როგორ აღმოჩნდა აჩი ფურცელაძე კონკურს „რუსეთის ხმის” მონაწილე და პელაგიას ფავორიტი კონკურსანტი
აჩი ფურცელაძე: ჩემი კარიერის განმავლობაში, რომელიც უკვე 22 წელს ითვლის, სულ ორჯერ მაქვს სიმღერის კონკურსში მონაწილეობა მიღებული – ეს იყო 1994-1996 წლებში. 2000 წლის შემდეგ კი, მე თვითონ ვიყავი სხვადასხვა კონკურსში ჟიურის წევრი. რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ მოსკოვში ტარდებოდა კონკურსი „წარმატების საიდუმლო.” მაშინ ძალიან არეული იყო საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა და ამას მაშინ მივხვდი, როცა ფაქტის წინაშე დავდექი. დილიდან დაახლოებით ექვსი საათი ვიდექი ქასთინგის რამდენიმეკილომეტრიან რიგში. როგორც იქნა, ჩემი რიგიც დადგა და შენობაში შევედი. ოთახში მხოლოდ ერთი ადამიანი დამხვდა. როგორც კი ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, მაშინვე მივხვდით, რომ, მართალია, დიდი ხანია, არ შევხვედრივართ, მაგრამ, კარგად ვიცნობდით ერთმანეთს – გამომცდელის ამპლუაში ჩემ წინ თეონა კონტრიძე აღმოჩნდა. ერთმანეთის დანახვა ძალიან გაგვიხარდა. თეონამ მითხრა, შენ მე რა უნდა გამოგცადო, ზუსტად ვიცი, როგორც მღერი. სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ, სატირალიც გვაქვს, რადგან, იმ ქართველების მონაწილეობაზე, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არ არიან, უარს ამბობენო. რომ გაიგო, მოქალაქე არ ვიყავი, გაგიჟდა – რა ვქნა, რით გიშველოო. ეს რომ მცოდნოდა, არც მივიდოდი და ექვსი საათი ყინვაში რიგში არ ვიდგებოდი. ამის შემდეგ კიდევ ბევრმა კარგმა კონკურსმა ჩაიარა, მაგრამ, აღარც მიცდია მონაწილეობის მიღება, რადგან, უფრო მეტად ამიცრუვდა გული.
– ყოველივე ამის შემდეგ, რატომ გადაწყვიტე „რუსეთის ხმაში” მონაწილეობის მიღება და, საერთოდ, როგორ აღმოჩნდი ამ კონკურსში?
– მითხრეს, რომ ტელევიზიით გადიოდა ამ კონკურსის რეკლამა. ერთი-ორი ჩემი მეგობარი ძალიან შემიჩნდა – მიდი, ბედი სცადეო. მოკლედ, კარგა ხანს უარს ვამბობდი, მაგრამ, მერე დამითანხმეს. შევედი ინტერნეტში, კონკურსის მისამართზე, სადაც ძალიან დიდი ანკეტა უნდა შემევსო. ჩემი მეგობარი იყო ჩემთან სახლში და, მე რომ მეზარებოდა, მას ვკარნახობდი და მან ჩაწერა ყველა საჭირო ინფორმაცია. ორი სიმღერა, ფოტოები და ვიდეოებიც გავგზავნეთ. ერთი ის არ მიმიწერია, ხატულა რას ჭამს დღისით და ღამით. სიმართლე გითხრა, არც ველოდი, თუ დამიკავშირდებოდნენ. „რა სისულელეას“ ფიქრსა და ძახილში, შვიდი დღის შემდეგ, ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა და პირველი ეტაპის დაძლევა მომილოცეს. რამდენიმე დღეში ქასთინგზე დამიბარეს, სადაც მინიმუმ სამი სიმღერა უნდა მემღერა. რამდენიმე ათასი კაციდან, საბოლოო ჯამში, დაახლოებით 150 კაცი უნდა შეერჩიათ და, წარმოიდგინე, რა ამბავი იქნებოდა. ჟიურის წევრებიდან ვინც ვიცანი, მაგრამ, ზუსტი სტატუსი არ ვიცოდი, იყო იური აქსიუტა. თურმე, ნუ იტყვი და, ჰოი, საკვირველებავ, „პირველი არხის“ მთავარი მუსიკალური რედაქტორი ყოფილა. მოკლედ, ისეთი კარგი კავშირი შედგა ჩემსა და ჟიურის წევრებს შორის, რომ, სამი წუთი უნდა მემღერა და, თავიდან, ერთი ხუთი წუთი ვილაპარაკეთ. ერთმანეთისთვის ანეკდოტები არ მოგვიყოლია, მაგრამ, პირველივე ფრაზიდან მივხვდით რომ იუმორთან მჭიდროდ ვიყავით. ვიმღერე რეი