ვის გამო გაატარა ლელა ნინუამ ასათიანზე საგიჟეთში სამი დღე და როგორ აპირებს ის რეალური ბოდვის პოემად დაწერას
„ჩემი ცრემლებით მოგირწყავ ვარდებს და მიგატოვებს სამყაროც სულმთლად. შენ მებაღესთან მიიტან სარჩელს‚ მერე მოყვები, რომ მე ვარ გულქვა. სიცარიელეს ავსებს მუსიკა, გულის კედლებიც ელიან მყარ ბოძს, მე შენს სხეულში ვეძებდი სუნთქვას, არადა, ქარმა წაიღო ამ დროს. შენი დუმილი საოცრად მერჩის და შესტყობია სტროფებსაც დაღლა. ალბათ‚ ამასაც სადღაც აქვს ეშხი, აზრიც – რომელმაც და-მი-მა-ტო-ვა”? – ეს ლექსი ჟურნალისტს, საოცრად ენერგიულ და ხალისიან ლელა ნინუას ეკუთვნის. ლელას ლექსები მსმენელზე ნამდვილად ახდენს შთაბეჭდილებას – ემოციურად განაწყობს და ბევრ რამეზეც აფიქრებს, რადგან მისი ლექსების უმეტესობა ღრმა შინაარსით გამოირჩევა.
ლელა ნინუა: ჩემთვის, ლექსის წერის პროცესში‚ დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ სიტყვას და არა პირველ წინადადებას. მაგალითად: „საკრალური საკვამურში აითქვიფა...“ – ასე იწყება ჩემი ერთი ლექსი, ან – „მაცდური სულის მრავალწერტილი...“ დღეს თანამედროვე პოეტები ამბობენ, ჩვენ არ ვართ პოეტებიო. საქართველოში დღეს არიან სამჯერ, ოთხჯერ კარგი პოეტები, თან, ბავშვები არიან და ისეთი ლექსები აქვთ, ისეთი გრძნობები, ისეთი მიგნებები, რომ ვკითხულობ, ზოგჯერ ყბა მრჩება ღია. მე, უბრალოდ, ვამბობ: ხანდახან მაყრის ტანზე და, როცა გაყრის, უნდა წერო. მე არ მიყვარს‚ როდესაც პოეზიის საღამოზე ათასკაციანი დარბაზი ივსება. არ არსებობს, რომ ათას კაცს შენ იმ გრძნობით წაუკითხო ლექსი, რა გრძნობითაც დაწერე. დღეს საქართველოში კარგი მკითხველი და მსმენელი უფრო ჭირს, რადგან, ის შენზე ჭკვიანია. ამიტომ, როცა წერ და საჯაროდ გამოგაქვს, ძალიან თავხედი უნდა იყო და ძალიან მაგარი. მე არ ვარ მაგარი, უბრალოდ‚ წერის სხვა სტილი მაქვს... ერთი პერიოდი, მოხდა ისე, რომ ავდექი და ჩემი ლექსები სანაგვეში მოვისროლე. როცა წერ ლექსებს, მერე ფიქრობ: „ეს არაფერია.“ მერე უცებ შემოგიჩნდება შავბნელი ძალა – „ეს სად უნდა გამოვაჩინო“. კიდევ კარგი‚ ჩემს მეგობარს‚ გიორგი ალთუნაშვილს ჰქონდა შენახული, მან განაახლა და, მინდა‚ ამისთვის დიდი მადლობა ვუთხრა. ძალიან ბევრი კარგი ლექსი გადარჩა და ამისთვის კიდევ ერთ ჩემს მეგობარს ვუხდი მადლობას. მიხარია, რომ არ მაქვს ისეთი ლექსი, რომელშიც მხოლოდ რითმაა. თუ ლექსში შინაარსი, აზრი არ დევს, მარტივია და არ დაგამახსოვრდება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კიდევ ჩემს ერთ მეგობარს, რომელსაც ძალიან უყვარს ჩემი ერთი ფრაზა: „ახლა, ამ ეპოქის დრო-ჟამს, აი‚ მარილს მოვაყრიდი მორალს“... და, რომელმაც მითხრა: სხვა რამ რომ არ დაგეწერა, ეს ფრაზაც უკვე საკმარისი იყოო.
– დღეს აშკარად აკლია ადამიანთა მორალს მარილი.
– მორალსაც და ადამიანებსაც. ცუდია ეს, მაგრამ, შემოქმედებისთვის ასეთ სიბინძურეში ყოფნა ამაღლების უფრო კარგი საშუალებაა. ახლა კარგი დრო არსებობს იმისთვის, რომ დაინახო, ვინ ვინ არის, ვინ სად დგას და ვინ რა საზომით განისაზღვრება. ძალიან არ მიყვარს, რომ შემოქმედება გადადის პოლიტიკაში, ან – პირიქით. თემურ ელიავას აქვს ასეთი კარგი ფრაზა: „დუმილიც რარიგად შეგშვენის‚ პოეტო“.
– როდის დაიწყე ლექსების წერა?
– პატარა ვიყავი, კერძო სახლში ვცხოვრობდით. დიდი თოვლი მოვიდა. დედამ ჩამაცილა სკოლამდე. რომ მივედი‚ სკოლაში დავწერე: „მოუთოვია და მოუყინავს, თეთრად გაგვითენდა დილა. დედიკოს შეეშინდა – აღარ დაეცეო და სკოლამდე მიმაცილა“... მამაც უწერდა დედას ლექსებს, როდესაც მასზე იყო შეყვარებული. მეც მითხრეს: გიყვარსო‚ ალბათო‚ სხვაო, გრძნობა იგრძნობა ზღვაო და მე ასეთი პასუხი გავეცი: „გაგიმხელ სიმართლეს მე, შენ – ვისაც გიკითხავ ლექსს, არა, არავინ მყავს, მე თავად ვუყვარვარ სხვას“. ძალიან კარგია, როდესაც უცხო ადამიანებს უყვარხარ და მე ამას სულ ვგრძნობ: ქუჩაში, პირდაპირ ეთერში, წერილებს მწერენ. მერე ემოცია ისე გიგროვდება, რომ ზოგჯერ ვერც გრძნობ‚ საიდან მოვიდა და, გინდა, რომ გასცე. ამას ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს. მთავარია‚ ჯერ იყო კარგი ადამიანი და შემდეგ იყო პოეტი, ჟურნალისტი, ექიმი, რადგან, ადამიანობის გარდა, ამქვეყნად არაფერი დარჩება...
– როგორც ვიცი‚ ამჟამად პოემას წერ, რომელსაც საფუძვლად საკმაოდ საინტერესო ისტორია უდევს.
– ჩემი ყველა ლექსი რეალურ მაგალითებს ეფუძნება, არაფერია გამოგონილი. ერთხელ დავწერე ლექსი „რეანიმაცია“, რომელშიც მთავარი ფრაზა არის „გავიგეთ“. ესეც‚ ალბათ‚ სულის რეანიმაციაა, როდესაც სულიერად სიცარიელე გაქვს და გვერდით გყავს ისეთი ადამიანი, რომელიც ერთი სიტყვით გკვებავს, ყოველდღე გეუბნება: გაიგე, გავიგეთ! შემდეგ ეს ყველაფერი გონებაში სურათივით დალაგდა: საავადმყოფოს ლიფტის კარი იხსნება, საკაცე გამოაქვთ და თეთრხალათიანი ექიმი გარბის. ამან დამაწერინა ლექსი: „მაცდური სულის მრავალწერტილი, ბნელი ოთახი და რენტგენივით გასაშიფრი... გული წამიერად გუგუნებს, გავიგეთ?” მერე მიდის მთელი ამბავი: რა გავიგეთ, როგორ გავიგეთ. მითხრეს: თუ ამაზე კარგ ლექსს დაწერ, გაღიარებთო. სანამ ასათიანზე დაიხურებოდა საავამდყოფო, სადაც ფსიქიკურად დაავადებულებს მკურნალობდნენ, ჩემმა ახლობელმა ქალბატონმა მთხოვა‚ წამომყევიო – ვიღაცის ავადმყოფობის ამბავი გაიგო და რაღაცეების მიტანა უნდოდა. გავყევი. სამი დღე დავდიოდით‚ რადგან, ავადმყოფს ეძინა. თეთრხალათიანი კარსაც არ გვიღებდა, ჩარჩოდან ხელით გვანიშნებდა: სძინავს, სძინავსო. ისე გავბრაზდი, პირველ დღეს კარი გავაღებინე და იქვე დავდექი. მეორე დღეს ისევ მივედით. ძლივს ააყენეს, ძალით გააღვიძეს. რა ხდებოდა‚ ვერ გავიგე. მე უკვე გიჟის თვალები მქონდა, რადგან ყველაფერმა ძალიან იმოქმედა. მერე ჩემკენ, არაჩვეულებრივი გოგონა გამოემართა და მითხრა: მე თქვენ გიცნობთ ტელევიზორის ეკრანიდან, თეატრალური დავამთავრეო და თავისი ამბავი მომიყვა. არ უნდოდა, ეთქვა, რომ ისიც იქ მკურნალობდა, მითხრა, დედას ვმკურნალობო. სწორედ მის ისტორიას ვყვები პოემაში, რომელიც ბოდვაა, მაგრამ, რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. ამის პარალელურად ვითარდება მეორე ავადმყოფის ისტორია, რომელსაც სულ სძინავს. ოთხი თავი უკვე დაწერილი მაქვს. მე მყავს არაჩვეულებრივი რედაქტორი, ქალბატონი თამარ უჯმაჯურიძე, რომელიც არაჩვეულებრივ ლექსებს წერს და, არც ერთი ჩემი ლექსი მისი რედაქტირების გარეშე არსად არ გამომაქვს.
– ალბათ‚ ბევრი სირთულე შეგხვედრია ამ ცხოვრებაში.
