კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად იღლებოდა სასიამოვნოდ გიორგი ქორქია და რატომ დასჭირდა მას კლდის წვერზე გამაყუჩებლების გაკეთება

ქართველები ხშირად უცხოეთში მოგზაურობას უფრო დიდ დროსა და ინტერესს ვუთმობთ, ვიდრე საქართველოს სხვადასხვა კუთხის მონახულებასა და დათვალიერებას. ამიტომ‚ როცა ჩვენს ქვეყანაში საოცარ ადგილას აღმოვჩნდებით ან ფოტოს ვნახავთ, სადაც ჩვენი ნაკრძალები, უბრალოდ‚ ბუნებაა ასახული, ვამბობთ: რა ლამაზია, საქართველოში არ მეგონა თავიო. პირადად ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გიორგი ქორქიას გადაცემა „ჯეო-მეგზურში“ გასულმა სიუჟეტებმა, სადაც მან საქართველოში არსებული საოცარი სილამაზის ნაკრძალი გაგვაცნო. არ მგონია, ვინმეს ამ გადაცემის ნახვის შემდეგ, ზურგჩანთის აღება, მეგობრების შეკრება და ამ საოცარ ადგილებში „უიქენდის“ გატარება არ მოუნდეს. 

 

გიორგი ქორქია: ამ გადაცემის გაკეთების იდეა საქართველოს უნივერსიტეტში გაჩნდა, შემდეგ მათივე სტუდია „დღეში“ დაიწერა პროექტი, რომელმაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტენდერში გაიმარჯვა, გაფორმდა „რუსთავი 2-თან“ ხელშეკრულება  და გაკეთდა გადაცემები. ზოგადად‚ ძალიან ბევრი ადგილი მაქვს მოვლილი, განსაკუთრებული სიყვარული მაქვს აზიური ქვეყნების მიმართ. ევროპაშიც ბევრგან ვარ ნამყოფი, მაგრამ ბოლო დროს ასეთი დამოკიდებულება გამიჩნდა: არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც უცხოეთში იბოდიალო და არ ნახო ის, რაც შენ გვერდითაა. გადაცემის მთავარი თემა იყო ნაკრძალების ჩვენება მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც ინფრასტრუქტურა ძალიან კარგად არის მოწყობილი. მოვიარე ეს ადგილები შარშანაც და წელსაც და რა თქმა უნდა‚ იყო დიდი შთაბეჭდილებები. უბრალოდ‚ ერთი მომენტია – იქ, ძირითადად, სამუშაოდ დავდივარ, შესაბამისად‚ არ მაქვს იმდენი დრო, ზურგჩანთა მოვიკიდო, ავიღო კარავი და სამი-ოთხი დღით წავიდე, დავისვენო. როგორც კი დრო მექნება, აუცილებლად წავალ და სხვებსაც ვურჩევ, წავიდნენ, მოიარონ, მართლაც სასწაული ადგილებია. რომ ამბობენ: ეს, რომ ვნახე‚ თავი საქართველოში არ მეგონაო. რატომ არ ჰგონიათ თავი საქართველოში? წარმოიდგინე, რომ ეს ყველაფერი შენ თვალწინ არის – 50-მეტრიანი ჩანჩქერი, წინ გადაშლილი ცისარტყელა. კალმახებს, ჯიხვებს, ირემს შენი თვალით ხედავ.  უბრალოდ‚ ნაკრძალს აქვს თავისი წესები, კანონები, რომლის დაცვაც ყველას მოეთხოვება. მაგალითად‚ ხე რომ მოტყდება, წაიქცევა, მისთვის ხელის ხლება არ შეიძლება, ისე უნდა დარჩეს, როგორც არის. ასე უნდა დალპეს, გახმეს, ანუ ყველაფერი ბუნებრივად უნდა იყოს. ნადირობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია... სხვათა შორის, ძალიან ბევრი აკრძალვაა: არ შეიძლება ცეცხლის დანთება, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებია, სადაც ასევე, არის კარვის გასაშლელი, დარჩენის საშუალება; არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება იარაღით შესვლა, შინაური ცხოველის წაყვანა. ასევე, არ შეიძლება დანაგვიანება და მთელი რიგი რაღაცეები. ჯერჯერობით არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ვინმეს ცხოველი დასხმოდა თავს. თუმცა‚ ტურისტებს ხშირად დაუნახავთ დათვიც, მგელიც, ირემი ხომ ჩანს და ჩანს. არ უნდა დარჩე იქ‚ სადაც არ შეიძლება დარჩენა, თან‚ რეინჯერები ძალიან კარგად მუშაობენ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამჟამინდელი უფროსის, გიორგი შოვნაძის დიდი დამსახურებაა, რომ ასეთი კარგი სტაფი ჰყავს. 

