რამ ჩააგდო შოკში თბილისში 20 წლის შემდეგ ჩამოსული პაატა ციქურიშვილი და როდის ტიროდა ის
20 წელია, თბილისში არ ყოფილა, ბევრნაირი ემოცია დაუგროვდა – წარმატებას სამშობლოსგან ძალიან შორს, ამერიკაში მიაღწია და როგორც იქნა, საკუთარი სპექტაკლები თბილისშიც ჩამოიტანა გასტროლზე. როგორც თავად ამბობს, ამაზე ძალიან დიდხანს ოცნებობდა. ჩვენი სტუმარი დღეს „სინეტიკ თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი – პაატა ციქურიშვილია, რომელიც თბილისს სპექტაკლებით – „სტუმარ-მასპინძელითა“ და „მეფე ლირით“ ეწვია.
– ბატონო პაატა, როგორ დაიგეგმა თქვენი ჩამოსვლა საქართველოში ამდენი ხნის შემდეგ?
– დიდი ხანია, თბილისში გასტროლებს ვუმიზნებდი. თავიდან ოცნებად მქონდა ქცეული, ამერიკაში წავსულიყავი და საკუთარი თეატრი მქონოდა. მერე, როცა ეს ოცნება ამიხდა, აღმოჩნდა, რომ ვეღარსად გავდიოდი და ახალი ოცნება გამიჩნდა – ჩამოვსულიყავი თბილისში საკუთარი სპექტაკლებით. რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდი, მაგრამ უშედეგოდ – ჩანს, თბილისში კარგად არ იციან ჩვენი თეატრის შესახებ, თანაც საქართველო ამერიკისგან ძალიან შორსაა. მე უფრო ფართო მასას და სპონსორებს ვგულისხმობ, ვისაც შეუძლია ამის დაფინანსება – ძვირი ჯდება ამხელა დასი ჩამოიყვანო, დეკორაციები ჩამოიტანო. მადლობა მინდა ვუთხრა მხატვარ გოგი მესხიშვილს, რომელმაც თავის დროზე, მოახერხა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან დალაპარაკება – ბატონი გოგი ჩემს სპექტაკლებს აფორმებს. ასევე, მოელაპარაკა ზაალ ჩიქობავას და კონტრაქტი შედგა. აქტიურად იყო ჩართული ამერიკის საელჩო და ასევე, თამარ ბაკურაძე, რომელმაც ნაწილობრივ დაასპონსორა ეს პროექტი. თვითონაც არ მჯერა, რომ თბილისში ვარ და შენ გელაპარაკები (იცინის). ბათუმშიც ვიყავი, ვნახე და ძალიან მომეწონა.
– ღელავდით, თვითმფრინავში რომ ჯდებოდით?
– ვღელავდი, თან, მიხაროდა, თან, თითქოს არა, ქართულად როგორ ვთქვა, არ ვიცი – Freakon out (ფრიქინ აუთ) მქონდა. 20 წელია, არ ვყოფილვარ – გახარებულიც ვიყავი, აფორიაქებულიც. იმდენი ახლობელი და მეგობარი დავკარგე, გული მტკივა. აქ რომ ვზივარ, მახსენდება, თეატრალური ინსტიტუტიდან როგორ გამოვდიოდი და ალექსანდრეს ბაღში ვიჯექი ხოლმე. აქედან რომ წავედი, აბოლებული და დამწვარი ქალაქი დავტოვე. რომ ჩამოვედი, სრული შოკი დამემართა! აქ დამხვდა მამაჩემი, რომელიც დიდი ხანია, არ მენახა – დედა და მამა განქორწინებულები არიან. 6 წლის ვიყავი, ერთმანეთს რომ დაშორდნენ და დღემდე ჩხუბობენ. დედა ჩემთან ერთად ცხოვრობს ამერიკაში. მოვიარეთ თბილისი, სიონი, სამება ვნახეთ და რამდენადაც ლამაზია ძველი თბილისი, იმდენად თვალში მეცა დანგრეული სახლები და ფიცარშეყუდებული, თუნუქაკრული ბარაკები – არ ვიცი, ხალხი იქ როგორ ცხოვრობს. კონტრასტების ქალაქია, მოკლედ. მაგრამ მთავარია, დენთის სუნი აღარ დგას – მომეწონა თავისუფლების მოედანი და ძველი თბილისი. ავტობანმა მომხიბლა, ბათუმიდან რომ მოვდიოდი, თავი ამერიკაში მეგონა. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ბათუმში მონაწილეობა მივიღე 24-საათიან თეატრალურ ფესტივალში, სადაც ჟიურის წევრი ვიყავი. საინტერესო ფორმატი იყო, მიყვარს ექსპერიმენტები – ფილოსოფოსობისა და პოზების დრო არ მაქვს.
