კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებს განათლების სამინისტრო ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერი სტუდენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას

 

განათლება რომ ქართული სახელწიფოს აქილევსის ქუსლია, ამას, თუნდაც, პოლიტიკოსების ლექსიკა და მეტყველების კულტურაც მოწმობს. საქმის სიმძიმეს კი, ყველაზე ნათლად ის უბრალო ფაქტი ასახავს, რომ ამ აგერ უკვე რვაწლიანი გამორეფორმირების შედეგადაც კი, არც ქართულ ატესტატებს და არც დიპლომებს ჩვენ გარდა დედამიწის ზურგზე არავინ აღიარებს, აღარაფერს ვიტყვი საერთაშორისო კვლევების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში განათლების დონის სავალალო მდგომარეობას ასახავს. მეორე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლება ძვირად ღირებული სიამოვნებაა და სისტემა ვერ უზრუნველყოფს უფულო, მაგრამ ნიჭიერი ახალგაზრდისთვის განათლების ხელმისაწვდომობას. ახალი ხელისუფლება გვპირდება, რომ განათლების სექტორს დაფინანსება გაეზრდება, რასაც სტუდენტების ოჯახები თავიანთ ჯიბეებზე უშუალოდ იგრძნობენ. ქართული განათლების პერსპექტიულ შუქ-ჩრდილებს განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილთან ერთად მიმოვიხილავთ.

 

– განაცხადეთ, რომ სტუდენტების დაფინანსება გაიზრდება. რას გულისხმობს ეს: უფრო მეტი რაოდენობის სტუდენტი დაფინანსდება თუ 100-პროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მიმღებთა რაოდენობა გაიზრდება?

– როგორც იცით, არის 100-70-50 და 30-პროცენტიანი სახელმწიფო გრანტები, იმისდა მიხედვით, რა შედეგს აჩვენებს აბიტურიენტი. ის გაიცემა გარკვეული რაოდენობის სტუდენტებისთვის, რადგან თანხა შეზღუდულია. როდესაც ეს თანხა ორმაგდება, ბუნებრივია, იზრდება გრანტის მიმღები სტუდენტების რაოდენობა, შეიძლება, პროპორციულად –  არა, მაგრამ გაიზრდება 100-70-50 და 30-პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსების მიმღებთა რაოდენობა.

– ეს ეხება უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის სტუდენტს: ბაკალავრსაც, მაგისტრსაც და დოქტორანტსაც?

– რადგან სასწავლო გრანტზეა ლაპარაკი, ეხება ყველა საფეხურის სტუდენტს.

– რამდენიმე მიმართულება პრიორიტეტულად ცნო სახელმწიფომ და, ჯერ ერთი, ამ მიმართულებებს უფრო დიდი თანხით აფინანსებდა და, რაც მთავარია, მოქმედებდა თანადაფინანსების პრინციპი, მაშინ, როდესაც 5 სპეციალობის მსურველებს მხოლოდ 100-პროცენტიანი გრანტის იმედი უნდა ჰქონოდათ. ეს მიდგომა შენარჩუნდება?

–  საერთოდ, ვფიქრობთ, რომ პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს სახელმწიფომ, თუმცა, შესაძლოა, რაღაც პერიოდში პრიორიტეტული ერთი მიმართულება იყოს, მეორე პერიოდში –  სხვა. მიდგომა, რომ სახელმწიფო უნდა გამოკვეთდეს პრიორიტეტებს, სწორია.

– და იმის ხარჯზე, რომ, რადგან, თურმე, არ მჭირდება საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და ჟურნალისტი, მათთვის არ გავიღებ ნაწილობრივ დაფინანსებასო?

– რაღაც დაფინანსებას ყველა იღებს, უბრალოდ პრიორიტეტული მიმართულებები უფრო მეტს უნდა იღებდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ტექნიკური საკითხია.

– ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს ტექნიკური საკითხია, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც, კონკრეტული მიმართულება არ არის პრიორიტეტული სახელმწიფოსთვის, აბიტურიენტი ვერ იღებს 70-50 და 30-პროცენტიან დაფინანსებას, არადა აქვს გაცილებით მაღალი ქულები, ვიდრე პრიორიტეტულად მიჩნეული მიმართულებების აბიტურიენტებს?

– გააჩნია, რა არის დათქმული. სახელმწიფოს აქვს უფლება, თქვას, ამ მიმართულებას ვაფინანსებ და რომელიმეს არ ვაფინანსებო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ დააფინანსო არაპრიორიტეტული მიმართულებები. უბრალოდ ზოგს მეტად აფინანსებს, ზოგს –  ნაკლებად. შენარჩუნდება პრინციპი, რომ იარსებებს სახელმწიფო პრიორიტეტი.