– რომელმა ნაკრძალმა მოახდინა შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

– 8 ნაკრძალში ვიყავი და ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ, ყველა სხვადასხვანაირია. როგორ უნდა შეადარო მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც აჭარაშია და ვაშლოვანის ნაკრძალი, რომელიც კახეთშია, აზერბაიჯანის საზღვარზე – აბსოლუტურად სხვადასხვაა და ორივეს განსხვავებული სილამაზე აქვს. ერთ ადგილას ტროპიკული, მწვანე ლანდშაფტია, სადაც ხშირად წვიმს, ნისლია, მეორე მხარეს – ხრიოკი, ნახევრად უდაბნო, მაგრამ ძალიან ლამაზი. იქ არის კრატერები, საიდანაც ნავთი ამოდის, ტალახი... პირველად რომ ჩავედი‚ თავი მთვარეზე მეგონა, გავგიჟდი. უფრო მკაცრია ვაშლოვანის ნაკრძალი. სამაგიეროდ‚ უფრო რბილი და კარგი საბოდიალოა მტირალას ეროვნული პარკი. თუშეთი ხომ საერთოდ საოცრებაა თავისი ტრადიციებით. მაგალითად‚ მე არ ვიცოდი, რომ 12 ნაფიცი მსაჯული თურმე მეთვრამეტე საუკუნეში უკვე არსებობდა თუშეთში. ასეთი ეთნოგრაფია – ნუგზარ იდოიძე, რომელიც თუშეთში ცხოვრობს. მან აღადგინა ეს სასამართლო დარბაზი, ქვის სკამებით, სადაც ნაფიცი მსაჯულები ისხდნენ, ასევე ის ადგილი, სადაც მოწმე დგებოდა. მოკლედ‚ თუშეთი ერთი დიდი, ეთნოგრაფიული მუზეუმია. რაც მთავარია‚ ადგილობრივები კარგად შეეჩვივნენ ტურისტებს, თავს ევლებიან, სიამოვნებით აცნობენ იქაურ ადგილებს. ძალიან მიხარია, რომ დღეს იქ ქართველმა მოგზაურებმაც დაიწყეს ჩასვლა. 

– დაახლოებით, რამდენ ხანს გრძელდება გადაღებები? 

– მაქსიმუმ სამ დღეში ვიღებდი, რადგან ამ გადაცემის მთელი აზრი ის არის, თუ სად შეგიძლია გაატარო კარგად შაბათი-კვირა, ანუ ორ დღეში რის ნახვა შეგიძლია. შესაბამისად‚ ორი დღე ვრჩებოდი და რასაც ვასწრებდი‚ იმას ვანახვებდი ხალხს. სხვათა შორის‚ ეს ყველაფერი უფრო იაფი ჯდება, ვიდრე შაბათ-კვირას რესტორანში ან ბარში ჯდომა და დალევა. გემრიელადაც დალევ, შეჭამ, იბოდიალებ, ფოტოებსაც გადაიღებ, სილამაზესაც ნახავ და ფინანსურადაც იაფი დაგიჯდება. მოკლედ‚ საჩემო გარემო იყო: გარეთ ხარ, თავისუფალი და როგორი გამოვა გადაცემა‚ შენზეა ყველაფერი დამოკიდებული. რა თქმა უნდა‚ სიფრთხილის დაცვა აუცილებელია. ისეთი ფეხსაცმელი უნდა გეცვას, რომ ქვებზე გადასვლისას ფეხი არ დაგისრიალდეს. მზად უნდა იყო ამისთვის ფიზიკურდაც და ყველანაირად. თუმცა‚ არის სხვადასხვა ტიპის მარშრუტები. შეგიძლია‚ ბავშვები წაიყვანო, ხელი გაუშვა და არსად გადავარდებიან. არის‚ ასევე‚ ექსტრემალური, საცხენოსნო, ველოსიპედის მარშრუტები, მოკლედ‚ ყველანაირ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. 

– პირველი ემოციები მაინც განსხვავებულია.

– პირველად, რომ დავინახავდი ამ სილამაზეს‚ ვშტერდებოდი. წარმოიდგინე: მიდიხარ, მიდიხარ, უცებ მოუხვევ და დიდი ჩანჩქერია შენ წინ. ყოველი დღე სხვადასხვანაირი იყო. შუა ტყეში მიდიხარ, გგონია‚ ადამიანს არ დაუდგამს ფეხი და უცებ დაინახავ კოტეჯს, სადაც აბსოლუტურად ყველაფერია. პრომეთეს მღვიმეა საოცრება, ისეა ინფრასტრუქტურა მოწყობილი, ბოლოს სულელივით დავდიოდი და ტაშს ვუკრავდი – ყოჩაღ! მთა ყოველთვის უფრო ეგზოტიკური, უფრო მკაცრია, ვიდრე ბარი. შესაბამისად‚ იქაური წესების დაცვაც გიწევს. მაგალითად‚ თუშეთში სალოცავებში არ შეიძლება ქალების შესვლა და ეს ყველგან არის გამოკრული. კოლხეთის ნაკრძალში რომ ჩახვალ, პალიასტომის ტბაზე, იქ‚ თუ ოდნავი ღელვაა‚ არავინ შეგიშვებს და ეს არც უნდა გეწყინოს, რადგან ყველაფერი შენი უსაფრთხოებისთვის კეთდება. მე ვითვალისწინებ ყველაფერს‚ რაც მოგზაურმა უნდა გაითვალისწინოს – უპირველეს ყოვლისა‚ უსაფრთხოების წესებს და არასდროს ვაკეთებ იმას, რაც აკრძალულია. მაგრამ‚ ეს აკრძალვა არანაირად არ გზღუდავს. რატომ უნდა მოგინდეს იმ ტოტის მოტეხა ხეზე, რომელიც 400-500 წლისაა.  სოკოს დაკრეფას, თევზაობას არავინ გიშლის. სასმელი ყოველთვის მიგვაქვს, იქ საღამოს რომ არ დალიო‚ არ შეიძლება – ვსვამთ, ვჭამთ და ვერთობით. ადგილობრივებთანაც ვრჩებოდით. ოღონდ ისე ვიყავით, რომ მეორე დილით თავი არ გვქონოდა გახეთქილი. მტირალაზე მე და გეგა ფალავანდიშვილი ვიყავით გადაცემაზე წასულები და რომ არ მოგატყუო‚ დილის რვის ნახევრიდან ვიწყებდით სმას. მერე მთელი დღის განმავლობაში – იქაც დავლიეთ, აქაც და ასე ჩაიარა ორმა დღემ – გემრიელად და კარგად. 

– ექსტრემალურ სიტუაციაშიც‚ ალბათ‚ ხშირად გიწევდა ყოფნა.

