კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უყვარს გურამ ბაბლიშვილს ძირს „გათხლაშვა“ და როდის არის ის „დიდი ბავშვი“

ახლახან გურამ ბაბლიშვილს განახლებული „ხანუმას“ პრემიერა ჰქონდა. ის, აგრეთვე, განაგრძობს სომხისა და თურქის როლების შესრულებას რუსულ ფილმებსა და სერიალებში. პატარა სოლომონი უკვე 5 თვისაა... რა ხდება გურამისა და ანფისას ცხოვრებაში, ამის შესახებ უფრო დაწვრილებით თავად გურამ ბაბლიშვილი გვიამბობს.

 

– ახლახან გვქონდა განახლებული „ხანუმას“ პრემიერა. რაღაც-რაღაცეები შევცვალეთ – დეკორაციები, სხვანაირი ცეკვები და მუსიკა იქნება, ცოტათი შეიცვალა მსახიობთა შემადგენლობაც. სპექტაკლს ანა ჩუსოვა დგამს. ახალ სპექტაკლში ბევრი ცნობილი მსახიობი და სახალხო არტისტი ითამაშებს. ვფიქრობ, მსუბუქია, ვოდევილი და სახასიათო. 3-ში იყო პრემიერა და დილიდან საღამომდე რეპეტიციები გვქონდა.

– როგორც ვიცი, შენმა ქართველმა მეგობარმა, დათო წიგნაძემ, უარი თქვა ამ სპექტაკლში თამაშზე. რა არ მოეწონა?

– ასე არ არის, უარი არ უთქვამს. უბრალოდ, აღარ ითამაშებს ამ დადგმაში, რადგან, დაკავებულია, რაღაც გადაღებები აქვს და დრო არ აქვს, თორემ, ისე, სპექტაკლის მთავარ ქორეოგრაფად რჩება. ჩვენ „ხანუმა“ 2006 წლიდან გვაქვს. წავიღეთ უკრაინაში, გერმანიაში, შტატებში, ბალტიისპირეთში და დიდი მოწონება ხვდა წილად... ძალიან გვინდოდა საქართველოში ჩამოტანაც, მაგრამ, იქ ვიზების პრობლემა იყო, თანაც, ანტრეპრიზას სადმე წაღება ძალიან რთულია. სპექტაკლი, რომელიც 20 000 დოლარი ღირს, საქართველოს მასშტაბებისთვის საკმაოდ ძვირია. ეს არის კომერციული პროექტი. მსახიობები იმაზეც თანახმა იყვნენ, ენთუზიაზმზე, ჰონორარის გარეშე ეთამაშათ თბილისში. ვნახოთ, რა იქნება.

– გადაღებებშიც ხარ დაკავებული?

– რა თქმა უნდა. ის სერიალი, სადაც თურქს ვთამაშობ, არა და არ დამთავრდა, არადა, კონტრაქტზე ხელი მაქვს მოწერილი (იცინის). რეიტინგულია და მაყურებელსაც მოსწონს ჩემი გმირი. ვიხვეწები – მოკალით-მეთქი, მაგრამ, არა და არ კლავენ! წლის ბოლომდე ვიქნები ამ სერიალში. ახლახან ჩამოვედი უკრაინიდან – კინოგადაღებები გვქონდა ყირიმში. ულამაზესი ადგილებია. გადაიღეს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ყირიმის ისტორიაში. მეორე მსოფლიო ომის თემაზეა. არაჩვეულებრივად ნიჭიერ რეჟისორთან მომიწია მუშაობა. მოქმედება ვითარდება 1944 წელს, სადაც ყირიმის გათავისუფლების შემდეგ ადგილობრივები მასობრივად „ჩატვირთეს“ ვაგონებში და გადაასახლეს. მე ვასრულებ მთავარი გმირის მეგობრის – უხელებო სომეხი ჯარისკაცის როლს. გადაღებები მიმდინარეობდა ქალაქ ბახჩისარაიში, ულამაზესი ქალაქია.

