რომელი შემთხვევის შემდეგ გადააგდო ოლიმპიური ოქროს მედალი მუჰამედ ალიმ მდინარეში და რაზე ოცნებობდა ის ბავშვობაში
„ყველაზე დიდი” და „სახალხო ჩემპიონი”, ყველა დროის საუკეთესო მოკრივე და მეოცე საუკუნის სპორტსმენი. კასიუს კლეი, იგივე მუჰამედ ალი ყველა დროის ყველაზე ცნობილ მოკრივედ მიიჩნევა. ლეგენდარული სპორტსმენისთვის 2012 წელი საიუბილეოა – მუჰამედ ალის 70 წელი შეუსრულდა.
* კასიუს მარცელუს კლეი უმცროსი 1942 წელს ლუისვილში დაიბადა. კასიუსის ბაბუა, დედის მხრიდან თეთრკანიანი ირლანდიელი იყო – ეიბ გრეიდი, რომელიც ემიგრაციის შემდეგ შავკანიან ქალზე დაქორწინდა. კასიუსის მამა – კასიუს კლეი უფროსი ამაყობდა, რომ ცნობილი ამერიკელი ლიბერალი-პოლიტიკოსის, ჰენრი კლეის შთამომავალი გახლდათ. ჰენრი კლეი კენტუკის შტატის წარმომადგენელი იყო ამერიკის სენატსა და წარმომადგენლობით პალატაში. კასიუსის მშობლები საშუალო კლასს მიეკუთვნებოდნენ. მამა მხატვარი გახლდათ და ქუჩაში სარეკლამო აბრებს ხატავდა. დედა კი, შეძლებულ ოჯახებში სახლებს ალაგებდა.
* ბავშვობაში კასიუსს არ უწევდა მუშაობა ოჯახის სარჩენად, თუმცა ჯიბის ფულისთვის ლუისვილის კოლეჯში სასკოლო მერხებს და დაფებს რეცხავდა. ამაში კი გარკვეულ გასამრჯელოს იღებდა. მერხების გაწმენდაში აღებული 60 დოლარით კასიუსმა თავისი საოცნებო, ფირმა „შვინის” წითელი ველოსიპედი იყიდა.
* ბავშვობაში კასიუს კლეის შინაური ცხოველები ჰყავდა – ძაღლი და ქათამი.
* ქუჩაში დედასთან ერთად სეირნობისას უცნობი გამვლელები, მომავალი ჩემპიონის დედას ეუბნებოდნენ, რომ პატარა კასიუსი ახალი ჯო ლუისია – იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე.
* კასიუსის მამა ალკოჰოლიკი იყო, რომელიც დებოშების გამო პოლიციამ 6-ჯერ დააპატიმრა. კასიუს უფროსი ხშირად ღალატობდა კასიუსის დედას, ძირითადად, ბარში გაცნობილ მეძავებთან. ამ ფაქტის გამო კასიუსის მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ.
* კასიუს კლეის მოკრივედ ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის თეთრკანიან პოლიციელს, ჯო მარტინს. საყიდლებზე წასულ კასიუსს თავისი წითელი ველოსიპედი მოჰპარეს და როცა მან პოლიციელთან თქვა, თავს გავუხეთქავ ვინც ჩემი ველოსიპედი წაიყვანაო, ჯო მარტინმა უთხრა: ჯერ ჩხუბი ისწავლე და შემდეგ გაუხეთქე თავიო. მოგვიანებით, ჯო მარტინმა კასიუსი კრივის დარბაზში სავარჯიშოდ მიიწვია. თავისი კარიერა მომავლმა ჩემპიონმა 12 წლის ასაკში დაიწყო.
* პირველივე ვარჯიშზე 12 წლის კასიუს კლეიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა და ყველა დროის საუკეთესო მოკრივის სტატუსს დაისაკუთრებდა.
* კასიუს კლეის ფრენის შიში აქვს და თავდაპირველად, უარს აცხადებდა, რომ 1960 წლის რომის ოლიმპიურ თამაშებში მიეღო მონაწილეობა, იქ კი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მწვრთნელებს 2 საათი დასჭირდათ, კასიუსი დაერწმუნებინათ, რომ თვითმფრინავში ჩამჯდარიყო. გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე კასიუს კლეიმ სამხედრო მაღაზიაში შეიარა და პარაშუტი შეიძინა, რომლითაც მთელი გზა იჯდა თვითმფრინავში.
* 1960 წელს მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედალი კასიუს კლეიმ პროტესტის ნიშნად მდინარეში გადააგდო. 1996 წელს, ატლანტაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ხუან-ანტონიო სამარანჩმა ხელახლა მოუწყო კასიუს კლეის დაჯილდოების ცერემონიალი და ოქროს მედალი გადასცა.
* მუჰამედ ალი მშვიდობისა და შავკანიანების უფლებებისთვის მებრძოლის სახელით სარგებლობდა საბჭოთა კავშირში და 1978 წელს საბჭოთა მთავრობის მეთაურის, ლეონიდ ბრეჟნევის პირადი მიწვევით, ის საბჭოთა კავშირს ეწვია. ვიზიტის დროს მუჰამედ ალი ბრეჟნევს შეხვდა, „ცსკას“ სპორტკომპლექსში რამდენიმე საჩვენებელი მატჩი გამართა საბჭოელ მოკრივეებთან და საბჭოეთის ისლამური ცენტრები – სამარყანდი და ტაშკენტი მოინახულა.
