პლანეტის უხუცესი მილიარდერების რეიტინგი ჟურნალ „ფორბსის” 2012 წლის მონაცემებით
„ფორბსის” 2012 წელს მარტში შედგენილ ყველაზე ასაკოვანი მილიარდერების რეიტინგს რამდენიმე მნიშვნელოვანი წევრი გამოაკლდა: შვეიცარიელი უოლტერ ჰეფნერი 101 წლის ასაკში ივნისში გარდაიცვალა, ხოლო 95 წლის ალბერტ იუელჩი – ოქტომბერში. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ ინფორმაციას დღეისთვის მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და ასაკოვან მილიარდერთა შესახებ, რომელთა ასაკი დიდი ხანია, გადასცდა 90 წელს. თუმცა, ხანდაზმულობის მიუხედავად, არ თმობენ პოზიციებს ბიზნესში და საკუთარი მილიარდიანი კაპიტალით ინარჩუნებენ ადგილს ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ რეიტინგში. აქვე შესწორება: გარდაცვალების მიუხედავად, ჰეფნერსაც და იუელჩსაც ახალი რეიტინგის გამოქვეყნებამდე ადგილი მაინც უკავიათ მილიარდერთა რეიტინგში. 2013 წლის მარტამდე, ანუ, ახალი რეიტინგის შედგენამდე ისინი „ფორბსის” მილიარდერების სახელით ისარგებლებენ, თუნდაც ზეცაში.
უოლტერ ჰეფნერი – 101 წლის
„მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ჩვეულებრივი მოთხოვნები აქვს,” – ასე ახასიათებდა საკუთარ თავს ჰეფნერი, რომელიც 2 შვილთან და 2 შვილიშვილთან ერთად, დროის უმეტეს ნაწილს შვეიცარიაში ატარებდა. მაგრამ ეს ფაქტი არ უშლიდა ხელს, რომ თავის კომპანიაში ყველაფრის საქმის კურსში ყოფილიყო და ეკონტროლებინა მენეჯმენტი. გარდაცვალებამდე ჰეფნერის კონცერნი მსოფლიოში მესამე იყო კომპიუტერული პროგრამების უზრუნველყოფის სფეროში, „მაიკროსოფტისა” და „ორაკლის” შემდეგ. კომპანიის გარდა, ჰეფნერის გატაცებად მსოფლიოში განთქმული ფერმწერების ტილოების კოლექციონერობა ითვლებოდა. მის პირად კოლექციაში ინახებოდა – კლოდ მონეს, მარკ შაგალის, ვინსენტ ვან გოგის, პოლ გოგენის, ედგარ დეგას და რენე მარგრიტის ნამუშევრები. გარდა ამისა, ჰეფნერი ცნობილი იყო მეცენატობით. კერძოდ, მან დააარსა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც სამეცნიერო და კულტურულ სფეროებს მოიცავს. ყოველწლიურად ჰეფნერი 20-30 მილიონ ფრანკს რიცხავდა ფონდის ანგარიშზე.
დევიდ როკფელერი უფროსი – 97 წლის
გვარი, რომელიც მილიარდობით დოლართან და უდიდეს გავლენასთან ასოცირდება. როკფელერების საგვარეულოს ბიზნესის წარმართვის თითქმის სამსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს და ამ გვარის თითოეული წარმომადგენელი უდიდესი გავლენითა და პატივისცემით სარგებლობდა და სარგებლობს ამერიკულ ბიზნეს და პოლიტელიტაში. სწორედ ასეთია ლეგენდარული ჯონ როკფელერის შვილიშვილი, დევიდ როკფელერ უფროსი, ცნობილი ამერიკელი ბანკირი და კაცობრიობის ისტორიაში პირველი მილიარდერის შთამომავალი, რომელსაც „ფორბსის” 2012 წლის მილიარდერთა ყოველწლიურ რეიტინგში 2,5 მილიარდი დოლარის კაპიტალი აქვს.
ალბერტ იუელჩი – 95 წლის
კენტუკელი ფერმერის მეშვიდე შვილი ალბერტ იუელჩი ბავშვობაში იმ დღიდან, რაც რადიოში ჩარლზ ლინდბერგზე მოისმინა გადაცემა დიდ ავიაციაზე ოცნებობდა, საავიაციო სკოლაში გასავლელი კურსების თანხა იუელჩმა ქუჩაში ჰამბურგერების გაყიდვით გამოიმუშავა. ალბერტი 26 წლის განმავლობაში „პან ამერიკას” პილოტად მუშაობდა. 1951 წელს კი პილოტირების სწავლების საკუთარი სკოლა, „ფლაით სეიფთი” გახსნა. 2012 წლის რეიტინგში 95 წლის ვეტერან მფრინავს 1,9 მილიარდი დოლარის კაპიტალი ჰქონდა, რომელიც, სავარაუდოდ, მის შთამომავლებზე გადანაწილდება.
