რამდენი კინოთეატრი ფუნქციონირებდა რევოლუციამდელ თბილისში და სად მდებარეობდა კინოთეატრი „არფასტო“
სინემატოგრაფი ან, როგორც მაშინ უწოდებდნენ კინოთეატრებს – „ელექტრონული კინოთეატრი“, თბილისში პირველად მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. კინო იმ დროის უდიდეს გამოგონებად ითვლებოდა და ძმები ლუმიერების მიერ შექმნილმა ნოუ-ჰაუმ მალევე მოიპოვა პოპულარობა თბილისის მცხოვრებლებს შორის. ძველი ფოტოების დახმარებით შევეცდებით, გაგაცნოთ მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისის კინოცხოვრების შესახებ.
„არფასტო”
პირველი კინოჩვენება თბილისში 1896 წლის 16 ნოემბერს გამართულა „სათავადაზნაურო თეატრში,” სასახლის ქუჩაზე. იმ დროის თბილისური გაზეთი „ცნობის ფურცელი” იუწყებოდა, რომ კინოჩვენება საღამოს 8 საათზე იწყებოდა და ბილეთის ფასი საკმაოდ ძვირი იყო. 1904 წლისთვის თბილისში რამდენიმე კინოთეატრი ფუნქციონირებდა: „ილუზიონი” მუშტაიდის ბაღში, „სკიფი” და „ურანი”. იმ პერიოდში ქართული კინო ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა და ეკრანებზე ძირითადად ფრანგულ ფილმებს უჩვენებდნენ თბილისელ კინომანებს. 1915 წლისთვის თბილისში რვა ელექტრონული კინოთეატრი ფუნქციონირებდა: ერთი – გოლოვინის (ამჟამინდელ რუსთაველის) გამზირზე, დანარჩენი შვიდი კი – მიხაილოვის, ამჟამინდელ აღმაშენებლის გამზირზე. გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კინოთეატრი „არფასტოს” სახელით იყო ცნობილი და მისი ისტორია ცნობილ სომეხ მეცენატსა და მრეწველს მიქაელ არამიანცს უკავშირდება. კინოთეატრი „არფასტო” ამჟამინდელი თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში იყო გახსნილი. მეოცე საუკუნის დასაწყისში ამავე შენობაში იყო სასტუმრო „პალას-ოტელი”, რომელიც ასევე, არამიანცს ეკუთვნოდა. მას შემდეგ, რაც არამიანცმა გოლოვინისა და ბარიატინსკის ქუჩების კუთხეში სასტუმრო „მაჟესტიკი” (ამჟამინდელი „თბილისი მარიოტი”) ააშენა, გადაწყვიტა, „პალას-ოტელის” შენობაში კინოთეატრი მოეწყო, რომელსაც „არფასტო” უწოდა. საინტერესოა, რომ სიტყვა „არფასტო” არაფერს ნიშნავს და, ეს იყო არამიანცის ხუთივე შვილის სახელების პირველი ასოებისგან აწყობილი აბრევიატურა: არამი, ფლორა, ანა, სოლოგონი, ტამარა (უფროსი შვილის მეუღლე) და ოვანესი. საბჭოთა დროს კინოთეატრს „სპარტაკი” ეწოდებოდა. ამჟამად ამ შენობაში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე კიდევ რამდენიმე კინოთეატრი გაიხსნა: 20-იან წლებში „მინიონი” სასტუმრო „მაჟესტიკის” (ამჟამინდელი „თბილისი მარიოტის”) სარდაფში, რომელსაც შესასვლელი ბარიატინსკის (აწინდელი ჭანტურიას) ქუჩის მხრიდან ჰქონდა; „სოლეი” – მელიქ-კაზარიანცის სახლში, სადაც ამჟამად პანტომიმის თეატრი ფუნქციონირებს და 1939 წელს ყოფილი თბილისის ჰაუპტვახტის შენობის ადგილას, არქიტექტორ ნიკოლოზ სევეროვის პროექტით აგებული კინოთეატრი „რუსთაველი”.
