რა განსაცდელი გამოიარა რუსუდან შარაძემ შვეიცარიაში და როგორ გადაარჩინა ის სიკვდილს საკუთარმა ძმამ
გურამ შარაძის ქალიშვილი – რუსუდან შარაძე ცოტა ხნის წინ ჟენევიდან თბილისში დაბრუნდა, წლების შემდეგ დედასთან შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო. ამბობს, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში ნამდვილი ეკლიანი გზა, უამრავი განსაცდელი და ტკივილი გამოიარა. ახლა კი სიმართლის საძებნელად დაბრუნდა საქართველოში.
რუსუდან შარაძე: საქართველოში დავბრუნდი იმისთვის, რომ ხელახლა იქნას გამოძიებული მამაჩემის მკვლელობის საქმე. ციხიდან გამოუშვან უდანაშაულო ბარათელი და ჩასვან ნამდვილი მკვლელები.
– შვეიცარია რატომ აირჩიეთ, რუსუდან?
– შვეიცარიაში საკმაოდ ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ვმუშაობდი კიდეც. იქ 1998 წელს არქივში ვმუშაობდი. მივლინებით და დასასვენებლადაც ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ 2006 წელს ჟენევაში სასწავლებლად წავედი და 2011 წლამდე პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვე. მოვითხოვე იმიტომ, რომ სამართლიანობის მიღწევის აღარავითარი იმედი და არც სხვა გზა მქონდა. ძალიან მალე, თხოვნიდან ერთ თვეში მომცეს პოლიტიკური თავშესაფარი, მერე ჩემი მეუღლე და შვილიც ჩამოვიდნენ შვეიცარიაში. ბევრი სირთულე შემხვდა, ყოველ 2-3 თვეში მივდი-მოვდიოდი, სულ გზაში ვიყავი გამოკიდებული... ყველაზე საშინელი იყო განცდა მას შემდეგ, რაც თავშესაფარი მოვითხოვე – ემოციურად ურთულესი. როცა იცი, რომ შეგიძლია ჩასვლა, უფრო მარტივია, მაგრამ როცა ჩასვლა გეკრძალება, ეს ნამდვილი ტრაგედიაა. აქ დედა მყავს, დეიდა, ძმისშვილები... მეგონა, დედაჩემს ცოცხალსაც ვეღარასოდეს ვნახავდი, ძალიან ემოციური და თბილი შეხვედრა გვქონდა. ერთმანეთს გადავეხვიეთ, ვტიროდით, ვიცინოდით... – მთელი ღამე ლაპარაკში გავათენეთ.
– დედას წაყვანა არ გიფიქრიათ შვეიცარიაში?
– არასოდეს დედას აქედან წასვლის სურვილი არ ჰქონია. ის კი არა, მამასაც თითქმის არასოდეს დაჰყვებოდა მივლინებებში, ერთი-ორჯერ თუ იყო. ევროპისა და საფრანგეთის ემიგრაცია მამას სულ ეხვეწებოდა, დარჩითო. მიუნჰენში ცხოვრობდა ქრისტეფორე ენდელაძე და 1994-ში რომ ვიყავით ჩასულები, მთხოვა: დარჩი, ბაბუ, ჩემთან. ბინაზე ჩემთან იქნები, პენსიას დაგინიშნავენ და აქ, უნივერსიტეტში ისწავლიო. ერთი სიტყვით, ჩემი შვილება უნდოდა. სიცილადაც არ გვეყო მე და დედაჩემს ეს ამბავი – 22 წლის ვიყავი მაშინ. სულ ჩვენზე იყო გადაყოლილი – ოჯახი, შვილები, სახლი, ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. სხვაგვარად, გურამ შარაძე 70-მდე წიგნს ვერ დაწერდა. სხვათა შორის, დედაჩემიც ფილოლოგია და არანაკლებ კარგი, ვიდრე მამა იყო, უბრალოდ, თავი ოჯახს შესწირა.
