გონივრული ეჭვი
„მე, პრეზიდენტი და მსოფლიოს ჩემპიონი“
ნათქვამია, ახალი ცოცხი კარგად გვისო, მაგრამ, ისიცაა, რომ, სახელდობრ, კადრების შერჩევის პროცესი არცთუ ია-ვარდითაა ფენილი. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებასთან უშუალო კონსულტაციებით არც ახალი ხელისუფლება იკლავს თავს, პოსტფაქტუმ რეაქციის პრეცედენტები მაინც არსებობს (მაგალითად, ერთ დროს იუსტიციის მინისტრი გია ქავთარაძე სულ ცინცხალი დანიშნული იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, რომ საზოგადოების უარყოფითი რეაქციის შემდეგ მსწრაფლ გადადგა). მეორე მხრივ, მართალია, როგორც ოკუპანტები უბნობენ, „ს პერვა პოდუმაი“ და მერე დანიშნეო, მაგრამ, სულ უარესს, ანუ, რაც აქამდე იყო, მაინც ჯობია.
რაკი უწყებები ჯერჯერობით ბოლომდე არ დაკომპლექტებულა, იქნებ, აწი მაინც შევესწროთ, რომ, ჯერ გაზომავენ და მხოლოდ ამის შემდეგღა გაჭრიან (ანუ, დანიშნავენ).
მანამდე კი ცნობილია, რომ ლალი მოროშკინა სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის მრჩევლად დაინიშნა. სხვათა შორის, ამ დანიშვნას მეტად საინტერესო პრეისტორიაც ჰქონია: როგორც ქ-ნი მოროშკინა აცხადებს, მას ერთგვარი პირობა წამოუყენებია, კერძოდ, რომ არანაირ პოსტს არ დაჰყაბულდებოდა, ვიდრე ქ-ნი ნორა კვიციანი არ გათავისუფლდებოდა. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ქ-ნი ნორა გაათავისუფლეს, ქ-ნმა მოროშკინამაც შეთავაზება გულმშვიდად მიიღო.
ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, რა რჩევებს მისცემს ქალბატონი მრჩეველი ბ-ნ სუბარს და, არც ის, თუ რით შეამსუბუქებს ეს რჩევები პატიმრების არცთუ დალხენილ ცხოვრებას. თუმცა, რაკი მოგვეხსენება, რომ ქ-ნმა მოროშკინამ ბოლო დროს საზოგადოებას თავი წიგნების წერითაც დაამახსოვრა („მე, პრეზიდენტი და მსოფლიოს ჩემპიონი“, „უსექსობა პატარა ქალაქში“), ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ წლების შემდეგ დღის სინათლეს მისი კიდევ ერთი წიგნი იხილავს (პირობითი სახელწოდების შერჩევა თქვენთვის მომინდვია).