ინტიმური საუბრები
ვერ ვხვდები, სად დავუშვი შეცდომა
ამ წერილის მოწერა ჩემმა გამწარებულმა სიბერემ გადამაწყვეტინა. ადრე დავქვრივდი და სამი შვილი მარტომ გავზარდე. გოგო გავათხოვე და გავამზითვე, ოთხოთახიანი ბინა კი, რომელშიც მთელი ოჯახი ვცხოვრობდით, ჩემი ორი ვაჟის იყო. გეგმაში მქონდა, როცა დაცოლშვილდებოდნენ, ბინას დავშლიდი და ორივეს თავის წილს მივცემდი, მე კი სოფელში წავიდოდი საცხოვრებლად. უფროსმა ბიჭმა ცოლი ადრე შეირთო, ორი შვილიც ეყოლათ და ჯერჯერობით ისევ ერთად ვცხოვრობდით, რადგან ჩემი უმცროსი ვაჟი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, არც ცოლის შერთვას აპირებდა უახლოეს მომავალში და მეც ჯერ კიდევ შემწევდა ძალა, შვილების გაზრდაში მივხმარებოდი ჩემს რძალს. წლების განმავლობაში უსიამოვნება არ მოგვსვლია, ვცხოვრობდით მშვიდად და წყნარად, მანამ, სანამ ჩემმა უმცროსმა შვილმა არ გამოგვიცხადა, ცოლს ვირთავო. მოგეხსენებათ, როგორი დიდიც არ უნდა იყოს ბინა, რამდენიმე ოჯახის ერთად ცხოვრება აუცილებლად ხდება სერიოზული უსიამოვნებების მიზეზი. გარდა ამისა, მინდოდა, ჩემს სიცოცხლეშივე მიმეცა ჩემი ორივე ვაჟისთვის მშობლების ბინიდან თავიანთი წილი. ამიტომ, დავსხედით ოთხივე (მე, ჩემი ორი შვილი და რძალი) და ვუთხარი, ან ამ ბინას გავყიდი და ორივეს ერთნაირ ბინებს გიყიდით, ან პირდაპირ გადავახურდაოთ ორ ბინაზე-მეთქი. პირველი გულისტკენა მაშინ მივიღე, როცა უფროსმა შვილმა მკითხა, მერე შენ სად იცხოვრებ, სოფელში წახვალო? – ანუ, თავიდანვე გამორიცხა თეორიული ალბათობაც კი, რომ მასთან ვიცხოვრებდი; უმცროსმა შვილმა მაშინვე გამოასწორა ძმის უტაქტობა და გამოაცხადა, დედა ჩემთან იქნებაო. ამაზე ჩემმა რძალმა უპასუხა, ესე იგი, გამოდის, რომ შენ ერთი ოთახით მეტი უნდა შეგხვდესო? ჩემი უმცროსი ბიჭი გააბრაზა რძლის სიტყვებმა და უთხრა, ამ ბინის გაყოფაში შენი დახმარება არ გვჭირდება, როგორმე თვითონაც მოვახერხებთ და, ნუ გეშინია, არავინ დაგჩაგრავსო. ამაზე უფროსი ძმა გადაირია – ჩემს ცოლს როგორ ელაპარაკებიო, უმცროსზე გაიწია და კინაღამ დაარტყეს ერთმანეთს. მერე ისევ რძალი გამოვიდა სიტყვაში და გამოაცხადა, ჩვენ ოთხნი ვართ, თქვენ – ორნი და, ან ამ პროპორციით გავყოთ ბინა, ან საერთოდ წინააღმდეგი წავალ და უფლებას არ მოგცემთ, ჩემს შვილებს საცხოვრებელი გაუყიდოთ. თანაც, იმის გამო, რომ თქვენს უმცროს შვილს ცოლის შერთვა ნებავს, ოჯახი რატომ უნდა დამენგრეს და ჩემს შვილებს რატომ უნდა მოაკლდეთ რამეო. ქმარმაც თითქმის დაუჭირა მხარი და ისეთი ამბავი ატყდა, ჩემი უმცროსი ბიჭი მეგობართან წავიდა ღამის გასათევად, რომ სახლში რამე უბედურება არ დატრიალებულიყო. ბოლო სიტყვა კი მაინც მე ვთქვი – ეს ბინა თანაბრად გაიყოფა ძმებს შორის-მეთქი. ამ სიტყვებზე ჩემმა რძალმა იმით იძია შური, რომ მეორე დღიდანვე დამიპირისპირა ჩემი გაზრდილი შვილიშვილები: ჩემ გარეშეც და ჩემი თანდასწრებითაც ეუბნებოდა, ბებია აღარ დაუძახოთ ამ ქალს, უნდა, რომ ბინა გაგიყიდოთ და ქუჩაში გაგყაროთო. ისინიც უჯერებდნენ დედას და ისე ცუდად მექცეოდნენ, თავის მოკვლა მინდოდა. მართალია, მე არაფერს ვეუბნებოდი უფროს შვილს, რომ ჩემ გამო რამე არ მომხდარიყო, მაგრამ, თქმა რად უნდოდა, როცა თვითონაც ხშირად შესწრებია თავისი ცოლ-შვილის უხეშობასა და უზრდელობას ჩემ მიმართ და ერთხელაც არაფერი უთქვამს არც ცოლისთვის, არც ბავშვებისთვის. ის კი არა, თვითონაც თითქმის არ მელაპარაკებოდა. სამი თვის შემდეგ ბინა გავყიდე და ორი ზუსტად ერთნაირი ბინა ვიყიდე შვილებისთვის ერთსა და იმავე უბანში, ოღონდ, ერთმანეთისგან დაშორებულ ქუჩებზე. ავეჯისა და ნივთების თანაბრად გაყოფასაც ვაპირებდი, მაგრამ, ჩემმა უმცროსმა შვილმა, რაც მას ეკუთვნოდა, ყველაფერი ძმისშვილებს დაუტოვა და მხოლოდ თავისი ნივთები წაიღო. ძალიან მეხვეწა, ჩემთან წამოდიო, მაგრამ, არაფრით არ ვქენი და სოფელში წავედი – თბილისიდან შორს არ არის, თანაც, პატარა და მოწესრიგებული სახლია, მეზობლებიც ახლოს ცხოვრობენ და ვიქნები ჩემთვის-მეთქი.
უკვე ერთი წელი ხდება, რაც სოფელში ვარ და ჩემს უფროს შვილს ერთხელაც არ ჩამოუკითხავს ჩემთვის. არც კი მირეკავს. ისიც კი არ იცის, ცოცხალი ვარ თუ მკვდარი. უმცროსი შვილი კვირაში ორჯერ ჩამოდის, პროდუქტები ჩამოაქვს და ისევ მეხვეწება, ჩემთან წამოდიო, მაგრამ, არ მივყვები – იყოს თავის ახალშერთულ ცოლთან ერთად მარტო. როცა საჭირო იქნება, ვესტუმრები რამდენიმე დღით. სხვათა შორის, ჩემი უმცროსი რძალი კარგი გოგო გამოდგა – მშვიდი, წყნარი, ავკარგიანი. ქორწილი არ გადაუხდიათ, მაგრამ ჯვარი რომ დაიწერეს, ორივემ ცალ-ცალკე დაურეკა ჩემს უფროს ბიჭს – ოჯახით დაპატიჟეს, მაგრამ, არც ერთი არ მივიდა, ტელეფონითაც კი არ დაურეკეს და არ მიულოცეს.
ძალიან მტკივა გული, რომ ასეთი სიბერე მერგო. თან გადავყევი შვილების აღზრდას და რა მივიღე? ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და მეც, პრაქტიკულად, მარტო დავრჩი. არადა, როგორ დარწმუნებული ვიყავი, რომ მოხუცებულობა მაინც მექნებოდა მშვიდი და ბედნიერი. სულ იმას ვფიქრობ, რატომ გამოვიდა ჩემი უფროსი შვილი ასეთი ეგოისტი, ორივე ხომ ერთნაირად გავზარდე. მაგრამ, ალბათ, ეტყობა, რაღაც მაინც დავაკელი, ან, პირიქით, ზედმეტად გადავყევი თან... არ ვიცი, ვფიქრობ და ვერ მივმხვდარვარ, რად დავუშვი შეცდომა.
მზია, 68 წლის.
