ვინ ვერ მოახერხა ჯანეტ ქერდიყოშვილის პროვოცირება და რატომ იმყოფებოდა ის სამი კვირის განმავლობაში საგიჟეთში
პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები” ჯანეტ ქერდიყოშვილისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, რომელსაც ენერგიულმა და ხალისიანმა „მის საქართველომ” საკმაოდ კარგად გაართვა თავი. თუმცა, ძალიან დასწყდა გული, რომ პროექტს ნაადრევად გამოეთიშა, რადგან, ყველაზე მეტად თავის მეწყვილესთან ერთად ცეკვა „ქართულის“ შესრულება სურდა.
ჯანეტ ქერდიყოშვილი: ბავშვობიდან სულ მინდოდა სამეჯლისო ცეკვებზე სიარული, ჭკუა მეკეტებოდა, მაგრამ, რატომღაც, ვერ მოვახერხე სიარული და, შესაბამისად, გულში დანაკლისივით მქონდა. ამ ზაფხულს ჩემთვის რაღაცეებზე ვფიქრობდი და უცებ გავიფიქრე: რა კარგი იქნება „ცეკვავენ ვარსკვლავებში” რომ გამოვიდე, ცეკვასაც ვისწავლი და, თან, ახალ გარემოში მოვხვდები-მეთქი. ეს მხოლოდ ფიქრის დონეზე იყო, შესაბამისად არავისთვის მითქვამს. გავიდა დრო და „იმედიდან” დამირეკეს: ცეკვა რომ გიყვარს, არ გინდა ამ პროექტში მონაწილეობა მიიღოო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა: იეს, როგორც იქნა, ამიხდა, რაც გავიფიქრე-მეთქი. მაგრამ, იმ პერიოდში გადაწყვეტილი იყო, რომ „მის სამყაროზე” უნდა წავსულიყავი და, შესაბამისად უფრო ამისთვის ვემზადებოდი. მოკლედ ან ამ კონკურსზე უნდა წავსულიყავი ან ამ პროექტში უნდა მიმეღო მონაწილეობა, ორივე ერთად არ გამოდიოდა. ნოემბერში უნდა წავსულიყავი კონკურსზე და, შეიძლება მაგ დროს „ცეკვავენ ვარსკვლავებში” ვყოფილიყავი. მოკლედ, დილემის წინაშე დავდექი, საკმაოდ რთული ორი კვირა მქონდა. ვფიქრობდი, რა გავაკეთო, რომელი ავირჩიო-მეთქი. ოჯახის წევრებსაც ვეკითხებოდი, რომელი ჯობდა. საბოლოოდ, ეს პროექტი ავირჩიე, თუმცა, არ ვიცი, რატომ. ვიფიქრე, რომ უფრო ახლოს ვიქნებოდი ხალხთან, უკეთ გამიცნობდნენ. არაფერს არ ვნანობ, რაც მოხდა – მოხდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა და ყველა მონაწილეს.
– მგონი, პარტნიორშიც გაგიმართლა.
– ძალიან კარგი პარტნიორი შემხვდა. ბევრი წყვილი ჩხუბობდა ერთმანეთში. ვარსკვლავები ხშირად ამბობდნენ, მე სწორად ვაკეთებ და შენ არასწორად მასწავლიო – ძირითადად ამაზე ჩხუბობდნენ. ან, შეიძლება, ვინმეს რამე ეზარებოდა. როგორც კი გავიცანი ირაკლი, პირველივე დღეს შევათვალიერე და მომეწონა, მერე კი, უკვე საუბარში, ძალიან დაემთხვა ჩვენი აზრები ერთმანეთს. მისი ოჯახიც გავიცანი – შესანიშნავი მეუღლე ჰყავს და საყვარელი, პატარა ბიჭი, რომელიც საოცრად კარგად ცეკვავს. ირაკლი ჩემნაირი ტიპაჟია და ამიტომ არასდროს გვიჩხუბია. რომ ვხედავდი, ცუდ ხასიათზე იყო, ყველანაირად ვცდილობდი, ხასიათი შემეწყო და ისიც ანალოგიურად იქცეოდა, თუმცა, ზოგჯერ მტუქსავდა ხოლმე. მახსოვს, ვალსს ვცეკვავდით და მეუბნებოდა: დგომი გაასწორე, დგომი, რადგან, ხანდახან მოვეშვებოდი ხოლმე. 4-საათიანი ვარჯიში რომ გვქონდა, ნახევარი საათი ისე ვცეკვავდი, როგორც საჭირო იყო, დანარჩენ დროს კი მხოლოდ ირაკლის გამო ვცეკვავდი. „სამბას“ რომ ვსწავლობდით, საინტერესო იყო. წარმოიდგინე ცეკვა, რომელშიც ყველაფერია, ყველა მოძრაობა. ამიტომ, ერთხელ ვიცეკვებდი, მერე ვეღარ ვსუნთქავდი და ვჯდებოდი. მას კი უნდოდა სულ მეცეკვა, არ გავჩერებულიყავი და ამაზე მეჩხუბებოდა ხოლმე. მერე მოვიდოდა და ჩამეხუტებოდა: კარგი, ბაჭყატ, დაიკიდეო. თავისი მოსწავლეები ჰყავს, ყველას „ბაჭყატს“ ეძახის და მეც „ბაჭყატი“ შემარქვა. ძალიან მენატრება.
