რა პერიოდში გზავნის ადამიანი კოსმოსში საკუთარი თავისა და ბედის პროგრამას და რა უნდა გაითვალისწინოთ ბინაში შესვლამდე
დღეს ჩვენ გვერდით უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს. ზოგი სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი და ყველაფრის იმედი დაკარგული აქვს. როგორც პარაფსიქოლოგი ქალბატონი ნანი ამბობს, ეს არასწორი პოზიციაა, რადგან, სასოწარკვეთით საქმე არ კეთდება. მისივე თქმით, ძველი, გამოცდილი მეთოდების გათვალისწინებით, შესაძლოა, რეალობა უკეთესობისკენ შეცვალოთ. ამისთვის კარგად უნდა მიმოიხედოთ ირგვლივ, დააკვირდეთ, რა მოქმედებს თქვენზე უარყოფითად, რას მოაქვს წარმატება და მიხვდებით რა უნდა გააკეთოთ, რომ წარმატების კოდი გაააქტიუროთ და ოპტიმიზმი დაიბრუნოთ. ასევე, თუ სახლში შესვლისთანავე ცუდ განწყობაზე დგებით, უფულობა და უიღბლობა გახსენდებათ და ყოველ წვრილმანზე ნერვები გეშლებათ, ნუ შეაწუხებთ წუწუნითა და ბუზღუნით სხვებს, ჯობია, ყოველივე ამაზე დაფიქრდეთ და გამოსავალი თავადვე მოძებნოთ.
ნანი: უიღბლობასა და ცუდ განწყობას ადვილად დააღწევთ თავს, თუ ამას გულით მოინდომებთ; ასევე, საკუთარი ძალებითვე შეძლებთ მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებას, თუ საცხოვრებელს სწორად მოაწყობთ. სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანები სულიერ განტვირთვას, ძალების მობილიზებას, დასვენებასა და სიმშვიდეს პოულობენ. თუმცა, ბევრს, ზღურბლს გადააბიჯებს თუ არა, მაშინვე თავს ახსენებს უიღბლობა და პრობლემები. სახლი თანამედროვე ადამიანისთვის არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი, არამედ წინასწარმეტყველური მინიშნების საშუალებაცაა. ყოველმა ჩვენგანმა ისე უნდა მოაწყოს თავისი საცხოვრებელი ბინა, რომ თავი კომფორტულად და ენერგეტიკულად დაცულად იგრძნოს. თუ ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიით არის დამუხტული, ამას სახლიც გრძნობს და შესაბამისადაც რეაგირებს. ამიტომ, ცუდი განწყობა და უგუნებობა სახლის კარს იქით დატოვეთ და შინ ხალისითა და ღიმილით შეაბიჯეთ.
– ასაკოვანი ხალხისგან გამიგია წესები, რომლებსაც უკვე საუკუნეებია, ტრადიციულად იცავს ბევრი ოჯახი და დარწმუნებულები არიან, რომ ეს მათ უბედურებასა და უიღბლობას ააცილებს თავიდან.
– მართალია, მეც ვიცი ბევრი ოჯახი, ვინც ტრადიციულად იცავს ამ წესებს და არა ცრურწმენებს. არ მიყვარს, როცა ამ სიტყვას ამბობენ. ეს ცრურწმენები კი არა, ეზოთერიკული წესებია, რომელთა გათვალისწინებითაც თავს ვიცავთ. მაგალითად, ფული რომ არ გამოგელიოთ ჯიბეში, ნუ ჩაიყოფთ შარვლის უკანა ჯიბეებში ხელებს და ასე ნურც ივლით. თუ ონკანიდან წყალი წვეთ-წვეთად ჟონავს, ამას თქვენი ოჯახის ბარაქაც ნელ-ნელა თან გაჰყვება. ასევე, არ დადგათ ცარიელი ბოთლი მაგიდაზე; გვიან, მზის ჩასვლის შემდეგ, არც ნაგავი გადაყაროთ და არც სახლი გამოგავოთ. სამყაროში თითოეულ ქცევას თავისი შედეგი მოაქვს და ეს უნდა იცოდეთ. აქვე, მინდა, გითხრათ ისიც, რომ კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანი უბარაქობის მსხვერპლი ხდება, შემდეგ კი აუცილებლად მოდის კარმული აღმასვლის პერიოდი და სიტუაციაც გამოსწორდება. ეს პერიოდები კი ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში დგება.
– ამ მხრივ რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ კარმული ჩავარდნის პერიოდი დანაკარგების გარეშე გავიაროთ?
