კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ზრუნავს ცოლის ნათესავების ჩაცმულობაზე გოჩა ჩერტკოევი და რატომ აღმოჩნდა მზია ნიორაძე ამერიკაში სრულიად დაუცველი

 

მომღერალი მზია ნიორაძე, უკვე წლებია, მსოფლიოს საოპერო სცენაზე დგას და თავისი ნიჭის წყალობით, უამრავი თაყვანისმცემელიც შეიძინა. ახლა მზია ნიუ-იორკშია, სადაც „მეტროპოლიტენ ოპერის“ სპექტაკლებში, მთავარ პარტიებს ასრულებს. როგორც თავად გვითხრა, საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუხდა იმის გამო, რაც ბოლო დღეებში ამერიკას დაატყდა თავს, უფალს მადლობას სწირავს, რომ მომხდარ სტიქიურ უბედურებას ცოცხალი და უვნებელი გადაურჩა.

მზია ნიორაძე: ამერიკა ნამდვილად სასწაული ქვეყანაა. ყოველთვის მიყვარს აქ ჩამოსვლა და „მეტროპოლიტენ ოპერის“ სცენაზე გამოსვლა. საღამოობით, ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობა კი, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თუმცა, ბოლო დღეებში, ისეთი შეშინებული ვიყავი, ვერ გადმოგცემთ. რომ აცხადებდნენ ტელევიზიით და გვაფრთხილებდნენ, გარეთ არ გახვიდეთ, სტიქიის შემოტევას ველოდებითო, ნამდვილად არ მეგონა, ასეთი საშიში და დაუნდობელი თუ იქნებოდა ბუნება. „მეტროპოლიტენ ოპერასთან“ ახლოს ვცხოვრობ და როცა შტორმი დაიწყო, საწოლიდან არ ავმდგარვარ. მთელი დღე ვიწექი და ველოდებოდი, როდის წაგვლეკავდა „სენდი”. ჩემ ახლომახლო სახლებში არ შემოსულა წყალი, მაგრამ მეტროში შევარდა და ძალიან დააზარალა. ნამდვილად ღმერთის წყალობაა, რომ გადავრჩით, ისეთი უბედურება ტრიალებდა გარეთ. ახლა უფრო დავრწმუნდი, რა უძლურები ვართ, თუნდაც უშიშარი და ძლიერი ადამიანებიც კი, სტიქიურ უბედურებასთან. მოკლედ, ნამდვილი კოშმარი გადავიტანეთ. სადაც მივდივარ, ხატები სულ თან დამაქვს და მათ შევთხოვდი, დაგვიფარეთ-მეთქი. ხშირად მეკითხებიან, იღბლიანი თუ ხართო. ჰოდა, მეც ვპასუხობ, იღბლიანი ვარ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, საჭირო მომენტში, საჭირო ადგილას ვხვდები-მეთქი. აი, ახლა რამდენად აღმოვჩნდი საჭირო ადგილას ამერიკაში, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. თუმცა, იღბალია ისიც, რომ ეს განსაცდელიც საკუთარი თვალით მენახა, განმეცადა და შემეგრძნო. მადლობა უფალს, გადავრჩით. ალბათ, მალე დალაგდება სიტუაცია და ცხოვრება ამერიკაში ჩვეულ რიტმში ჩადგება. 
– თქვით, საჭირო მომენტში, საჭირო ადგილას ვხვდებოდი და წარმატებაში ამან შემიწყო ხელიო. თუმცა, იმასაც ამბობენ, თქვენი და, ცნობილი ბალერინა – ირმა ნიორაძე, ძალიან დაგეხმარათ, რომ ცნობილი მომღერალი გამხდარიყავით.
– ეს ტყუილია. მე რომ შრომისმოყვარე არ ვყოფილიყავი, სიმღერა არ მყვარებოდა და არ მებრძოლა, ვერც იმას მივაღწევდი, რაც მაქვს და ვერც ირმა დამეხმარებოდა. მართლა გეუბნებით, ჩემი და ნამდვილად არ დამხმარებია, უბრალოდ, პირველად, პეტერბურგში რომ ჩამოვედი, ცნობილ დირიჟორთან დამინიშნა მოსმენა. მე არ მიყვარს ყვირილი – ეს გავაკეთე, ამას მივაღწიე-მეთქი და ალბათ, ამიტომ ჰგონიათ ზოგ-ზოგიერთებს, თითქოს ჩემი და დამეხმარა, რომ დიდ სცენაზე გამოვსულიყავი. პეტერბურგიდან დაიწყო ჩემი, როგორც ოპერის მომღერლის აღმასვლა და ნამდვილად იღბლიანი აღმოვჩნდი ამ მხრივ. 
– ქალბატონო მზია, როგორც ვიცი, დალასში, გოჩა ჩერტკოევისა და შორენა გაჩეჩილაძის ოჯახის ხშირი სტუმარი ხართ. მათთან დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებთ?