– იმედია, კვლევებს იქნება დაფუძნებული.

– რა თქმა უნდა, საერთოდ, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კვლევას, ეკონომიკის მდგომარეობას, რა პროფესიებზეა მოთხოვნა და ასე შემდეგ. ჰაერზე და სუბიექტურად ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება. შესწავლილი იქნება ეკონომიკის, დასაქმების მდგომარეობა, ბაზრის მოთხოვნები და ამის მიხედვით მოხდება პრიორიტეტების განსაზღვრა. ხანგრძლივი პრიორიტეტები ცოტა სხვაგვარად უნდა განისაზღვროს, რადგან, როდესაც რაღაცას პრიორიტეტად მივიჩნევ და ამიტომ ვაფინანსებ, ის ადამიანი ბაზარზე გამოვა 5 წლის შემდეგ, ანუ 5 წლის შემდეგ უნდა გამომადგეს. ამდენად, პერსპექტივაზე უნდა ვიანგარიშო და იმ პერიოდისთვის შესაძლოა, ხელისუფლებაში აღარც კი ვიყო. ეს ისეთი საქმეა, რომელიც გრძელვადიან დაგეგმარებას და დეტალურ შესწავლას მოითხოვს. ამიტომ, ბუნებრივია, უცბად ეს საკითხი ვერ გადაწყდება.

– ვიზიარებ, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს ზუსტი და საბუნებისმეტყველო სპეციალობები ამ ეტაპზე მაინც, მაგრამ, ვთქვათ, სახელმწიფომ მეტი ფული დახარჯა ფიზიკოსების გასანათლებლად, გვაქვს ამ ფიზიკოსებისთვის სამუშაო ადგილები, გარდა სკოლისა?

– ეს პრობლემა არის და, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იფიქროს ამ პრობლემის გადაჭრაზე.

– სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 10 000-ია. გაქვთ შემუშავებული რამე გეგმა, რომ დაეხმაროთ მათ? ისინი სწავლას უფულობის გამო ვერ განაგრძობენ.

– ეს ძალიან რთული საკითხია. დავუშვათ, სტუდენტი კერძო უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს. მას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული უმაღლეს სასწავლებელთან და იცის, რომ უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური, მაგრამ ვერ იხდის. ყველანაირი უფლება აქვს უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას, რომ ასეთი სტუდენტი გაუშვას. მესმის, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა, ამიტომ საჭიროა კომისიის შექმნა, რომელიც გამოიკვლევს, რა მოხდა. თუ რაღაც სხვა პირობები იყო დადებული და შემდეგ შეიცვალა, ეს სხვა საკითხია და ასეთი შემთხვევები შეიძლება, განვიხილოთ, მაგრამ, თუ თავიდანვე იყო ცნობილი სტუდენტებისთვის პირობები და ეს აისახა ხელშეკრულებაშიც, მაშინ ვერაფერს ვიღონებთ.

– კერძო უმაღლესი ახსენეთ, სახელმწიფო უმაღლესებისადმიც ანალოგიური მიდგომაა?

– იგივე მიდგომაა. უბრალოდ, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფოს ჩარევისა და გადაწყვეტილების მიღების მეტი საშუალებაც აქვს. კერძო სასწავლებლის მუშაობაში ჩარევა, ვფიქრობ, ძალიან სახიფათო იქნება.

– არ დავასახელებ კონკრეტულ კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, მაგრამ მათ აქვთ აპრობირებული მეთოდები, როგორ დასცინცლონ სტუდენტებს, რაც შეიძლება, მეტი ფული. ისინი თავად ბეჭდავენ წიგნებს, რომლებსაც საარაკო ფასი აქვთ, აკრძალულია ქსეროქსი, არის უამრავი ჯარიმა და ასე შემდეგ. აქვს სახელმწიფოს საშუალება, ჩაერიოს ასეთ შემთხვევებში და არ მისცეს კერძო უმაღლესებს სტუდენტები საყვლეფად?

– ძალიან რთულ კითხვას მისვამთ!

– აბა, ვის დავუსვა?

