ვისთან „მალავდა“ მანანა კობახიძე მომავალ მეუღლეს და რას ახვედრებს მას ქმარი საღამოობით
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საზოგადოებამ სამოქალაქო სექტორიდან გაიცნო, „კონსტიტუციის 42 მუხლი” ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთი აქტიური ორგანიზაცია იყო, თუმცა იქამდე მანანა კობახიძის ცხოვრებაში კერძო ადვოკატის პრაქტიკაც იყო და კიდევ ბევრი საქმე, რომელთა კეთება იმ „გამოცდებს” შორის იყო, რომელსაც ცხოვრება მას მარტოხელა დედის როლში უწყობდა. მანანა კობახიძის პოლიტიკური დებიუტი წარმატებული იყო – მას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად პირადი ოცნებაც აუხდა, პოლიტიკურ ბატალიებში ჩართულმა „მოიცალა” და პირადი ცხოვრება იმ ადამიანს დაუკავშირა, ვისთან „რომანიც” ადრეულ ბავშვობაში დაიწყო.
როგორ ცხოვრობს მანანა კობახიძე კადრს მიღმა. როგორ ეჩვევა ის ვიცე-სპიკერის როლს და რას „სწავლობს” ოპონენტი მამაკაცებისგან, ამის შესახებ თავად მანანა კობახიძისგან შეიტყობთ, რომელიც „ძველებურად” გახსნილი და გულწრფელი რესპონდენტია და ახალმა ამპლუამ მას ვერაფერი „დააკლო”.
– ქალბატონო მანანა, როგორ მოირგეთ ვიცე-სპიკერის ამპლუა?
– შეგუების პროცესი მაქვს. მათთვის, ვინც უკვე რამდენიმე მოწვევის პარლამენტის დეპუტატია, ეს არაა უცხო ამპლუა. როცა პირველად ხარ დეპუტატი, როცა პირველად ხარ ვიცე-სპიკერი და როცა მუშაობ შენობაში, სადაც პარალელურად, რემონტი მიმდინარეობს და ძალიან ბევრი საორგანიზაციო და ტექნიკური პრობლემაა, ეს იოლი არაა. წინა კვირა ძალიან დაძაბული იყო, მაგრამ გავიარეთ ეს პერიოდი და სამუშაო რეჟიმში ჩავერთეთ.
– თქვენ სამოქალაქო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება გქონდათ, მაგრამ პოლიტიკა მაინც უცხოა თქვენთვის, რა იქნება კომპასი პოლიტიკის მძიმე „კულისებში”?
– აქამდე მე ვიყავი კრიტიკოსის როლში. როცა აკრიტიკებ ხელისუფლებას, ეს უფრო მარტივია. აკეთო საქმე, შეეჭიდო მძიმე თემებს და თან ისე, რომ კრიტიკაც ნაკლები იყოს და ხალხის სიყვარულიც დაიმსახურო, ეს ძალიან რთულია. მაგრამ, უნდა შევძლოთ. ჩემი გზამკვლევი პოლიტიკაში იქნება გულწრფელობა და სიმართლის თქმა. როგორც კი იმას დაუშვებ, რომ გულწრფელი არ იყო, მერე ალბათ, ეჩვევი სიყალბეს, რაც ყველაფერს აფუჭებს. მე ვფიქრობ, არ უნდა მოატყუო ადამიანები. როგორც კი თამაშს დაიწყებ და შეეცდები, შენი ამომრჩეველი მოატყუო, რაღაც შეალამაზო საზოგადოებისთვის ეს მაშინვე ჩანს. მით უმეტეს, მე მაშინვე მეტყობა, რადგან არ შემიძლია ტყუილი. ეს, შეიძლება, ნაკლია პოლიტიკისთვის, რადგან როგორც ამბობენ, პოლიტიკაში ტყუილის თქმა უნდა შეგეძლოს. ერთხელ, ბატონმა ბიძინამ მითხრა: შენი „ნაკლიც” ალბათ ეგაა, რომ გამოცდილება არ გაქვს და წესიერი ხარო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ მე მირჩევნია ასეთი ნაკლი მქონდეს, ვიდრე მრავალწლიანი საპარლამენტო გამოცდილება მქონდეს და ვიცოდე, როგორ ყალბდება არჩევნები.
– ახლა პარლამენტში პოლიტიკურად გამოცდილი ოპონენტი მამაკაცების არ „გეშინიათ”?