– უფრო სწორი იქნება, მკითხო, რა ყოფილა შენს ცხოვრებაში ადვილიო. მე კი არ ვირთულებ, უბრალოდ‚ ასე ხდება. ჩემი ზედმეტი სახელი არის „გიჟი“ – გიჟი მოვიდა, რადგან ავხტები, მივხტები, დავუკრავ, ვიმღერებ, ვიცეკვებ და არ შემოგახვევ თავს ჩემს ცუდ განწყობას – საკუთარი თავის ანტიდეპრესანტი ვარ. არ ვიცი‚ რა არის დეპრესია, ვერ ვიგებ‚ როგორ შეიძლება, უფულობამ დეპრესია დამმართოს, რადგან, არასდროს არ მაქვს დეპრესია. ერთ ღამეს, მოვდიოდი და, ვხედავ, განათებულ კიბეზე ზის სამი ბავშვი: ორი თამაშობს, მესამე მიყუდებულია სხვაზე და სძინავს. იცი, რამდენი ვიტირე?! მეორე დღეს წავიღე ტანსაცმელი, იქნებ, სადმე ვიპოვო-მეთქი. იმ ადგილას ხშირად დავდივარ, მაგრამ, ვერ ვიპოვე. მინდა, ბევრი ფული მქონდეს და ბევრი სიკეთე ვაკეთო. ეს არის ემოცია‚ რომელიც სასწაულებს გაწერინებს. ჩვენი ქვეყანა კი მთლიანად ემოციაა... ერთი ასეთი ფრაზა მაქვს: გიჟს არ სჭირდება თავისუფლება, გიჟი ყველგან არის. კარგი გაგებით ჩვენ ყველანი გიჟები ვართ. მე მიხარია და ამაყი ვარ, რომ გვერდით მყავს ისეთი მეგობრები‚ რომლებიც ჩემზე წარმატებულები არიან. დაეცემი – შენზე ძლიერი ყოველთვის აგაყენებს. „თუ არ წაიქცევი‚ ადგომას ვერ ისწავლი“. მთელი ცხოვრება გრძელდება ასეთი სიტუაციები, როდესაც ეძებ შენს ადგილს. მე რამდენიმე წლის წინ გავიარე ის პერიოდი, როდესაც ერთ-ერთ არხზე მითხრეს: დაარეკინე ზევიდანო. და მე გულწრფელად ვუთხარი: პირველ სართულზე ვცხოვრობ, ზედა სართულზე არავის ვიცნობ-მეთქი. არ დამცინეს, მაგრამ, მერე მივხვდი‚ რაზე საუბრობდნენ. სანამ საქართველოში იარსებებს ის მომენტი, რომ, რადგან მე არ მაქვს ფული, რაღაცას ვერ ვაკეთებ; ან, არ ვარ იმისტი ან ამისტი, ამიტომ ვერ გავაკეთებ რაღაცას – არ შემიყვარდება არავინ და ამას არც არასდროს შევეგუები...
– როგორი ხარ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი?
– საშინლად კრიტიკული და ყველა ამაზე მეჩხუბება. მე ვამბობ: მე არაფერს არ ვწერ, არ წავიკითხავ. მაქვს ასეთი ამოჩემებები: ამას გავაკეთებ, იმას არ გავაკეთებ. რომ მეუბნებიან: რა ლამაზი თვალები გაქვსო, მე ვეუბნები: ლამაზი თვალები რომ არ მქონდეს‚ რას მეტყოდი? როგორი აპრეხილი ცხვირი გაქვსო და – მე ამ ცხვირის გასაკეთებლად წოპესთან მივედი – მომაჭერი-მეთქი... მოკლედ, არაფერი არ მომწონს საკუთარ თავში. სახლში აუტანელი ვარ. ორი ბიჭი მყავს – 15 და 11 წლისანები. არავის სჯერა, რომ ორი შვილი მყავს. ისინი ჩემზე უფრო მეტად ზრუნავენ, ვიდრე მე – მათზე. არავის სჯეროდა სამსახურში, რომ მე შვილებს ვეფერებოდი, რადგან‚ როდესაც რაღაცას ვაკეთებ, აუტანელი ხასიათი მაქვს – სულ დადიხარ და ცოფავ ყველასო. მკაცრი ვარ შვილებთან ურთიერთობაში. ერთხელ, დედის დღეს რომ გვილოცავდნენ, ჩავილაპარაკე: ყველა დედა დედაა-მეთქი?! სახლში საერთოდ არ ვარ, ერთხელაც, ალბათ, აღარ შემიშვებენ... საქმიდან სულ მინდა, მაქსიმალური შედეგი მივიღო. ამის გამო ბევრს უთქვამს ჩემზე, რა სტერვააო. მაგრამ, ვინც მიცნობს‚ ისინი ამბობენ: ზუსტად უნდა იცნობდე და დაამუღამო‚ როგორი ხასიათი აქვსო. ძალიან მომთხოვნი ვარ და არაფერში არ მიყვარს „ხალტურა“. ამის გამო, შეიძლება‚ ბევრი ადამიანი მომავალშიც დავტოვო უკმაყოფილო. არ უნდა მანერვიულო და აბსოლუტურად ყველაფერს გაგიკეთებ, ბოლომდე მოგყვები, არ დაგითვლი წამებს, წუთებს...