– როგორ გიპასუხოთ ამ კითხვაზე ორი სიტყვით?! ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევებზე: ჯდება თუ არა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოქმედება კანონმდებლობაში, საერთაშორისო ნორმებში თუ თვითნებობას აქვს ადგილი?! ასე ხელაღებით განზოგადება გამიჭირდება.  მთავარია, როდესაც უნივერსიტეტების ავტონომიაზე ვლაპარაკობთ, უფლებები ჰქონდეს არა მარტო ადმინისტრაციას, არამედ იქ მომუშავე პერსონალს, სტუდენტებს. ეს არის ერთადერთი გზა, სხვანაირად არ ვიცი, როგორ შეიძლება, ამ პრობლემის მოგვარება. უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა. კარგად მახსოვს ლომაიას რეფორმის დროს ძალიან ბევრი რეგულაცია იყო დაწესებული უმაღლესი სასწავლებლებისადმი და ძალიან ბევრ რამეს არეგულირებდა კანონი: იმ დონემდე, რომ განსაზღვრული იყო ფაკულტეტების რაოდენობა. მგონია, რომ არასწორი იყო და ამის შედეგიც ვნახეთ. მოკლედ, აი, ასეთი მიდგომა აღარ უნდა გაგრძელდეს და ავტონომიურობის ფარგლებში ჰქონდეთ საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება.

– მუდმივადაა ლაპარაკი იმაზე, რომ არ გვჭირდება ამდენი სტუდენტი. თუმცა აქსიომაა, რომ განათლებული ადამიანი სჯობს გაუნათლებელს. სტუდენტებისთვის დაფინანსების გაზრდა ნიშნავს სტუდენტების რაოდენობის გაზრდას?

– გაიზრდება სახლმწიფოს მიერ დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა როგორც გრანტების, ისე სოციალური დახმარების მხრივ. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სამინისტროში უამრავი განაცხადი შემოდის იმ სტუდენტებისგან, რომლებსაც არ აქვთ დაფინანსება ან აქვთ ნაწილობრივი დაფინანსება, მაგრამ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. მათთვის გამოყოფილია თანხა, ამჯერად კი ეს თანხაც გაორმაგებულია. შესაბამისად, თუ წინათ განმცხადებელთა, დაახლოებით, 30 პროცენტი ფინანსდებოდა, რადგან თანხა მეტს არ ჰყოფნიდა, დღეს ეს მაჩვენებელი შეიძლება, 60-70 პროცენტამდე ავიდეს.

– კახეთის სტიქიის შემდეგ პრეზიდენტმა თქვა, რომ იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯახებიც დააზარალა სტიქიამ, მიიღებდნენ დახმარებას სახელმწიფოსგან. ძალაშია ეს დაპირება?

