მამათა შეგონებანი
იოსებ ათონელი: ეშმაკები, როცა გიახლოვდებიან და საბრძოლო საყვირს ჩაჰბერავენ, იქით არ მიდიან, სადაც შენ მათ წუწუნის გარეშე დაამარცხებ, არამედ გცდიან, სად გაქვს სუსტი ადგილი. იქ გინგრევენ ციხის კედელს, სადაც სულაც არ ელი. და როცა სულს უილაჯოს ჰპოვებენ, მონაკვეთს კი – სუსტს, ამარცხებენ კიდეც ყოველთვის და დამნაშავედ ხდიან მას.
მარკოზ განშორებული: თავისუფლების კანონი იკითხება ჭეშმარიტი შემეცნების გზით, შეიმეცნება მცნებათა აღსრულებით და სრულდება ქრისტეს გულმოწყალებით.
ილია მეორე: საქართველოს კულტურული, ინტელექტუალური, თუნდაც მატერიალური პოტენციალის აღორძინება სულიერი ამაღლებით უნდა დაიწყოს...
ეპისკოპოსი ეგნატე: განუწყვეტელი განსწავლა „იესოს ლოცვაში“ აღესრულება ბაგეებით ან გონებით ამ ლოცვის მშვიდად წარმოთქმისას, რასაც აუცილებლად უნდა ახლდეს ყურადღება და სინანულის გრძნობა. ეშმაკი ვერ იტანს სინანულის კეთილსურნელებას; იმ სულს, რომელიც ამ კეთილსურნელებას გამოსცემს, ეშმაკი თავის საცდურებიანად გაურბის. ამგვარად აღსრულებული „იესოს ლოცვა“ საუკეთესო იარაღია ყველა ვნების წინააღმდეგ, საუკეთესო საქმიანობაა გონებისთვის, ხელსაქმის, მოგზაურობისა და ყველა იმ შემთხვევის დროს, როცა შეუძლებელია კითხვა და ფსალმუნთგალობა.
მამა გაბრიელი: ლოცვა-კურთხევა უდიდესი მადლია. ადამიანი, რომელიც სასულიერო პირისგან ხშირად იღებს ამ მადლს, დაზღვეულია მრავალი განსაცდელისგან.
ბერი პორფირე: ნუ იტყვით უარს სხვისთვის ლოცვაზე იმის მიზეზით, რომ საკუთარ თავზეც კი ვერ შეგითხოვიათ ლოცვა უფლისთვის. გეშინოდეთ იმისა, რომ მართლაც ვერ შეავედრებთ თავს უფალს, თუ სხვაზე არ ილოცებთ.
ბერი პაისი: ყველაზე დიდებული ლოცვა ქვეყნისა და ჩვენი წინაპრებისთვის არის ჩვენი სულიერი წარმატება, რადგან ამით მათ ღვთის შეწევნის უფლება ეძლევათ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ამით ჩვენი ლოცვაც კადნიერებას იძენს. ჩვენი წინაპრები კი ხარობენ ღირსეულ შთამომავალთა გამო. მაშინ, როცა ჩვენი ცუდი ცხოვრების გამო ისინი ორმაგად იტანჯებიან.
წმიდა სილუანი: როგორ გავიგო, ვუყვარვარ თუ არა მე უფალს? აი ნიშნები: „თუ შენ მტკიცედ ებრძვი ცოდვებს, მაშინ უყვარხარ უფალს; თუ გიყვარს მტრები, მაშინ კიდევ უფრო მეტად უყვარხარ მას; ხოლო თუ შენ სულს დასდებ ადამიანებისთვის, მაშინ დიდად საყვარელი ხარ მისთვის, რამეთუ მანაც დასდო სული ჩვენთვის.
პაისი მთაწმინდელი: არ შეიძლება, გული მატერიალურს მიუძღვნა. არიან ადამიანები, რომლებიც მთლიანად ეწირებიან მატერიალურს. მთელი დღე იმაზე ზრუნავენ, რომ რაღაც სამუშაო კარგად შეასრულონ, ღმერთზე კი საერთოდ არ ფიქრობენ. ნუ მივეცემით ამას ჩვენც. იმუშავეთ ხელებით, იმუშავეთ ფეხებით, მაგრამ თქვენს გონებას ნუ მისცემთ ნებას, რომ ღვთისგან მიიდრიკოს. ნუ მიეცემით მატერიალურს მთელი თქვენი არსებით. სხვაგვარად, ადამიანი კერპთაყვანისმცემელი ხდება.