ღმერთს ვევედრები, რომ მალე დამაყენოს ფეხზე
ვარ 14 წლის, დაბადებიდან ინვალიდი – წელს ქვემოთ მოწყვეტილი ვარ და ხელებსაც მთლად თავისუფლად ვერ ვხმარობ. ამიტომ, ხან დედას, ხან მამას, ინვალიდის ეტლით დავყავარ სკოლაში. სხვათა შორის, კლასში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვარ. განსაკუთრებით მიყვარს მათემატიკა, ფიზიკა და ქართული. ვწერ ლექსებს, ოღონდ, ჩემი უახლოესი მეგობრის გარდა ჯერ არავისთვის მიჩვენებია. ჩემი მეგობარი თვითონაც წერს ლექსებს და მეუბნება, ძალიან მაგარი ხარ, ჩემზე ბევრად უკეთ წერ და ვინმე კომპეტენტურს წავაკითხოთო, მაგრამ, ჯერჯერობით ვერ ვბედავ.
რამდენიმე თვეში მშობლებს გერმანიაში მივყავარ ოპერაციის გასაკეთებლად. აქაურმა ექიმებმა გვითხრეს, ეშველება, რადგან სამშობიარო ტრავმა აქვს და არა თანდაყოლილი დეფექტიო. ეს ძალიან მაიმედებს და მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა თვითონ, დამოუკიდებლად გავივლი. ფეხზე დადგომა, რა თქმა უნდა, ისედაც ძალიან მინდა, განსაკუთრებით კი იმიტომ მეჩქარება, რომ ჩემი თანაკლასელი გოგონა მიყვარს და ჯერჯერობით ვერ ვუმხელ – როგორია, ეტლს მიჯაჭვული ბიჭი სიყვარულს რომ აგიხსნის?! ცხადია, ასეთს ვერ შემიყვარებს, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ შევეცოდები, მე კი არავისი სიბრალული არ მჭირდება. მაქვს ძალიან ბუნებრივი სურვილი – ვიყო საღი ადამიანი და მაფასებდნენ ჩემი პირადი ღირსებების, თვისებებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
მყავს უმცროსი და, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ. დედას ძალიან ეხმარება ჩემს მოვლაში, რაც მე თან ძალიან მსიამოვნებს და მიხარია, თან ძალიან ვწუხვარ, რადგან, ჩემი მდგომარეობის გამო საწყალ გოგოს ბავშვობა აღარ აქვს. გამოჯანმრთელება კიდევ იმიტომ მინდა, რომ ჩემს დას მომავალი არ გავუფუჭო და ბედი არ დავუკარგო – ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე. ბედის დაკარგვაში იმას ვგულისხმობ, რომ როცა გაიზრდება და ვინმეს შეუყვარდება, შეიძლება, მისი ცოლად შერთვა აღარ მოინდომოს, როცა გაიგებს, რომ ინვალიდი ძმა ჰყავს, ანუ, შეიძლება, ჩემი ავადმყოფობა გენეტიკური ეგონოს და შეეშინდეს, მეც ასეთი შვილები არ გამიჩნდესო.
მოკლედ, უკვე სიზმარში ვხედავ, როგორ დავრბივარ, როგორ ვთამაშობ ფეხბურთს, როგორ ვცურავ ზღვაში და ვსეირნობ შეყვარებულთან ერთად. როცა მეღვიძება და მწარე რეალობას ვუბრუნდები, ისე მწყდება გული, ამხელა ბიჭი ცხარე ცრემლებით ვტირი ხოლმე (ოღონდ, ამის შესახებ ჩემებმა არ იციან). მაგრამ, მერე ისევ ვიმხნევებ თავს და ღმერთს ვევედრები, რომ ოპერაცია შედეგიანად ჩატარდეს, ჩემი ფეხით მივიდე სკოლაში, შევაღო კლასის კარი და გაოცებულ მასწავლებელსა და ბავშვებს ხმამაღლა ვუთხრა: გამარჯობა ყველას, მე მოვედი!
ვატო, 14 წლის.