– მერე, ჰგავხარ სომეხს? 

– (იცინის) რა ვიცი, არაბებსა და თურქებს ვთამაშობ და, სომხის თამაში რა პრობლემაა. ჩვენები ჰგვანან ესპანელებს, რომ თამაშობენ თეატრებში?! გარეგნულად, ასე თუ ისე, ვგავარ, ოღონდ, სომხური არ ვიცი, ერთ-ორ სიტყვას თუ არ ჩავთვლი. საინტერესო როლი იყო – მცემდნენ, მკლავენ ბოლოს, მცხრილავენ (იცინის). ვიცეკვე იქ, დალევა მომიწია. არ მიყვარს მარტივი როლები, „მაგიდას და სკამს“ ვეძახი ასეთ როლებს, უინტერესოა, მეძინება ხოლმე! მთლად დამაჯერებლად ჯანმრთელი ადამიანი უხელებოს ვერ ითამაშებ, მაგრამ, შევეცადე მაინც, – ვთხოვე, ხელები უკან წაეღოთ და შეეკრათ, რაც საკმაოდ მტკივნეულია! კარგა ხანს მომიწია ხელებშეკრულს სიარული. 40 წუთი გავიდა და თითებს ვეღარ ვგრძნობდი, სისხლი გამიჩერდა! იოგა ხომ არ ვარ, ხელები ასე მარტივად წავიღო უკან (იცინის). ერთ სცენაში იარაღიან ჯარისკაცებს თავით ვეჩხუბები – თავს ვურტყამ! აუცილებლად საიდანღაც უნდა გადმოვვარდე და გავითხლაშო! კარგად შემცივდა, მაგრამ, გაციებას გადავრჩი – ტრადიციული მედიცინის მიმდევარი ვარ და ანფისაც შევაჩვიე! მიხვალ სახლში, მამაპაპურად, თაფლს წაისვამ პურზე, ჩაის დალევ, ნიორს შეჭამ! ანფისა გიჟდება ჩაიზე, ყველანაირი აქვს – წითელი კარკადე, მწვანე, თეთრი... ყირიმიდან ჩამოვუტანე სამკურნალო ბალახეულობა და ჩაი. წამალი ცხოვრებაში არ დამილევია და არც დავლევ.

– პატარა სოლომონი რა ხნისაა?

– 5 თვის გახდა ახლახან. სუფთა პატარა კახელია! ხან ნაბადს გავუშლი, ხან ტყაპუჭს და გორაობს რბილად, მშვენივრად (იცინის).  რომ მოშივდება, მუშტებს მომუჭავს და კოპებს შეიკრავს ხოლმე – ვაა, მინდა და! რა უნდა ქნას – ჭამს, სძინავს და თავისთვის ერთობა წყნარად. „პატარა კახელოს“ ვეძახი ხოლმე, პატარა „ბაბლიკას“. როცა დრო მაქვს, ვცდილობ, ყოველთვის შვილს დავუთმო. არ ვარ გიჟი და გადარეული მამა. ანფისაც დღისით გასულია, ერთად ვთამაშობთ კომედიურ სპექტაკლში, რომელსაც „ზაფხულის ცხელ ღამეს“ ჰქვია. არაგონზეც არ დავრჩი, გამოვიქეცი ბავშვის სანახავად. გასტროლებზეც გვიწევს სიარული. ძალიან კარგია ცოლთან ერთად სცენაზე თამაში (იცინის). პროფესიულ რჩევებს ვაძლევთ ერთმანეთს. ანფისა სპექტაკლის წინ ჩაის სვამს და ერთ საათს იპრანჭება საგრიმიოროში. მე რა გამოპრანჭვა მინდა, გრიმი და – ჰოპ! მზად ვარ.

– სცენაზე არ კამათობთ ხოლმე?

