რატომ აბრალებს ზოგიერთი ქალი საკუთარ შეცდომებს სიყვარულს და რას ნანობს ის
როცა ქალს უყვარს – უყვარს თავდაუზოგავად და ბოლომდე იხარჯება ამ სიყვარულში. მამაკაცების უმრავლესობას, ნებისმიერ ურთიერთობაში, საკუთარი თავი უფრო უყვარს და ცდილობს, მეტი სარგებელი ნახოს. „იღვწის“ იქამდე, სანამ ქალის სიყვარულს არ გაინაღდებს, მერე კი, თავისი „დანახარჯების“ ამოღებას გულგრილობითა და უყურადღებობით და, არცთუ იშვიათად, ღალატით ცდილობს. როგორ მოიქცეს იმ დროს ქალი – დამალოს გრძნობა და ითამაშოს მისთვის მომგებიანი თამაში?! როცა მართლა გიყვარს, ეს საკმაოდ რთულია, რადგან, გრძნობა თითქმის მთლიანად იმორჩილებს გონებას, მით უფრო მაშინ, როცა ეს გრძნობა დიდხანს იყო უპასუხოდ. დაგროვილი ოცნებები და ფანტაზიები, აუცილებლად „მოითხოვს“ რეალიზებას და, ქალიც ხვდება, რომ უძლურია, რადგან, მას არ გაუმართლა...
ლალიკო (39 წლის): სიყვარული მხოლოდ ტვირთია, რომელსაც ბედნიერების ხანმოკლე ილუზია ახლავს. ძალიან, ძალიან დიდხანს მიყვარდა არანორმალურად, მთელი გულით, თავდაუზოგავად და ვიყავი სისულელემდე ერთგული. ბედისწერად მივიჩნევდი ჩემგან შეთხზულ აბსურდს. დავიკომპლექსე თავი და ტყუილში ვაცხოვრე. არ ვიცი, რატომ დამემართა ეს. შეიძლება, ჩემი მეტისმეტი რომანტიკულობის გამო, ან, იმიტომ, რომ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი სიყვარულზე.
– სიყვარულს აბრალებთ, რომ ცხოვრების თანამგზავრში შეცდით?
– არა, საკუთარ სისულელეს. მხოლოდ სულელი თუ მისცემს საშუალებას მამაკაცს, მისი გრძნობით გაერთოს. მერწმუნეთ, თითქმის არც ერთი კაცი არ ამბობს ამაზე უარს. აღარც მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი ხალისიანი და ბედნიერი, როდის მიხაროდა ცხოვრება. კაცს შეუძლია, ისე მოახერხოს, საკუთარ ქალობას ვეღარ გრძნობდე. მე მივხვდი, რომ, როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს ქალი, მამაკაცის ყურადღებას ვერ მიიპყრობს, თუკი თავად არ დარწმუნდა, რომ ლამაზია.
– თქვენ გქონიათ ასეთი მომენტები?
– რომ მქონდა, იმიტომაც ვამბობ. იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როცა თავი ყველაზე მომხიბვლელ ქალად მიმაჩნდა და ამას სხვებიც ამჩნევდნენ – კაცების მზერას ვიზიდავდი, მაგნიტივით ვიყავი მათთვის. ფიზიკურად არ შევცვლილვარ – ვგულისხმობ იმ პერიოდს და ამ პერიოდს. პირიქით, თავს კიდევ უფრო მეტად ვუვლი. მატერიალური საშუალებაც ახლა გაცილებით მეტი მაქვს, მაგრამ, კაცებისთვის მაინც შეუმჩნეველი ვრჩები.
– თქვენი პრობლემა ეს არის? ანუ, ის, რომ კაცების ყურადღებას ვერ იპყრობთ?
– ესეც. დამიჯერეთ, არც ერთი ქალისთვის არ არის სასიამოვნო, როცა მამაკაცები ვერ ამჩნევენ. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი წლის იქნება ის. მით უმეტეს, ოცდაათ წელს გადაცილებული ქალები ბევრად უფრო მგრძნობიარენი, ბევრად უფრო ემოციურები და სექსისადმი მომთხოვნები ხდებიან, რაც თავისთავად გულისხმობს მამაკაცის მხრიდან ყურადღების მიპყრობის სურვილს. ფსიქოლოგები ამას „შუახნის კრიზისს“ ეძახიან. ზოგიერთი ქალი ხვდება ამას, ზოგი – ვერა და, ვერაფრით ხსნიან საკუთარი ხასიათის ცვლილებას. პრაგმატულად მოაზროვნე ქალებისთვის ცხოვრება უფრო ადვილია. მათთვის სიყვარული აღმაფრენის წყარო არ არის. მიაჩნიათ, რომ ეს თინეიჯერების გასართობი უფროა და, ზრდასრული ქალი უკვე უნდა ხვდებოდეს, რა სჭირდება მას რეალურად. მე ან თინეიჯერობის ასაკში ჩავრჩი, ან ჩემივე სიყვარულის ტყვეობაში მაშინ აღმოვჩნდი, როცა ის გავაიდეალე. კარგი ინტუიცია მაქვს, ყოველთვის წინასწარ ვგრძნობდი, როდის უნდა მომხდარიყო ჩემს თავს რამე კარგი ან ცუდი, მაგრამ, სიყვარულმა ისიც დამიჩლუნგა.