– არა, პირიქით, რაღაცას ვსწავლობ კიდეც მათგან. მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ტყუილის თქმას (იცინის) გამოცდილებას მუშაობის დროს იღებ ადამიანი. ვიცი, მომიწევს დებატები, პოლიტიკური გამოსვლები, როცა ბატონი დავითი მომანდობს, სხდომის წაყვანაც კი. ახლა ვზივარ და რეგლამენტს ვითავისებ. ნიუანსებს გზადაგზა ვისწავლი, იმედი მაქვს, მალე გავართმევ თავს იმას, რაც მევალება. მე პოლიტიკურ კარიერაზე არასდროს მიფიქრია, რომ ამისთვის მზად ვყოფილიყავი. ადვოკატის პროფესია ყველა ქვეყანაში, სადაც სასამართლო არსებობს, სასურველი პროფესიაა. მე სწორედ იმიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი, დავემშვიდობე პროფესიას და წავედი პოლიტიკაში, რომ ჩემი პროფესიით, უკვე დიდი ხანია, ვერანაირ შედეგს ვეღარ ვაღწევდი. ძალიან გახმაურებულ საქმეებზე მომიწია მუშაობა. მქონდა ისეთი შემთხვევებიც, როცა გამამტყუნებელი განაჩენები დგებოდა. ხუთ წელსაც უსჯიდნენ პატიმარს და მეტსაც, მაგრამ ისინი მადლობას მიხდიდნენ იმის გამო, რომ მე ისინი პროცესზე გავამართლე, იმის მიუხედავად, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იყო. მათ იცოდნენ, რომ ასეთი განაჩენი იყო სისტემის ბრალი, რომ მათ რეალური შედეგი ვერ დავუყენე. ის იყო ძალიან რთული პერიოდი ჩემთვის, განსაკუთრებით, ციხეში სიარული. მარტო ვიყავი, ორ შვილს ვზრდიდი, მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობები უნდა შემექმნა. ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა გადასაწყვეტი. შვილების სკოლის დამთავრება, უმაღლესი განათლება – ბევრი რამ გადავიდა ჩემზე, მარტოხელა ქალზე. თან, ამას ისე ვახერხებდი, რომ ბავშვებს არაფერი დაკლებოდათ. საკმაოდ ბევრი გამოცდა მომიწყო ცხოვრებამ, როგორც ჩანს, მე თვითონ ვარ მებრძოლი, არ მიყვარს წუწუნი. უფლის წყალობით, ბევრი რაღაც მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო.
– როგორ მოახერხეთ ბიძინა ივანიშვილის „გულის მოგება”, მან განდოთ პარტია, მშობლიური საჩხერე. აქამდე რა გაკავშირებდათ მასთან?
– ბატონ ბიძინასთან არაფერი მაკავშირებდა, ნანახიც კი არ მყავდა. როცა პირველად ჩავედი საჩხერეში, სადაც „კონსტიტუციის 42 მუხლის” პროექტის ფარგლებში მოსახლეობისთვის კონსულტაციები უნდა გაგვეწია, გაოცებული დავრჩი იმ სიტუაციით, რაც საჩხერეში ვნახე. იმ პერიოდში ძალიან მძიმე ეკონომიკური სიტუაცია იყო ყველგან. უცებ ვნახე ჭორვილა – აშენებული ევროპული სოფელი, სადაც სულ სხვა მდგომარეობა იყო. ადამიანებს ბედნიერი და გაღიმებული სახეები ჰქონდათ. მივხვდი, რომ იქ რაღაც სხვა ხდებოდა. მაშინ მითხრეს, რომ არის ასეთი ადამიანი, რომელიც არც ჩანს, არც ხმაურობს და ამ სოფელს ასე ეხმარებაო. მაშინ მივხვდი, რომ დედამიწაზე კიდევ ხდება სასწაულები და შეიძლება, ადამიანმა საკუთარი გაიღოს სხვისთვის და ბედნიერება მიანიჭოს სხვებს. ამით თვითონაც რა ბედნიერია-მეთქი, ვიფიქრე. მოგვიანებით, როცა ვიგებდი ინფორმაციას მის მეცენატობაზე, სულ ჭორვილა მახსენდებოდა. ჩვენი პირველი კონტაქტი გასული წლის დეკემბერში შედგა. ოქტომბერში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, სახლში ვთქვი: ისეთი რაღაც იწყება ახლა, ამის მიღმა ვერ დავრჩები, მეც მინდა, ვიყო ამ პროცესების მონაწილე-მეთქი. ჩემგან ეს ძალიან გაუკვირდა ჩემს ოჯახს: შენ და პოლიტიკაო? – მკითხეს. მე ვუთხარი, ეს პოლიტიკაზე მეტია-მეთქი. ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა მანდო პარტია და მისი მშობლიური რაიონი, ჩემთვის დიდი პატივი იყო.
– პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა თქვენს პირად ცხოვრებაშიც. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– ეს საკმაოდ რთული იყო. პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს, მეგობრებთანაც კი ძალიან იშვიათად ვსაუბრობ ძალიან პირადულ თემებზე. არც ზაზას შესახებ ვსაუბრობდი, იქამდე სანამ ოჯახს შევქმნიდით. ახლა სახელმწიფო მოხელის რანგში, ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა ჩემი პიროვნების მიმართ, რომ ამაზე საუბარიც დავიწყე. ამას მოჰყვა ის, რომ ინტერნეტში ისეთი რამეები წავიკითხე ჩემ შესახებ, არ მეგონა თუ გული არ გამისკდებოდა. რატომ ქმნი ოჯახს? რა დროს შენი ოჯახის შექმნაა? შეიძლება, ამ თემებით დაინტერესდნენ ისინი, ვისთანაც არანაირი შეხება არ მქონია, არც არაფერი დამიშავებია მათთვის. პირადი ცხოვრების უფლება ყველას აქვს, დასამალი არაფერი მქონდა, ჩუმად არ ვაპირებდი გათხოვებას. მე ყველა ქალს ვუსურვებ, აწყობილი და დალაგებული პირადი ცხოვრება ჰქონდეს, როცა სახლში კარგ ხასიათსა და განწყობაზე ხარ, როცა გვერდით გყავს ადამიანი, ვინც შენი მეგობარიც არის და მეუღლეც და ყველა პრობლემის გადაჭრაში გეხმარება, უფრო პროდუქტიული ხდები საზოგადო ცხოვრებაში. ეს გადაწყვეტილება სასიამოვნო იყო, მაგრამ არა მარტივი. როცა გყავს შვილები, მამა, ძმა, გიცნობს საზოგადოება, აუცილებლად იფიქრებ, როგორ შეხედავენ ისინი ამ ამბავს. ამაზე ყოველთვის ვფიქრობდი. თუ საღად აზროვნებ, ანგარიშს უწევ საზოგადოებას. „კონსტიტუციის 42 მუხლზე” მუშაობისას, სამსახურში გვიანობამდე მიწევდა ხოლმე ყოფნა და სახლში ძალიან გვიან მივდიოდი. ბევრჯერ მიფიქრია: ახლა რომ დამინახოს მეზობელმა, დაიჯერებს, რომ ასე გვიანობამდე სამსახურში ვზივარ და სტრასბურგის სარჩელს ვწერ? საბჭოთა ფილმებში რომ იყო – „ვინ გვარცხვენს“, ასეთი განცდა მქონდა (იცინის). ჩვენს საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს მეზობლების ცხოვრება – ვინ როდის მოდის სახლში, ვინ რით ცხოვრობს და როგორ. საბედნიეროდ, ძალიან კარგი ხალხის გვერდით ვცხოვრობ და ამ მხრივ პრობლემები არ შემქმნია.
– როგორც ვიცი, თქვენი გათხოვების გამხელა განსაკუთრებით მამასთან და ბიძინა ივანიშვილთან გერიდებოდათ.
