რატომ ვერ მოხერხდება საპარლამენტო მოდელზე გადასვლა, თუკი საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერზე ადრე ჩატარდება
– რატომ არის უპრიანი, რომ საპრეზიდენტო ვადა განისაზღვროს 5 წლით. საიდან მოდის ასეთი ტრადიცია და თუ არსებობს ვალდებულება, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა აუცილებლად უნდა ჩაეტიოს 5-წლიან პერიოდში?
– აუცილებლობა ამის, როგორც ასეთი, არ არსებობს. არის ქვეყნები, რომლებშიც შედარებით ხანგრძლივი ვადითაც აირჩეოდა პრეზიდენტები, თუმცა დღეს უკვე დამკვიდრებულია სტანდარტი და, ჩვეულებისამებრ, დემოკრატიული ქვეყნებში ვერ შეხვდებით ვერც ერთ შემთხვევას, რომ პრეზიდენტი 5 წელზე ხანგრძლივი ვადით აირჩეოდეს. საფრანგეთი იყო გამონაკლისი, სადაც 7 წლით ირჩევდნენ პრეზიდენტს, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ ფრანგებმაც შეცვალეს ეს წესი და დღეს უკვე 5 წლით აირჩევა საფრანგეთის პრეზიდენტი. ანუ დემოკრატიულ სივრცეში ერთგვარი დემოკრატიული სტანდარტია დამკვიდრებული, რის მიხედვითაც, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.
– იმისდა მიუხედავად, ეს საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, საპარლამენტო თუ შერეული მოდელი?
– ამას მნიშვნელობა არ აქვს.
– 5 წელი შეიძლება, იყოს 5 წელი და ერთი თვე, 4 წელი და 8 თვე, 5 წელი და 6 თვე. როგორ ხდება ხოლმე ათვლა? აუცილებლად ზუსტად 5 წელი უნდა იყოს თუ ცდომილებაცაა გათვალისწინებული?
– ქართული შემთხვევის ანალოგიური პრეცედენტი არ მახსენდება: არსად არ არის დაფიქსირებული პრეზიდენტის არჩევის კონკრეტული თარიღი. როგორც წესი, პრეზიდენტი აირჩევა გარკვეული ვადით და ეს ვადაა 5 წელი.
– ჩვენთან მითითებულია ოქტომბრის ბოლო კვირა დღე უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მეხუთე წელს. სხვაგან როგორი ჩანაწერებია, რომ მკითხველისთვის უფრო გასაგები გახდეს?
– როგორც წესი, კანონმდებლობაში აღნიშნულია კონკრეტული ვადა და შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება ზუსტად იმ დროს, როდესაც გადის ეს ვადა, ხუთი წელი იქნება ეს თუ ოთხი.
– ჩვენს შემთხვევაში რამ გამოიწვია საპრეზიდენტო არჩევნების კონკრეტული თარიღის მითითება და თქვენ როგორ ახსნიდით ასეთი ჩანაწერის არსებობას?
– გარკვეული ობიექტური საფუძველი შეიძლებოდა, ჰქონოდა ამ ჩანაწერს, იმიტომ რომ ჩვენ პრეზიდენტი 2004 წლის იანვრის დასაწყისში ავირჩიეთ, ანუ საახალწლო პერიოდს დაემთხვა მაშინ არჩევნები, რაც მაინცდამაინც მისაღები არ არის.
– რატომ არ არის მისაღები?
– ეს ის პერიოდია, როდესაც გართულებულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება. ადამიანები მოწყვეტილნი არიან პოლიტიკურ ცხოვრებას, იმიტომ რომ ახალი წლისთვის ემზადებიან და, ამდენად, ჯობს, შედარებით ნეიტრალურ პერიოდში ჩატარდეს არჩევნები. თუმცა ლოგიკური იქნებოდა, პრეზიდენტის არჩევნების ტექნიკურად გადაწევა, მაგრამ არა ისეთი ფორმით, როგორც ჩვენთან განხორციელდა. ჩვენთან ტექნიკურად კი არ გადაწიეს პრეზიდენტის არჩევნების თარიღი, არამედ, რეალურად, 10 თვით გაუხანგრძლივეს პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა და ამიტომ ოქტომბრის თვე დააფიქსირდა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად. ეს საკონსტიტუციო ცვლილება 2006 წლის 27 დეკემბერს განხორციელდა. ვიცით, რომ სააკაშვილი 2004 წლის იანვრის დასაწყისში აირჩიეს და, ამ ჩანაწერით, მისი პირველივე ვადა გახანგრძლივდა 10 თვით. თუმცა, რეალურად, როგორც გახსოვთ, ის 2007 წლის ბოლოს გადადგა თანამდებობიდან, შესაბამისად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, დაახლოებით, იმავე დროს, იანვარში. ანუ თავისი პირველი ვადის ფარგლებში სააკაშვილმა ვერ ისარგებლა, მაგრამ ამ ცვლილებამ თავი იჩინა მეორე ვადაში და პრეზიდენტს ახლა შეუძლია, ისარგებლოს გახანგრძლივებული ათთვიანი პერიოდით, თუ მანამდე რამე არ შეიცვალა. 2006 წლის ჩანაწერი გვეუბნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება პრეზიდენტის ულებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. ხუთი წელი გადის 2013 წლის იანვარში, ანუ კალენდარული წელი გამოდის 2013 და ამ კალენდარული წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები.