– რას ნიშნავს – „დამიჩლუნგა“?
– „დამიჩლუნგა“ ნიშნავს იმას, რომ ვერ გამოვიცანი ის საფრთხე, რომელიც მამაკაცისგან მოდიოდა. თუმცა, ალბათ, მაინც მე უფრო ვარ დამნაშავე. მაგრამ, ძალიან ბევრი რამ არ ვიცოდი. მაგალითად, არ ვიცოდი, რომ კაცის ასე შეყვარება არ შეიძლება; რომ არ შეიძლება, შენი პიროვნება მთლიანად მას დაუქვემდებარო; არ შეიძლება, საკუთარი „მე“ დაივიწყო; არ შეიძლება, მარტო მასზე იფიქრო და მსხვერპლად შეეწირო. ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება დავკარგე. როცა ამ კაცს შევხვდი, თითქმის დანიშნული ვიყავი ძალიან კარგ ადამიანზე.
– ანუ, ყველა მამაკაცი არ ყოფილა ერთნაირი...
– მე არ ვიცი, როგორები არიან სხვა მამაკაცები – ამ საკითხზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ თქვენთან. ამის შესახებ ჩემზე გამოცდილმა ქალებმა უნდა ისაუბრონ. არადა, როგორ კარგად დაიწყო ყველაფერი: ჩემით მოხიბლული, თვალებში შემომციცინებდა... უკვე ორი საათის შემდეგ კი მეუბნებოდა, რომ მისი ოცნების ქალი ვარ.
– მაშინვე შეგიყვარდათ? დანახვისთანავე?
– საქმე რაშია, იცით? მე მას ადრეც ვიცნობდი – ჩემი თანაკურსელი იყო. ნორმალური, წესიერი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა ყოველთვის. მის მიმართ სიმპათია სულ მქონდა. ვატყობდი, რომ არც ის იყო ჩემ მიმართ გულგრილი, მაგრამ, რაღაცნაირად, ურთიერთობა არ შედგა. იმ პერიოდში მის ერთ ძმაკაცს მოვწონდი და ვფიქრობდი, რომ ამის გამო შეიკავა თავი, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი.
– რატომ გგონიათ. თვითონ გითხრათ?
– არა, ამ ყველაფერს მერე, თავად მივხვდი. როცა ბოლომდე ვიტყვი სათქმელს, თქვენც მიხვდებით. მოკლედ, წლების შემდეგ შევხვდით ერთმანეთს. იყო სიყვარულის ახსნა, მთვარიან ღამეში სეირნობა და რომანტიკული პაემნები... იცით, როგორ შემიყვარდა?! თავი დავკარგე. უკვე მომავლის გეგმები დავაწყვე. ვოცნებობდი, როგორ შევქმნიდი მასთან ერთად ოჯახს, როგორ გავაჩენდი საყვარელი მამაკაცისგან შვილებს, ვიქნებოდი ბედნიერი და... ამ დროს, გაქრა.
– რას ნიშნავს – გაქრა?
– აი, ასე... ვურეკავდი – არ მპასუხობდა. მერე საერთოდ გამორთო ტელეფონი. ისეთი ისტერიკა მქონდა, არ მეძინა, ვერ ვჭამდი... სულ ვტიროდი. ძლივს დავდექი ფეხზე. მიყვარდა სიგიჟემდე. ისე მიყვარდა, რომ არაფერში არ ვადანაშაულებდი და ვგლოვობდი. ეტყობა, რაღაც ისეთი პრობლემა შეექმნა, რომ წავიდა ჩემგან, რათა მძიმე სიტუაციაში არ ჩავეგდე-მეთქი – გამართლება მოვუძებნე მის საშინელ საქციელს. ჩემს ფანტაზიებში მისგან რაინდი შევქმენი და თავი დავირწმუნე, რომ აუცილებლად უბედურება დაემართა-მეთქი. იცით, რა დღეში ვიყავი? თავი დავინგრიე... ამით იმას მივაღწიე, რომ კარგა ხნით ავუკრძალე საკუთარ თავს ბედნიერება. არადა, შანსი მქონდა. ქვრივივით თავდახრილი დავდიოდი. რომელი მამაკაცი დაინახავდა ჩემში ქალს? არადა, როგორც გითხარით, კანდიდატები იყვნენ. ასე მივედი 33 წლამდე. მე უბედურს, თან თავი მომქონდა – თურმე, როგორი სიყვარული შემძლებია-მეთქი. საღამოობით, მარტო რომ ვრჩებოდი, კიდევ და კიდევ ვიხსენებდი მისი ხელების სითბოს, მის ალერსიან მზერას, მის აღფრთოვანებულ სიტყვებს: „შენნაირი არავინ არის!“ „შენნაირი ქალი ხელის გულზე უნდა ატაროს კაცმა“, „შენთან ერთად ყველგან ბედნიერი ვიქნები“... არ იყო ეს თვითგვემა?!