გათხოვება მინდა
გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს. შეიძლება, ვინმემ სულელად ჩამთვალოს, ასეთ რამეს საქვეყნოდ რომ ვაცხადებ, მაგრამ, მრცხვენია და ვერ ვეუბნები – ვერც დედას, ვერც დაქალებს. საქმე ისაა, რომ ძალიან მინდა გათხოვება (რა თქმა უნდა, სიყვარულით მირჩევნია, მაგრამ, ორმხრივ მოწონებაზეც თანახმა ვარ), რადგან, ლამის ბავშვობიდან ვოცნებობ ოჯახზე – შვილებზე, ქმარზე. შინაგანი მოთხოვნილება მაქვს, ვინმეზე ვიზრუნო, მოვუარო, ჩემი სითბო და სიყვარული გადავცე. პატარაობიდან სულ „სახლობანას“ ვთამაშობდი და ყოველთვის „მრავალშვილიანი დედა“ ვიყავი. მახსოვს, ბებიაჩემი ამბობდა ხოლმე, ეს ბავშვი მოწოდებითაა დედა და აუცილებლად ბევრი შვილი ეყოლება, თანაც, ყველა მოვლილი და მოწესრიგებულიო. მაგრამ, არ ასრულდა ბებიის წინასწარმეტყველება, რადგან, ბევრი შვილი კი არა, აგერ 35 წლის შევსრულდი და ჯერ არ გავთხოვილვარ. უნდა გამოგიტყდეთ, რომ საშინელი კომპლექსი მაქვს – სულ მგონია, რომ არც ერთ კაცს არ მოვეწონები და თუკი ვინმე ჩემთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, მხოლოდ იმიტომ, რომ დამცინოს. ეს კომპლექსი კი ჩემი ოჯახის წევრებმა ჩამომიყალიბეს სულ პატარა ასაკიდან. შავტუხა და ცოტა ჩასუქებული ბავშვი ვიყავი, თან, საკმაოდ მორცხვი და წყნარი, მაგრამ, ჯიუტი და, დედაჩემი ვითომ ხუმრობით მეტყოდა ხოლმე – ამას რა გაათხოვებს, ამისთანა ხასიათის პატრონი რომელ კაცს მოეწონებაო. მეც, როგორც ჩანს, ქვეცნობიერში „ჩამიჯდა“ ეს სიტყვები და მოზარდი ასაკიდანვე მქონდა ის შინაგანი განწყობა, რომ ჩემისთანა გოგოები ბიჭებს არ მოსწონთ. მართალია, სკოლა რომ დავამთავრე, უკვე აღარ ვიყავი მსუქანი, მაგრამ პრანჭვა, კეკლუცობა და ვინმესთვის თავის მოწონება ჩემთვის აბსოლუტურად უცხო იყო, მით უმეტეს, რომ არც მაინცდამაინც ზრუნავდნენ ჩემი მშობლები ჩემს ჩაცმა-დახურვაზე; თუმცა, შეიძლება, ასე იმიტომაც ხდებოდა, რომ მე თვითონაც არ ვიყავი მომთხოვნი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მთავარი საიდუმლო გაგიმხილეთ, უნდა ნახოთ, რა ამბავს ვტეხ ხოლმე, როცა ვინმე ახლობელი მეუბნება, კარგი კაცი უნდა გაგაცნოო. თავს ვიგიჟებ და არ მივყვები ხოლმე გასაცნობად, არადა, ისე ვინ მომიხტება სახლში და ვინ შემომთავაზებს გულსა და ხელს?! ვიცი, რომ არასწორად ვიქცევი, მაგრამ, მიჭირს ჩემი გოიმური ხუშტურების დაძლევა. ეს წერილიც იმიტომ მოგწერეთ, იქნებ, ცოტათი მაინც მომეხსნას კომპლექსი და ცოტა აქტიურად მივხედო საკუთარ თავს. მართალია, ჩემს სახელს ვცვლი, მაგრამ დანარჩენს ყველაფერს სიმართლეს გწერთ. ვიცი, რომ მზეთუნახავი არ ვარ, მაგრამ, არც მახინჯი და უწიგნური მეთქმის, თან, სამსახურიც მაქვს, ჩემი ბინაც მაქვს და ახლა მანქანის ყიდვასაც ვაპირებ. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემკენ მაინც არავინ იყურება, არადა, ძალიან ბევრი ქალი ვიცი, ჩემზე უფრო უშნოებიც არიან და, თან არც სხვა მხრივ აქვთ უპირატესობა, მაგრამ, ან გათხოვილები არიან (თანაც, არაერთხელ) და ან მდიდარი და წარმოსადეგი საყვარლები ჰყავთ, არ ვიცი, რატომ ხდება ასე, ეტყობა, ქალმა უნდა იცოდეს, როგორ შესთავაზოს თავი მამაკაცებს.
მაგდა, 35 წლის.