დი კანიოს „სექსი მადონასთან”
წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი და ამჟამად მოკრძალებული „სუინდონ თაუნის” მთავარი მწვრთნელი, პაოლო დი კანიო, კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ექსცენტრიკული და სკანდალური დი კანიო, რომლის გუნდი სასწაულებს სჩადის ინგლისის მესამე დივიზიონში და წელსვე გეგმავს გადასვლას მეორე დივიზიონში, არც ინგლისის თასს ივიწყებს – ის „ასტონ ვილასთან” მატჩამდე იმუქრებოდა, რომ პრემიერლიგის გუნდს გამოთიშავდა თასიდან. დი კანიომ „ასტონ ვილას” მსგავსი გუნდის დამარცხება მადონასთან სექსს შეადარა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცდა ჰქონდა, როდესაც 2001 წელს „მანჩესტერ იუნაიტედს” გაუტანა გოლი და „ვესტჰემი” შემდეგ წრეში გაიყვანა. ცნობისთვის, „სუინდონ თაუნი” დამარცხდა და დი კანიოს „სექსი მადონასთან” ჩაეშალა.