რამ „დააშორა” ნინა ხატისკაცი ქმართან და როგორ იცავდა ის დაკავებული მეუღლის უფლებებს
ხანგრძლივი სჯა-ბაასისა და კანდიდატურების შერჩევის შემდეგ, გასული კვირის ბოლოს, როგორც იქნა, დასახელდა სახალხო დამცველის ოფიციალური კანდიდატი. ნინა ხატისკაცი სახელისუფლებო გუნდისთვის ყველაზე მისაღები სახე აღმოჩნდა. თუ რატომ, ამაზე თავად ნინასაც არ აქვს პასუხი, თუმცა, მთავარ „მოტივად” ის მაინც თავის სამოქალაქო აქტივობას თვლის. როგორი სახალხო დამცველი იქნება ნინა ხატისკაცი, ამას მომავალი ხუთი წელი გვაჩვენებს, თავად კი ცხოვრების ამ ახალ და მნიშვნელოვან გამოწვევას დიდი შემართებით ხვდება.
– როგორ ფიქრობთ, რატომ შეჩერდა არჩევანი თქვენზე, იმის მიუხედავად, რომ თავიდან თავად მოხსენით საკუთარი კანდიდატურა და სხვას დაუთმეთ „ადგილი”?
– თუ რატომ შეჩერდა ჩემზე არჩევანი, ამ შეკითხვაზე პასუხი უმრავლესობამ უნდა გასცეს. იგივე შეკითხვები დავსვი მეც, როგორც საკუთარ თავზე, ისე თამარ გურჩიანზე, რომელსაც, არ ვიცი, რატომ არ ჰქონდა პოლიტიკური მხარდაჭერა. ჩემთვის ცნობილია, რომ კონსენსუსი შედგა ჩემთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო ჩემი კარიერით, გამოცდილებითა და პიროვნული თვისებებით. პირველად ჩემგან უარის თქმის მიზეზი იყო ჩემი და თამარის ურთიერთობა, რომელიც ახლომეგობრული არ არის, მე დიდ პატივს ვცემ მის პროფესიონალიზმს და პრინციპულობას, თამარი იყო იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის, რომლებმაც ჩემი დაცვა სცადეს და გვერდში დამიდგა მაშინ, როდესაც ძალიან უსამართლოდ მომექცნენ და მე დავტოვე სამსახური „საერთაშორისო გამჭვირვალობის ფონდში“. სამსახურიდან ჩემი გამოშვების მიზეზი იყო ჩემი შეუთანხმებლობა დირექტორთან, თუმცა, რეალურად ასე არ ყოფილა. იმ დღეებში მე მეტ სოლიდარობას ველოდი იმ სამოქალაქო საზოგადოებისგან, რომლის წარმომადგენელიც მე თავად ვარ, მაგრამ, ეს ასე არ მომხდარა.
– ამჯერად რა იყო გადამწყვეტი, რის გამოც ამ წინადადებაზე დასთანხმდით?
– მოგეხსენებათ, ჩემ გარდა დასახელებული იყო კიდევ ოთხი კანდიდატი, რომელთაც არ შეუწყვეტიათ კამპანია, მაგრამ, ის, რომ პოლიტიკური კონსენსუსი რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით მყარი არ იყო, მეტყველებდა იმაზე, რომ პარალელურად ხდებოდა დამატებითი კანდიდატურების დაყენება. თავად უმრავლესობამაც განაცხადა, რომ მათ რამდენიმე კანდიდატურა ჰყავდათ. ეს იყო ხანგრძლივი პროცესი, გამორჩეული მაღალი სამოქალაქო აქტივობით. ზოგ კანდიდატურას სამოქალაქო სექტორი უჭერდა მხარს, ზოგს – რიგითი მოქალაქეების გუნდი.
– თქვენ ახალი პოლიტიკური გუნდის მთავარ კანდიდატად ითვლებით, რა გაკავშირებდათ „ქართულ ოცნებასთან”?
– პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური უმრავლესობა. კანდიდატი, ვისაც ასახელებს და კენჭს უყრის უმრავლესობა, მისთვის, რა თქმა უნდა, მისაღები უნდა იყოს. ერთ-ერთ კანდიდატზეც აგორდა კამპანია, რომ ის „ოცნების“ წარმომადგენელი იყო. რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა ის ფაქტი, რომ პროცესი ისე არ წარიმართა, როგორც ამას ელოდა სამოქალაქო საზოგადოება; ეს ჩემთვისაც საწყენია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და ქვეყანას უნდა ჰყავდეს სახალხო დამცველი. ჩემი აზრით, როდესაც კანდიდატის არჩევაზე დგება საქმე, ის უფრო მნიშვნელოვანია თავად კანდიდატს თუ აქვს რაიმე პრობლემა; არის თუ არა ეს კანდიდატი პრინციპული, მიუკერძოებელი და პროფესიონალი – ალბათ, მაინც ესაა მთავარი.