– არა. თუ სცენაზე იკამათე, სახლშიც „კამათლები“ გამოვდივართ და ეგაა (იცინის). სახლშიც, მაინცდამაინც, არ ვჩხუბობთ, ორ წამში აღარც მახსოვს, რაზე ვკამათობდით. მივირბენთ, ბავშვს ვნახავთ ხოლმე... რომ დაიბადა, იმწამსვე ავიყვანე ხელში, არ გამჭირვებია. მერე პოლონეთში წავედი და ცხრა დღე არ მყავდა სოლომონი ნანახი. ახლახანაც გელენჯიკში ვიყავი გადაღებაზე და ანფისას ჩემები ეხმარებოდნენ. დეიდაჩემი მოდის ხოლმე – გვირეცხავს, გვიუთოებს, საჭმელს გვიმზადებს, ბავშვს ქართულად ელაპარაკება. ისეთი მაგარი დამხმარეა, ძიძა რად გვინდა? სულ ხელში ჰყავს ბავშვი ქართველ ბებოს და, ცოტა არ იყოს, გაათამამა – ახლა მეც სულ ხელში აყვანას მთხოვს. მაინც, მათ გამოცდილებას უფრო ვენდობი, ვიდრე უცხო ძიძას! არც ვურეკავ იმის საკითხავად, რა ქნა, რა ჭამა-მეთქი, არ ვაწუხებ.

– ეხმარები ანფისას ბავშვის გაზრდაში?

– შეძლებისდაგვარად. ანფისა მოირბენს ხოლმე, როცა დრო აქვს, ბავშვს დაბანს, პამპერსს გამოუცვლის... ჩემი და ჩემი გაზრდილია და გამოცდილება მაქვს მაინც, მაგრამ, ანფისა რომ მიტოვებს ბავშვს, კაცი ვარ და, მავიწყდება ხანდახან – იქ ტელეფონი დარეკავს და გავდივარ, ვტოვებ ხოლმე (იცინის), ის ფილმი რომაა – „მარტო სახლში“, ზუსტად ისე. მერე შემოვვარდები და, ვხედავ, ზის წყნარად, თავისთვის და თამაშობს. არ არის მტირალა ბავშვი  და არც მე ვარ ფეთიანი მამა; მინდა, ბავშვი თავისუფლად გაიზარდოს. დედაჩემი ამბობს, რომ გარეგნულად მე მგავს. მეც ეგეთი ბავშვი ვიყავი – მოუსვენარი, მაგრამ, არა მავნე. აუცილებლად ვატარებ სპორტზე, არ მინდა, ახლანდელი თაობასავით მარტო კომპიუტერს იყოს მიშტერებული, თავი გაუდიდდება (იცინის). მეც და დედამისიც საკმაოდ აქტიურები ვართ ფიზიკურად. ანფისა ახლა აპირებს ფიტნესზე სიარულს. მეც დავდიოდი ჭადრაკზე, ჭიდაობაზე,  თითქმის ყველა სახეობაზე მივლია, მაგრამ, აღარ გავყევი სპორტს. ანფისა ორსულობის დროს სულ დადიოდა, გადაღებებიც ჰქონდა და, არ მახსოვს, ეწუწუნოს, ეკვნესოს – ვაიმე, ცუდად ვარ, აღარ შემიძლიაო.

– ბავშვს რა ენაზე ელაპარაკები?

– ქართულადაც, რუსულადაც. გამიხარდება, თუ ინგლისურსაც ისწავლის. მაინცდამაინც არ მინდა, მსახიობი გამოვიდეს. ბავშვებთან ყოველთვის ახლოს ვიყავი – მეც ხომ დიდი ბავშვი ვარ.

– ანფისას ასწავლე ქართული?

– არა, ვისგან ისწავლიდა? მინდა, თბილისში ბინა ვიყიდო და წავალთ-წამოვალთ ხოლმე, მერე ნათესავებში გაივლ-გამოივლის და ისწავლის ქართულს.

 

скачать dle 11.3