– კი, ასე იყო. ბატონ ბიძინასთან ამის გამხელა მერიდებოდა, საარჩევნო პერიოდი იყო, პოლიტიკური ბრძოლისა და დიდი პრობლემების წინაშე ვიდექით და ამ დროს მოიცალო პირადი ცხოვრებისთვის, უხერხულად მეჩვენებოდა. როდესაც ბატონმა ბიძინამ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გაიგო, მითხრა: ოჯახური ცხოვრება მეტად მნიშვნელოვანია, სწორ გადაწყვეტილებას იღებთო. მას ძალიან გაუხარდა ჩვენი ამბავი. როდესაც მეუღლესთან ერთად ჯვრისწერის მოკრძალებულ ცერემონიალზე მოვიდა, ამით დიდი სიხარული მომანიჭა. ცხადია, მამას მიმართ აუცილებლად მექნებოდა რიდი. ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი. მამასთვის ეს თემა მტკივნეულიც არის და მნიშვნელოვანიც, ის ნორმალურად და გაგებით შეხვდა ჩემს გათხოვებას. ამ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ისიც დაეხმარა, რომ ზაზა, ფაქტობრივად, მის თვალწინ გაიზარდა. ჩვენ ათი წელი ერთ ეზოში ვცხოვრობდით „დინამოს“ სტადიონთან. ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული, ალბათ, ეს „რომანიც“ მაშინ დაიწყო. მამა კარგად იცნობდა ზაზას მამას, მეგობრობდნენ ჩვენი დედებიც. ზაზა არ არის ის ადამიანი, ვინც ჩემს ცხოვრებაში ახლა გამოჩნდა, უცბად დაინტერესდა, მაგალითად, ჩემი კარიერით და შეიძლებოდა, სხვა, ქვენაგრძნობები ჰქონოდა ეს გამორიცხული იყო. ძალიან ბევრი ვიფიქრე და იმ ადამიანმა, ვის გვერდითაც გადავწყვიტე ცხოვრება, მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება. მისი პიროვნებიდან, ბუნებიდან და ჩემი და ჩემი შვილების მიმართ მისმა დამოკიდებულებამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. მინდა, გითხრათ, რომ ნამდვილად სწორად მოვიქეცი.
– საარჩევნო კამპანიაში ჩართულს პაემნებისთვის გეცალათ?
– ეს არ ყოფილა სტანდარტული პაემნები. ასაკში ყველაფერი სხვაგვარადაა. მე 20 წლის გავთხოვდი. ვფიქრობ, ამ ასაკში გათხოვება ძალიან ადრეა. ოჯახის შექმნას ცოტაოდენი ცხოვრებისეული გამოცდილება მაინც სჭირდება, სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობა ვერ აეწყო და დავშორდით ერთმანეთს. მერე ჩემი ყოფილი მეუღლე გარდაიცვალა. ახლა უკვე იმ ასაკში ვარ, როცა აბსოლუტურად შეგნებულად დგამ ამ ნაბიჯს, როცა გააზრებული გაქვს ყველაფერი და მხოლოდ ემოციებით არ იღებ გადაწყვეტილებას. მე და ზაზამ ურთიერთობა წელს მარტში განვაახლეთ სოციალური ქსელის მეშვეობით. თვითონ მომწერა როგორ ხარო და მეც ვუპასუხე. ეს თვეები საარჩევნო კამპანიაში ვიყავი ჩართული. როცა საჩხერეში ვიყავი, სულ რომ არ ველოდი, ისე ჩამოდიოდა ხოლმე იქ, რომ გავემხნევებინე. ხანდახან დღეში ორჯერაც კი ჩამოდიოდა. მარშუტი: საჩხერე-თბილისი მისთვის ისე იყო, როგორც ვაკე-საბურთალო (იცინის). ოზურგეთის აქციის მომზადების დროს, მე, ეკა ბესელია და ჩვენი აქტივისტები, ურეკის სასტუმროში „დავბანაკდით.” ზაზამ დამირეკა, რომელ სასტუმროში ხარ, მეგობარს რაღაც უნდა გამოვატანოო. ვიფიქრე, ყვავილებს მიგზავნიდა, ან ნამცხვარს. სასტუმროში მისულმა გადავურეკე, უკვე დავბრუნდი-მეთქი. კარი გააღე და გამოიხედეო, მითხრა, კარი გავხსენი და თვითონ იდგა კართან, ხელში ეჭირა „მალინით“ სავსე უზარმაზარი კალათი. „მალინა“ ისე მიყვარს ყვავილსაც მერჩივნა და ტორტსაც. ეს ნამდვილად იყო სიურპრიზი მისგან (იცინის).
– საქორწილო ცერემონიალისთვის რა მოგართვათ მეუღლემ?
– ძალიან ლამაზი კაბა და ყვავილები. კაბა, ჩვენ ორივემ ერთად შევარჩიეთ, სიურპრიზი არ ყოფილა.
– საქორწინო მოგზაურობა, თაფლობის თვე...