რაც შეეხება ჩემს კავშირს „ქართულ ოცნებასთან,” მე არ ვყოფილვარ ამ პარტიის წევრი და არც პარტიის საქმიანობაში ვყოფილვარ ჩართული. არ დავმალავ და გეტყვით, რომ მქონდა რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება, მაგრამ, მე თავიდანვე განვაცხადე უარი პარტიულ საქმიანობაში ნებისმიერი სახით ჩართვაზე. მე ვერ გეტყვით, ვისგან წამოვიდა პარტიიდან ჩემი დასახელება კანდიდატად, ეს არ გამომიძიებია, ამ საკითხზე საუბრები მქონდა დავით საგანელიძესთან და დავით უსუფაშვილთან. მე მყავს ბევრი მეგობარი ამ პოლიტიკურ გუნდში, თუმცა, არც ერთი მათგანი არ არის პარლამენტში. მე მათთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს სამოქალაქო სექტორიდან.
– თქვენი მეუღლე „ოცნების” მესტიის შტაბის ხელმძღვანელია, ეს ინტერესთა კონფლიქტს არ გამოიწვევს?
– კახა არ ყოფილა შტაბის ხელმძღვანელი, მას არ აქვს ისეთი სამსახური, რომ მე ხელი შემიშალოს და, შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. იმის გამო, რომ მე სახალხო დამცველის პოსტზე ვიყრი კენჭს, მას ვერ მოვთხოვ, უარი თქვას „ქართული ოცნების“ აქტივისტობაზე. რა მოვთხოვო? დაიფიცოს, რომ რას აღარ იზამს? თუ ის, რომ არ მოახდინოს ჩემზე გავლენა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ? ჩემი მეუღლე მუდმივად მუშაობდა მესტიაში, ჰქონდა მცირე ბიზნესი, მუშაობდა საოლქო კომისიაში და მიკროსაფინანსო ბანკში. ის ასოცირებული გახდა „ქართულ ოცნებასთან“ მას შემდეგ, რაც მისმა მეგობარმა საპარლამენტო არჩევნებში გადაწყვიტა კენჭისყრა. კახა პარტიის წევრიც კი არ იყო, თუმცა, აქტიურ მხარდამჭერად ითვლებოდა. ის ძალიან აქტიურად ჩაერთო საარჩევნო პროცესებში, რის გამოც, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სრულიად უსაფუძვლოდ, დააკავეს კიდეც. მე, როგორც მისი მეუღლე, შევეცადე, რომ გამეხმაურებინა ეს ინფორმაცია და მაქსიმალურად შევეცადე, რომ აღკვეთილიყო ეს უკანონო ქმედება. წინასაარჩევნოდ, არჩევნების დარღვევებზე მუშაობა იყო ჩემი, როგორც ამ საქმეში გამოცდილი ადამიანის, ასევე, რიგითი მოქალაქის მოვალეობა.
– მეუღლის უფლებების დაცვაზე როგორ იზრუნეთ?
– ეს არ ყოფილა ტიპური დაცვა, მე სასამართლოში მისასვლელად ჩასვლაც ვერ მოვასწარი ზუგდიდში. ჩემი მხარდაჭერა ძირითადად იმაში გამოიხატა, რომ ინფორმაცია გავახმაურე როგორც ადგილობრივ ორგანიზაციებში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩავაყენე საქმის კურსში. მე მქონდა ორი სტატუსი – დამოუკიდებელი მკვლევრისა და „ქართული ოცნების“ უკანონოდ დაკავებული წარმომადგენლის მეუღლის.
– თქვით, რომ თქვენი მეუღლე მუდმივად მესტიაში ცხოვრობს. ახლა, ალბათ, შეელევა მშობლიურ სვანეთს და სახალხო დამცველს მარტოს არ დატოვებს თბილისში.
– გეოგრაფიულად ცალკ-ცალკე გვიწევს ცხოვრება – ეს სამი წელი, რაც ოჯახი გვაქვს, კახა სულ მესტიაშია, მე – თბილისში. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ასე დიდ გზაზე წასვლას და წამოსვლას; ბავშვიც, თავისი პატარა ასაკის მიუხედავად, ხან თბილისშია, ხან – სვანეთში, ჩვენთან ერთად მიდი-მოდის. როცა კახა გავიცანი, ის მესტიაში ცხოვრობდა. მისი „გადმობირება” წარმოუდგენელია, ისე უყვარს თავისი კუთხე. ფიქრობს, რომ იქ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. მე პატივს ვცემ მის არჩევანს. კახას აქვს ხოლმე სურვილი, რომ მეც იქით ვიყო, მაგრამ, საქმეში ხელის შეშლა არაა სწორი. იქ რომ ყოფილიყო ისეთი ალტერნატივა, რომლითაც საკუთარი თავის რეალიზებას შევძლებდი, შესაძლოა, წავსულიყავი კიდეც.
– თბილისსა და მესტიას შორის სასიყვარულო ძაფები როგორ „გაიბა”?