– კარმული დაღმასვლის პერიოდში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ საკუთარი თავის მიმართ: უნდა აკონტროლოთ სიტყვები, აზრები, ფინანსები და სურვილებიც კი. როცა მოზღვავებულ ენერგიას გრძნობთ, ეს აღმასვლის კარმული პერიოდია და ის მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ წარმატების მისაღწევად. კოსმოსში ადამიანი საკუთარი თავისა და ბედის პროგრამას კარმული დაღმასვლის პერიოდში გზავნის. სწორედ ამიტომ გითხარით, რომ ამ დროს მეტად ყურადღებით უნდა იყოთ და მეტი სიფრთხილით უნდა გაიაროთ ეს პერიოდი. არსებობს რჩევები ეზოთერიკაში, რომელიც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება და საქმეს ამ მხრივ უიოლებს. ყველა ოთახში არსებობს ადგილები, რომლებიც ფინანსებზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, ასეთი ადგილია შემოსასვლელი კარიდან მარცხენა კუთხე. მას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ, სულ მოწესრიგებული უნდა გქონდეთ და არ უნდა დადოთ იქ ჭუჭყიანი ნივთები. კარგია ამ ადგილას ქოთანში ჩარგული ხის დადგმა. ის ლამაზიც არის და ბარაქაზეც დადებითად მოქმედებს. მინიატურული, ცოცხალი, მწვანე მცენარეები ადამიანს სასიცოცხლო ენერგიით ავსებს, წარმატებისკენ მიმავალ გზას უხსნის და, აქტიური მოქმედების შედეგად, კარგ შემოსავალსაც უქადის. ისინი, ასევე, ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრასა და ნეგატიური ენერგიის განეიტრალებაში დაგეხმარებიან. მინიატურულ მცენარეებთან სიახლოვის შემდეგ, ადამიანებს წინასწარმეტყველური უნარი და ინტუიცია უვითარდებათ. ბევრი ჩვენგანი დიდი სიყვარულით უფრთხილდება და ინახავს ახლობელთა ნაჩუქარ ან ნაქონ ნივთებს. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად, მათ მიმართ უცნაური ლტოლვაც გვიჩნდება. მაგალითად, ერთ დღესაც შესაძლოა, აღმოვაჩინოთ, რომ, ტანსაცმელი ან სამკაული, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ, ჩვენი ერთგვარი დამცველია. თვალისგანაც გვიცავს და წარმატების მიღწევასაც გვიადვილებს. სხვათა შორის, ფინანსური პრობლემაც შეგვიძლია თავად გადავჭრათ, თუ კარგად დავაკვირდებით საკუთარ სამოსს, სამკაულებს და ასე შემდეგ. ყველა კარგად უნდა დააკვირდეს, რა აცვია და უკეთია იმ დღეებში, როცა შედარებით წარმატებულია, ხელი ემართება სასიყვარულო თუ საქმიან შეხვედრებზე. ტანსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობთ, შესაძლოა, ჩვენი ერთგვარი თილისმა და დამცავია, ჩვენ კი ეს არ ვიცით. დააკვირდით, რომელი ფერის ტანსაცმელში გრძნობთ თავს კომფორტულად, გიმართლებთ თუ არა იმ დღეებში, როცა ამ ფერის სამოსი გაცვიათ და თავად მიხვდებით, რომ ის თქვენი დამცველია და ერთგვარი მაგიური გავლენაც აქვს. აქვე, გასწავლით ერთ წესს, რომელსაც საცხოვრებელში ფინანსებისა და ბედნიერების მოზიდვა შეუძლია: აიღეთ ღრმა თეფში, დადგით ოთახის კუთხეში, ჩაყარეთ მასში ბრინჯი, შაქარი, ხორბალი და ბლის პატარა, დამტვრეული ტოტები. ყოველი თვის პირველ ორშაბათს ჩააგდეთ მასში ვერცხლისფერი ხურდა ფული. ასე მოიქეცით და ბარაქა არ მოგაკლდებათ. როცა, თეფში აივსება ხურდა ფულით, შაბათ დღეს, ეს ხურდა მათხოვრებს დაურიგეთ ქუჩაში. ერთი მონეტა კი თეფშში ჩატოვეთ და ისევ დაიწყეთ დაგროვება, რომ კვლავ შეჭირვებულ და ქუჩაში სამათხოვროდ გასულ ადამიანებს დაეხმაროთ. ეს ქველმოქმედება ბედნიერებასა და ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. ხორბალი დოვლათისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ, ბრინჯი – სიმდიდრის, შაქარი – სიტკბოს, ბლის ტოტები კი – ავი თვალისა და ნეგატიური ენერგიის გამანეიტრალებლად მოიაზრება. როცა მათში ხურდა ფულს დააგროვებთ, ის თქვენზე ასევე ტკბილად, დოვლათიანად, ნაყოფიერად და პოზიტიურად იმოქმედებს და, მერწმუნეთ, თქვენი საქმეები უკეთ წავა.