– როგორი იყო გურამ შარაძის შვილების ბავშვობა საბჭოთა სკოლაში?
– ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, მასწავლებლებს ან ვუყვარდი, ან ვერ მიტანდნენ. ისედაც, საბჭოთა დროს, პედაგოგებისგან მეც და ჩემს ძმებსაც გვიგრძნია მათი მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება იმის გამო, რომ გურამ შარაძის შვილები ვიყავით. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მათთვის ნერვები მომეშალა – დაწყებული ხმამაღალი ისტერიკული ხველებით და რა ვიცი, რას არ ვაკეთებდი (იცინის). მაყენებდნენ კუთხეში, იქიდან ბავშვებს ვეჯღანებოდი და მაგდებდნენ კლასიდან, დავბოდიალობდი დერეფანში. გავიხსენებ ასეთ შემთხვევას – ლაშა ოქროს მედლის კანდიდატი იყო და გამოცდისთვის მამამ ინგლისიდან ძალიან კარგი კალამი ჩამოუტანა. გამოცდაზე თემა იმ კალმით დაწერა, მაგრამ შემდეგ 50-მდე წერტილ-მძიმე ჩაუმატეს და ნაწერი განზრახ გაუფუჭეს. ბავშვი შოკში ჩავარდა, დაითრგუნა, სერიოზული დეპრესია ჰქონდა – 4-იანი არ მიუღია არასოდეს. დღე და ღამე მეცადინეობდა, მცხეთის ქუჩაზე ვცხოვრობდით და მეზობლებმა არც კი იცოდნენ, რომ ჩვენ კიდევ ერთი ძმა გვყავდა! – მაშინ ოთარ ქინქლაძე იყო განათლების მინისტრი და სერიოზული სკანდალი ატყდა ამის გამო – მამაჩემმა ნაწერი გამოითხოვა და ექსპერტიზაზე გაიტანა, რომელმაც ჩვენი სიმართლე დაადასტურა. სამედიცინოზე ჩააბარა ლაშამ – ოთხივე საგანში ხუთიანი მიიღო. იმ მედლისთვის აღარც მიუქცევია ყურადღება. გიორგის ფილოლოგიურზე უნდოდა ჩაბარება, იქაც დააკლეს ნიშანი და სამიანი დაუწერეს – დედაჩემისა და გურამ შარაძის შვილს! გიორგის ეზიზღებოდა ფილოლოგიის ფაკულტეტი, გახედვაც აღარ უნდოდა იქით – ერთი წელი მტვირთავად მუშაობდა ეროვნულ მუზეუმში, შემდეგ ფრანგული ენის ფაკულტეტზე ჩააბარა. ბევრი სიმწარე გვახსოვს, რაღაცნაირად გვებრძოდნენ... მე, რაც შემეხება – სკოლა 1989 წელს დავამთავრე, მაშინ უკვე მოფამფალებული იყო რეჟიმი. აქტიურად დავდიოდით მიტინგებზე მეც და ჩემი კლასელებიც. საოცრად „ბუნტარი“ კლასი მყავდა. ბოლო სართულზე სულ ბოლო საკლასო ოთახში მოგვიჩინეს ბინა – როგორც „ძნელად აღსაზრდელ ბავშვებს“ (იცინის). მაგრამ, სულ ვიპარებოდით მიტინგებზე, ფანჯრიდან ვხტებოდით და მივდიოდით.
– 9 აპრილის ღამეს იქ იყავით?
– არა. ღამე არ გვტოვებდნენ მიტინგებზე. დედაჩემი სულ კუდში დაგვდევდა. იმ ღამეს მამა მიუნჰენში გაფრინდა სამეცნიერო კონფერენციაზე და ჩვენც გადავრჩით ამ ამბებს. ბავშვობიდან ვიცოდით მშობლებისგან, რომ საქართველო დაპყრობილი იყო რუსეთის მიერ. მამამ ლონდონიდან უამრავი დისიდენტური ლიტერატურა ჩამოიტანა კონსპირაციულად, მათ შორის ემიგრაციული პერიოდიკა – ხომ წარმოგიდგენიათ, რომ ეს სუკს ენახა, რა ამბები ატყდებოდა. მიკვირს, ბავშვებს რომ არ წამოგვცდა არსად. მამა კაბინეტში შესვლას არასოდეს გვიკრძალავდა და მე და გიორგიმ იქ მივაგენით ამ გამოცემებს. ჩუმჩუმად ვკითხულობდით ხოლმე – მაშინ 10 თუ 11 წლის ვიყავი.
– როგორი მამა იყო გურამ შარაძე, მკაცრად გზრდიდათ?
– არა, პირიქით. მამას, საერთოდ, დრო ცოტა ჰქონდა. დედა უფრო მკაცრი იყო, მამა – პირიქით – ლმობიერი. დედა რომ მსჯიდა, მამასთან გავრბოდი ხოლმე საშველად (იცინის). გვიჭირდა ჩვენც, მეცნიერების ოჯახი იყო, შეიძლება შიმშილით არ ვიხოცებოდით, მაგრამ ყველაფერი გამოვცადეთ – უფულობა, უშუქობა... ჩემი ძმა – გიორგი უიარაღოდ დადიოდა სოხუმში ომის დროს და კამერით იღებდა. ლაშა საერთოდ მიუნჰენიდან ჩამოვიდა, მიატოვა იქ სამსახური და იჯდა აქ უსამსახუროდ და უფულოდ... ნეტავ, დარჩენილიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა და ტყვიას არ მიიღებდა შუბლში...
– თქვენი დღევანდელი შვეიცარიული ცხოვრება როგორია?
– ძალიან მიჭირდა ეს 5 წელი თემოსა და მარიამის გარეშე. მთავარია, ახლა ერთად ვართ. კატასტროფულად ძვირი ქვეყანაა შვეიცარია, მოწესრიგებული და ძვირი – მაგრამ ხელფასებიც შესაბამისია. იქ ჯუნგლებიდან ჩამოსულ ადამიანსაც შეუძლია თვითრეალიზება. ჩვენგან ძალიან განსხვავებული ხალხია, მაგრამ შვეიცარიის სახელმწიფო თან გადამყვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიმძიმდა და მამას კოლეგები და მეგობრები ევროპაში მრავლად არიან, რომლებიც დღემდე ცხარე ცრემლით ტირიან გურამის სიკვდილის გამო, არც ერთი მათგანისთვის დახმარება არ მითხოვია. იქ უამრავ კარგ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც გადამარჩინეს. ამჟამად ვცხოვრობთ ჟენევის ცენტრში, ფრანგულენოვან ნაწილში – ხმაურიანი ადგილია. მეზობლებსაც ვიცნობ, თუმცა, გამიგია, რომ საკმაოდ უცნაური აკრძალვები აქვთ – მაგალითად, არ შეიძლება გვიან ღამით შხაპის მიღება, რომ მეზობლები არ შეაწუხო. ერთხელ, ჩვენც გამოგვიკრეს გამაფრთხილებელი პლაკატები – მეგობრები შევიკრიბეთ ჩვენთან და უბრალოდ, ხმამაღლა ვიცინოდით. გაგვაფრთხილეს, თუ კიდევ იხმაურებთ, უბნის ჟანდარმერიაში დავრეკავთო. მატერიალურად, მორალურად ხუთწლიანი კოშმარი გავიარე. ბევრჯერ მიტირია, მაგრამ უბედურებამ ისე გამაშეშა, რამდენიმე თვე ისე გასულა, ცრემლიც არ ჩამომვარდნია. თუ ვტირი, გულის წასვლამდე ვტირი.
– პირველად როდის წახვედით უცხოეთში?
