რატომ დაშორდა ქმარს მაკა მახარაძე და ვის ვერ გაუწია მან დედობა
„ჩვენი ეზო”, „საბუდარელი ჭაბუკი”, „მოცურავე”, „ქალაქი ანარა”, „იყო შაშვი მგალობელი”, „დანაშაული მოხდა”, „მაცივარში ვიღაც იჯდა”... – ყველა ამ ფილმში მაკა მახარაძემ საინტერესო როლები ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის ქალიშვილის გატაცება ყოველთვის კლასიკური ბალეტი იყო, რაც მისი ცხოვრების მეგზურად იქცა. დღეს მაკა მახარაძის დღიურსა და სურათების ალბომს გადაგიშლით და მას ძალიან ახლოდან გაგაცნობთ.
– ქალბატონო მაკა, მოდი, პირად ცხოვრებაზე საუბრით დავიწყოთ. ყველასთვის დასამახსოვრებელია ის მომენტი, როდესაც საკუთარ ოჯახს ქმნი, ახალ ცხოვრებას იწყებ. თქვენ როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?
– 18 წლის გავთხოვდი. მურაზ მურვანიძე უკვე სახელგანთქმული მხტვარი იყო, თეატრში რომ მივედი. როცა ერთმანეთი გავიცანით, უკვე გაცილებული იყო მეუღლეს. ჰყავს ქალიშვილი – თეა, რომელიც ჩვენს ოჯახთან ძალიან ახლოსაა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მას დედობა გავუწიე. 12 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა და დეიდამ გაზარდა. უბედური შემთხვევა იყო: ბავშვთან ერთად იყო წასული დასასვენებლად ფასანაურში, თოვლიან მთაზე ფეხი დაუცურდა და დაიღუპა. არაჩვეულებრივი დედა ჰყავდა, დალი ღოღელიანი, ექიმი (დალი ღოღელიანი თამაშობს ფილმში „ვინ შეკაზმავს ცხენს“, – ავტორი) თეა ჩემს შვილზე, ნატოზე, ხუთი წლით უფროსია.
– გავიდა წლები და თქვენც დაშორდით მეუღლეს, როგორც ერთ დროს არაჩვეულებრივი წყვილი – მედეა ჩახავა და კოტე მახარაძე. როგორ შეხვდნენ თქვენი მშობლები იმ ამბავს, რომ ჯერ ცოლშვილიან მამაკაცს გაჰყევით და შემდეგ ერთმანეთს დაშორდით?
– ის წლები, როცა ერთად ვიყავით, იყო ძალიან კარგი და ბედნიერი, მაგრამ, როცა ატყობ, რომ ურთიერთობა იძაბება, რაღაც პრობლემებთან არის დაკავშირებული, ნათქვამია, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო და დავშორდით. ვითომ ერთად რომ არიან და ვითომ ბედნიერი – ეს არის სწორი?! უარესია. ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ოჯახი შეინარჩუნო, – ამას ვეთანხმები, მაგრამ, ასეთ დროს, არ ჯობია, ერთად არ იყვნენ, ვიდრე ბავშვები უყურებდნენ დაძაბულ ურთიერთობას?! სხვათა შორის, არასდროს გვიჩხუბია. რაღაც მოხდა, მაგრამ, ვერც კი ავხსნი – რა. არაჩვეულებრივი ორი შვილი გვყავს, გერიც მყავს, ვერ ვიტან ამ სიტყვას, მაგრამ, ასეა და რას ვიზამ, მეც ძალიან კარგი გერი ვიყავი სოფიკოსთვის. რაც შეეხება ჩემი მშობლების დამოკიდებულებას იმ ფაქტისადმი, რომ მურაზს გავყევი, არ იყო კრიტიკული. ისინი საერთოდ არ იყვნენ მკაცრები. მე ვიყავი მამას ნებიერა, ვიზრდებოდი ძმებთან, თემურთან და ივიკოსთან ერთად, მერე შემეძინა და – ბაია, მაშინ უკვე 22 წლის ვიყავი, მაგრამ, კოტეს მე ვყავდი ძალიან გათამამებული.
– ყოველთვის ბალერინობა გინდოდათ თუ იყო სხვა რამეც, რაც ასე გიზიდავდათ?
– პატარა რომ ვიყავი, დღისით ექიმობა მინდოდა, საღამოს – ბალერინობა. ბაბუა, დედას მამა, ვასილ ჩახავა, გახლდათ მეან-გინეკოლოგი. ეტყობა, ძალიან მომწონდა, ექიმი რომ იყო, თან, თეთრ ხალათში და, გადაწყვეტილი მქონდა, მეც აუცილებლად ექიმი გავხდები-მეთქი. ბაბუას თავის კლინიკაში დავყავდი ხოლმე ანალიზებზე და ვამჩნევდი, ყველა როგორი დიდი სიხარულით მხვდებოდა, თვალები უბრწყინავდათ ჩვენს დანახვაზე და ამას მიჩვეული ვიყავი, თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ ბაბუასთან დაკავშირებული, ასე იყო მამას, დედას, ბებიას (მამაჩემის დედის) გვერდით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა პირველი სკოლის ბიბლიოთეკის გამგედ. ჩვენს ოჯახში ბალეტის კულტი იყო. მამაჩემმა საბალეტო სტუდია დაამთავრა, მაგრამ, მერე თეატრალურმა გადაძლია და მსახიობი გახდა. დედაც, თურმე, ყოველთვის ბალეტზე ოცნებობდა, მაგრამ, ოცნება ვერ აისრულა. მე 9 წლისა მიმიყვანეს საბალეტო სკოლაში. სკოლა რომ დავამთავრე, ოპერისა და ბალეტის თეატრში დავიწყე მუშაობა.
