მართლმადიდებლური სასწაულები
მფარველმა ანგელოზმა მეისრის ვაჟი გადაარჩინა
ეს საოცარი შემთხვევა 1885 წელს მოხდა მოსკოვის ერთ-ერთი რკინიგზის სადგურზე („ოქტიაბრსკის“). პეტერბურგიდან მოსკოვისკენ მიდიოდა სწრაფი სამგზავრო მატარებელი თავისუფალ ხაზზე. მეისრემ დაინახა, რომ ლიანდაგზე მატარებლის მიმართულებით მისი სამი წლის ვაჟი მირბოდა, თან, რაღაცას იკრავდა გულში. წინიდან უკვე მოჩანდა ბოლი და ისმოდა ორთქლმავლის კივილი. მეისრეს თავზარი დაეცა, მიხვდა, რომ ბავშვთან მისვლას და მის ლიანდაგებიდან გადმოყვანას ვეღარ მოასწრებდა. მატარებელი დიდი სისწრაფით მოქროდა და თუ სასწრაფოდ არ გადასწევდა ისარს, მგზავრებით სავსე მატარებელი სხვა მატარებელს შეეჯახებოდა და ეს კატასტროფა ასეულობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა. მაშინ მან მთელი გულით შეჰღაღადა უფალს: „დაე, აღსრულდეს ნება შენი წმიდა!“ და ისარი გადასწია. კიდევ წამი და მატარებელი უკვე იმ ლიანდაგებზე მიჰქროდა, სადაც მეისრის პატარა ვაჟი იყო. როდესაც მატარებელმა ჩაიარა, თავზარდაცემული მამა სირბილით გაიქცა იმ ადგილისკენ, სადაც რამდენიმე წუთის წინ ბავშვი დაინახა, იმ იმედით, რომ მისი ცხედარი მაინც ენახა, მაგრამ იხილა საოცრება: ბავშვი თავდაღმა იწვა, გულზე კი ყვავის ბახალა ჰყავდა მიხუტებული.
– ცოცხალი ხარ, შვილო? – აღმოხდა მეისრეს.
– კი, ცოცხალი ვარ, – მხიარულად უპასუხა პატარამ, რომელიც ხელიდან არ უშვებდა ბახალას. მის თვალებში კი შიშის ნიშანწყალიც კი არ ჩანდა.
– როგორ მოიფიქრე ძირს დაწოლა?
– ვიღაც ლამაზი, კეთილი ახალგაზრდა მოვიდა ჩემთან, რომელსაც ფრთები ჰქონდა და მიწაზე მიმაკრა.
მეისრე მიხვდა, რომ სწორედ მაშინ, როცა ის ღმერთს შეჰღაღადებდა, უფლის ანგელოზმა სასწაულებრივად გადაარჩინა მისი შვილი.
წმიდა ნიკოლოზი მშობიარეს დაეხმარა
ვოლოგდის არქიეპისკოპოსი ნიკონი (1918 წელი) ხშირად ყვებოდა, თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა დედამისი:
„ჩემზე მშობიარობისას დედაჩემი ძალიან ცუდად იყო – ყვებოდა იგი. მშობიარობა მძიმედ მიმდინარეობდა და დიდხანს გაგრძელდა. დედაჩემმა იგრძნო, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარს მიუახლოვდა და მხურვალედ შესთხოვა წმიდა ნიკოლოზს, დახმარებოდა. ლოცვისას დედამ ჩათვლიმა და დაინახა, რომ ხატიდან გადმოვიდა წმიდანი, მიუახლოვდა მის საწოლს და უთხრა: „დაწყნარდი, უფალმა ინება, რომ შენ ამ წუთში შეგეძინოს ვაჟი, მას ჩემი სახელი – ნიკოლოზი დაარქვი“, და გაუჩინარდა.
ჩემთვის მართლაც ამ ხილვის დამთავრებისთანავე ნიკოლოზი დაერქმიათ.