– ახალი სახელისუფლო ძალა საუბრობს იმაზე, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა უნდა დაუბრუნდეს რეალურ 5-წლიან ვადას და მიიჩნევენ, რომ ეს 5 წელი სრულდება 2013 წლის იანვარში. რამდენად ეთანხმებით ამ არგუმენტს და რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას ის დამატებული 10 თვე ჩამოეჭრას როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისე ზოგადად?
– ყველაზე მარტივი სამართლებრივი მექანიზმია საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების შემთხვევაშიც კი, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ვერ მოესწრება 2013 წლის იანვარში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს თავისი განხილვის ვადები აქვს, პრეზიდენტს ვეტოს დადების უფლება აქვს და, რაც მთავარია, როდესაც ეს ცვლილებები ძალაში შევა, მინიმუმ 60 დღის შემდეგ უნდა დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. ანუ, რომ განხორციელდეს კიდეც საკონსტიტუციო ცვლილება, საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის მარტ-აპრილამდე მაინც ვერ დაინიშნება. თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებით შესაძლებელი გახდება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ოქტომბრიდან მარტ-აპრილისთვის გადმოტანა. რაც შეეხება თვითონ კონსტიტუციურ-სამართლებრივ აქტებს: როგორც წესი, დაუშვებელია ერთი ორგანოს მიერ მეორე ორგანოსთვის უფლებამოსილების ვადის შეკვეცა. ამდენად, პარლამენტს პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების ვადის შეკვეცა არ შეუძლია, თუმცა, ამ შემთხვევაში, თარიღის გადმოწევა ვერ ჩაითვლება უფლებამოსილების ვადის შეკვეცად, რადგან ჩვენ გვაქვს ძირითადი ნორმა, რის მიხედვითაც, პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გადმოწევას: მთავარია, ეს თარიღი იანვარს გადასცდეს, რომ პრეზიდენტმა თავისი 5 წელი ამოწუროს და ამის შემდეგ, უკვე საკონსტიტუციო ცვლილებით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა.
– ცვლილებით, რომელიც წინა, ანუ მეშვიდე მოწვევის პარლამენტმა მიიღო, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის პარლამენტის წევრთა სამი მეოთხედი.
– თუმცა ეს ნორმა ძალაში შედის 2013 წლიდან, ანუ 2013 წლის ოქტომბრამდე საკონსტიტუციო ცვლილებებს ასი დეპუტატის ხმა ესაჭიროება.
– თქვით, რომ პრეზიდენტს შეუძლია ვეტო დაადოს მისი უფლებამოსილების ვადისთვის დამატებული 10 თვის ჩამოჭრის საკონსტიტუციო ცვლილებას. ვთქვათ, მერვე მოწვევის პარლამენტის ასმა დეპუტატმა, საკონსტიტუციო უმრავლესობამ, დააყენა პრეზიდენტის ვადის შემცირებისა და საპრეზიდენტო არჩევნების მარტის თუ აპრილის თვეში ჩატარების საკითხი. კანონმდებლობით, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?
– როდესაც შესაბამის კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი, შემდეგ ის 7 დღის ვადაში ეგზავნება პრეზიდენტს, რომელსაც მან ან ათი დღის ვადაში უნდა მოაწეროს ხელი, ან უკან დაუბრუნოს თავისი შენიშვნებით პარლამენტს. თუმცა ამის შემდეგ პარლამენტს შეუძლია, გადალახოს პრეზიდენტის ვეტო და ზუსტად იმავე რაოდენობის უმრავლესობაა საჭირო, რაც კანონპროექტის მიღებას სჭირდება, ანუ პარლამენტის წევრთა ორი მესამედი. თუ ასმა დეპუტატმა ხელახლა დაადასტურა კანონპროექტის მიღება, მაშინ ის ამოქმედდება და შევა ძალაში. ანუ პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა შესაძლებელია ისეთივე რაოდენობის უმრავლესობით, რაც საჭიროა კანონის მისაღებად.
– ამ დროს პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის დათხოვნა?
– ეს ვერ გახდება პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის საფუძველი. კანონში მკაფიოდაა განსაზღვრული პარლამენტის დათხოვნის საფუძვლები, რის მიხედვითაც, პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ კანონის მიღება ვერ გახდება პარლამენტის დათხოვნის საფუძველი.
– პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება უფრო რთული პროცედურაა თუ საკონსტიტუციო უმრავლესობით საპრეზიდენტო არჩევნების ვადის გადმოწევა?
– საკონსტიტუციო რეფორმა უფრო მარტივი პროცედურაა, იმ თვალსაზრისით, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში, საქმე მიდის უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოში და ან ერთმა, ან მეორე სასამართლომ უნდა დაადასტუროს პრეზიდენტის მოქმედებაში ან დანაშაულის ნიშნები, ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტები. ვინაიდან ჩვენთან ეს ორივე სასამართლო პოლიტიზებულად მიიჩნევა, შესაძლოა, ამან ძალიან გაართულოს პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება. იმ შემთხვევაში კი, თუ სასამართლო არ დაადასტურებს დანაშაულის ნიშნებს, პარლამენტს მეტი ბერკეტი აღარ რჩება პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად.