მგლები 5
უკანასკნელი ქურდი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-44(618)
ვითარების ასეთ ცვლილებას არავინ მოელოდა. ორშაბათს საღამოს ტელევიზიით გასულმა გადაცემამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. გადაცემა ვერშინასა და კომპანიასთან გუსმანის ურთიერთობას ეძღვნებოდა. წამყვანს ლუკაც არ გამორჩენია. ის პირდაპირ ასახელებდა მას მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელად, რომელიც მთლიანად აკონტროლებდა კომპანიას და ამასთან ერთად, ჩართული იყო „ნორდსტრიმის“ აქციებთან დაკავშირებულ საქმეში. გადაცემას თან სდევდა ღიად თუ ფარულად გადაღებული კადრები. რამდენიმე მათგანზე კაცუბაც იყო აღბეჭდილი. თუმცა, მისდა საბედნიეროდ, ოპერატორმა ვერც ერთხელ ვერ მოიხელთა მისი და ლუკას შეხვედრის კადრები. ბოლოს კი წამყვანი ორიგინალურ კითხვას სვამდა: „მაინც ვინ მფარველობს მთავრობის უმაღლეს ეშელონებში ქართველ კრიმინალს, რომელიც რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე იძებნება?!“
გადაცემის ეთერში გასვლისთანავე კაცუბა შეშფოთებული ესტუმრა გუსმანს.
– სწორედ ის მოხდა, რისიც ყველაზე ძალიან მეშინოდა! – წამოიწყო ოთახში შესვლისთანავე, – ესაა შენი პირობა?! რას ველოდით და რა მივიღეთ?! ასეთ ტალახს იოლად ვეღარ ჩამოვირეცხავ!
– გადაცემას გულისხმობ? – მშვიდად ჰკითხა გუსმანმა.
– სწორედ იმ გადაცემას ვგულისხმობ, – სწრაფად უპასუხა კაცუბამ, – მაგრამ როგორც ვხედავ, შენ საერთოდ არ გაღელვებს ეს ამბავი!
– ვერ ვიტყვი, რომ ნასიამოვნები დავრჩი, მაგრამ განსაკუთრებულ ტრაგედიასაც ვერ ვხედავ მომხდარში, – უპასუხა გუსმანმა.
– მაკვირვებ, სტეფან... ვითომ, ასე უმნიშვნელოდ გეჩვენება ჩვენი სახელების გეგეშიძესთან დაკავშირება?
– დამშვიდდი, სერგეი. ობივატელზე გათვლილმა გადაცემამ წინასწორობა არ უნდა დაგაკარგვინოს. სიმართლე თუ გაინტერესებს, მე უფრო ადრე ველოდი რაღაც ამდაგვარს.
– ელოდი და არაფერი მოიმოქმედე?! – გაუკვირდა კაცუბას.
– რა უნდა მომემოქმედებინა, – მხრები აიჩეჩა გუსმანმა, – ჟურნალისტების დევნა დამეწყო და ტელევიზიონშიკებისთვის მეტი სალაპარაკო მიმეცა?!
– შენი აზრით, ვინ დგას ყოველივე ამის უკან? – ჰკითხა კაცუბამ.
– თვითონ ვერ ხვდები?
– წარმოდგენა არ მაქვს.
– ტიხონოვის საქმეა, – თქვა გუსმანმა, – ეს ფურუნკული დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა და მაინცდამაინც ახლა გასკდა!
– მხოლოდ მისი?
– გგონია, რომ დაკვეთა უფრო მაღლიდან მოდის?
– ჰო, – თავი დაუქნია კაცუბამ.
– მაგის ნუ გეშინია. ის, ვისაც ყურადღება უნდა მიექცია მაგ გადაცემისთვის, ჩვენს მხარეზეა.
– რუსების გარეშე ეგ საქმე არ მოხდებოდა, – ივარაუდა კაცუბამ.
– არც მომხდარა, – დაუდასტურა გუსმანმა, – მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო ხანებში ტიხონოვი რამდენჯერმე შეხვდა კლიმის მარჯვენა ხელს, მერკულოვს. კლიმი და მისი სასტავი კი „ეფესბესთვის” მუშაობს!
– ახლა რა უნდა მოვიმოქმედოთ. ასე გულხელდაკრეფილები ხომ არ დაველოდებით. ვინ იცის, კიდევ რა აქვს ჩაფიქრებული ტიხონოვს?
– დაველოდოთ... ერთი მხრივ, ეგ გადაცემა ჩვენთვის მომგებიანიც კი იყო, – თქვა გუსმანმა.
– მომგებიანი?! – გაუკვირდა კაცუბას, – რას ხედავ იმ გადაცემაში მომგებიანს?!
– ასეთი პოპულარობა, უპირველესად, გეგეშიძისთვისაა არასასურველი. ამის შემდეგ ისე ჩაგვეჭიდება, როგორც სამაშველო რგოლს. ახლა თვითონაც კარგად ესმის, რომ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, უკრაინაში ცხოვრებას ვერ შეძლებს. არადა, მას ძალიან არ უნდა აქედან წასვლა!
– ტიხონოვის წინააღმდეგ ხომ არ მივმართოთ? – ჰკითხა კაცუბამ.
– რას გულისხმობ?
კაცუბამ ხელით სასხლეტის დაშვების იმიტაცია შეასრულა.
– არა!.. – თავი გაიქნია გუსმანმა, – რომც მოვინდომოთ, გეგეშიძე არასოდეს წავა ამაზე. ის სხვა ყაიდის ადამიანია. ხელისუფლების წარმომადგენელს ასე არ დაეტაკება.
– ტიხონოვი არ შეჩერდება, სტეფან. მას განსაკუთრებული ინტერესი აქვს „ნორდსტრიმის“ მიმართ. ვგრძნობ, რომ ის გადაცემა მხოლოდ დასაწყისია, – თქვა კაცუბამ.
– გეთანხმები. ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ახლა ტიხონოვი თავის მთავარ მოწინააღმდეგედ გეგეშიძესა და „ვერშინას“ მიიჩნევს. ნუ შევუშლით ხელს. დაე, თავად გაითხაროს სამარე!
– ვთქვათ, გეგეშიძის თავიდან მოშორება შეძლო.
– არა მგონია. გეგეშიძე გასაცარი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა. ეს მისი სამყაროა. რით უნდა დაამარცხოს გაპრიალებულ პარკეტზე აღზრდილმა ჩინოვნიკმა?!
– რა მოხდება, როდესაც ყველაფერი ჩაივლის? – ჰკითხა კაცუბამ, – მაინც რა გეგმები გაქვს გეგეშიძესთან დაკავშირებით. მართლა აპირებ მის უკრაინაში დატოვებას?
გუსმანი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა.
– ამაზე კი, მართლაც მოგვიწევს ფიქრი. მისი უკრაინაში ყოფნა ჩვენც გარკვეულ პრობლემებს შეგვიქმნის!..
* * *
დღის მიწურულს მერკულოვი, ორ კავკასიელთან ერთად, კლიმის აგარაკს ესტუმრა. ისინი ის მოსკოველი ჩეჩნები იყვნენ, რომელიც ტიხონოვმა დამხმარეებად შესთავაზა „კრეშატიკელთა” ხელმძღვანელს.
კლიმმა სასტუმრო ოთახში, საგანგებოდ გაწყობილ სუფრასთან მიიწვია ჩეჩნები, მაგრამ მათ უარი თქვეს შეთავაზებულ სასმელზე. ჭიქები გვერდზე გადადგეს და მაშინვე საქმეზე გადავიდნენ.
– ჩვენმა საერთო ნაცნობმა გადმოგვცა, რომ გარკვეული პრობლემები გაქვს, – თქვა ტანმაღალმა ჩეჩენმა, რომელიც რასულის სახელით გაეცნო მასპინძელს.
– მართალია... პრობლემას ერთი პიროვნება ქმნის, – უპასუხა კლიმმა.
– ვინაა? – საუბარში მეორე ჩეჩენი, ახმედი ჩაერთო.
– თანამდებობის პირია... თანაც, მაღალი თანამდებობის.
– რა მონაცემები გაქვთ? – ჰკითხა რასულმა.
– აქ ყველაფერია, რაც დაგჭირდებათ, – ამ სიტყვებთან ერთად, კლიმმა საქაღალდე გაუწოდა.
რასულმა საქაღალდე გახსნა და თვალიერებას შეუდგა. საქაღალდეში გუსმანთან დაკავშირებული მონაცემები იყო. მისი რამდენიმე ფოტოსურათი, საცხოვრებელი ბინის, აგარაკის მისამართები, რომლებსაც ფოტოებიც ერთვოდა. ასევე, მონაცემები პირადი მცველების შესახებ.
