როდის ხდება ადამიანი ამქვეყნად დაუგეგმავი მოსვლის მსხვერპლი და შესაძლებელია თუ არა ბედ-იღბლის უკეთესობისკენ შეცვლა ხორბლით
ხშირად ადამიანები ერთი არასწორი ნაბიჯით არა მარტო საკუთარ თავს, არამედ, შთამომავლობასაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. ამიტომ, უმჯობესია, დაფიქრდეთ და ისე დაგეგმოთ მომავალი. ბევრი არ ერიდება შემთხვევით სქესობრივ ურთიერთობებს, ან, გარკვეული მიზეზების გამო, არ უნდა შვილის გაჩენა საყვარელი მამაკაცისგან და, როდესაც ფაქტის წინაშე დგება, სწორედ მაშინ უშვებს საბედისწერო შეცდომას. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნაზი ამბობს, როდესაც დედა ორსულობის დროს აბორტზე ფიქრობს, ბავშვი უიღბლობის კოდით იბადება.
ნაზი: თუ ბავშვის დაბადება მშობლებს არ სურთ და ის მაინც მოევლინა ქვეყანას, უბედობისთვისაა განწირული. ბევრი მეკითხება, შესაძლებელია თუ არა ამ სიტუაციის გამოსწორება და ბედში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ჩვენ გარშემო ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა დაბადებას სიხარული კი არა, ცრემლი ახლდა. ასეთი ადამიანი კი, ნამდვილად უიღბლობის მსხვერპლია.
– ამბობენ, როდესაც ორსული ქალი აბორტზე იწყებს ფიქრს, ამით, ჯერ არდაბადებულ ჩვილში თავისთავად იდება უიღბლობის კოდი და ბავშვი დაბადების დღიდან ამის მსხვერპლი ხდებაო. ეს სიმართლეა?
– დიახ, სრული სიმართლეა. როდესაც დედა აბორტზე ფიქრობს, ბავშვში უიღბლობის კოდი იდება. ის თავის გადასარჩენად იბრძვის და თუ ღმერთმა არ გაწირა, მაინც დაიბადება, მაგრამ, ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, არასდროს უმართლებთ და ყოველ ნაბიჯზე პრობლემები და წინააღმდეგობები ხვდებათ. რასაკვირველია, ცხოვრების განმავლობაში ბედნიერი დღეებიც აქვთ, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ბედს უჩივიან. როცა ოჯახში რამდენიმე ქალიშვილია და მეხუთეს გაჩენას მხოლოდ იმიტომ რისკავენ, რომ ბიჭი, ანუ, გვარის გამგრძელებელი უნდათ, ამ დროს კი გაიგებენ, რომ ისიც გოგოა, უარყოფითი რეაქცია ბუნებრივია, მაგრამ, ოჯახის წევრები ტირილითა და წუწუნით, მართლაც საბედისწერო შეცდომას უშვებენ, რადგან, მომავალს უნგრევენ და უიღბლობის მიზეზიც სწორედ ეს არის, ანუ, არასწორი დამოკიდებულება მისი ამქვეყნად მოვლინებისადმი.
– რა ასაკიდან გრძნობს ადამიანი, რომ მასში დაბადებამდე ჩადებული უიღბლობის კოდი მუშაობს?
– ბავშვობიდან. მაგალითად, ხიფათს აწყდება, ეზოში ხშირად ვარდება თამაშის დროს და იტკენს რამეს, ან, დიდი მონდომების მიუხედავად, არ უმართლებს სწავლაში, თანატოლებთან პრობლემები აქვს... – ეს ბავშვობაში, ხოლო, როცა წამოიზრდება, უკვე პირად და კარიერულ სფეროებში ექმნება ბარიერები. სხვა თუ მინიმალური შრომით აღწევს მიზანს, უიღბლო კოდის მქონე ადამიანი, ამ შედეგს უდიდესი შრომითაც კი ვერ მიაღწევს. ერთი სამედიცინო-პარაფსიქოლოგიური კვლევის შედეგები ჩამივარდა ხელში, სადაც რეალური ფაქტები იყო მოყვანილი და, თან, ფსიქოლოგიურ-ეზოთერიკული ანალიზიც ერთვოდა. იქ ეწერა, რომ ერთ ოჯახურ წყვილს არ სდომებია შვილის გაჩენა, მაგრამ, ის მაინც მოვლენილა ამქვეყნად. როცა გაზრდილა, ყველაფერს ძნელად აღწევდა. არც სიყვარულში უმართლებდა და ვერც დედობის სიხარული განუცდია, მრავალი სამედიცინო ჩარევის მიუხედავად. ბოლოს პარაფსიქოლოგიური კვლევა ჩაუტარებიათ ამ ადამიანზე და აღმოჩენილა, რომ ამის მიზეზი, სწორედ დედის ორგანიზმშივე დაბინძურებული ენერგეტიკა გახლდათ.
