კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არჩევანი გააკეთა ჯოზეფ კეიმ ამერიკაში და როდის დადგა მის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა

მას შემდეგ, რაც, როგორც იქნა,  ტელეკომპანია „იმედი”  კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენდა ჯოზეფ კეი – პოლიტიკურ თამაშებში ჩართული ადამიანი,  რომელიც, ხელისუფლებასთან ტანდემში, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუპირისპირდა, რაც თავად მას, საბოლოოდ, საკმაოდ ძვირად  დაუჯდა.  დღეს ჯოზეფ კეი ამერიკაში ცხოვრობს, მას „თბილისელები” კალიფორნიაში დაუკავშირდა.   

 

– ბატონო ჯოზეფ, წლების წინ ქართველ საზოგადოებაში ძალიან მოულოდნელად გამოჩნდით და, ახლაც, ასევე მოულოდნელად გაუჩინარდით  საქართველოდან. რა გახდა ამისი მიზეზი? 

– უპირველესად, მოგესალმებით თქვენ და თქვენი ჟურნალის მკითხველს. ადამიანები განსხვავდებიან, ზოგს მუდამ კამერის წინ ტრიალი, ყველა წვეულებაზე  დასწრება, არაფრისგან მედიამიზეზის შექმნა მოსწონს და ეხალისება. სიმართლე გითხრათ, მე ეს არც არასდროს მხიბლავდა და მსურდა. მე არ ვარ საჯარო პირი. ოჯახი, საქმე და მეგობრები – ესაა ჩემი ჩვეული და სასურველი გარემო, მაგრამ, ტრაგიკული მოვლენების გადაკვეთამ, ლანძღვა-გინების ნიაღვარმა მაიძულა, ხმა ამომეღო და მეთქვა: ყველაფერი ისე არ არის, როგორ ინფორმაციასაც ფლობთ. მე არ გავუჩინარებულვარ.  2011 წლის 6 ივლისს, როცა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ხელისუფლებამ ჯარი შეიყვანა, განცხადება გავაკეთე, ახლობლებს დავემშვიდობე და ოჯახთან ერთად ქვეყნიდან წავედი. ცოტა ხნის წინ  ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ჩემი დუმილი იმ ჩემი ახლობლების უსაფრთხოების გარანტი იყო, ვინც საქართველოში დარჩა.

–  წლების წინ თქვენ შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი, სამაგიეროდ, თქვენზე „ბევრი რამ“ იცოდა  ხელისუფლებამ,  რომელსაც ჩამოსვლიდან ძალიან  მალე დაუკავშირეთ ცხოვრება. ეს  საკმაოდ ძვირად დაგიჯდათ?

– საქართველოში ბიზნესინტერესები 2003 წლიდან მაქვს, ხელისუფლებასთანაც ზომიერი ურთიერთობა მქონდა. როცა სტრატეგიულ ობიექტს ყიდულობ (რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ვგულისხმობ), ხელისუფლება, ალბათ, აგროვებს შენზე ინფორმაციას. თუმცა, არ ვიცი, ვინ რა იცოდა ჩემ შესახებ. მე წყნარად, მშვიდად ვმუშაობდი, საქართველოსთვის კარგი ინვესტორი და გადასახადების გადამხდელი ვიყავი. 2007 წლის შემდეგ, ყველაფერი აირია და სიტუაცია დაიძაბა. გარემოებათა გამო, მეც მაიძულეს პოლიტიკურ თამაშებში ჩართვა... ძვირად დამიჯდა?! შერყეული რეპუტაცია, ნერვიულობა, ჯანმრთელობა, სამშობლოდან გადახვეწა და 200 მილიონი – არ ვიცი ძვირია ეს თუ იაფი...

– რა აქტივები დაგრჩათ საქართველოში იმ ბიზნესებიდან, რაც აქ გქონდათ?

– თითქმის არაფერი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, შევხედავ სიტუაციას, ძალებს მოვიკრებ, წართმეული აქტივების დაბრუნებისთვის ბრძოლის პარალელურად, საქართველოში რამდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელებასაც ვაპირებ.

