რატომ ათენებინებდა ერთადერთ ქართველ ქალ გენერალს პარლამენტში ღამეებს მიხეილ სააკაშვილი და როგორ გაატარა მან ცხოვრების რთული წლები
მერვე მოწვევის პარლამენტში, პირველი, ვინც ახალი პარლამენტის ტრიბუნასთან დადგა, დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი იყო. მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მომავალი ოთხი წლის გატარება იმ გუნდის ყველაზე გამოცდილ და მძიმეწონიან დეპუტატებთან ერთად მოუწევს, რომლის წევრიც წლების წინ თავადაც იყო და რომელსაც საკუთარი ინიციატივით „გაეყარა.” ირინა იმერლიშვილის პროფესიულ კარიერაში წარმატებებიც იყო და დიდი ტაიმაუტებიც. ის ერთადერთი ქალია, რომელმაც საქართველოში გენერლის წოდება მიიღო.
ირინა იმერლიშვილი: პროფესიით ბიოლოგი ვარ, ბიოლოგების ოჯახში გავიზარდე და სხვა პროფესიის არჩევაზე არც მიფიქრია. ვგეგმავდი, ამ სფეროსთვის დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრება, მაგრამ მეოთხე კურსის სტუდენტმა აბსოლუტურად შევცვალე ცხოვრების გეზი. ჩემი საკურსო ნაშრომი დაცულ ტერიტორიებს ეხებოდა, ეს იმ პერიოდისთვის ახალი თემა იყო. ზუსტად იმ დროს პარლამენტში მუშავდებოდა კანონი დაცული ტერიტორიების შესახებ. ჩემი საკურსოს ხელმძღვანელის მეშვეობით რამდენჯერმე კანონპროექტის განხილვაზე დამიძახეს. მაშინ პარლამენტი „იმელის” შენობაში იყო, მწვანეთა ფრაქციას ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა. ისე მოხდა, სამუშაოდ ამიყვანეს ნახევარ განაკვეთზე. ვსწავლობდი, ვმუშაობდი და თან მეორად ფაკულტეტზე ჟურნალისტიკას გავდიოდი. ისეთი არეული დრო იყო, ვის ეცალა რამისთვის. ოჯახში მეუბნებოდნენ: ჟურნალისტიკა რაღად გინდა, ამ შუაღამისას სად დადიხარო, მაგრამ მე მაინც ჯიუტად არ ვანებებდი თავს. პარალელურად, აქტიურად ვიყავი ჩართული მწვანეთა ფრაქციის საქმიანობაშიც. 1995 წელს, როცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, მე ცესკოს წევრი ვიყავი იმ არჩევნებზე. შემდეგ ზურამ მთხოვა, მუშაობა დამეწყო საორგანიზაციო დეპარტამენტში. მაშინ შეიქმნა სხდომების მომზადების სამმართველო. ეს იყო ძალიან საინტერესო სამუშაო, მაშინ ყალიბდებოდა ქართული პარლამენტარიზმი. მახსოვს, უცხოეთში რომ მივდიოდით იქაური გამოცდილების მისაღებად, იქიდან ჩამოგვქონდა უმნიშვნელო ინფორმაციაც კი. ისიც კი იქ გავიგეთ, რომ ჯობდა სხვადასხვა კანონპროექტს სხვადასხვა ფერის თავფურცელი ჰქონოდა. იმაზეც კი მაქვს ნამუშევარი, თუ როგორ უნდა შექმნილიყო პარლამენტის ლოგო. თითოეული კანონპროექტი შესაბამისობაში მოდიოდა ევროსტანდარტებთან, დღე და ღამე ვმუშაობდით. პლენარული სხდომები ღამის თორმეტ საათამდე გრძელდებოდა ხოლმე. ყველა კანონპროექტი ჩემს ხელში გადიოდა. როგორც დარბაზის სამსახურის უფროსი, ყველა სხდომაზე დარბაზში უნდა ვყოფილიყავი. შესაბამისად ზეპირად ვიცოდი ყველა კანონპროეტი და ყველა ის ცვლილება, რაშიც კანონები შეჰქონდათ. იმ პერიოდში, როცა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი მიშა სააკაშვილი იყო, ღამეებს ვათენებდით პარლამენტში, რომ დილისთვის მომზადებული კანონპროექტი ყველა დეპუტატისთვის დაგვეხვედრებინა.
– თქვენ ხართ საქართველოში ერთადერთი ქალი-გენერალი, ეს ისტორიაც პარლამენტთან არის დაკავშირებული?