– იქნებ დროა საჭირო და ყველაფერი დალაგდება? ხომ შეიძლება, ასეთი ისტორია ნებისმიერ ადამიანს გადახდეს თავს და უიღბლობა და დაბადებამდე დაბინძურებული ენერგეტიკა ამასთან კავშირში არ იყოს?
– მესმის თქვენი. ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და უამრავი მსგავსი ამბავი გაქვთ მოსმენილი. მაგრამ, როგორც გითხარით, წლებია, ამ საკითხით დავინტერესდი და, თუკი სადმე მსგავს თემაზე ვინმე მუშაობდა (პარაფსიქოლოგს ვგულისხმობ), ყველასთან მივდიოდი და რჩევას ვეკითხებოდი. ერთმა ამ უიღბლო კოდის მოხსნის მეთოდი გამანდო, რომელსაც ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ და ის ახლაც მოქმედებს იქ. ეს ქალი სწორედ ეგვიპტეში ცხოვრობდა რამდენიმე წელი და იქ გაიღრმავა ცოდნა პარაფსიქოლოგიის კუთხით. მისგან შევიტყვე, რომ, თურმე, ბავშვს, რომლის დაბადებაც მშობლებს არ სურდათ, კოდად აქვს ჩადებული თვითმკვლელობა, უიღბლობა და გაჭირვება, რასაც ის თავად უნდა შეებრძოლოს.
– ეს შებრძოლება რა მეთოდით ხდება, ის თუ გაგანდოთ?
– სანამ მეთოდზე გესაუბრებით, მინდა რაღაც გითხრათ, რაც, დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ იცის, კერძოდ, ის, რომ ხორბალს დიდი ენერგეტიკული ძალა აქვს, სანთელი ჩვენს რწმენასთან ასოცირდება, თეთრი კი სიწმინდესთან და, სამივე ერთად აღებული, დიდი ძალაა უიღბლობის კოდის მოსახსნელად. რაც შეეხება უიღბლობის კოდთან შებრძოლებას და მის შეჩერებას, ასეთი მეთოდი არსებობს: აიღეთ ჯამი, ჩაყარეთ სამი მუჭა ხორბალი და დადგით იმ ოთახში, სადაც გძინავთ. სამი დღის განმავლობაში, ყოველ დილით უნდა ჩაარჭოთ ხორბალში სანთელი და აანთოთ, მის წინ დადგეთ, თვალები დახუჭოთ და, სანამ სანთელი ჩაიწვება, გულში იმეოროთ ის, რაც გსურთ; გაიხსენოთ ის დღეები, როცა დათრგუნული იყავით და რომ აღარ გსურთ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნა; რომ გსურთ, ყველაფერი დალაგდეს ცხოვრებაში და უნდა წარმოიდგინოთ ისეთი მომავალი, როგორიც გინდათ. სამი დღის შემდეგ, ჯამიდან უნდა ამოიღოთ ერთი მუჭი ხორბალი და სანთლის ერთი ცალი ნამწვავი. შეკერეთ პატარა, თეთრი ტომსიკა უხმარი მიტკლისგან, ეს ყველაფერი შიგ ჩადეთ და მუდამ თან ატარეთ.
– სულ ეს არის?
– მარტივია, ხომ? დიახ, სულ ესაა, მაგრამ, აქ ერთი რამ არის აუცილებლად გასათვალისწინებელი: ხორბალი უნდა იყოს ბედნიერი ადამიანის დათესილი, მოყვანილი და აღებული. ანუ, ისეთის, ვინც ბედნიერია და ცხოვრებაშიც უმართლებს; ასევე, უნდა ჰყავდეს ცოცხალი მშობლები და ბედნიერ ოჯახში ცხოვრობდეს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ხორბალში ადამიანის აურა გადადის, ამიტომ, სწორედ ასეთი ადამიანის მოყვანილი უნდა იყოს ის, რომ მისი სუფთა აურა თქვენზეც გადმოვიდეს. მასში დანთებულ სანთელს კი უდიდესი ძალა აქვს, რადგან, ის უფრო მეტად იმუხტება დადებითი ენერგიით და თქვენზეც ასევე დადებითად მოქმედებს. ასე რომ, თუ თქვენს დაბადებას თან ცრემლი და უიღბლობა დაჰყვა, გირჩევთ, ეს მარტივი მეთოდი სცადოთ.
– და, ამით ადამიანში ჩადებული უიღბლობის კოდი სამუდამოდ შეაჩერებს მუშაობას?
– ამით ადამიანის უიღბლობის კოდი, შესაძლოა, მთლიანად ვერ შეჩერდეს, მაგრამ, ცხოვრებას რომ შეუმსუბუქებს, ბედნიერ წუთებს მიანიჭებს, ბედ-იღბალს სასიკეთოდ შემოუტრიალებს და მეტად პოზიტიური თვალით დაანახვებს სამყაროს, ეს უდავოა.