– თუნდაც‚ მტირალას მთაზე რომ ავედით‚ ჩაჩქერის სანახავად. ამ ადგილზე ტურისტული მარშრუტი კი არა, საერთოდ‚ ბევრი ადამიანი არც იყო ნამყოფი, ვიდეოკამერა ხომ არავის ჰქონია იქ ატანილი. რეინჯერმა აგვიყვანა – რუსლანმა. საოცარი ადგილი იყო, დაქანება, კლდეზე გიწევდა ასვლა, ხიდან ხეზე გადავდიოდი. ნახევარი საათი მივხოხავდით, თან‚ მტირალაზე სულ წვიმს, ხელი გისრიალებს, ტალახში ვარდები და ძუნძგლიანი ადიხარ ზევით. იქ კი ისეთ რამეს ნახულობ, შეიძლება გაშტერდე – ამხელა ჩანჩქერი მოდის, აბსოლუტურად ხელუხლებელი ბუნებაა. ანუ, ეს ექსტრემი იყო, თან‚ მუხლი მაქვს დაზიანებული, გამიჭედა. ზევით რომ ავედით‚ გამაყუჩებლები გავიკეთე. ახლა აპირებენ, ჩანჩქერთან მარშრუტის გაკეთებას, რადგან‚ იქ თუ არ ახვედი, ისე ვერ დაინახავ. რამდენიმე ჩანჩქერი ერთმანეთს უერთდება, ერთი ისეთია‚ უკანაც შეგიძლია დადგე. მაგრამ, ყველაზე დიდ ჩანჩქერთან მისასვლელი გზა‚ ალბათ‚ იქით წელს იქნება. ისეთი ლამაზია‚ ყველამ უნდა ნახოს. ჩამოსვლა მეზარებოდა. ყველაზე მეტად, მერე ვგრძნობდი დაღლას, მაგრამ ძალიან სასიამოვნო დაღლაა. ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში ნიამორები ჰყავთ. ერთი დიდი, მთავარი ნიამორი ძალიან აგრესიულად იქცევა ხოლმე. გადაღებისას მივედი, რქაზე დავადე ხელი და ისეთი ამომარტყა, მთელი ხელი შუაზე გადამიხია. შარშან ცუდ გზაზე მანქანით გადავვარდით, საავადმყოფოშიც მოვხვდით. ოპერატორი გაკერეს-გამოკერეს, მე‚ როგორც ყოველთვის‚ თავი ვიტკინე. ვერ ვიყავი მაინცდამაინც კარგად. თუმცა‚ გადაღება არ გვქონდა დამთავრებული. მეორე ოპერატორი წავიყვანე და მიუხედავად ტვინის შერყევისა, მაინც გავაგრძელე გადაღება. 

– მითხარი‚ აზიური ქვეყნები მიყვარსო. რომელ ქვეყანას გამოარჩევდი?

– ძალიან მიყვარს: ხალხი, კულტურა. ამ მხრივ, ინდოეთი საოცარია. ეს არის ქვეყანა‚ სადაც წლობით დავრჩებოდი. ასევე‚ ინდოეთის ტიბეტი... ეს არის სასწაული ადგილი. ბევრი ამბობს: სიბინძურეა, ინდოეთში რომ ჩახვალ‚ პირველად სიბინძურეს დაინახავო, მაშინ წადი ბერლინში და იარე კლუბებში. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მწერი დახოხავს, გველები დასრიალებენ, ყოველ შემთხვევაში‚ მე‚ დისკომფორტი, არ მიგრძნია. ძალიან ველურია და ბუნებრივი. გგონია, რომ როგორც იყვნენ საუკუნის წინ, ისე არიან დღემდეც. საშინლად მინდა, მონღოლეთში წასვლა და კიდევ ჩინეთის ტიბეტში. ოღონდ‚ ისე უნდა წავიდე, რომ არ ვმუშაობდე. როცა მუშაობ, იმ ადგილებით სიამოვნებასაც ვეღარ იღებ. 

 

 

скачать dle 11.3