– ხალხი შენ მიმართ ყოველთვის დადებითად არის განწყობილი, ჯერ კიდევ „მის საქართველოდან” მოყოლებული.
– მეც ძალიან გახსნილი ვიყავი და ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ჯაბა კილაძესთანაც ვმეგობრობდი, დღემდე მწერს ხოლმე: გვაკლიხარ, გეძებ, მაგრამ ვერ გხედავ. შენგან სულ დადებითი ენერგია მოდიოდა და პოზიტიურად განგვაწყობდი ყველასო. ყველას ძალიან შევეჩვიე. 29 ნოემბერს დაბადების დღე მაქვს და, მინდა, ყველა დავპატიჟო, რომ ერთად შევიკრიბოთ. როდესაც „მის საქართველო” გავხდი, მეორე დღესვე „ფეისბუქზე” მესიჯი დამხვდა, მაგრამ, „ცეკვავენ ვარსკვლავების” შემდეგ მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ავტოგრაფებს მთხოვენ, ჩემთან ერთად იღებენ ფოტოებს – ძალიან კარგად მიმიღო ქართველმა საზოგადოებამ და ეს მიხარია.
– პირდაპირ ეთერში წონასთან დაკავშირებითაც მიიღე შენიშვნა.
– დიახ, იას მხრიდან იყო ასეთი შენიშვნა. საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება, „გავატარე“. მეორე დღეს, ვარჯიშზე რომ მივედი, მონაწილეები გაგიჟებულები დამხვდნენ – ეს როგორ გითხრაო. კარგით, დაწყნარდით-მეთქი. ნანიკო ხაზარაძე მოვიდა და მითხრა: მასწავლე, როგორ შეგიძლია საკუთარი ემოციებისა და თავის კონტროლი. ჩემთვის ეს რომ ეთქვა, არ ვიცი, იქ როგორ მოვიქცეოდი, შეიძლება, უცებ გადამკეტვოდა და რამეც მომხდარიყოო. ირაკლისთვისაც უკითხავთ: ალბათ, ჯანეტი ძალიან ნერვიულობსო. მას კი უპასუხია: არა, პირიქით, ახლა მხოლოდ ცეკვაზეა გადართულიო. ია ასეთი ტიპაჟია, პირდაპირია და უყვარს ინტრიგა, პროვოცირება. ვიღაც აჰყვება, ვიღაც – არა. მე არ ავყოლივარ. მეორე კვირას, როდესაც პირდაპირ ეთერში ვუთხარი: ქალბატონო ია, პირადად თქვენთვის დავიკელი სამი კილო-მეთქი, ყველას ეგონა, რომ ჩხუბი დაიწყებოდა. მაგრამ, მესამე ტურში მითხრა, ძალიან მომეწონა თქვენი ცეკვაო და შვიდიანი დაგვიწერა. იმ პერიოდში ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა: დილის 10 საათზე ვარჯიში მეწყებოდა, შემდეგ ირაკლისთან ერთად სამი საათი ვცეკვავდი, შემდეგ მივდიოდი აკვა-აერობიკაზე, შემდეგ მასაჟზე და ბოლოს – ისევ ცეკვაზე. ეს სამი კვირა იყო საგიჟეთი, მაგრამ, ძალიან მომწონდა. მამაჩემი ისეთი ტიპია, ყველაფერს გაგიკეთებს, ხელს შეგიწყობს, ოღონდ არ იზარმაცო, ოღონდ დაინახოს შენი წინსვლა. რომ დაინახა, აღარ იყო მხოლოდ მანქანით წოწიალი, მეგობრებთან ერთად სიარული და, პირიქით, სახლში მოვდიოდი დაღლილი და საქმიანი, ბედნიერი იყო. კარგია გართობა, მანქანით სიარული, მეგობრებთან ერთად ყოფნა, მაგრამ, მოსაბეზრებელია. ერთფეროვნებას ვერ ვეგუები, ერთ ქალაქში ცხოვრებასაც ვერ ვეგუები, სულ მინდა ახალი რამ ხდებოდეს. არ შემიძლია, სახლში ვიჯდე ჩემთვის კომპიუტერთან, წიგნებთან და ვიყო კარგად.