„აპოლო”
1915 წლით არის დათარიღებული შვიდი კინოთეატრის არსებობა მიხეილის პროსპექტზე: „სატურნი”, „მოდერნი”, „ლირა”, „ოდეონი”, „მულენ-ელექტრიკი”, „მულენ-ელექტრიკის” საზაფხულო დარბაზი და, სავარაუდოდ, თბილისის ყველაზე ცნობილი კინოთეატრი – „აპოლო”. გავრცელებული ცნობის თანახმად, „აპოლო” პირველი ელექტრონული კინოთეატრი იყო თბილისში, რომელიც 1909 წლის 12 აპრილს გაიხსნა მიხეილის პროსპექტზე. შენობა მოდერნის სტილში აშენდა და მსოფლიოში ამ სტილით აგებული სულ რამდენიმე კინოთეატრი არსებობს. ის იყო იმ დროის ევროპაში და, კერძოდ, რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი უდიდესი კინოთეატრი. სამსართულიანი შენობის ფასადი სწორკუთხა და თაღოვანი დიდი ფანჯრებითა და გიგანტური იონური პილასტრებით არის დანაწევრებული. ძირითად სამკაულს მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი ნაძერწი გირლიანდებისა და გვირგვინებისგან შემდგარი კომპოზიციები და სიმბოლური ფიგურული რელიეფები წარმოადგენს. შენობას ნაძერწი კრატერებით აქცენტირებული არასწორხაზოვანი უკარნიზო კონტური აბოლოვებს. მოდერნის მრავალ ნიშანს შეიცავდა ნაგებობის ინტერიერიც. არსებობს ვერსია, რომ „აპოლოს” პროექტი იმ დროის ცნობილ თბილისელ არქიტექტორს, ლეოპოლდ ბილფელდს ეკუთვნოდა, თუმცა, ამის დამადასტურებელი ფაქტების მოძიება შეუძლებელია. დანამდვილებით არის ცნობილი, რომ შენობის ამგები და მისი პირველი მფლობელი მდიდარი გერმანელი კოლონისტი იყო. ელექტრონული თეატრის მოწყობა კომპანია „რეიშმა” და კარლ ვილსისმა განახორციელეს, ხოლო შენობის არქიტექტურული მორთულობა არქიტექტურული ძერწვის ჩეხ ოსტატებს – ა. ნოვაკსა და კარლ სოუჩეკს შეუსრულებიათ. მიუხედავად იმისა, რომ კინოთეატრი 1909 წელს გაიხსნა, თეატრის შიდა ინტერიერის მოპირკეთება მხოლოდ 1914 წელს დასრულდა. თბილისში მოღვაწე იტალიელი მშენებლის კარლო მორეტის ცნობით, გერმანელების შემდეგ „აპოლო” იტალიელების, ძმები რიჩების საკუთრებაში გადასულა. ერთი პერიოდი „აპოლოსა” და თბილისის სხვა კინოთეატრების მფლობელი მეცენატი არამიანცი იყო. საბჭოთა პერიოდში „აპოლოს” სახელი შეუცვალეს და „ოქტომბერი” უწოდეს, 1990 წელს კი კინოთეატრს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ძველი სახელი „აპოლო” დაუბრუნდა. ამჟამად, თბილისის ერთ დროს ყველაზე დიდი და ლამაზი კინოთეატრი „აპოლო” უფუნქციოდ არის. შენობის გარე ფასადი აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის დროს გადაღებეს, თუმცა, შიგნიდან შენობა თითქმის მთლიანად განადგურებულია.
საბჭოთა დროს თბილისში 22 კინოთეატრი ფუნქციონირებდა, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა თანამედროვეობას: „რუსთაველი”, „ამირანი”, „საქართველო”, კინოს სახლის დარბაზი, ხოლო, „კოლხეთი”, „კომკავშირელი” (შემდგომში „ელისო”, სადაც ამჟამად სახინკლე და ბავშვთა გასართობი ცენტრია გახსნილი), „მეგობრობა”, რომლის შენობაში ერთი პერიოდი დამკრძალავი ბიურო იყო გახსნილი, „ისანი”, „საპოვნელა”, „ნაკადული” და სხვები, ან დაანგრიეს, ან შენობებს პროფილი შეუცვალეს.