რატომ გაეხვია მომღერალი ფიქრია მამფორია სკანდალში და მღერის თუ არა ის მოპარულ „მაფშალიას“
ალბათ‚ ბევრს უნახავს ანაკლიაში გადაღებული მუსიკალური კლიპი, სადაც ფიქრია მამფორია ასრულებს სიმღერას. ამის შესახებ მკითხველს ჩვენი ჟურნალის საშუალებითაც ვუყვებოდით. თუმცა‚ რამდენიმე ხნის წინ რედაქციაში დაგვიკავშირდა სიმღერის ტექსტის ავტორის, გური ოტობაიას მეუღლე, ჟურნალ „კირბისის“ ტექნიკური რედაქტორი, ქალბატონი ნანა ხუფენია, რომლის ინტერვიუსაც გთავაზობთ.
ნანა ხუფენია: სიმღერა „მაფშალია“, ჩემმა მეუღლემ 1977 წელს დაწერა, როგორც ქართულად‚ ასევე მეგრულად. ანუ სიმღერას „მაფშალია“ ჰქვია და არა მავანისგან დარქმეული „მე მიყვარს ანაკლია“, რომელიც შემდეგ ანაკლიის სარეკლამოდ გამოიყენეს. სწორედ მიმდინარე წლის 4 ივლისს „იმედის“ ეთერში ვნახე კლიპი „მე მიყვარს ანაკლია“, რომელიც ანაკლიაშია გადაღებული, თორემ ფიქრია მამფორია ჯერ კიდევ 2011 წლის ხობის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალიდან მოყოლებული მღერის სიმღერა „მაფშალიას“. 2011 წლის 17 სექტემბერს ხობის ფესტივალზე პუბლიკას ასე გააცნეს ფიქრია მამფორია: „ფესტივალის კიდევ ერთი კარგი ტრადიცია გრძელდება, იწერება ახალი სიმღერები სამეგრელოზე და მათ შექმნაში, ქართველ კომპოზიტორებთან ერთად, მონაწილეობენ ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც. ზოგიერთი მათგანი დღეს ჩვენი სტუმარია. წარმოგიდგენთ – ფიქრია მამფორიას რუსეთიდან“. ფიქრია მამფორია 2012 წლის 3 სექტემბერს თქვენი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ფესტივალის ორგანიზატორების შეცდომად მიიჩნევს ტექსტის ფორმირებას, რომ ის რუსეთიდან არ არის და ხუთი წელია‚ უკვე საქართველოში ცხოვრობს. თუმცა, 1977 წელს გური ოტობაიას დაწერილი ტექსტი მამფორიას და კომპოზიტორის „ნაშრომად“ რომ გაასაღეს ეს შეცდომა კი არა, უდიდესი დანაშაული რომ არის – ამაზე კრინტს არ ძრავს. 18 სექტემბერს ასე ჩამოაყალიბეს წინადადება: „ფიქრია მამფორია ნანა დაუშვილის სიმღერით „მაფშალია“. 2012 წლის 17 მარტს „იმედის დილაში“ მამფორია „მაფშალიას“ ტექსტის ავტორად ბატონ ლევან ღვინჯილიას ასახელებს. რატომ? – ამას ვერ ვიგებ. აქვე ამბობს, რომ კლიპის გადაღებას აპირებს. შემდეგ ისევ მარტში „დღის შოუში,“ მამფორია გური ოტობაიას საკუთრებას ისევ ღვინჯილიას მიაკუთვნებს. ქალბატონი დოდო და ნანიკო იწონებენ მეგრული ლექსის რითმას, ჰარმონიულობას, რაც უხვადაა ოტობაიას პოეზიაში. ია სიამაყით აცხადებს, რომ ექვსი წელია‚ მამფორია სამშობლოში დაბრუნდაო. თუ ექვსი წლის წინ ჩამოვიდა‚ აბა, ხობში ამდენი ტყუილებით რატომ აბრუებდნენ საზოგადოებას. ვის აწყობს სიცრუით გაჯერებული „პოპულარობა“... 2012 წლის 21 თებერვალს „ევროვიზიის“ შიდა შესარჩევ ტურში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სტუმრად მიწვეულ მამფორიას „მაფშალია“ შეასრულებინა. ეს რომ არ ემღერა, დაილია ქართული ფოლკლორი? რას უწუნებენ „ჩაგუნას“, „ჯანსულოს“, „ჩელას“ და ასე შემდეგ... გურის შემოქმედების მიტაცებით სურს, გახდეს „პოპულარული“? სადაც მიდიოდა‚ ყველგან „მაფშალიას“ ასრულებდა – ჩერქეზთა გენოციდისადმი მიძღვნის ცერემონიალში თუ სხვა პროგრამებში.