– თქვენი მშობლები იმ დროს დაშორდნენ ერთმანეთს, თქვენ რომ გათხოვდით. როგორც ვიცი, ოჯახში ყველაზე მეტად თქვენ განიცადეთ ეს ამბავი.
– მედიკოს და კოტეს დაცილება ჩემთვის სერიოზული დარტყმა იყო, მაგრამ, მერე ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა, ასე რომ, როცა ვიხსენებ კოტეს, სოფიკოსთან ერთად უფრო ვიხსენებ, ვიდრე დედასთან ერთად. დედასთან ოცი წელი ცხოვრობდა, სოფიკოსთან – ოცდაათი. ის პერიოდი, სანამ ყველა გადავხარშავდით მომხდარს, ძალიან ძნელი იყო. დედა არასდროს გამოხატავდა ამ ამბავს, მაგრამ მე იმ დროს ნატოზე ვიყავი ფეხმძიმედ და მთელი ცხრა თვე ვტიროდი. გვქონდა ოჯახში რაღაც პატარა გარჩევები, პრეტენზიები, მაგრამ, მაგ ასაკში არ გესმის, რომ ეს შენი ცხოვრება არ არის და მათი ცხოვრებაა. დრო რომ გადის, კი ხვდები, რომ არ უნდა გეფოთიალა ხელები მათ ცხოვრებაში, ის არ უნდა გეთქვა, ეს არ უნდა გეთქვა, მაგრამ, ვერ ვხვდებოდი. თავიანთი რაღაც პრობლემები ჰქონდათ და დაშორდნენ. საერთოდ, არ მაქვს ისეთი ხასიათი, რომ ვიღაცაზე მთელი ცხოვრება გულში ჩავიდო წყენა, არასდროს მივტირი წარსულს, „ნეტა იმ დროსო“ – ამას არასდროს ვამბობ, მიუხედავად იმისა რომ ვბერდები, მეცლება ძალ-ღონე, იმას ვეღარ ვაკეთებ, რასაც ათი და ოცი წლის წინ ვაკეთებდი, მაგრამ, რას იზამ, ასეთია ცხოვრება. საერთოდ არაკონფლიქტური ვარ. არ მიყვარს უსიამოვნო სიტუაციები და, აქედან გამომდინარე, მათგან თავს ვიძვრენ ხოლმე. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, თავს ვიკატუნებ – ვითომ არაფერი გამიგია, არაფერი დამინახავს. ძალიან ბევრიც მომითმენია. საერთო ჯამში, დამთმობი ვარ, მაგრამ, არის რაღაცეები, რისი პატიებაც ვერ შევძელი, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ძალიან იოლად ვაპატიებ ხოლმე. საერთოდ გადავხაზე ის ადამიანები ჩემი ცხოვრებიდან.
– ყველასთვის ცნობილი ხართ, როგორც მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის ბალერინა ქალიშვილი, თუმცა, რატომ მოხდა ასე, რომ თქვენ საზოგადოებისთვის მხოლოდ სცენასთან ასოცირდებით და არ ხართ პოპულარული მოცეკვავე, რატომ არ შედგა თქვენი საბალეტო კარიერა?
– ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის მოწაფე ვიყავი – ამაზე მეტი ბედნიერება რა შეიძლება გქონდეს ადამიანს. რა თქმა უნდა, შემეძლო მეტის გაკეთება ჩემს საქმეში, როცა ვცეკვავდი, მაგრამ, ცოტა სიზარმაცე და, კიდევ, ის ფაქტორი იყო, რომ ჩემს ოჯახში პრიორიტეტი ყოველთვის იყო სახლის საქმე, ოჯახში ყველაფერი წესრიგში უნდა გვქონოდა. მაშინ არ მყავდა დამხმარე, ყველაფერს მე ვაკეთებდი. სანამ დედაჩემთან ერთად ვცხოვრობდი, რა თქმა უნდა, დედა მეხმარებოდა ძალიან, მაგრამ, მერე, როცა ცალკე გადავედით, თავისი გარეცხვით, სადილებით, უთოობით, დალაგებით, კონსერვების კეთებით – ყველაფერს თვითონ ვაკეთებდი, თან, ვცეკვავდი. პროფესიული თვალსაზრისით, საშინელებაა, რასაც ახლა ვამბობ – ეს არ არის პროფესიონალიზმის მაღალი გამოვლინება, ეს არის კარგი მეოჯახის პოზიცია. მურაზი მეხუმრებოდა: საუკეთესო ბალერინა ხარ დიასახლისებს შორის და საუკეთესო დიასახლისი – ბალერინებს შორისო. მე არასდროს მიოცნებია სახასიათო – ესპანურ და ბოშურ ცეკვებზე. ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი „ჟიზელში“, „დონ კიხოტში“, „გედების ტბაში“... მაგრამ, არ გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერა წიგნაძე ძალიან ცდილობდა, თავის გზაზე დავეყენებინე, ეტყობა, მე არ მეყო ამის ძალა და, ალბათ, არც მონაცემები. არაფერს ვამადლი ოჯახს – მინდოდა ეს, თორემ, ვინ მაძალებდა. მურაზი მეტყოდა ხშირად: შეგიძლია, პრინცესასავით იცხოვრო, მაგრამ, არ გინდა; გინდა, რომ რეცხო და ხეხოო. თუმცა ისეთი კარგი კულინარი, როგორიც დედაჩემი იყო, რომელიც ისეთ კომპოზიციებს ქმნიდა, რომ გაოგნდებოდით, არასდროს ვყოფილვარ.