როგორ დაიკარგა 18 წლის გოგონა კრასნოიარსკში და რატომ „გაქრა“ ამ ამბის შემდეგ მისი დაქალი
45 წლის ელვირა ვალენტინის ასული შეველიოვა ეძებს 38 წლის ლუდმილა (ლუდა) შეველიოვას.
ისტორია: ვეძებ ჩემს ბიძაშვილს, 38 წლის ლუდმილა შეველიოვას. ლუდა 1992 წელს ვნახეთ, მას შემდეგ აღარ გვინახავს. ბოლოს ის ქართველ მამაკაცთან ერთად ნახეს, როდესაც ის მანქანაში ჯდებოდა. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ მის მოძებნაში. გავიგეთ, რომ ლუდა საქართველოში, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, მაგრამ დაზუსტებით სად – არ ვიცით. თქვენი რუბრიკისა და მისი მკითხველის დიდი იმედი გვაქვს. ოჯახის წევრები და მეგობრები ლუდას პოვნის იმედს არ ვკარგავთ.
ჟურნალისტის შენიშვნა: ლუდმილა შეველიოვას მოძებნის შესახებ განაცხადი განთავსებულია, ასევე, „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე. დაკარგულების სტენდზე გაკრულია ლუდას ფოტოც. ჯერჯერობით, ძიებამ არანაირი შედეგი არ გამოიღო, მაგრამ ჩვენ მაინც დიდი იმედი გვაქვს რუბრიკა „დაკარგულების“ მკითხველის.
– გვიამბეთ, რა მოხდა 1992 წელს თქვენს ოჯახში, როგორ დაიკარგა ლუდმილა?
– ეს დღე ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება. ლუდა აპირებდა თავის დაქალთან, ოლღა ტიხომიროვასთან წასვლას, მაშინ სწორედ შვიდის ნახევარი იყო ჩვენი დროით (ჩვენ რუსეთში, კრასნოიარსკში ვცხოვრობთ). ლუდა არც ოლღასთან გამოჩნდა და აღარც სახლში არ დაბრუნებულა. ყველანი, მთელი მისი ოჯახი და ნათესაობაც შეშფოთებულები ვიყავით. ბუნებრივია, ყველა ხერხით ვეძებდით ლუდას. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, სანაგვე მანქანაზე მომუშავე მძღოლმა (სახელად მარატ შიგალოვმა), სრულიად შემთხვევით იპოვა ლუდას საფულე და პასპორტი. თავდაპირველად ჩვენ ყველას ეს ძალიან ცუდ ნიშნად მიგვაჩნდა, მაგრამ, შემდგომ ჩვენი აზრი შეცვალა ერთმა გარემოებამ: ლუდას დას საკმაოდ სანდო პიროვნებისგან აქვს ცნობა, რომ ლუდა ცხოვრობს საქართველოში და ჰყავს ორი შვილი – გოგო და ბიჭი. იმ პიროვნების სახელსა და გვარს ლუდას და ვერ ასახელებს. თუმცა, ამბობს, რომ მას ასი პროცენტით ენდობა.
– მაინც, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ლუდა ამ დრომდე საქართველოშია, რაიმე მტკიცებულება გაქვთ?
– ჩვენს მეზობლებს უნახავთ, როგორ ჯდებოდა ლუდა ღია ფერის მანქანაში ქართველ კაცთან ერთად. სავარაუდოდ, ეს იყო თეთრი ან მოყვითალო ფერის მანქანა. არ არის გამორიცხული, რომ ლუდა მართლაც ქართველს გაჰყვა ან მოიტაცეს. მაგრამ, საეჭვო მხოლოდ ის არის, რომ აქამდე არც ერთხელ არ დაკავშირებია თავის ოჯახის წევრებს.
– ლუდას ოჯახმა ხომ არ შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი?
– დიახ. ამ დიდი ტრაგედიიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ ლუდას დედ-მამა შვილებთან ერთად სხვა მისამართზე გადავიდა, რადგან, იმ სახლში მათ ყველაფერი ლუდას აგონებდათ. არ არის გამორიცხული, რომ ლუდა სწორედ ამ მიზეზით არ უკავშირდება მათ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა, რომ ამის გვჯეროდეს.
– კიდევ რა ხერხებით ეძებდით დაკარგულ ლუდმილას? რას ამბობს მისი მეგობარი ოლღა, ვინმე თაყვანისმცემელი ხომ არ ჰყოლია ლუდას, სანამ დაიკარგებოდა.
– ოლღა ტიხომიროვა ამ ამბის შემდეგ მალევე წავიდა ჩვენი ქალაქიდან, შეიძლება ითქვას, გაქრა და, არავინ იცის, რატომ. ვერც წარმოიდგენთ, რამდენი წერილი გავგზავნეთ და სად აღარ მივედით. მოსკოვის ყველაზე ცნობილ ექსტრასენსებთანაც ვიყავით. მათგან ერთ-ერთმა გვითხრა, ლუდმილა საქართველოშია, მეორემ კი – თურქეთშიაო. დანამდვილებით, რა თქმა უნდა, არ ვიცით, სად ვეძებოთ ლუდა, მაგრამ, ყველგან ვეძებთ. გული მაინც იმას გვიგრძნობს, რომ ის საქართველოშია.
– თქვენი აზრით, რამდენად რეალურია პასპორტის გარეშე საზღვრის გადაკვეთა? თქვენი თქმით, ხომ მისი პასპორტი სანაგვეზე იპოვეს.
– ამაზეც ბევრი გვიფიქრია. ხომ შეიძლება, ის სხვა პასპორტით გადაიყვანეს ან დიდი ფულის სანაცვლოდ გაუშვეს პასპორტის გარეშე? ამაზე სრულ პასუხს მხოლოდ ლუდას პოვნის შემთხვევაში გავიგებთ. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ მის მოძებნაში. ნათესავები მისი პოვნის იმედს არ ვკარგავთ.
– თქვენ მიერ გამოგზავნილ ფოტოზე ლუდა რამდენი წლისაა?
– ეს არის მისი ბოლოს გადაღებული ფოტო და მასზე ლუდა დაახლოებით 18 წლის უნდა იყოს. არა მგონია, დიდად იყოს შეცვლილი. რა თქმა უნდა, გაიზრდებოდა და დაქალდებოდა, მაგრამ, იქნებ ვინმემ იცნოს ჩვენი ლუდოჩკა და გამოგვეხმაუროს. მე ამის დიდი იმედი მაქვს.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.