კირკ კერკორიანი – 95 წლის
სომეხი ემიგრანტების შვილმა, კირკ კერკორიანმა რვა წლის ასაკში მიატოვა სკოლა და კრივით დაინტერესდა. სპორტში კერკორიანმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი პროფესია შემდეგში თვითმფრინავის პილოტირება გახდა. სწორედ ასეთი გზით მოხვდა ის პირველად ლას-ვეგასში, სადაც დაგროვილი 60 ათასი დოლარით მცირე ავიაკომპანია „ტრანს ინტერნეიშენალი” დააარსა, რომელიც მოგვიანებით, 104 მილიონ დოლარად გაყიდა. კერკორიანი სხვადასხვა დროს ჰოლივუდურ სტუდიებს „იუნაითედ არტისტს” და „მეტრო გოლდუინ მაიერს” ფლობდა. 2012 წლის მონაცემებით, მისი კაპიტალი 3,3 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული.
კარლ ვლაშეკი – 94 წლის
ყოფილი ჯაზმენი, პიანისტი და ავსტრიული საცალო ვაჭრობის ქსელ „ბილას” დამფუძნებელი, დღესდღეობით უმსხვილესი უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელია ავსტრიაში. ვლაშეკის საკუთრებაა ზალცბურგში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რედისონი”; ისტორიული შენობა ვენაში, სადაც განთავსებულია ავსტრიის საფონდო ბირჟა და ასევე, ვენაში მდებარე 4 სასახლე. ახლახან ვლაშეკმა, რომლის სასცენო ფსევდონიმი ჩარლი უოკერი იყო, ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა სახელწოდებით – „კარლ ვლაშეკი - წარმატების საიდუმლო”. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან 94 წლის მილიარდერმა დაქორწინება გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ სასიძო მომავალი მეუღლის ასაკს საგულდაგულოდ მალავს პრესისგან, ფოტოებიდან ჩანს, ვლაშეკის რჩეულის, რიკი შენკის ასაკი 45 წელს არ აღემატება. ცნობისთვის, ეს რომანტიკოსი მილიარდერისთვის რიგით მეხუთე ქორწინება იქნება.
ჰენრი ჰილმანი – 93 წლის
93 წლის მილიარდერი ჰენრი ჰილმანი 2,2 მილიარდდოლარიან კაპიტალს ფლობს. მილიარდიანი კაპიტალი მას მემკვიდრეობით მამისგან, ჰენრი ჰილმან უფროსისგან ერგო. ჰილმანის კომპანია „ჰილმან ენდ კო” ფლობს აქტივებს უძრავ ქონებასა და ვენჩურულ ფონდებში. გარდა ამისა, ჰილმანი ქველმოქმედებაშია ჩართული და პიტსბურგის კიბოსთან მებრძოლ ცენტრს ეხმარება, რომელიც მის სახელს ატარებს.
ჯორჯ მიტჩელი – 93 წლის
ტეხასელი მილიარდერი და ფილანტროპი ჯორჯ მიტჩელი ამერიკაში მეთანისგან მიღებული ბუნებრივი აირის „მამად” ითვლება. ის გაზის საბადოების მომგებიან საწარმოდ გადაქცევის პიონერია. მიტჩელი ასევე, ცნობილია თავისი ქველმოქმედებით მეცნიერებასა და სამედიცინო სფეროში. მისი კაპიტალი „ფორბსს” 2,2 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული.
ენ კოქს ჩემბერსი – 92 წლის
მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში ენ კოქს ჩემბერსს 12,5 მილიარდიანი კაპიტალით, 61-ე პოზიცია უკავია. მისი სიმდიდრის „კოქს ენთერფრაიზისია” – მედია-კონცერნი. 92 წლის ასაკში ენ კოქს ჩემბერსი სათავეში უდგას კომპანია „კოქს ენთერფრაზის” დირექტორთა საბჭოს. კომპანიის შემადგენლობაში შედის: საკაბელო ტელევიზია „კოქს კომუნიკეიშენი”, „კოქს მედია” (ათამდე გაზეთი და ჟურნალი, 15 ტელეარხი და 86 რადიოსადგური), ავტოაუქციონები – „მანჰეიმი” და ვებ-საიტი „აუტოტრეიდერ.კომ”. 70-იან წლებში ენ კოქსი ბელგიაში ამერიკის ელჩის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო 80-იან წლებში „კოკა-კოლას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობდა.