?

– როგორც კომპოზიტორი, მოსკოვში ძალიან ნაყოფიერად ვმუშაობ, მაგრამ როგორც სოლო-შემსრულებელი, ნელ-ნელა ვიკვლევ გზას. სიმართლეს გეტყვი, ჯერჯერობით, ნამდვილად არ არის იმის საშუალება, ჩემში მილიონი დოლარი ჩაიდოს და აქედან დაიწყოს ყველაფერი. რა თქმა უნდა, უკვე მხედავს ხალხი და თავიანთ საღამოებზეც მპატიჟებენ. მეც გამიჩნდა სურვილი სოლო სიმღერები ჩავწერო და ასე შემდეგ. ასე რომ, ერთ დღეს, როცა გავიღვიძებ, რუსულ შოუ-ბიზნესში გიგა კვენეტაძე, როგორც სოლო-შემსრულებელი ცნობილი სახე იქნება. ამის იმედი მაქვს. 

– ახლა ცოტა პირადში გადავინაცვლებ. რამდენიმე თვის წინ, შენ და ნინო წიკლაურმა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეთ და ერთმანეთს დაშორდით. მართალია, ოჯახი დაინგრა, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენს საქმიან ურთიერთობაზე არ ასახულა. დღემდე ერთობლივად მუშაობთ, შენ სიმღერებს წერ, ნინო კი – ტექსტებს. 

– ჩვენ არ ვართ ისეთი ადამიანები, განშორების შემდეგ რომ ერთმანეთის მტრები ხდებიან. სხვათა შორის, მე და ნინომ, განშორების შემდეგ უფრო დავაფასეთ ერთმანეთი. მე ახლაც ვაგრძელებ ნინოსთან, როგორც შემოქმედ ადამიანთან ურთიერთობას. ის უზადოდ ნიჭიერია და ძალიან საინტერესო ტექსტებს წერს. ამჟამად, ალბათ, შევთავაზებ, რომ „ნე პარას” დაუწეროს ტექსტი. ორი კვირის წინ კი, ჩემი და აჩი ფურცელაძის ერთობლივი ნამუშევარი, სადაც ტექსტი აჩისია, მუსიკა კი ჩემი, ნიკოლაი ტიმოფეევმა აიღო. ასე ვაგრძელებთ ნიჭიერი ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას, რაც ძალიან სასიამოვნოა. მათ შორის არის ნინოც.

– მოკლედ, შენ და ნინო აქტიურ ურთიერთობას აგრძელებთ.

– კი, ასეა. მე და ნინომ უფლება არ მივეცით თავს, წაგვეშალა ის, რაც წლების განმავლობაში ჩვენს შორის იყო. თუმცა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და გარკვეულწილად, ყოველდღიურმა ცხოვრებამ მიგვაღებინა ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. თუმცა, ამ ყველაფერმა ჩვენზე, პიროვნულად უფრო დადებითად იმოქმედა, რადგან ახლა ათჯერ მეტად ვაფასებთ ერთმანეთს, ვიდრე ადრე. 

– შენს პირად ცხოვრებაშიც ხომ არ არის რაიმე სიახლე?

– არა, ჩემს პირად ცხოვრებაში კვლავ სიჩუმეა. იმ ტემპში, რა ტემპითაც მოსკოვში მიწევს ცხოვრება, პირადი უკან იწევს, რაც ძალიან ცუდია. თუმცა, როგორც ამბობენ, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს. 

– მაგრამ, ამასობაში დრო გადის.

– დრო გადის და ძალიან მაშინებს ეს ყველაფერი. მყავს 24 წლის დისშვილი, რომელსაც უკვე 2 შვილი ჰყავს. რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ წლები ძალიან სწრაფად გადის. 

– შენი სიმღერა „როგორ მინდა მოგეფერო,” წლების შემდეგ დათო კალანდაძემ ახალი არანჟირებითა და განსხვავებული სტილით იმღერა. 

– მოხარული ვარ, რომ ფაქტობრივად, 10 წლის შემდეგ ჩემი სიმღერა, უკვე სხვა მომღერლის შესრულებით ძალიან პოპულარული ხდება. დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა დათო კალანდაძეს, რომელიც უზადოდ ნიჭიერი, პროფესიონალი და დადებითი პიროვნებაა. მოხარული ვარ, რომ სიმღერა არ დაიკარგა და მომავალშიც აგრძელებს სიცოცხლეს. იმედი მაქვს, რომ ჩემი სხვა სიმღერებიც გაიჟღერებს. 

– ამ ვიზიტის შემდეგ, კიდევ როდის გეგმავ საქართველოში დაბრუნებას?

– იმედს ვიტოვებ, რომ საახალწლოდ საქართველოში კვლავ დავბრუნდები. მინდა ჩემი ოჯახის წევრებთან და ყველა იმ საყვარელ მეგობართან ერთად, ქართული ახალი წელი მოვიწყო.

– ის რამდენიმე დღე, რომელიც თბილისში გაატარე, როგორ გხვდებოდა ხალხი, თუნდაც ქუჩაში?

– ხალხისგან, რომელიც ქუჩაში და სხვადასხვა კლუბში მხვდება, დადებითი მუხტი მოდის, რაც ძალიან მახარებს. ერთ დღეს ნათესავთან ვიყავი სახლში. მისმა მეზობელმა ცოტა ხნით დაგვტოვა, თავისი შვილი შემოიყვანა, რომელიც 7-8 წლის იქნებოდა. ძალიან სდომებია ჩემი გაცნობა. ასეთი მომენტები ხშირად მაქვს ცხოვრებაში. კარგია, რომ ხალხს ვახსოვარ. პირობას გაძლევ, კიდევ ბევრჯერ გავახსენებ მათ თავს. 

– წარმატებას გისურვებ!

– დიდი მადლობა. მეც მინდა, მთელ შოუ-ბიზნესს წარმატება ვუსურვო, რაც მთავარია, ყინული დაიძრა. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ გავახსენო ჩემი ძველი სიტყვები – გიგას უყვარხართ!

 

скачать dle 11.3