ჩარლზის „ჯორჯია,” შემდეგ ფორტეპიანოს მივუჯექი და ჩემი საკუთარი სიმღერა პირდაპირ მისამღერიდან დავიწყე, ბოლოს კი რუსული სიმღერით დავამთავრე. აქსიუტა აღარ მიშვებდა, იმდენი მელაპარაკა. გარეთ რომ გამოვედი, ცოტა ხანში ჟიურის ოთახიდან გამოვიდა ადამიანი, რომელმაც მითხრა: აჩი, რა თქმა უნდა, შენ გაიარე ეს ტურიო. ამის მერე რამდენიმე სიმღერა ამომარჩევინეს, რომლებიც კონკურსზე უნდა მემღერა, ბოლოს კი შევჯერდით სიმღერაზე „სამარა თაიმ.” რამდენიმე დღეში ისიც გავიგე, რომ კონკურსის დღეს გრაცკის, პელაგიას, აგუტინისა და ბილანის ზურგს უკან უნდა მემღერა. სიმართლე გითხრა, ჩემი ნამღერით მართლა არ ვარ კმაყოფილი. იმას კი არ ვამტკიცებ, რომ უკეთ ვმღერი, უბრალოდ, ტექნიკური გაუმართაობა იყო: მიკროფონს ორი ხაზი ჰქონდა, ერთი – ტელე და მეორე – დარბაზის. ტელე ჩართული ჰქონდათ, დარბაზის კი – არა. სიმღერა რომ დავიწყე, მარტო „აემზე“ ჩაირთო მიკროფონი დარბაზში და ეს იყო პირველი დისკომფორტი. თან, სანამ დარბაზში შევიდოდი, „პროფაილებს“ იღებდნენ და, რომ მკითხეს, რა გინდაო, ვუპასუხე: ცოტა ყრუ ვარ და მინდა ხმამაღლა ჟღერდეს მიკროფონი, განსაკუთრებით – ორკესტრის-მეთქი. მაგრამ, ეს ყველაფერი თითქოს პირიქით გააკეთეს – არც მიკროფონი ჩამირთეს და ორკესტრის ხმა კი საერთოდ არ მესმოდა. ხელებს ვუყურებდი, რომ მივმხვდარიყავი, რა რიტმს უკრავდა. მაგარი დისკომფორტი მქონდა. ეს სხვა მონაწილეებსაც გაუკეთეს. ბოლოს გრაცკი ხმის რეჟისორს აგინებდა: რა დაგემართათ, თქვენ თვითონ ბრაკავთ მონაწილეებს და მერე ჩვენ დაგვბრალდება რაღაც-რაღაცეებიო. ასეა თუ ისე, ნომერი შედგა და, ვინც მინდოდა, ზუსტად ის მოტრიალდა ჩემკენ. პელაგია თუ მოტრიალდებოდა, არ მეგონა; ბილანს კიდევ წარმოვიდგენდი, მაგრამ, გრაცკი რომ არ გააკეთებდა ამას, ვხვდებოდი, რადგან, მის ფორმატში არანაირად არ ვჯდებოდი. პელაგია და ლონია რომ შემოტრიალდნენ, ძალიან გამიხარდა. მერე იმღერეს კიდეც ცოტ-ცოტა პელაგიამ და ბილანმა. რამდენჯერმე რომ მოვუსმინე ბილანის ნამღერს, მერე მივხვდი, რომ „ჩიტო-გვრიტო“ იმღერა და ძალიან ბევრი ვიცინე. იმ მომენტში კი მართლა ვერ მივხვდი, რა წამიმღერა. თავიდან ვერც იმას მივხვდი პელაგია რას მღეროდა, მაგრამ რაც მთავარია, შოუ შედგა, რადგან, ასეთი რამ არც ერთ მონაწილესთან არ უქნიათ. მერე, არჩევნის დრო რომ დადგა, დარბაზი ჩავრთე ამ ამბავში: რომ ვიკითხე, ვინ არის მომხრე, პელაგია რომ ავირჩიო-მეთქი, ტაში კი იყო, მაგრამ, აგუტინზე დაინგრა დარბაზი. მართალია, მე აგუტინთან მინდოდა, მაგრამ, პელაგიას წაშლილი სახე რომ დავინახე, მერე უკვე ქართველი ჯენტლმენის ტექსტი დავარტყი და მანდილოსანი ავირჩიე. ყველაზე მეტად ლონიას რეაქცია „გამისწორდა“ – რომ წამოხტა და თქვა, ასეც ვიცოდიო. რომ გამოვედი, ისიც თქვა, სხვანაირად რომ მოქცეულიყო, ოჯახში არ აპატიებდნენო. თან, როგორი სიტყვები მითხრა: შენ აკეთებ იმას, რასაც მე ვერ ვაკეთებო; მე რა უნდა ვასწავლო ამას, აქეთ მასწავლისო. მოკლედ, ყველაფერი თქვა, რაც კი შეიძლება, რომ მაგარი ტიპისგან გაიგო. მოარული აზრი დადის იმის შესახებ, რომ აგუტინს ქართველები არ უყვარს, მაგრამ, თავისი საქციელით საპირისპირო დაამტკიცა. ორჯერ მყავს სულ ნანახი და, რეპეტიციაზე რომ დამინახა, შორიდან ხელი ამიწია და გამიღიმა. მერე გადამეხვია და ბევრი ვისაუბრეთ. ძალიან თბილად მიმიღო.