– ჩვენ დაახლოებით ათი წლის წინათ გავიცანით ერთმანეთი. მე ვიყავი საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი, რომლის ფარგლებიც ტრენინგებზე გავიცანი კახა, როგორც მესტიის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი. ჩვენ წლების განმავლობაში ვმეგობრობდით, ხშირად ჩავდიოდით სვანეთში და კახა გვმასპინძლობდა ხოლმე. ოთხი წლის წინ დავამთავრეთ ამ სახის მეგობრობა და ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდა.
– სვანმა მამაკაცმა დაქორწინების წინ კუბდარის გამოცხობაში არ გამოგცადათ?
– არა, კუბდარის გამოცხობა დღემდე არ ვიცი, დღემდე გვაქვს მცდელობა, მაგრამ, ეს მხოლოდ თეორიულად ავითვისე, პრაქტიკულად ჯერ არ მიცდია. კახას გაცნობამდე სვანეთთან არაფერი მაკავშირებდა. წარმოშობით ქართლიდან და გურიიდან ვარ, მაგრამ, სვანეთში ისე ხშირად მიწევდა ყოფნა, რომ კახას წყალობით უკვე მეც „გავსვანდი” (იცინის). ამაზე თვითონაც ხუმრობს ხოლმე – ჩემზე მეტი სვანი შენ ხარო. ვატყობ, რომ მთის სისხლის ყივილი მეც სხვანაირად დამეწყო. როცა სვანეთში ვიყავი იქაც არ ვისვენებდი, სულ ვიკვლევდი, ვინ რას აშენებდა და რატომ.
– როგორც ჩანს, გიყვართ სვანეთში ყოფნა.
– დიახ, მიყვარს. როცა ჩავდივარ, ძალიან აქტიური რეჟიმი მაქვს. საოჯახო სასტუმრო
გვაქვს, უცხოელები გვყავს ხშირად და მეც ვარ ჩართული ამ ბიზნესში. ძალიან ბევრს დავდივარ სვანეთის არაჩვეულებრივ ბუნებაში, დავდივართ ფეხით, ცხენებით. ამბობენ, რომ კარგი მხედარი ვარ. პირველი დაჯდომისთანავე იმდენად ვიგრძენი ცხენი, რომ მეორე დაჯდომაზე უკვე ვაჯირითებდი. თანდათან დავხვეწე „კლასი” – ენგურის ის შენაკადიც ბევრჯერ გადამილახავს ცხენით, რომელიც იქ ჩამოედინება.
– ექსტრემალიც ყოფილხართ.
– დიახ, ვარ. მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი. მთაში სიარული საოცარი რელაქსია. თავიდან მოგზაურობა უცხოეთის მთიანეთით დავიწყე. ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ჩემი ჭკუის რამდენიმე მეგობართან ერთად ბევრი საინტერესო ადგილი მაქვს მოვლილი, ზღვის დონიდან 3 500 მეტრზეც კი ავსულვარ ინდონეზიასა და გვატემალაში. საქმიან ვიზიტებზე თავისუფალი დრო აუცილებლად უნდა მოიტოვო საკუთარი სიამოვნებისთვის, რადგან, ამის შანსი, შეიძლება, აღარ მოგეცეს. გვატემალაში მოქმედ ვულკანზეც კი მოვხვდი, ირგვლივ ცხელი ლავა იყო, სადაც ფეხს ვერ ვდგამდით, თუმცა, საკუთარი რისკის ფასად, ამაზე უარი ვერ ვთქვით.
– ოჯახის გარეშე მარტო ცხოვრება არ გიჭირთ?
– ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა. სხვაზე რომ წარმომედგინა ასე, ქმრისგან დაშორებით ცხოვრება, ძალიან გამიჭირდებოდა ამისი გააზრება, მაგრამ, ადამიანები ვეგუებით იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ. ცალ-ცალკე ცხოვრება ძალიან რთული არც არის, პირიქით, გვენატრება ერთმანეთი და შეხვედრებიც ბევრად უფრო ემოციურია. კატოც ხშირად არის ჩემთან. ბინა ისეთ კორპუსში ვიყიდე, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი ცხოვრობს. მიყვარს მათთან ერთად ყოფნა. მეგობრები, სპორტი, ფიზიკური ვარჯიში, ცურვა – ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
– როგორი სახალხო დამცველი იქნება ნინა ხატისკაცი?
– უპირველესა დ – მიზანდასახული, შეუპოვარი, ძალიან პრინციპული. ჩემთვის, ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარდა, არ იარსებებს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხი. ვიცი, რომ ეს არ იქნება იოლი საქმე.
– მით უფრო – ქალისთვის.
– მე ჩემს თავში ვერ ვხედავ განსაკუთრებულ სინაზეს, საკმაოდ მყარი ხასიათი და დიდი ენერგია მაქვს. ჩემს წინა სამსახურში ცხრა თვის ორსული დავდიოდი და დღეში 12-14 საათი ვმუშაობდი. შეიძლება, ფიზიკური ძალა არ მქონდეს იმდენი, თორემ, ვერ ვიტყვი, რომ რამე იმაზე ნაკლებად გამიკეთებია საქმეში, რასაც იმ სიტუაციაში მამაკაცი შეძლებდა.