– წლების შემდეგ მაინც თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა მოხდა „იმედთან” დაკავშირებით?  ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი თქვენ ხელისუფლების მეშვეობით „იმედის“ წართმევაში გადანაშაულებდათ.

– ბადრის სახლში გაკეთებული ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებამ ბევრი დეტალი და მტკივნეული თემა გააცოცხლა, გამახსენდა, რა პერიპეტიები გამოვიარეთ; დროთა განმავლობაში კიდევ ბევრი რამ გაირკვევა...

„იმედი” სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ყელში გაჩხერილი ძვალივით იყო, ბადრის პოლიტიკურმა განცხადებებმა და გადაწყვეტილებებმა კი, საერთოდ, სახე დააკარგვინა მათ, როგორ განვითარდა მოვლენები, გვახსოვს... დღესაც რთულია ყველაფრის ქრონოლოგიურად აღდგენა... ამ პერიპეტიებში ბადრის თხოვნით ჩავერთე, მას საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტა არ უნდოდა და ხელისუფლებასთან სიტუაციის დალაგება გადაწყვიტა. სანაცვლოდ, „იმედის” განეიტრალებას ითხოვდნენ. ტელევიზიის მფლობელი ხუთი წლით მე უნდა გავმხდარიყავი, საინფორმაციოზე კონტროლი კი ხელისუფლების ხელში გადადიოდა. შეთანხმების დასრულებას ორივე მხარე ჩქარობდა. მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობდა. პრეზიდენტისგან მივიღე ბადრის, ბადრის ოჯახის, ასევე, მისი და ჩემი ბიზნესების ხელშეუხებლობის გარანტია, მხოლოდ ფორმალური მხარე იყო მოსაგვარებელი, მაგრამ, ბადრი გარდაიცვალა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. ჩემგან, რბილად რომ ვთქვათ, კატეგორიულად ითხოვდა ხელისუფლება გარიგების ფორმალური მხარის დასრულებას. მითხრეს, ბადრი კი მოკვდა, მაგრამ, მისი ოჯახი, შენ და თქვენი ბიზნესები ცოცხალი ხართო. იქ იყო ისეთი საუბრები, რომელზეც, სხვა დროს, ალბათ, უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ. გარიგება დავასრულე და დაიწყო ცილისწამების, აგრესიის, შევიწროების, დევნის ორმაგი კამპანია. 2009 წელს კი „იმედი“ წაიღეს... 

– დღეს სამართლიანობა აღსრულდა და „იმედი” კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდათ. რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ იმ ბოლო  გარიგებაზე, რომლითაც ეს  განხორციელდა?  

– სამართლიანობის აღდგენა კარგია. ღვთის წყალობით, „იმედი“ ოჯახს დაუბრუნდა. გითხარით კიდეც, ხელისუფლებასთან ინტეგრირებული და გათქვეფილი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა შეუქმნეს ჩემზე საზოგადოებას – თითქოს მათ ზურგს ამოფარებული ვებრძოდი ჩემი დეიდაშვილის ოჯახს და ვიტაცებდი სხვის ქონებას, რეალობა კი სხვა იყო. საქართველოს ხელისუფლებას არასდროს გამოუჩენია ჩემ მიმართ ლოიალობა. „იმედის” გარშემო ახლა განვითარებული მოვლენებიც ამ თემის გაგრძელებაა; ბევრ კითხვაზე პასუხი, ალბათ, იმ დოკუმენტშია, რომელიც დღესაც, გრიფით „საიდუმლო“ იუსტიციის სამინისტროში დევს.  

– ტელევიზიის 10 პროცენტი, რომელსაც  თქვენ ფლობდით, უკვე დაუბრუნეთ პატარკაციშვილებს?  ეს თქვენი კეთილი ნება იყო, თუ ისეთივე ვირტუალური  „ანდერძის”  „პირობა“, როგორც მაშინ?  

