ტორტი „სანჩო-პანსა“
საჭირო ინგრედიენტები: 6 ცალი კვერცხი, 2 ჭიქა ფქვილი, 2 ჩაის ჭიქა შაქარი, 1/3 ჩაის კოვზი სოდა, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ქილა ანანასის კონსერვი, რამდენიმე ცალი ქლიავისა და გარგარის ჩირი (კურაგა), 40-50 გრამი ნიგოზი, 1 ცალი შავი შოკოლადის ფილა, 700 გრამი არაჟანი, 1 ჭიქა შაქარი – კრემისთვის, კარაქი – ფორმისთვის.
მომზადების წესი: აკურატულად გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. კვერცხის ცილა ათქვიფეთ ღრუბელივით. თქვეფისას, ნაწილ-ნაწილ უმატეთ ორი ჭიქა შაქარი, მერე ნელ-ნელა შეათქვიფეთ კვერცხის გული. ათქვიფეთ კარგად. მუდმივად თქვიფეთ და ისე შეურიეთ ორი ჭიქა გაცრილი ფქვილი. სოდა გახსენით ლიმონის წვენში და ჩაუმატეთ ცომს. ათქვიფეთ კიდევ. ფორმას წაუსვით კარაქი. ჩაასხით მასში ცომი და მოათავსეთ წინასწარ გაცხელებულ აირღუმელში, 180 გრადუსზე, გაზქურაში გამოცხობას 30-50 წუთი დასჭირდება.
სანამ ბისკვიტი ცხვება, გარეცხეთ, კარგად დაწურეთ და კუბიკებად დაჭერით ანანასი და ჩირი. ბისკვიტი გააცივეთ და გაჭერით სიბრტყეზე სამ ნაწილად. 1 სანტიმეტრი სისქის ზედა ფენა გადადეთ ცალკე. ორივე ნაწილი დანამეთ ანანასის წვენით და წაუსვით კრემი. კრემი მოამზადეთ არაჟნითა და შაქრით და კარგად ათქვიფეთ. გამოიყენეთ მხოლოდ 500 გრამი არაჟანი. კრემს ზემოდან დააწყვეთ ანანასისა და ჩირის ნაჭრები. ბისკვიტის ზედა ფენა დაჭერით კუბიკებად. სათითაოდ ამოგანგლეთ არაჟნის კრემში და პატარა გორაკივით დააწყვეთ ხილის ნაჭრებზე ზემოდან. ზედაპირი მოასწორეთ (ისე, რომ ტორტს კონუსის ფორმა მიეცეს). წვრილად დაჭერით ნიგოზი, მოაყარეთ ტორტს, ზემოდან ფრთხილად და თანაბრად წაუსვით დარჩენილი არაჟნის კრემი. ცხელი წყლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი და აბსტრაქტულ ზოლებად მოასხით. ულამაზესი და უგემრიელესია.