– რა რეპერტუარით ხართ ჩამოსული?
– ძალიან გამიჭირდა რეპერტუარის შერჩევა. 60-მდე სპექტაკლი მაქვს დადგმული და ვფიქრობ, 1-2 დადგმით რეალური სურათი მაინც არ იქმნება, მაგრამ შევარჩიე „სტუმარ-მასპინძელი“, რომელიც მთელი ამერიკის მასშტაბით ათწლეულის 5 საუკეთესო სპექტაკლში შევიდა. 11 სექტემბრის ტერაქტის მერე, მაშინვე მომივიდა თავში ეს აზრი – არც ორატორობა მინდოდა, არც პოლიტიკოსობა – თითქოს ვეცადე, შემერიგებინა მუსლიმანური და ქრისტიანული სამყარო. საოცრად თამაშობდა მუსას ბატონი კახი. სულ ჩხუბობდა, სისხლი გამიშრეთ, თქვენ, აღარ შემიძლიაო (იცინის). ენა არ იცის, ქართული ასოებით ვუწერდით სიტყვებს და მაგრად ჰქონდა „გაზუბრული“ (იცინის). ითარგმნა ტექსტი, მოვიძიე, რაც კი რამ ვაჟას თარგმანები მქონდა... ბატონი კახი იმიტომ არის ფანტასტიკური მსახიობი, რომ ქვეტექსტს, კონცეპტს იგებდა – არ არის საჭირო, ყოველთვის რითმა და ტექსტი იყოს დაცული. „ჯოყოლაო“ – იმხელა უყვირა ირაკლის, მსახიობებს გული გაუსკდათ. ვერ გაიგეს, რა უნდოდა... ჩემი ამერიკელი მსახიობებიც „გავაქართველე“, აღარ არიან სუფთა ამერიკელები. ძალიან დრამატული და მძიმე სპექტაკლია, პირობით ფორმაში, მარადიულ დროში, ქართული ცეკვის ელემენტებით... ტიროდა მაყურებელი... „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა ამ სპექტაკლზე: „ეს ის თემაა, რომელიც მუდმივად ვითარდება პალესტინაშიც, ერაყშიც და ყველა ცხელ წერტილში“. ძალიან ქართულიცაა და ამავე დროს, ყველასთვის გასაგები. გვინდოდა, მონიტორზე სუბტიტრები გაგვეშვა, მაგრამ ვფიქრობ, არ არის ამის საჭიროება.
მეორე სპექტაკლია – „მეფე ლირი“, რომელიც ასევე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ შევარჩიე. ეს ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლია – ფელინის სტილში გადავწყვიტე, „კლოუნადა“ ჟანრში, „კომედია დელ არტეს“ თან ჰგავს, თან – არა. იდეა ასეთია: მოხდა აპოკალიფსი, დაინგრა ქვეყანა და დარჩნენ მხოლოდ კლოუნები. „არაგონზე“ რომ ვუყურებდი, თვითონ ვიფიქრე – ვაიმე-მეთქი, მაგრამ, როგორც კი ლირი კორდელიას ხელს ჰკრავს, იქვე იწყება ძლიერი ფსიქოდრამა – თეთრი გრიმი და კლოუნადა მაშინვე ქრება.
– ბოლოს რა სპექტაკლი დადგით?
– „ჭირვეულის მორჯულება“ და მეორე ამერიკული პიესა „ჯეკი და ჰაიდი“. ეს არის ფანტასტიკური ნაწარმოები პიროვნების გაორებაზე, სუფთა ამერიკული თემაა, ჰელოუინისადმი მიძღვნილი. მე მაინც, ძირითადად, კლასიკაზე ვმუშაობ. თანამედროვე დრამატურგიას ნაკლებად ვკიდებ ხელს. არ მიყვარს ავტორებთან მუშაობა. მათ არ უყვართ, სპექტაკლში რაიმე მომენტს რომ ჭრი. მე კიდევ უფრო კინოხერხებს ვიყენებ, მათ შორის, მონტაჟს. ამერიკულ თეატრებში „პარადი“ დრამატურგს მიჰყავს, მე ეს არ მინდა. ფანტასტიკური სპექტაკლია „ოტელო“, „მედეა“, მასაც ჩამოვიტან – მინდა აქვე დავამატო, რომ მაქვს თინეიჯერებისთვის დრამატული თეატრი, სადაც გადამაქვს დიდების სპექტაკლები და ვზრდი მათაც. ახლა შექსპირის „ქარბუქის“ დადგმას ვაპირებ, ასევე, „სამ მუშკეტერს“, სადაც სასცენო ბატალიებს ბენ კუნისი გააკეთებს.