– პირველად გერმანიაში წავედი სამკურნალოდ. საშინელ ავარიაში მოვყევი, თავის ქალა ახდილი მქონდა, თვალი დაზიანებული. მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი, 1994 წელი იყო. არც ტრანსპორტი დადიოდა, არაფერი... რუსთაველზე ცხოვრობდა ჩემი მეგობარი – ეკა მენაბდე და იქ ოაზისი იყო, შუქი, წყალი... ვაკიდან რუსთაველზე წასულს ისეთი განცდა მქონდა, რომ ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ვხვდებოდი! წინასაახალწლო პერიოდი იყო და ღამე იქიდან რაღაც მანქანას გამოვყევი. კოსტავაზე გიჟივით ამოვარდა „07“ და შუაზე გავხლიჩეთ ის მანქანა. წარმოიდგინე... საფეთქელთან არტერია გამისკდა, მთელი თვალი შუშის ნამსხვრევებით მქონდა სავსე... მეცხრე საავადმყოფოში, სანთლის შუქზე, სამი საათის განმავლობაში გაყინულ საოპერაციო მაგიდაზე სისხლისგან ვიცდლებოდი. ჩემმა ძმამ, ლაშამ გამიკეთა ოპერაცია. „იუველირს“ ეძახდნენ ლაშას, ისეთი ქირურგი იყო. მერე მამამ წამიყვანა გერმანიაში გასასინჯად. კიდევ „გაეროს“ ოფისში ვიყავით ჟენევაში – „ერთა ლიგის“ არქივში ვმუშაობდი მაშინდელი წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის არქივში. ჟენევა ნამდვილად ჩემი სახლია – პატარა ქალაქია, მაგრამ ხმაურიანი, ინტერნაციონალური. აქ გვყავს ქართველი მეგობრები – ვახო კომახიძის ოჯახი, გოგლა ჟვანიას მეუღლე, ნინო შარაშიძე...
– თქვენ ერთი ქალიშვილი გყავთ, როგორც ვიცი. რამდენი წლისაა მარიამი და თუ ახსოვს კარგად ბაბუა?
– მარიამი ძალიან სტრესულ მდგომარეობაში ჩამოვიდა. ექვსი წლის იყო, მამაჩემი რომ მოკლეს. მაისი იყო და ზეიმი ჰქონდა. რომ მირეკავდა, მეხვეწებოდა, ზეიმი მაქვს და ჩამოდიო... სახლში მიცვალებული მამა მესვენა და მარის ზეიმზე ვიჯექი... არ ვეუბნებოდით ბავშვს, არადა, გიჟდებოდა ბაბუაზე. დაკრძალვის მერე მოიყვანა ნათესავმა. 6 წლის ბავშვი მომიტრიალდა და კატეგორიული ტონით მითხრა: მარტო დამტოვეო. გავოგნდი! იჯდა და მესმოდა, როგორ ბღაოდა, მერე მოწესრიგდა და გამოვიდა, ვითომ არაფერი მომხდარა. 2009 წელს გიორგიც გარდაიცვალა. ბავშვი სერიოზულ სტრესში იყო... ღმერთის წყალობით, ახლა კარგადაა, ფრანგულიც ისწავლა, მეგობრებიც შეიძინა. დღე არ გავა, გურამზე არ ვილაპარაკოთ. ჩემებთან კავშირი არასოდეს გამიწყვეტია – მამას, ძმას ხშირად ვხედავ სიზმარში.
– თემოს და ბატონ გურამს როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?
– გადასარევი, „გური ბაბუს“ ეძახდა თემო. 25 წლის ვიყავი და მამა ისე განიცდიდა ჩემს გათხოვებას, თითქოს შინაბერა ვიყავი (იცინის). არ იყო ეგოისტი, უნდოდა, ოჯახი მქონოდა. თემო ძალიან მოეწონა, თვალებზე ეტყობა, კარგი ბიჭიაო. თან, მამიდასთან ცხოვრობდა და ძალიან მოეწონა ეგ ამბავი... მამა არასოდეს ცდებოდა ადამიანის შეფასებაში...