რაც შეეხება პელაგიას, ის 26 წლის, ძალიან ნიჭიერი მომღერალი და კარგი ადამიანია. ბავშვობიდან „უტრენნაია ზვეზდადან” მოდის. მან ძალიან კარგი ნიშა დაიჭირა რუსეთის ესტრადაზე. თავიდან რუსულ ხალხურ სიმღერებს მღეროდა, მერე ეს ყველაფერი როკში გადაიტანა. აქ კი აღმოჩნდა, რომ ასეთ რამეს მის გარდა არავინ აკეთებდა. იმდენად ძლიერი ხმა აქვს და კარგად გამოსდის ყველაფერი, რომ ამ ჟანრში დაიმკვიდრა თავი. პატრონიანი ან ვიღაცის შვილი კი არ არის, თავად გაიკვალა გზა. უბრალოდ, ბავშვობაში კარგ დროს გამოჩნდა და დღემდე მოვიდა. ურთიერთობაში ძალიან მშვიდი, გემოვნებიანი და კარგი ადამიანია.
– პელაგიასთან კიდევ ერთი ქართველი მომღერალია.
– ანრი თბილისელია, ძალიან კარგი, ჯიგარი და საყვარელი ბიჭია. კარგად ვართ და, ვფიქრობ, რომ გვაქვს ყველანაირი შანსი იმისა, რომ კარგი ქართული, თბილისური ტანდემი მესამე ტურშიც დარჩეს. აგუტინი და პელაგია „ღადაობდნენ“ ერთმანეთში: აგუტინმა უთხრა, სომხური კამანდა მყავსო, პელაგიამ კი უპასუხა – მე კი ქართულიო.
– ერთ კონკურსში იმის გამო დაიბლოკე, რუსეთის მოქალაქე რომ არ იყავი. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. მოქალაქეობა მიიღე?
– 2014 წლამდე, შემიძლია, საქართველოს მოქალაქე ვიყო. ამ პერიოდში უნდა გადავწყვიტო ვრჩები ამ ქვეყნის მოქალაქედ თუ რუსეთის მოქალაქე გავხდები.
– როგორ ფიქრობ, კონკურსი, რომელიც შენთვის იღბლიან ტალღაზე დაიწყო, ბოლომდე წარმატებული იქნება?
– შემიძლია, პირდაპირ გითხრა, რომ გამარჯვების არანაირი სურვილი და პრეტენზია არ უნდა მქონდეს. მკითხეს კიდეც ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ გაიმარჯვოთ, როგორ აღნიშნავთო. ვუპასუხე: გაიხსენეთ კონკურსის მთავარი დედააზრი – უნდა შეირჩეს რუსეთის ხმა. სახეზე და ფერზე შემომხედეთ... და, ამის შემდეგ, თქვენ გინდათ, თქვათ, რომ მე გავხდები რუსეთის ხმა?! ეს ხომ ორსიტყვიანი ანეკდოტია-მეთქი. გადაღება ჩაიშალა, იმდენი იცინეს. ჩემი აზრით, რუსეთის ხმა მაინც რუსი გახდება. მელაძესაც ეყოფა, ხუთი წელი რომ იყო „ზალატოი გოლოს როსიი,” რომელიც 2005 წელს აიღო, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი სიამაყეა. გვეამაყება, ასევე, ნანი ბრეგვაძე, რომელიც რუსული რომანსების დედოფლად ითვლება. მაგარი პარადოქსია, მაგრამ, ქართველ ქალზე კარგად რუსულ რომანსს ვერავინ მღერის, მეტი რაღა გვინდა! ამიტომ არიან გაგიჟებულები: რა გჭირთ, ქართველებო, რა წყალზე იზრდებით, რას სუნთქავთ ამისთანას, ყველანი ასეთი მაგრები როგორ ხართო.
– იმედი გვაქვს, რომ კიდევ დიდხანს იდგები ამ კონკურსის სცენაზე?
– მთავარია, მეორე და მესამე ტური გავიარო. მერე უკვე პირდაპირი ეთერები და ესემესები იწყება. მინდა, პირდაპირ ეთერამდე მივიდე, რადგან, ესემესებში მომეხაზება. თუ აქამდე მივედი, „პირველ არხზე“ ოთხი ეთერი გამომივა, რაც ძალიან მაგარია.