– ქართველი მსახიობების აყვანაზე არ გიფიქრიათ?
– ამჟამად არ ვგეგმავ, რთულია – ჩემს თეატრში 95 პროცენტი ამერიკელია. არიან იქაური ლიტველები, რუმინელები, პუერტორიკოელები, შავკანიანები, „ოტელოს“ როლს აფროამერიკელი მსახიობი ასრულებს. ავიყვანე უნიჭიერესი იაპონელი რეჟისორი, რომელიც ვიზუალური არტით დგამს სპექტაკლებს – არტისტები თან ხატავენ, თან თამაშობენ. მისი სპექტაკლი ვნახე ხიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედიაზე, გაოგნებული დავრჩი. რთულია ჩემი დასის მსახიობობა – სხვა სპეციფიკა აქვს, ფინანსურადაც რთულია. ვაშინგტონში თეატრებს მუდმივი დასი არ აქვთ. მე შევძელი მუდმივი ბირთვის შექმნა. ამერიკაში რომ ჩადიხარ, გგონია, მთებს გადადგამ, მაგრამ რეალურად ყველაფერს ნულიდან იწყებ. ყველგან ვიყავი სინჯებზე და არ ამიყვანეს. ყველგან ვცადე მუშაობა, პიცერიაშიც ვიმუშავე, სხვაგანაც და რომ მივხვდი, ჩემი არ იყო, საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი. მერე სახეზე თეთრი გრიმი წავისვი, ბაღებსა და რესტორნებში დავდიოდი, მიმი ვიყავი. ამერიკაში მიმის, პანტომიმის მსახიობს აგდებულად ექცევიან. თუ მიმი ხარ, ჩათვალე, არავინ ხარ. არადა, თეთრი გრიმი ამირან შალიკაშვილთან არასდროს წამისვამს – დამყავდა ირინა და ვახო – ჩემი უფროსი შვილი. სამივენი მიმები ვიყავით. ჩემს ჭიას ვახარებდი. ერთხელ, რესტორანში გამოსვლისას, ვიღაც კაცმა დამიძახა – მოვეწონე, ეტყობა. დამისვა, გამომკითხა და თავისი ნახევრად ნაჭამი თეფში მომიწია, შევეცოდე... თავი დამცირებულად ვიგრძენი. მადლობა გადავუხადე, ავდექი და წამოვედი. მას მერე მიმი აღარასოდეს ვყოფილვარ, მრცხვენოდა. პირველი სამი წელიწადი გაუსაძლისი იყო, ენაც არ ვიცოდი, მაგრამ მერე ნელ-ნელა შევეჩვიე.
– თქვენი ქალიშვილი, ანა გახლავთ თან. მე მგონი, გარეგნულად დედას ჰგავს. მას არ უნდა მსახიობობა?
– არა. მე, მგონია, ხასიათით მეც მგავს და ირინასაც, კახელი ამერიკელია (იცინის). კახური სიჯიუტე ძალიან საჭიროა მიზნის მისაღწევად. ინიციატივიანია, ბუნებით ლიდერი. ვახო ჩვენი დასის მსახიობია, გისმენს და მოგყვება. ეს კი არ გისმენს – აქეთ გაძლევს რჩევებს, მომისმინეთ, თქვენ რა იცით, მე ამერიკელი ვარ, თქვენ არაო (იცინის). ეს ამერიკაში დაიბადა და ჩვენ – გავხდით ამერიკელები.
– თუ გიტირიათ ოდესმე?
– ვიტირე... ცრემლებით ვტიროდი, როცა ირინამ „ჰელენ ჰეიზ ევორდი“ მიიღო და სცენაზე ავიდა. დარბაზში ვიჯექი და ვტიროდი. სხვათა შორის, დეპრესიას ირინამ გადამარჩინა. ძალიან დამიდგა გვერდში. ყოჩაღი და ცეცხლი იმერელი ქალია (იცინის). კახელზე უარესი ჯინიანია – ხოცავს და ასაფლავებს არტისტებს.
– პოლიტიკოსები დადიან თქვენს სპექტაკლებზე?
– რა თქმა უნდა, ვაშინგტონი პოლიტიკური ცენტრია – ადვოკატები, კონგრესმენები... ქალბატონი მიშელ ობამა იყო მოსული სპექტაკლზე, ასევე, პრეზიდენტის შვილები, ვაშინგტონის მერი... ჩემი თეატრის „ბორდში“ არიან დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც. მე მგონი, ჩვენი „აფანირებული“ სტუმარი, მალე ჯონ მაკკეინიც იქნება.