– არ გიძებნიათ? მაგალითად, არ დაგირეკავთ მისი მეგობრებისთვის?
– მე არ ვიცნობდი მის მეგობრებს ახლოს. ახლა ვხვდები, რომ ესეც სპეციალურად გააკეთა. რამდენჯერმე ვთხოვე, შენი მეგობრები გამაცანი-მეთქი და მპასუხობდა, შენ გვერდით როცა ვარ, აღარავინ მჭირდება, ამ ბედნიერ წუთებს ვერავის გავუყოფო. ამით ისე ვებმეოდი, თავს ვკარგავდი, არანაირი კითხვა აღარ მიჩნდებოდა. ვერაფრით წარმოვიდგენდი იმას, რაც დამემართა. ის დაკარგული წლები მენანება. საშინელება კი ის არის, რომ, ერთხელ ხომ დავუშვი შეცდომა, მაგრამ, ჭკუის სწავლების ნაცვლად, უარესი გავაკეთე – როცა კიდევ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, დავუჩოქე და ლამის იქით მოვუხადე ბოდიში.
– ბოდიში რისთვის?
– რისთვის და, ცრემლებში რომ გამატარებინა ამდენი წელიწადი. რატომ არ მირეკავდა, რატომ არ მეხმიანებოდა – გაუგებარია. მიზეზიც კი ვერ მითხრა ნორმალური და, მე დებილმაც, მის ბოდიალს ყურადღება არ მივაქციე. მივიღე, როგორც რაინდი, როგორც სასწაული და მარტოობის ბრჭყალებისგან ჩემი გამომხსნელი. მოკლედ, ყველაფერი დამავიწყდა...
– მიზეზი მართლა არ გითხრათ, სად იყო?
– ფინანსური პრობლემები მქონდაო – სულ ეს იყო და მეც მეტი აღარაფერი მიკითხავს. ჩემი სიცოცხლე გვერდით მყავდა და მეტი რაღა მინდოდა! ჩემს სიყვარულში ჩავიკარგე ბოლომდე... თითქოს ცხოვრებაც თავის კალაპოტში ჩადგა. ისევ დავაწყვე გეგმები, ისევ წავედი ოცნებებში და ისევ წარმოუდგენელი წინდაუხედაობა გამოვიჩინე. თუმცა, რომელ წინდაუხედაობაზე იყო საუბარი, როცა ეს კაცი მთელ სამყაროდ ვაქციე.
– სიყვარული, ალბათ, გულისხმობს ამას.
– ჰოდა, მაგიტომაც არ არის აუცილებელი, ვინმე გიყვარდეს. ემოციური, მგრძნობიარე ქალისთვის პირდაპირი უკუჩვენებაა. მე აღარ მინდა სიყვარული. თუ გამოჩნდება მამაკაცი, რომელიც ჩემ მიმართ ინტერესს გამოამჟღავნებს, ყოველგვარი სიყვარულის გარეშე ვიცხოვრებ მასთან. აღარ მინდა ემოციები და ნერვიულობა.
– შეძლებთ?
– ისე ვარ ემოციებისგან დაღლილი და განადგურებული, შევძლებ. სიყვარული არ სჭირდებათ მამაკაცებს. მათ უნდა ეთამაშო, აწვალო, აწამო, ითვალთმაქცო და მაშინ დაგაფასებენ. ასე ცხოვრობენ ჭკვიანი ქალები. ჩემნაირების ხვედრი კი ცრემლები და მხოლოდ ტანჯვაა. მეორედ რომ მოვიდა, თითქოს მონანიე და ჩემი სითბოს მონატრებული, კიდევ უფრო მეტი სიყვარული დავახვედრე – თან გადავყევი, სასათბურე პირობები შევუქმენი: ვყიდულობდი მისთვის ძვირფას ტანსაცმელს, ვუმზადებდი უცხო და უგემრიელეს კერძებს, ბავშვივით ვუვლიდი და ველოლიავებოდი.