ესე იგი‚ ლექსი „მაფშალია“ ყველამ დაწერა: მამფორიამ, კომპოზიტორმა დაუშვილმა, ღვინჯილიამ, ნამდვილი ავტორის‚ გური ოტობაიას გარდა, რომელსაც მამფორია გურო ოტობაიად ნათლავს. კლიპში, ტექსტის მოპარვის გარდა‚ მოხდა მისი დამახინჯებაც. მეგრულ ვარიანტში შუაში ჩაუმატეს ვიღაცის გაკეთებული ქართული სტროფი, რაც მიუღებელია (ანაკლია ხომ უნდა ეხსენებინათ სადმე. მწერლის წინაშე არა მხოლოდ მამფორიამ, არამედ კლიპის გადამღებმა ჯგუფმაც ჩაიდინა დანაშაული, როდესაც ასეთი რამ დაწერეს: „საქართველოს არც ერთ კუთხეს სილამაზე არ აკლია, ჩემი გულის იადონი გადაუფრენს ანაკლიას...“) გური ოტობაიას პოეზია ბილინგვაა. მამფორია მკითხველს ჟურნალის დახმარებით თავისებურ თარგმანს სთავაზობს: „ჩემი ქვეყნის იადონო ნუღარ გაფრინდები სხვა ქვეყანაში“. გური ოტობაიასეული 1977 წლის ქართულ ვარიანტში ეს ადგილი ასე ჟღერს: „..სხვა ქვეყანას არ გაფრინდე ჩემი ქვეყნის მაფშალია...“ მოკლედ, მამფორიამ ხელში ჩაიგდო ოტობაიასეული ინტელექტუალური ნაშრომი და როგორც უნდა‚ ისე ამახინჯებს და ვისაც უნდა, იმას აკუთვნებს. ინტერნეტში ამ სიმღერის ქვეშ, მამფორიას გვერდით, ყველგან ლექსის ავტორად ლევან ღვინჯილია წერია. როდესაც ჩვენ, კერძოდ კი, ჩემი შვილი‚ მას შეეხმიანა, ანუ 4 ივლისს, მამფორიამ „რედაქტირება შეიტანა“ და ღვინჯილიას გასწვრივ, ფრჩხილებში ჩასვა ნამდვილი ავტორის სახელი, რომელიც ფიქრიამ გუროდ მონათლა... ჩვენს შეხმიანებამდე პლაგიატ მამფორიას არასდროს მიუმართავს ოტობაიასთვის. ის ლანძღავს ჩვენს ოჯახს და აფერისტებს გვიწოდებს. რატომ ვართ აფერისტები? იმიტომ, რომ გურის შემოქმედება გახადა მამფორიამ „ცნობილი“? იქ‚ სადაც ადამიანს ბოდიშის მოხდა მართებს, შენთვის უცნობი ოჯახის ლანძღვა, გინება უტიფრობა და უზნეობაა. გურის არავისთვის უთხოვია მისი პოეზიის ამღერება, უფრორე მამფორიასთვის...
რა თქმა უნდა‚ ჩვენ ამის შემდეგ ფიქრია მამფორიასაც დავუკავშირდით და შევეცადეთ‚ ყოველივე ამის შესახებ მისი აზრიც გაგვეგო და დაგვეფიქსირებინა.
ფიქრია მამფორია: მუსიკა დაწერა ჩემმა პედაგოგმა ნანა დაუშვილმა, შემდეგ ჩვენ ვეძებდით მუსიკისთვის მეგრულ ტექსტს. რეალურად, ძალიან ცოტა წერს დღეს მეგრულად ლექსებს. შემდეგ დავუკავშირდით ბატონ ლევან ღვინჯილიას, რომელმაც მოგვაწოდა ეს ლექსი. რა თქმა უნდა‚ მან გვითხრა, რომ ეს იყო ბატონ გურო ოტობაიას ლექსი, თუმცა‚ მე თავად, ბატონ ლევანთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. მასთან ურთიერთობა ჰქონდა ჩემს კომპოზიტორს, ნანა დაუშვილს, რომელმაც გადმომცა ტექსტი და ვიცოდი, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობდა. ეს სიმღერა შევასრულე ხობის ფესტივალზე, ამის მერე დაახლოებით, ერთი წელი ვასრულებდი და საერთოდ არ გამიგია არანაირი პრეტენზია. როგორც მე ვიცი‚ ბატონმა ლევანმაც თქვა: არანაირი პრობლემა არ არის და პირიქით‚ კარგ საქმეს აკეთებო. ანუ, ვიცოდი, რომ ავტორის მხრიდან არანაირი პრეტენზია არ არსებობდა. ეს რომ არ მცოდნოდა, ნამდვილად არ მივიღებდი ისეთ რამეს, რაც პრობლემური იქნებოდა.