* 1976 წელს მუჰამედ ალიმ საჩვენებელი მატჩი ჩაატარა იაპონელ რესტლერთან, ანტონიო ინოკისთან – იაპონური რესტლინგის ვარსკვლავთან. მატჩი 12 რაუნდს გაგრძელდა და საბოლოოდ, ფრედ დასრულდა. თუმცა, ალის იმდენად ჰქონდა დაზიანებული ფეხები, რომ კარიერის დასრულების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
* პარკინსონის დაავადება მუჰამედ ალის 70-იან წლებში დაუდგინეს და 1975 წლისთვის უკვე შესამჩნევი იყო, რომ მოკრივეს სხეულის მარცხენა მხარე არ ემორჩილებოდა ალის. პარკინსონს ალი შიმშილის გზით ებრძოდა. ბრძოლებამდე 10-15 დღით ადრე ის შიმშილს იწყებდა, რადგან შიმშილის დროს დაავადება ნაკლებად პროგრესირებს. თუმცა, სისუსტის გამო ალის მხოლოდ პირველ 3-4 რაუნდამდე შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა. ამიტომ, წინასწარი გათვლებით, თავისი მეტოქე მუჰამედ ალის მესამე რაუნდში უნდა დაეგდო რინგზე.
* ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ, მაშინ ჯერ კიდევ კასიუს კლეი, მშობლიურ ლუისვილში დაბრუნდა და ოქროს მედლით დამშვენებული „თეთრებისთვის” განკუთვნილ სასადილოში შევიდა. მაგიდას მიუჯდა – „ვფიქრობდი, რომ ოქროს მედლით დამშვენებულს ისევე მომემსახურებოდნენ, როგორც თეთრკანიანებს. თუმცა, სასადილოს მფლობელმა „ზანგის” ძახილით გარეთ გამაგდო,” – იხსენებდა კასიუს კლეი. იმ დღეს ოლიმპიური ჩემპიონი მდინარე ოჰაიოსთან მივიდა და თავისი მედალი წყალში გადააგდო.
* ერთხელ მუჰამედ ალის ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა აკლია ყველაზე მეტად თანამედროვე კრივს. ამაზე დიადმა ჩემპიონმა უპასუხა – ჩემი თავი.
* მუჰამედ ალი თავის დროზე მუსიკას წერდა. მისი ერთ-ერთი კომპოზიცია „აი ემ ზი გრეითესთ” 1963 წლის ალბომიდან „სტენდ ბაი მი”, ამერიკული მუსიკალური ჩარტების მოწინავე პოზიციებზე მოხვდა.
* მუჰამედ ალის ქალიშვილი მესამე ქორწინებიდან – ლეილა ალი, მამის მსგავსად მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია მძიმე წონაში. 2001 წელს ლეილა ალიმ ჯო ფრეიზერის, მუჰამედ ალის ლეგენდარული მეტოქის ქალიშვილი, ჯეკი ფრეიზერ ლოიდი დაამარცხა რვარაუნდიან ბრძოლაში.
* ბავშვობაში მუჰამედ ალი ოცნებობდა, პირველი შავკანიანი კოსმონავტი გამხდარიყო, რომელიც მთვარეზე დაადგამდა ფეხს.
* 1962 წელს კასიუს კლეი ამერიკის არმიაში სამსახურისთვის გაიწვიეს. ჯანმრთელობის მხრივ მას პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა ინტელექტუალურ ტესტებში ძალიან დაბალი ქულები მიიღო. ის ვერ პასუხობდა ელემენტარულ შეკითხვებზეც და მისი ინტელექტის დონე „აიქიუ” 78 ქულად შეფასდა, რაც ჯარში სამსახურისთვის არასაკმარისია.
* ისლამის მიღების შემდეგ კასიუს კლეი ყველას მოუწოდებდა, მისთვის კასიუს იქსი დაეძახათ. მუსლიმანური სახელი „მუჰამედ ალი” კი, კასიუსს ილაიჯა მუჰამედმა, ორგანიზაცია „ისლამის ნაციის” ლიდერმა უწოდა. სწორედ ილაიჯა მუჰამედმა ითამაშა დიდი როლი, იმაში, რომ კასიუს კლეიმ ისლამის მიღება გადაწყვიტა.
* უკანასკნელი ბრძოლა პროფესიულ რინგზე მუჰამედ ალიმ 1981 წლის 11 დეკემბერს ჩაატარა. ბაჰამის კუნძულებზე, დედოფალ ელიზაბეთის სპორტულ ცენტრში, ყველა დროის ყველაზე დიდი ჩემპიონი კანადელ ტრევორ ბერბიკთან დამარცხდა.
* მუჰამედ ალის მიღებული აქვს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში, თეატრალურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.
* მუჰამედ ალიმ 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ოლიმპიური ცეცხლი დაანთო. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე მან ცეცხლის დანთების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
* მუჰამედ ალის შესახებ გადაღებულია სპორტული დრამა „ალი”, სადაც ლეგენდარული სპორტსმენის როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი, უილ სმიტი ასრულებს.
* თავისი ხუთი მარცხიდან სამში მუჰამედ ალიმ რევანში აიღო და გაიმარჯვა.