წამალნარგები
„ჭირის“ ხიბლი
გასულ კვირას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოსავლების სამსახურმა მოინახულა, რასაც, მთლად საზოგადოების მაინცდამაინც ვერა, მაგრამ, სამაგიეროდ, თვით საზმაუს ხელმძღვანელობისა და, სავსებით ბუნებრივია, ნახელისუფლარი აწ უკვე ოპოზიციის შეშფოთება-აღშფოთება მოჰყვა (პათოსით: ხელები შორს თავისუფალი მედიისგანო, რაც, ბოლო 8-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, აჩენს ეჭვს, რომ თავისუფალი მედია მხოლოდ საკუთარი ხელების შესახებად ემეტებათ).
თავის მხრივ, სახელისუფლო „ოცნების“ უმრავლესობა ირწმუნება, რომ შემოწმებას მხოლოდ შემოწმების მიზანი აქვს (3,8-მილიონიანი დავალიანება დაუგროვდათ ბიუჯეტისაო), ხოლო საზმაუს ხელმძღვანელობასა და ოპოზიციას კი მტკიცედ სწამთ, რომ ახალი ხელისუფლება ტელევიზიას ავიწროებს. ამ შევიწროებად შერაცხილ ფაქტს თვით პრეზიდენტიც გამოეხმაურა და მოგვიწოდა, დავიცვათ თავისუფალი სიტყვა. ამ მოწოდებაში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა ბოლო რვაწლიანი რეალობა, როდესაც სამივე საერთო მაუწყებელი (საზმაუ, „რუსთავი-2“ და „იმედი“) მაშინდელი ხელისუფლებს იდეოლოგიური რუპორი იყო, რაც ბუნებრივად გამორიცხავს (ოღონდ გამორიცხავს არისტოტელეს, და არა, მაგალითად, ალექსანდრე ლომაიას ლოგიკით), რომ ზემოხსენებული სატელევიზიო არხები თავისუფალ სიტყვას აფრქვევდნენ.
მეორე მხრივ, რაც უნდა ყოფილიყო (ანუ, აქამომდე ხელისუფლების რუპორებიც რომ ყოფილიყვნენ), როგორც კი შემოსავლების სამსახურმა საზმაუს კარი შეაღო, გადაცემათა ბადე მყისვე შეიცვალა და „ნონსტოპის“ რეჟიმში გადაეწყო (ანუ, სტუმრებთან ერთად ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ხან ეკა კვესიტაძე, ხანაც – დავით პაიჭაძე). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, ჩვეულებისამებრ, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის დროს საზმაუს ეძინა (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) და სპეცგამოშვებებს არ სწყალობდნენ (სანამ რიგიანად არ გამოფხიზლდებოდნენ), აშკარაა, რომ ზოგი ჭირი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ჭირში“ ფინანსური შემოწმება იგულისხმება) ფრიად და ფრიად მარგებელია.