– ვირტუალური ანდერძი რას ნიშნავს? ეს რაღაც გერი დეიდაშვილის მსგავსია?! კიდევ ერთხელ გავიმეორებ: „იმედი“ არანაირად არ უკავშირდება  ანდერძსა და ჩემს ეგზეკუტორობას, ეს მოლაპარაკებისა და გარიგების თემა იყო. ანდერძის აღმასრულებლის ფუნქცია გამოვიყენე მხოლოდ ორჯერ: ერთხელ – ბადრის სიცოცხლეშივე წართმეული მთაწმინდის პარკის თემის დასასრულებლად – ეს გიგი უგულავას ისტერიული მოთხოვნა იყო და, მეორედ – ბადრიმ თავისი გარდაცვლილი მეგობრის შვილებს თანხა დაუტოვა და მის აღებაში დავეხმარე. სამყაროში ვერავინ ვერსად იპოვის სხვა დოკუმენტს, სადაც მე, როგორც ეგზეკუტორი, ბადრის ქონებას რაიმე ფორმით განვკარგავ. თუმცა, ბევრი, ვინც დღეს ბადრის სახელს ამოფარებული ჩემკენ იშვერს ხელს და მე მდებს ბრალს ქონების მითვისებაში, დიდხანს დამდევდა და სხვადასხვა მაქინაციებს მთავაზობდა. დღეს ინა გუდავაძე „იმედის” 100 პროცენტს ფლობს. 

– თავად თუ გრძნობთ მორალურ პასუხისმგებლობას  ოჯახის წინაშე, რომელმაც როგორც ამბობენ, ბევრი სიკეთე გაიღო თქვენთვის?

– მართალი გითხრათ, ვერ გავიგე თქვენი კითხვის კონტექსტი! ზოგადად, ადამიანი, რომელიც მორალური პასუხისმგებლობისგანაა გათავისუფლებული, ცხოველს ჰგავს.  კონკრეტულად კი, ჩვენ ნათესავები ვართ და ამას ვერსად გავექცევით. რაც შეეხება ჩემი და ბადრის ურთიერთობებს, ეს იყო არა მარტო ნათესაური და მეგობრული კავშირი,  არამედ, ბიზნესითაც მჭიდროდ ვიყავით დაკავშირებული. ადამიანებს შორის ურთიერთობა ზიარ ჭურჭელს ჰგავს – რასაც გასცემ, იმავეს იღებ. მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, რა ხდებოდა ჩვენ შორის, ბადრი ჩემი ძმაა!

–  სად, როგორ და ვისთან ერთად  ცხოვრობთ ამჟამად ამერიკაში? 

– დღეს ჩემს მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ვცხოვრობ კალიფორნიაში. ერთი ვაჟიშვილი გერმანიაში ცხოვრობს და იქ სწავლობს, ნიუ-იორკში ცხოვრობენ ჩემი ორი ქალიშვილი და ვაჟი და ჩემი მშობლებიც იქ არიან. მე და ჩემმა მეუღლემ 2009 წელს მოვაწერეთ ხელი და ჯვარი  იერუსალიმში  დავიწერეთ – ჩემს რთულ ცხოვრებას ასეთი მომენტები ალამაზებს და აძლევს აზრს. ოჯახი ჩემთვის ყველაფერია...

– ცნობილია, რომ მუშაობთ ინსტრუქტორად ავტოსკოლაში. ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ? გარდა ამისა, თქვენ  განაცხადეთ,  რომ ეს მდიდარი ადამიანების ჰობია, კიდევ თუ გაქვთ  მდიდრებისთვის „ჩვეული” ჰობი? 

– ეს ჰობი არ არის, ეს ნებისმიერი მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია: თუ ცხოვრობ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში, ამ უბანში, მაშინ, შენც რაღაც უნდა გააკეთო მისთვის. მე ეს არჩევანი გავაკეთე – ინვესტიციებით,  საჯარო ლექციებით, საჩვენებელი გაკვეთილებით ჩემი მცირე წვლილი შევიტანე ქალაქის ცხოვრებაში. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს მოგზაურობა, რაც ჰობისგან შორსაა. გატაცებული ვარ სათხილამურო სპორტით,  მიყვარს ჯირითი, ნიშანში სროლა და ხატვა.

 

скачать dle 11.3