– იქნებ, სწორედ ეს მობეზრდა?
– გაოგნებული ვარ. სიყვარული და ყურადღება როგორ უნდა მობეზრდეს ნორმალურ ადამიანს?! არანორმალური იყო? მაგრამ, რომ არ ეტყობოდა? მე ვფიქრობ, ის, უბრალოდ, უმადური კაცია, რომელმაც ვერ დააფასა ჩემი სიყვარული. კიდევ ორი წელი დამაკარგვინა. ისე მეთამაშა, როგორც კატა ათამაშებს ხოლმე თაგვს. ლამის ორმოცი წლისა ვარ და, არც ოჯახი მაქვს, არც შვილები მყავს. მარტოსული, ფსიქიკადანგრეული, დაკომპლექსებული ქალი ვარ. სიყვარული რომ აღარ მინდა, ეს უკვე კომპლექსია, თანაც, სერიოზული. ძალიან გვიან გავაცნობიერე, რომ ჩემი გრძნობები ჰაერში დარჩა. დამცინეს და გამომიყენეს. მას მხოლოდ დროებითი ნავსაყუდელი უნდოდა – ორივეჯერ დროებით „შეჩერდა“ ჩემთან...
– გღალატობდათ?
– თუ დამიჯერებთ, ნაკლებად დავინტერესდი ამ ფაქტით. თუმცა, როცა მეორედაც მიმატოვა, თავად მითხრა, რომ სხვა ქალის გამო მტოვებდა; თანაც, იმ ქალის გამო, რომელიც მე თვითონ გავაცანი – ჩემი თანამშრომელი, ზუსტად ისეთი „იგროკი“ და კაცების ემოციებზე მოთამაშე, როგორიც, ჩვეულებრივ, თავიანთ მახეში ითრევენ კაცებს, აგიჟებენ და აშტერებენ. რომ მითხრა, რა ვქნა, ძალიან მომხიბლაო, პირველი რეაქცია, რაც მქონდა, ღიმილი იყო, მერე გამეცინა. ბოლოს კი ისტერიკა დამემართა. არ მინდოდა მისი გალანძღვა და ბოღმის ამოფრქვევა, მაგრამ, თავისით ამოხეთქა. ძალიან ცუდი სიტყვები ვუთხარი. პრინციპში, მთლიანად იმსახურებდა ამას და კიდევ უფრო უარესსაც. მთელი ხმით ვუყვიროდი ნაგავი ხარ, უვარგისი, მათხოვარი-მეთქი, ერთი წლის წინ ეგ ქალი საერთოდაც არ შემოგხედავდა ზედ. მე შეგქმენი და მევე გაგანადგურებ, ზუსტად ისეთს გაგიშვებ იმასთან, როგორიც ჩემთან მოეთრიე-მეთქი... მერე მთელი ტანსაცმელი დავუჭერი – ჩემი ნაყიდი იყო ყველაფერი. გაგიჟდა, გინება დამიწყო. თავისი ბუნება სრულად გამოამჟღავნა და, უცებ, არაბუნებრივი სიცარიელე ვიგრძენი. ვუყურებდი, როგორ მაგინებდა უშვერი სიტყვებით დუჟმომდგარი და ვფიქრობდი, ეს არარაობა რანაირად მიყვარდა-მეთქი.
– ანუ, გათავისფლდით მისგან?
– მისგანაც გავთავისუფლდი და სიყვარულისგანაც. ახლა უკვე ვიცი, რომ კაცი ბედნიერს ვერ გამხდის. მხოლოდ მე თვითონ შემიძლია, ეს საკუთარ თავს გავუკეთო: გავაჩენ შვილს. ვიზრუნებ მასზე და საკუთარ თავზე; გავანებივრებ ჩემს სისხლსა და ხორცს... რაღა ვიღაც ნაძირალას შევუქმნა კომფორტი და მივცე ის, რისი ღირსიც არ არის?
– გაუთხოვრად გადაწყვიტეთ შვილის გაჩენა?
– არ ვიცი, როგორც გამომივა, ისე ვიზამ. ჩემთვის შვილის ასე გაჩენაც არ არის პრობლემა. უბრალოდ, ბავშვებისთვის არის ხოლმე უკეთესი, როცა ისინი ნორმალურ ოჯახში იზრდებიან. თუმცა, უკვე არ ვიცი, რამდენად არის შესაძლებელი ნორმალური მამაკაცის პოვნა. სიყვარული კი საკუთარ თავს უკვე ავუკრძალე...