– ისე, მართლაც ბევრ ადამიანს უჭირს საკუთარი ემოციების კონტროლი.
– ახლაც მიკვირს საკუთარი თავის, იმ ტრაგედიის შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში, როგორ წავედი ლონდონში, ორმოცი დღეც კი არ იყო გასული. მაშინ ყველანი ისეთ შოკურ მდგომარეობაში ვიყავით, ალბათ, ვერ ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი. ზომბივით ვიყავი, ვიფიქრე, უნდა წავიდე-მეთქი და წავედი. ახლაც სიზმარში მგონია თავი. ემოციების, საკუთარი თავის კონტროლიც, ალბათ, ცხოვრებამ მოიტანა. უბრალოდ, ადამიანი საკუთარ თავში უნდა იყოს დარწმუნებული. როდესაც „პრომო“ ჩაწერეს, იქ მკითხეს ჩემი დადებითი და უარყოფითი თვისებები. მე, რა თქმა უნდა, ორივე ჩამოვთვლე, მაგრამ, მერე უარყოფითი ამოჭრეს და მხოლოდ დადებითი დატოვეს, ამას არასწორი რეაქციები მოჰყვა. დაწერეს, რომ, თითქოს ზემოდან ვუყურებ ხალხს, ზედმეტად ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული. არადა, არ არის ასე. თუმცა, ისე გამოვიდა, რომ თითქოს მხოლოდ ჩემს დადებით თვისებებზე ვსაუბრობ, თავში მაქვს ავარდნილი. როდესაც ვინმეს ზემოდან უყურებ, ეს არ არის კარგი თვისება, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, პირიქით, თავმდაბლობა და სისადავე უფრო ფასდება.
– მე მითხარი, რა უარყოფითი თვისებები გაქვს?
– მიყვარს, რაღაც რომ ხდება, ის ჩქარა მოხდეს. სულსწრაფი ვარ. მაგალითად, დიეტაზე როცა ვარ, მინდა, რომ უცებ დავიკლო 5 კილო. მაგრამ, ასე რომ არ ხდება, მერე თავს ვანებებ, გული მიცრუვდება, ვბრაზდები. სწავლასაც ასე ვიწყებ – თავს ვიკლავ და, მინდა, მაშინვე მქონდეს შედეგი. რა თქმა უნდა, ეს შედეგი ხან არის, ხან – არა, მეც ეგრევე მიცრუვდება გული და ეს მერე ბევრ რამეში ხელს მიშლის.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, ახალი არაფერია?
– მეგონა, რომ ამ მხრივ რამე ახალი იქნებოდა, მაგრამ, არ არის. რა თქმა უნდა, ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მესიჯებს მწერენ – შენ გირეკავდით, გგულშემატკივრობდითო. ძალიან მიხარია და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემ გვერდით იდგა – ეს ბევრ რამეს მაძლევდა. ცუდ ხასიათზე რომ ვიყავი, ვფიქრობდი არ გამომივიდა ცეკვა, მაგრამ, მერე ამდენი თბილი წერილი რომ მხვდებოდა, ძალიან მიხაროდა, ვმშვიდდებოდი. თან, უცხო ადამიანი ასე თბილად რომ გექცევა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროექტში რაც დავიწყე მონაწილეობა, მას შემდეგ მხოლოდ ცეკვაზე ვფიქრობდი. რომ მეკითხებოდნენ, შეყვარებული გყავსო? ვპასუხობდი: კი, ცეკვაა ჩემი შეყვარებული-მეთქი. ანუ, ამ მხრივ სერიოზული არაფერია, არ ვიცი, ამისთვის არ მეცალა თუ არ მინდოდა. ახლა თავისუფალი ვარ და ბევრი მაქვს თავისუფალი დროც. თუმცა, სწავლას უნდა მივხედო – მინდა, მაგისტრატურა გავაგრძელო უცხოეთში. შეიძლება, მარტო არ გამიშვან, მაგრამ, ჩემი ძმაც წამოვა.