– რამდენ ხანში შეასრულებთ საქმეს? – ჰკითხა კლიმმა, როგორც კი რასულმა საქაღალდე დახურა.
– ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი ადგილზე უნდა ვნახოთ. იოლი საქმე არ ჩანს. თანამდებობის პირი... დაცვა...
– ჩვენმა საერთო ნაცნობმა გვითხრა, რომ ჩვენი დახმარება დაგჭირდებათ, – განაგრძო კლიმმა.
– დაგვჭირდება, – დაუდასტურა რასულმა.
– რაში დაგეხმაროთ?
– ჩვენ კიევს არ ვიცნობთ. დაგვჭირდება ერთი ან ორი კაცი, რომელიც ადგილზე გაგვარკვევს ვითარებაში, – თქვა რასულმა.
– გენას უკვე იცნობთ, – მერკულოვზე მიანიშნა კლიმმა, – კიევში ის გამოგყვებათ. ის მოაგვარებს ბინისა და მანქანის საკითხებს.
– გასაგებია, – თავი დაუქნია ახმედმა.
კლიმი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა.
– კიდევ ერთი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი...
– რა საქმე? – დაინტერესდნენ ჩეჩნები.
– კიდევ ერთი პიროვნება გვიქმნის პრობლემას.
– ვინაა? – ჰკითხა რასულმა.
– ქართველია... კანონიერი ქურდი... – უპასუხა კლიმმა.
– ჩვენს საერთო ნაცნობს არაფერი უთქვამს ამის შესახებ! – შენიშნეს ჩეჩნებმა.
– ჩათვალეთ, რომ ეს ჩემი პირადი შეკვეთაა. მისი საკითხის მოგვარება უფრო მარტივი იქნება. არც თანამდებობის პირია და არც პირადი დაცვით დადის.
– კიევში? – ჰკითხა ახმედმა.
– არა... ხარკოვში, – უპასუხა კლიმმა.
– ფოსტა იცი?
– ორმოცდაათი ათასი... შეგიძლიათ ჯერ მისი საქმე მოაგვაროთ და შემდეგ წახვიდეთ კიევში.
– რა მონაცემები გაქვს? – ჰკითხა რასულმა.
– ბევრი არაფერი, მაგრამ საქმისთვის მაინც გეყოფათ, – უპასუხა კლიმმა და მეორე საქაღალდე გაუწოდა.
* * *
ხარკოვის ოლქის მილიციის უფროსი დაძაბული სახით შეეგება „ვერშინას“ ადვოკატს. ვასილიჩმა ზუსტად არ იცოდა, რა მიზეზით სთხოვა პოპოვმა შეხვედრა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ის ორიოდ დღის წინ ტელევიზიით გასულ გადაცემას უკავშირდებოდა.
– შენც იმ გადაცემამ აგაფორიაქა? – მისალმების შემდეგ ჰკითხა ვასილიჩმა.
– მხოლოდ იმ გადაცემამ არა, – უპასუხა პოპოვმა.
– სხვა რა მოხდა?
– ჩვენი შეთანხმების პირობებს უნდა გადავხედოთ, – განაგრძო პოპოვმა.
– მაინც, რა არ მოგწონს?
– ვასილიჩ, მეგობრულად გთხოვ, დაელაპარაკე ლუკას. მისი ხარკოვში დარჩენა შეუძლებელია. ის ყველას პრობლემებს გვიქმნის!
– შენ ხომ გაგაფრთხილეს, რომ გეგეშიძეს არ შეეხოო!
– როგორ უნდა მოვიქცე ისეთ ვითარებაში, როცა კიევიდან ორი პიროვნება მიკავშირდება. ერთი მთხოვს არ შევეხო გეგეშიძეს, მეორე მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას მავალებს?! – თქვა პოპოვმა.
– ვინ?
– ტიხონოვი!
– ტიხონოვი?! – გაუკვირდა ვასილიჩს. მას პირველად ესმოდა, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლუკათი ინტერესდებოდა.
– ჰო... ტიხონოვი... გეგეშიძეს საკითხზე სალაპარაკოდ საგანგებოდ გამომიძახა კიევში.
– გასაგებია, მაგრამ საქმის აღძვრას მიზეზი სჭირდება. რა პრეტენზია აქვს ტიხონოვს ლუკასთან?
– არსებობს მონაცემები, რომ გეგეშიძემ მოსკოვში ორი ქურდი დახოცა! – უპასუხა პოპოვმა.