– ქალბატონი ნანა ამბობს, რომ როდესაც შენ გეკითხებოდნენ‚ ვინ იყო ამ ლექსის ავტორი, არასდროს ასახელებდი გური ოტობაიას და ამბობდი, რომ ის ლევან ღვინჯილიას ეკუთვნოდა.
– ლექსი ძალიან გრძელია და მას რედაქტირება ბატონმა ლევანმა გაუწია, რადგან‚ როდესაც მუსიკას მივუსადაგეთ‚ რამდენიმე სტროფი ამოვარდა. მე ყოველთვის ვაცხადებდი, რომ გურო ოტობაიას ლექსის რედაქტირება გააკეთა ბატონმა ლევან ღვინჯილიამ.
– თუმცა‚ ქალბატონი ნანა იმასაც აცხადებს, რომ, როდესაც მათი მხრიდან დაგიკავშირდნენ, მხოლოდ მაშინ მიუთითე სიმღერის ნამდვილი ავტორის სახელი ბატონი ლევან ღვინჯილიას სახელის გვერდით.
– არც ქალბატონ ნანას და არც ბატონ გუროს არ ვიცნობ. მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, პირიქით‚ მადლობელი ვარ. მიმაჩნია, რომ ჩვენ კარგი საქმე გავაკეთეთ და ამაში არანაირი ბოროტება არ ყოფილა. ერთ დღეს „ფეისბუქით“ დამიკავშირდა მისი ვაჟი‚ თან‚ ცოტა არ იყოს‚ აგრესიული წერილებით. რაზეც მე ვუპასუხე: მამათქვენის მადლობელი ვარ და არ მგონია‚ თქვენ მისი შვილი იყოთ, რადგან მე ვიცოდი, რომ ბატონი გურო თანხმა იყო-მეთქი. შესაბამისად‚ ჩემთვის გასაკვირია ის ფაქტი, რომ ერთი წლის შემდეგ ტექსტის ავტორი აცხადებს, რატომღაც მე არ უნდა შემესრულებინა. დაახლოებით, ერთი თვის წინ ვიყავი „რეალთივიზე“ და იქაც განვაცხადე, რომ სწორედ ის არის ამ ლექსის ავტორი. ეს თქვენს ჟურნალშიც განვაცხადე. შეიძლება‚ სადმე გამომრჩა... ჩემთვის გაუგებარია ისიც, რომ‚ როდესაც ხობის ფესტივალზე გამომაცხადეს რუსეთის სახელით და მაშინ ამაზე რეაქცია არ მომიხდენია, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ ეს სპეციალურად გავაკეთე. უბრალოდ‚ არ იციან ფაქტები და ცრუ ბრალდებები მოდის ჩემი მისამართით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მე ყოველთვის ვაცხადებდი და ინტერნეტშიც ყველგან‚ სადაც ეს სიმღერა დევს, წერია, რომ ტექსტის ავტორი არის გურო ოტობაია, ხოლო რედაქტირებაზე მივუთითებდი ლევან ღვინჯილიას. ასეთი კარგი სიმღერა შევასრულე, ამდენი ვიშრომე, ამდენი სითბო, სიყვარული ჩავდე, რატომ უნდა დავმალო იმ კაცის ვინაობა, რომელმაც ეს ლექსი წლების წინ დაწერა?
– შენ ყველგან, თუნდაც ახლაც, საუბრისას‚ გური ოტობაიას გურო ოტობაიად მოიხსენიებ, რასაც ქალბატონი ნანაც აღნიშნავს... ალბათ‚ ამას შეგნებულად არ აკეთებ, უბრალოდ‚ გეშლება.
– მე თუ რამე შეცდომა დავუშვი, ბოდიშს ვიხდი. ეს ტექსტი ძალიან ახლოა ჩემთან, რადგან წლების წინ, მეც ემიგრანტი ვიყავი. სიმღერაში იმდენი სითბო, სიყვარული ჩავდე, რომ, როდესაც ასეთ ბრალდებებს ვისმენ, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. თუ სახელი მეშლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდად ვარ ინფორმირებული და მეტი არაფერი...