– პარლამენტში მუშაობის დროს, მივხვდი, რომ აუცილებლად დამჭირდებოდა იურიდიული განათლება. საერთოდ არ გამჭირვებია ჩაბარება, ყველა კანონი ხომ ზეპირად ვიცოდი. ისიც კი მახსოვდა, რომელ რიცხვში შევიდა ძალაში და დავა რაზე იყო (იცინის). იმ პერიოდში, როდესაც მიშა სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა, მე კანონპროექტების იურიდიულ ნაწილში მომზადების აპარატში ვმუშაობდი, მან დამიძახა და მითხრა: ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე იუსტიციაშიო. მე და კოტე კუბლაშვილი ერთად გადავედით იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილეებად. მაშინ ჩვენი სამინისტრო ერთ-ერთი პროგრესული სამინისტრო იყო მთლიანად ამოვარდნილი იმ კონტექსტიდან, რასაც ედუარდ შევარდნაძის მთავრობა ერქვა. ძალიან ახალგაზრდა გუნდი იყო, უამრავი რეფორმა წამოვიწყეთ. რაც შეეხება სპეციალურ სახელმწიფო წოდებას, რომელიც მე პრეზიდენტის ბრძანებულებით მომენიჭა, ეს არის იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის, იუსტიციის გენერლის წოდება. მე მაშინ გავარკვიე, რომ ერთადერთი ქალი ვიყავი, ვისაც საქართველოში ეს წოდება მიანიჭეს. მე ვარ ერთადერთი ქალი, რომელიც მოხვდა წიგნში, საქართველოს გენერლებს შორის ჩამონათვალში, პეტრე პირველიდან დღემდე. იმ პერიოდში როცა ეს წოდება მომანიჭეს, 30 წლის ვიყავი. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო.
– თქვენ გარშემო მყოფებს როგორი რეაქცია ჰქონდათ თქვენს გენერლობაზე?
– მე არ მქონია განსაკუთრებული ემოციები. არც ხელფასი მომმატებია და არც ჩინ-მედლები მოუციათ, მაგრამ ჩემი გარშემო მყოფები კი ამ ამბავს მართლაც ემოციებით შეხვდნენ. მახსოვს, ეს რომ შევიტყვე, უპირველესად, ჩემს მეუღლეს გავაგებინე. დავურეკე და ვუთხარი: თუ საჭესთან ზიხარ, ერთი წუთით მანქანა გააჩერე-მეთქი, ძალიან შეეშინდა. მართლა გააჩერა მანქანა: რა ხდება, ხომ მშვიდობააო? ახლა გადმოდი მანქანიდან და ჩესტი ამიღე-მეთქი. შენ ხომ არ გადაირიეო – გაოცებული მეკითხებოდა. მერე ამ ისტორიას ხალისით იხსენებდა ხოლმე და ამაზე ხშირად ხუმრობდა კიდეც: ჩემი ცოლი ჩემი გენერალიაო (იცინის).
– ამ წარმატების მიუხედავად, თქვენ მალე ჩამოშორდით გუნდს, რომლის წევრიც იყავით, რა მოხდა მაშინ მომავალ პრეზიდენტთან და როგორ გაატარეთ ის წლები, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ ჩანდით?
– იმ გუნდში, რომელშიც იმ პერიოდში ჩემი თანამოაზრეები იყვნენ, ძალიან ბევრი ახლობელი მყავდა. ჩვენ ერთად მოვდიოდით დიდი ხნის განმავლობაში, ბევრი წარმატებაც გვაკავშირებდა. მიშა სააკაშვილი სამინისტროდან რომ წავიდა და ვაკეში კენჭისყრა დააპირა, მე სამინისტროში დავრჩი, ჩემთვის არავის უთქვამს სამინისტროდან წადიო. უფრო მეტიც, როცა გათავისუფლების შესახებ განცხადება დავწერე, ნინო ბურჯანაძემ, როგორც პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა: მე ამ განცხადებას ხელს არ მოვაწერო და დამირეკა კიდეც ამის შესახებ სასაუბროდ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მიშა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა. მე საკმაოდ ცუდი ურთიერთობა მქონდა ირაკლი ოქრუაშვილთან. როცა მივხვდი, რომ მისი პოზიციები უფრო და უფრო გაძლიერდა, მე ჩამოვშორდი პროცესებს, ჩავალაგე ჩემი ნივთები და წამოვედი. გავიდა დრო და მივხვდი, რომ მართალი ვიყავი, იქ რომ არ დავრჩი.