– ამისი დრო არ იყო. საქორწინო მოგზაურობა ქუთაისში გვაქვს. ზაზამ თავისი პატარა ბიზნესი და საწარმო ჩააბარა ადამიანს, რომელიც საქმეებს მიხედავს. მან არ დამტოვა მარტო ქუთაისში. ჩემ გვერდითაა და ძალიან მეხმარება. იქ ისეთი დატვირთული ვარ, მისი თანადგომა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ზაზამ შეცვალა თავისი ცხოვრების წესი, მთლიანად გადმოერთო ჩემზე. იქ არ ჰყავს ახლობლები, მაგრამ წამოვიდა ჩემთან ერთად. თუმცა, ის რომ პარლამენტის წევრი ყოფილიყო ან ვიცე-სპიკერი, მეც ასევე, მის გამო ყველგან წავიდოდი (იცინის).
– თქვენი ცხოვრება, ალბათ, ძალიან შეიცვალა.
– ჩემი ცხოვრება არ შეცვლილა, ადამიანურად აბსოლუტურად ვერ ვხედავ ცვლილებებს საკუთარ თავში. რაც ვიყავი ის ვარ, თუმცა მუდმივად კამერების წინ დგომა, არაა იოლი. ჩემთვის ის დიდი კაბინეტი და დიდი მანქანა, ბევრს არაფერს ნიშნავს. უფრო პატარა კაბინეტშიც მშვენივრად ვიმუშავებდი. არასდროს მიცხოვრია ისე და არც არაფერი მიკეთებია ისეთი, რაც უხერხულობას შემიქმნიდა. მაგრამ, ახლა შეიძლება, მეგობართან ერთად, კაფეში ვეღარ წავიდე, სადაც ადრე წავიდოდი. ჩვეულებრივ, შევდივარ მაღაზიებში, ვყიდულობ ნივთებს. ცოტა ის მიქმნის უხერხულობას, ყურადღების ცენტრში რომ ვხვდები. მერიდება. მე ასე არ მიცხოვრია. გუშინ სახლთან პომიდორი ვიყიდე, ვიღაც გაოცებული სახით მიყურებდა. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. შვილებთან უნდა მივსულიყავი, ერთად უნდა გვევახშმა და იმ კარგ ვარდისფერ პომიდორს, გვერდს ვერ ავუვლიდი. ოჯახურ საქმეებში მარჯვე ვარ, ყველაფრის გაკეთება გამომდის, თან ძალიან კარგად. 20 წლის ასაკიდან მე ვუვლიდი ჩემს შვილებს, ყველაფრის გაკეთება მიწევდა. მაშინ პედაგოგი ვიყავი და 2-3 საათის შემდეგ, შემეძლო სახლში მეკეთებინა საოჯახო საქმე. ახლა დრო არ მაქვს, თორემ სიამოვნებით გავუკეთებდი სადილს შვილებსაც და მეუღლესაც. ახლა მეუღლე მეხმარება, თვითონაც ეხერხება, როგორც ვატყობ, ეს საქმე. საღამოს სიამოვნებით მივირთმევ ხოლმე მის ნახელავს (იცინის).
– ალბათ, სამსახურებრივ რეგალიებს ქმართან ცუდად არ იყენებთ.
– არა, საჭიროებამ მოიტანა ასე, არც მე მიხაროდა იქ გადაბარგება. შვილებთან ერთად ყოფნა არ მერჩივნა აქ? ჩემმა შვილებმა სულ ერთხელ მოახერხეს ქუთაისში ჩამოსვლა. ერთი მუშაობს, მეორე სწავლობს და არ აქვთ თავისუფალი დრო. მე აუცილებლად უნდა ვიარო შაბათობით თბილისში, რომ ისინი ვნახო. აქეთ-იქით წასვლა-წამოსვლა არაა იოლი, მით უმეტეს, ახლა ზამთარი მოვა, მაგრამ ზაზა უხელფასოდ, საკუთარი ინიციატივით „ითავსებს” ჩემი მძღოლის ფუნქციას. ამას არც მაგრძნობინებს. მისი ამოცანაა, მე „მომხედოს”. მე ვაფასებ იმ მზრუნველობას, რაც მე და ჩემს შვილებს გვაქვს მისგან. მოგეხსენებათ, ახალ პარლამენტში კვება პრობლემაა. ზაზა, გარდა იმისა, რომ პარლამენტიდან საღამოს, სახლში უნდა წამიყვანოს, ის მოდის ჩემთან დღის 2 საათზეც და მივყავარ სახლში, ადამიანურად რომ ვისადილო. თუ ძალიან დატვირთული დღე მაქვს და მის ზარს ვერ ვპასუხობ, ბევრი ესემესი მხვდება ტელეფონზე (იცინის).