– რა თქმა უნდა, პრეზიდენტი რომც არ დაჰპირებოდა, მაინც დავეხმარებოდით. ამ კატეგორიის სტუდენტებიც სოციალური დახმარების ფონდიდან დაფინანსდებიან.
– არაერთი სპეციალისტი და ექსპერტი უჩივის, რომ კატასტროფულადაა შემცირებული მეცნიერების დაფინანსება. არ აპირებთ გაზრდას? 
–  სახელმწიფოს მიერ მეცნიერების დაფინანსება, ძირითადად, ხდებოდა რუსთაველის სახელობის ფონდიდან და პროექტები კონკურსის საფუძველზე იღებდნენ დაფინანსებას. აქვე გეტყვით, რა სიტუაციაა: ბიუჯეტი, დაახლოებით, 24-25 მილიონი იყო, თუმცა არასდროს, ბოლო წლებში, ეს თანხა ბოლომდე არ იყო გამოყენებული, მხოლოდ ნახევარი გამოიყენებოდა.
– რა მიზეზით?
– რა მიზეზით და ძველი ხელმძღვანელობა ამ ფულს უბრალოდ აჭრიდა. როდესაც დასჭირდებოდათ 4-5 მილიონი, აკლებდნენ ამ ფონდს. თუმცა შესაძლოა, დოკუმენტებში ეს მთლად ნათლად არ ჩანდეს, იქ ისეა ნაჩვენები, თითქოს ამაზე მეტი განაცხადი არ შედიოდა. ასე რომ, ბიუჯეტში გვაქვს 25 მილიონის დაფინანსება და ეს ნამდვილად 25 მილიონი იქნება და, ამდენად, შეგვიძლია, ჩათვალოთ, რომ მეცნიერების დაფინანსებაც ორმაგდება და ეს ხდება არსებული ბიუჯეტის ფარგლებში. დაფინანსების გაორმაგების შემთხვევაში ვფიქრობთ ხელფასების მომატებაზე მასწავლებლებისთვის, ლექტორებისთვის, მაგრამ სასწავლო გრანტების, სოციალური დახმარებისა და მეცნიერების დაფინასების გაორმაგება მხოლოდ არსებული ბიუჯეტის ფარგლებშიც კია შესაძლებელი. იმის თქმა მინდა, რომ ამის გაკეთება წინა ბიუჯეტითაც იყო შესაძლებელი.
– როგორც ვხვდები, ეს სიკეთეები მხოლოდ მათ ელით, რომლებიც მომავალ წელს გახდებიან სტუდენტები?
– წელს ვინც ჩააბარა, მას მიღებული აქვს უკვე დაფინანსება და, ბუნებრივია, ვერ დავეხმარებით: გრანტები პირველ კურსზე ნაწილდება. რაც შეეხება სოციალურ დახმარებებს: ასეთი წესია, თუ პირველკურსელების განაცხადი სრულად დაკმაყოფილდა, შემდეგ შეიძლება, სხვა კურსების სტუდენტებზეც გავრცელდეს.
– ჩვენს ატესტატსა და დიპლომს არ აღიარებს არავინ და გაუგებარია, რატომ ვიღებთ მაშინ ამ ატესტატებსა და დიპლომებს, მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის და გულის გასახარად? როდისთვის შეიძლება, შეიცვალოს ეს სავალალო მდგომარეობა?
– ეს დამოკიდებულია, ერთი მხრივ, საერთაშორისო აქტივობებზე. ჩვენთან არასწორი მოლოდინები გააღვიძეს, როდესაც ითქვა, რომ ბოლონიის პროცესთან შეერთება თავისთავად უზრუნველყოფდა იმას, რომ ჩვენი ატესტატი თუ დიპლომი ყველგან გავიდოდა. ეს ასე არ ხდება და დამოკიდებულია განათლების ხარისხის ამაღლებაზე. თუ ჩვენი განათლების სისტემა მიაღწევს იმ დონეს, რომ მსოფლიოში იქნება აღიარებული, მაშინ ეს პრობლემა არ იქნება.
– და როგორ უნდა მიაღწიოს ამას?
– ბოლონიის პროცესთან შეერთებამ მოიტანა ის, რაც უნდა მოეტანა, მაგრამ ის ვერ მოიტანს იმის გარანტიას, რომ ჩვენი დიპლომი თუ ატესტატი აღიარებული იქნება უცხოეთში. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ სასწავლო დაწესებულებებზე. კემბრიჯისა თუ ოქსფორდის უნივერსიტეტებს არ სჭირდებათ ძალისხმევა იმისთვის, რომ მათი დიპლომი აღიარონ. ჩვენი უნივერსიტეტები და სკოლები გარკვეულ დონეს რომ მიაღწევენ, ჩვენთანაც ასე მოხდება.
– სახელმწიფოს რის გაკეთება შეუძლია ამ პროცესში?
– ხელი შეუწყოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთობას, რომ მეტი ინტეგრაცია მოხდეს.
– ქართული განათლების ერთ-ერთი მთავარი აქილევსის ქუსლი არის ის, რომ ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერ ახალგაზრდას არ აძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას. ფიქრობთ ასეთი პირობების შექმნაზე?
– ამდენი ვილაპარაკე, მეტი რა ვთქვა. რა თქმა უნდა.
– ჩვენ მხოლოდ დაფინანსებაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მხოლოდ სწავლის დაფინანსების გაზრდაზე არ არის დამოკიდებული ეს საკითხი და იმიტომ ვიკითხე.
– რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ დაფინანსება, ეს დამოკიდებულია ქვეყნის განვითარებაზე. საქართველოს ეკონომიკის განვითარებამ უნდა შექმნას ის პირობები, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს ღარიბი და ღატაკი და ყველას ჰქონდეს განათლების მიღების შესაძლებლობა. საამისო პოტენციალი ქვეყანას აქვს.
– ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი მოსახლეობის 15 პროცენტი ღარიბია, თუმცა სიღარიბის სტანდარტები ჩვენთან და იქ განსხვავებულია. მათეული გაგებით ღარიბი ჩვენი გაგებით ლამის მდიდარია. 
– იქ სამასი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და 5 ათასზე მეტი უმაღლესი სასწავლებელია. ის სულ სხვა სამყაროა და არ იქნება გამართლებული ასეთი პარალელები. ჩვენი ზომის ევროპულ ქვეყნებში, ფაქტობრივად, არ ცხოვრობს ღარიბი ადამიანი და ყველას აქვს სწავლის საშუალება. ჩვენი ორიენტირი ასეთი ქვეყნები უნდა იყოს. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ასე სწრაფად ვერ მოხდება.

 

скачать dle 11.3