სუსტი, ინფანტილური თაგუნია...
სუსტი, ინფანტილური, ჰაეროვანი არსება, რომელსაც მუდმივად სჭირდება ძლიერი სქესის დახმარება... ლოგინში ფუმფულა სათამაშოებთან ერთად სძინავს, თითქოს ჯერ ისევ ბავშვია... მამაკაცების გარკვეულ კატეგორიას ძალიან მოსწონს სწორედ ასეთი ქალი. მას უჩნდება დაუოკებელი სურვილი, იზრუნოს „პატარაზე“, იქცეს იმ რაინდად, რომელიც ყველგან და ყველაფერში სალი კლდესავით დაუდგება გვერდით. როგორ ფიქრობთ, ეს მამაკაცები თავს ხომ არ იტყუებენ?! სინამდვილეში, იშვიათად მოიძებნება ნატურალურად სუსტი, ნატურალურად ინფანტილური და მამაკაცებზე ნატურალურად დამოკიდებული ქალი, უბრალოდ, არსებობენ ქალები, რომლებიც ცხოვრების თანამგზავრად ძალაუფლებისმოყვარე კაცებს ირჩევენ, რადგან, მათ გვერდით თავს კომფორტულად გრძნობენ. ხოლო, იმისთვის, რომ ასეთი კაცი მოხიბლონ, აქტიურად და დიდი მონდომებით თამაშობენ „ფუმფულა სათამაშოს“ როლს. სინამდვილეში, ისინი საკმაოდ ძლიერები არიან და ეს ძალა სწორედ მათ სისუსტეშია. ქალის დაუცველობა (თუნდაც მოჩვენებითი) ძლიერ სქესს აიძულებს, მუდმივად ყურადღების ცენტრში ჰყავდეს ის და თავისი მფარველობა თუ ერთგულება დაუდასტუროს. ფაქტია, რომ სწორედ ასეთ „სუსტ“, „ინფანტილურ“, „დაუცველ“ არსებებს ღალატობენ ყველაზე ნაკლებად მამაკაცები. ძლიერ ქალს კი ისიც ეყოფა, რომ ძლიერია. ის არ აპატიებს ღალატს, არ შედრკება და გმირულად გაუძლებს ყველაფერს, თუნდაც, საყვარელი არსების მისგან წასვლას...
საწყალი ძლიერი ქალი... ის ხომ ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვის გამოსავალს. სამაგიეროდ, ქალი, რომელიც თითქოსდა პულტშიც კი ვერ ახერხებს ელემენტის ჩადებას, არასდროს დარჩება მამაკაცის მფარველობის გარეშე...
ის... უყვართ!
„ყველა ქალი ერთნაირია“, – ამბობენ მამაკაცები და ისინი სულაც არ არიან ორიგინალურები. ქალებიც ზუსტად ამავე აზრის არიან ძლიერ სქესზე. თუმცა, ახლა ამაზე არ გვექნება საუბარი. შევეცადოთ, გავარკვიოთ, როგორი ქალები მოსწონთ და უყვართ მამაკაცებს...
ზოგ ქალბატონს გრძელი ფეხები და დიდი მკერდი მოსდგამს გენეტიკურად, ზოგს კეკლუცობის უიშვიათესი ნიჭი, ზოგსაც – მომაჯადოებელი ღიმილი და, ვერავინ იტყვის, რომელი უფრო მოსწონთ მამაკაცებს. არც ისაა დადგენილი, რა უფრო მნიშვნელოვანია საპირისპირო სქესის მოსახიბლავად: ჯინსი თუ ელეგანტური სამოსი; სპორტული, უქუსლო ფეხსაცმელი თუ მაღალი ქუსლები... ანუ, მზა რეცეპტი არ არსებობს და ეს ყველამ იცის... თუმცა, ერთ რამეში ყველა ქალი ზუსტად ერთნაირ თვისებებს ავლენს: როცა რაღაც არ გამოსდის, როცა მის პირად ცხოვრებაში ყველაფერი ირევა, ცდილობს, შეიცვალოს, მაგალითს კი თავისგან სრულიად განსხვავებული, თუმცა, საკუთარი სქესის წარმომადგენლისგან იღებს. ჰბაძავს იმას, ვისაც, მისი აზრით, უფრო გაუმართლა. „ის“ უყვართ – ესე იგი, ის მე მჯობია. რა მნიშვნელობა აქვს – რით? მთავარია, რომ გვერდით ჰყავს მამაკაცი, რომელსაც ის უყვარს.
სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს და ეს ვიცით ყველამ. მაგრამ, მაინც ტყუილუბრალოდ ვიწვალებთ თავს. მიზნად ვისახავთ რადიკალურ ცვლილებებს, სურვილით – მოვხიბლოთ მამაკაცი... მაგრამ, თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ, შეუძლებელია, არ არსებობდეს მამაკაცი, რომელიც ისეთს მიგვიღებს და შეგვიყვარებს, როგორებიც ვართ სინამდვილეში... ყველა მამაკაციც ხომ არ არის ერთნაირი?!
ვინ ასეა და ვინ...
ვიღაცას მთელი ბავშვობა ჩასჩიჩინებდნენ, რომ მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა მის კუჭზე გადის. მაგრამ, მერე ეს გოგონა გაიზარდა და აღმოაჩინა, რომ სულაც არ ყოფილა ასე. მსოფლიოს მამაკაცებს მარტო „კუჭი“ კი არა, სხვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაც მართავს. მიხვდით, რომელი? – თუ ვერ მიხვდით, ჯობია, ისევ კულინარიაში დაოსტატდეთ. მიხვედრილებისთვის ვაზუსტებთ: სექსუალურობა ყველგან და ყველაფერში! მოკრძალებულ, მკაცრი სტილის საოფისე სამოსშიც კი, მკვეთრად უნდა ჩანდეს თქვენი ქალურობა: დეკოლტე, ვიწრო, ტანზე კარგად მომდგარი კოსტიუმი, სადა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და სიარულის მანერა... – ახლა კი ყველა ინგრედიენტი მზადაა მამაკაცის მოსახიბლავად და აუცილებლად გაჭრის. უფრო მეტიც, კაცს თავს დააკარგვინებთ, თუკი ამ ყველაფერს მომაჯადოებელ ღიმილსაც დაუმატებთ. ფლუიდები, რომლებსაც თქვენ გამოასხივებთ, მამაკაცს უპირობო კაპიტულაციას აიძულებს. თუმცა, არის ერთი „მაგრამ“... – ეჭვიანი მამაკაცისთვის ასეთი ქალი სერიოზული პრობლემაა. ის მის გვერდით კარგავს თავდაჯერებულობას, საკუთარი თავის კონტროლს და ფეთქებადსაშიში ხდება. მიუხედავად ამისა, ძნელად თუ მოიძებნება ქალი, რომელიც თავის მომხიბვლელობას მამაკაცის დასამორჩილებლად არ გამოიყენებს. პირიქით, ქალბატონების უმეტესობა სწორედ ამისკენ მიილტვის. თუმცა, სექსუალურ ქალბატონებს ვურჩევდით, თავიანთ გამომწვევ გარეგნობას, ხალხმრავალ ადგილებში მაინც, ოდნავ შემატონ სიმორცხვე, ეს კიდევ უფრო სასურველს გახდის მათ.
„გამოუსწორებელი დიასახლისი“
ასეთებზე ამბობენ: დაიბადა იმიტომ, რომ ვიღაცის ცოლი იყოს – სხვა როლში მისი წარმოდგენა, უბრალოდ, შეუძლებელია, რადგან, ის თავისი არსებით, შინაგანი სამყაროთია დიასახლისი. 15 წლისამ უკვე იცოდა, როგორ კერძს მოუმზადებდა მეუღლეს, როგორ გაზრდიდა შვილებს და როგორი იქნებოდა მისი სახლის ინტერიერი. შემთხევითი კავალერიც კი მისგან დაუნანებლად მიიღებს ზრუნვასა და ყურადღებას. მაგრამ, სწორედ ამის გამო, ასეთ „გამოუსწორებელ დიასახლისებს“ პრობლემები ექმნებათ. მიზეზი მარტივია: მზრუნველი ქალი მამაკაცს ძალიანაც მოსწონს, მაგრამ, ნელ-ნელა მის თვალში რაღაც საოჯახო ტექნიკის მსგავს ნივთად გადაიქცევა, სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს და ბოლოს, ქალად, ანუ, სექსუალურ პარტნიორად საერთოდ ვეღარ აღიქვამს.
სხვათა შორის, ტრანსფორმაცია თავად მამაკაცსაც ემუქრება – „გამოუსწორებელი დიასახლისი“ მას „დედიკოს ბიჭუნად“ გადააქცევს. არ იფიქროთ, რომ ეს კარგია, რადგან, „დედიკოს ბიჭები“ ბოლოს სხვა ქალთან გარბიან, რომელიც მას თავს კვლავ კაცად აგრძნობინებს.
გამოსავალი არსებობს: „გამოუსწორებელმა დიასახლისმა“ უნდა იცოდეს, რომ მისი მხრები მეტისმეტად სუსტია მთელი სამყაროს პრობლემების ასაკიდებლად. მეტი იფიქრეთ და იზრუნეთ არა სხვებზე, არამედ, საკუთარ თავზე. ეს იმიტომ არის აუცილებელი, რომ, კაცმა, რომელიც გვერდით გყავთ, მასში ყოველთვის უნდა დაინახოს ქალი, თანაც – სასურველი ქალი და მისი ღირსებებიც ჯეროვნად დააფასოს...