– შორენა ჩემი მამიდაშვილია. ასე რომ, მასთან და გოჩასთან, გარდა მეგობრობისა, ნათესაური კავშირიც მაქვს. მეცინება, რომ ამბობენ, გოჩა ეპატაჟურიაო (იცინის). ის ისეთია, როგორიც არის, არასდროს თამაშობს. საოცრად თბილი და კეთილია. ხშირად დადის ოპერაში ჩემს მოსასმენად და საერთოდ, ძალიან უყვარს მუსიკა. გოჩაც და შორენაც კარგად ერკვევიან მუსიკაში. გოჩას არ ავიწყდება არც ერთი დღესასწაულის მოლოცვა, მოკითხვა... მასთან სტუმრად მისვლა ძალიან მიყვარს. ისე გაგახალისებს და ისეთ გარემოს შეგიქმნის, წამოსვლა აღარ მოგინდება (იცინის). გოჩა და შორენა ძალიან კარგი წყვილია. თბილი და ტკბილი ოჯახი აქვთ და ერთმანეთი ძალიან უყვართ. ასეთი სიყვარული ცოლ-ქმარს შორის, როგორიც მათ აქვთ, მერწმუნეთ, იშვიათია. 
– გოჩა თავისი ორიგინალური ჩაცმის სტილით გამოირჩევა. ამ მხრივ რჩევებს ახლობლებსაც გაძლევთ?
– გოჩას მართლაც სასწაული გემოვნება აქვს. ჩასაცმელს როგორც ხელოვნებას ისე აღიქვამს და არა, როგორც უბრალოდ სამოსს. მასთან რომ მივალ ხოლმე დალასში, ექსპერიმენტების ჩატარებას იწყებს. მივარდება კარადას, გამოაწყობს ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. აბა, მზია, ახლა გამოვეწყოთო, იტყვის. უარს ვერ ეტყვი, ისეთი გამომეტყველება აქვს (იცინის). გარდა იმისა, რომ კარგად ცეკვავს, ასევე, კარგად ხატავს. მისი ნახატები რომ ნახოთ, გადაირევით. როგორც კი დრო გამომიჩნდება და რეპეტიციები ამის საშუალებას მაძლევს, შორენასა და გოჩასთან გავრბივარ. მათ გვერდით კაცი არ მოიწყენს. ჰოლივუდში, ფილმებშიც გადაიღეს გოჩა. მე ეს ფილმები ნანახი მაქვს და არაჩვეულებრივად თამაშობს. იცით, რა არის? გოჩას ძალიან აქვს პასუხისმგებლობა განვითარებული და რასაც ხელს მოკიდებს, ბოლომდე მიჰყავს.
– მასთან ერთად არ გიცეკვიათ?
– როგორ არა. ცოტა ძნელია იმის თქმა, კარგი პარტნიორი აღმოვჩნდი თუ არა მისთვის, მაგრამ თავად ამას არ იმჩნევდა და ღიმილით მეუბნებოდა, შენ სასურველი მეწყვილე ხარო (იცინის). ვეხუმრებოდი – არ გაბედო, რამე ცუდის თქმა ჩემს ცეკვაზე. აბა, შენ დადექი ახლა დიდ სცენაზე და იმღერე ოპერის არია, გამოგივა-მეთქი? (იცინის) სხვათა შორის, არაჩვეულებრივი სმენა აქვს. ამას ვერ უარვყოფ. თუმცა, მისი სიმამრი რომ მღერის, ეს ტყუილია, მას გოჩა ვერ შეედრება. გოჩას დედაც არაჩვეულებრივად მღერის და ცეკვავს. ერთხელ, მასთან ვიყავით სტუმრად და ისე ვიცეკვეთ მე და გოჩას დედამ „ოსური”, ეს არასდროს დამავიწყდება (იცინის). 
– როდესაც გოჩა შარშან ჩამოვიდა თბილისში, მახსოვს, ხალხში აზრთა სხვადასხვაობა იყო. ზოგს მოეწონა, ზოგს – არა. ამბობდნენ, ეს ვინ არის, საიდან მოვიდაო. თუმცა, დღეს მასზე ყველა თბილად და დადებითად საუბრობს.
– შემოთავაზება რომ მიიღო და ჩამოსვლა დააპირა, ვიცოდი, მას არაერთგვაროვნად დახვდებოდნენ, მაგრამ რომ გაიცნობდნენ, შეიყვარებდნენ. ახალჩამოსულს გულიც ატკინეს, მაგრამ დღეს მართლაც ყველას უყვარს ის თბილისში. მე და გოჩა თბილისში რესტორანში ვიყავით. იქიდან რომ გამოვედით, უნდა გენახათ, ქუჩაში ყველა უღიმოდა, ესალმებოდა, ხელს ართმევდა, მე ვის ვახსოვდი? (იცინის) ვუთხარი, რა არის, ბიჭო, ამდენი წელია, სცენაზე ვდგავარ და ვერ მცნობენ, შენ ერთი კვირაა აქ ხარ და როგორ დამჩრდილე, როგორ გააცანი ყველას თავი-მეთქი (იცინის). მიხარია, ასე რომ შეიყვარეს გოჩა და დაინახეს მისი თბილი ხასიათი ქართველებმა.
– საიტზე დადეთ სურათები, სადაც ნაცემი ხართ და ბევრი ამბობდა, ასეთ მდგომარეობაში ნეტავ, ვინ ჩააგდო, ან ეს ფოტოები რატომ დადო თავადო.
– (იცინის). ეს ფოტოები, სპექტაკლ „ტრუბადურიდანაა”. იმდენად კარგი გრიმი გამიკეთეს „მეტროპოლიტენის“ გრიმიორებმა, მინდოდა, ყველას ენახა. სამწუხაროდ, ბევრი ვერ მიხვდა და მწერდნენ, მზია, ხომ კარგად ხარ, რა გჭირს, ასე ვინ გაგიმეტაო (იცინის). ვპასუხობდი, ვინ გამიმეტა და, ჩემმა პროფესიამ-მეთქი (იცინის).

 

скачать dle 11.3