სახელმწიფო სამსახურიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ, სამსახური დატოვა ჩემმა მეუღლემაც. შალვა იმ პერიოდში ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იყო. დაიწყო ჩვენი ოჯახისთვის საკმაოდ რთული პერიოდი, ადამიანურად ძალიან მძიმე. მე დავჯექი სახლში, ვზრდიდი ორ შვილს, ორივე იუსტიციის სამინისტროში მუშაობის დროს გავაჩინე. ორივეჯერ, ორსულობის ბოლო დღემდე სამსახურში ვიყავი. ბავშვის გაჩენიდან ერთ კვირაში დავბრუნდი სამინისტროში. ჩემი მეუღლე ხუმრობდა: იფიქრებენ, ბავშვი ვიშვილეთ, ცოტა ხანს მაინც დარჩი სახლშიო (იცინის). სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ, იმისთვის, რომ ოჯახის ბიუჯეტში მეც შემეტანა წვლილი, სხვადასხვა ფირმაში დავიწყე მუშაობა იურისტად. მე და ჩემმა მეუღლემ კერძო ბიზნესიც წამოვიწყეთ, მაგრამ ხან გამოგვივიდა საქმე, ხან – არა. სად ვიყავი და როგორ, ამას ჩემი არც ერთი ძველი თანაგუნდელი არ კითხულობდა. პირიქით, ჩემზე იყვნენ ნაწყენები, რომ გუნდს ჩამოვშორდი. ის, ვინც პოლიტიკისკენ შემომაბრუნა, იყო დათო უსუფაშვილი, რომელმაც 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დამიძახა და საბურთალოზე კენჭისყრა შემომთავაზა, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე.
– ახლა ისევ დაბრუნდით პარლამენტში, იმ კომიტეტში, სადაც წლების წინ თქვენი კარიერა დაიწყო. როგორი ემოციებით დაბრუნდით იქ?
– პარლამენტი რომ ისევ იქ ყოფილიყო, სადაც მე არ დავბადებულვარ, მაგრამ იქ „გავიზარდე”, ემოციები, ალბათ, უფრო მძაფრი იქნებოდა. ქუთაისის ახალ შენობაში ეს ვერ შევიგრძენი. თუმცა, ძალიან გამახარა იმ ხალხის თბილმა შეხვედრამ, ვინც პარლამენტის სხვადასხვა დეპარტამენტში დიდი ხანია მუშაობენ და პოლიტიკური პარტიების შესვლა-გამოსვლის მიხედვით არ იცვლებიან. მქონდა შემოთავაზებები აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც, მაგრამ არჩევანი პარლამენტზე შევაჩერე. მე მჯერა, რომ დათო უსუფაშვილთან ერთად, შევძლებთ პარლამენტარიზმს დავუბრუნოთ თავისი ფუნქცია. მართალია, აქამდე დეპუტატი არ ვყოფილვარ, მაგრამ იმდენი რამ მაქვს გავლილი ჩვენს პარლამენტში, არა მგონია, რაიმე გამიჭირდეს. ალბათ, ამიტომაცაა, რომ არ მქონია ღელვა და ნერვიულობა, რაც ჩემს კოლეგებს შევამჩნიე. ვიცი, რომ საკმაოდ მძიმე ოთხი წელიწადი გველის. ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი, რაც იმ გუნდმა გააფუჭა, რომლის წევრი ადრე მეც ვიყავი.
– პოლიტიკური ბატალიებისთვის მზად ხართ?
– კი, მზად ვარ. ჩემს კომიტეტში მუშაობენ ხათუნა გოგორიშვილი, დათო საყვარელიძე, ის არის ჩემი მოადგილე ოპოზიციიდან. საკუთარი პროკურორი მომიჩინეს-მეთქი, ვხუმრობ ხოლმე. ჩემი კომიტეტის წევრია კაკო ბობოხიძე, რომელმაც ამას წინათ „დაიჩივლა,” რეგლამენტის კითხვა დამაწყებინეო. თუ ახლა დაიწყო რეგლამენტის კითხვა, კარგად ჰქონია საქმე. ჩემს კომიტეტში ისეთი „მძიმეწონიანი” ხალხია, ფაქტია, პროცედურულ ჭიდაობაზე გაკეთდება აქცენტები. როგორც ჩანს, ისინი ამას რეალურად აფასებენ, თუმცა მე ეს არ მაშინებს. ჩემ უკან დგას ძალიან სერიოზული გუნდი, რომელმაც შეძლო ამ მონსტრი ხელისუფლების გაშვება. ერთადერთი, რაც ქუთაისში გამიჭირდება, ოჯახთან შელევაა. ჩემი მეუღლე ამას უკვე აპროტესტებს. შვილები კი დედამთილ-მამამთილს „ჩავაბარე” და მივაშვილე. ვიცი, რომ ქუთაისში წლების გატარება მარტოს მომიწევს, რადგან პარლამენტის თბილისში გადმოტანა არ იქნება მარტივი საქმე.