– პირველად მესმის ამის შესახებ!
– კარგი რა, ვასილიჩ! – მოიღრუბლა პოპოვი, – ორივე კარგად ვიცნობთ ლუკას. ეს მისთვის არც პირველი მკვლელობაა და არც უკანასკნელი. ოფიციალური მოთხოვნა თუ მივიღე, ვალდებული ვიქნები, საქმე აღვძრა. გეგეშიძე, როგორც ძებნილი, ავიყვანო და რუსეთს გადავცე. ტიხონოვი სწორედ ამისთვის ემზადება!
– რა მასალები აქვს ტიხონოვს? – ჰკითხა ვასილიჩმა.
– ჯერჯერობით არაფერი. ეს ვერსიაა, მაგრამ რუსები მუშაობენ ამ საქმეზე და ტიხონოვს იმედი აქვს, რომ დაზუსტებულ მონაცემებს უახლოეს მომავალში მიიღებს. იმ დროისთვის ლუკა აქ აღარ უნდა იყოს. გაფრთხილებ ვასილიჩ, მე ვეღარ შევძლებ თქვენ დახმარებას. იმასაც კი ვერ ვხვდები, რა ავანტიურაში მითრევს ტიხონოვი.
– რას გულისხმობ?
– ვგრძნობ, რომ არ მენდობა. ვერ ვხვდები, როდის მეუბნება სიმართლეს და როდის მატყუებს. სხადნიაკის საქმის ჩაშლამ მართლაც გააცოფა. ყველაფერი საგულდაგულოდ ჰქონდა მომზადებული. ოპერაცია ცენტრალურ აპარატს უნდა ჩაეტარებინა და ასეთი მომზადების შემდეგ, ოპერაცია ჩაფლავდა. ტიხონოვმა რომ იცოდეს, საიდან და როგორ გაჟონა ინფორმაციამ, საკუთარი ხელით გამითხრის საფლავს. ფრთხილად უნდა ვიყო. შეიძლება, შესამოწმებლად რაიმე ტრუხა ინფორმაცია შემომიგდოს. რისკზე ვერ წავალ. მისგან რა ბრძანებაც არ უნდა მივიღო, თქვენ ვერაფერს მოგაწვდით... რას იზამ?.. დაელაპარაკები ლუკას?
– დაველაპარაკები, – მცირე ფიქრის შემდე უპასუხა ვასილიჩმა.
– სწორედ გამიგე, ვასილიჩ. მართლა არ მინდა თქვენს საქმეებში ჩარევა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ტიხონოვი არ მომეშვება... – თქვა პოპოვმა და გამოსამშვიდობებლად ხელი გაუწოდა.
* * *
ლუკა და ჯაბა გვიან ღამით მივიდნენ შეხვედრის ადგილზე მოტელში. ადგილი და დრო მერკულოვის დანიშნული იყო. დღისით და ხალხმრავალ ადგილზე ის ლუკასთან შეხვედრას ვერ გაბედავდა.
მერკულოვი მარტო ელოდა მათ ნომერში. აშკარად ეტყობოდა, რომ ღელავდა. მოუსვენრად სცემდა ბოლთას ოთახში და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა.
– რაზე გინდოდა ჩემთან შეხვედრა? – ჰკითხა ლუკამ და მაგიდას მიუჯდა.
– მოკლედ, საქმე ასეა, – წამოიწყო მერკულოვმა, – საქმიდან გასვლა მინდა!
– და ამისთვის ჩემი ნებართვა გჭირდება?! – გაუკვირდა ლუკას.
– კლიმი საერთოდ შეიშალა. ვგრძნობ, რომ დიდხანს ვეღარ გაქაჩავს. დაიღუპება და მეც გადამიყოლებს. ისეთ საქმეს შეეჭიდა, რასაც ვერ დაძრავს! – განაგრძო მერკულოვმა.
– „ნორდსტრიმს“ გულისხმობ? – ჰკითხა ლუკამ.
– მხოლოდ „ნორდსტრიმს“ არა. უკვე გასაგებია, რომ მაგ საქმეს ვერ გავქაჩავთ. ახლა მხოლოდ თავის გადარჩენას ცდილობს, მაგრამ ისე გაავებით, რომ საქმიდან ვეღარ გავდივართ. „ეფესბე“ გვაშანტაჟებს. მალიშევს კლიმთან საუბრების ჩანაწერები აქვს და იმუქრება, რომ ყველაფერს გუსმანს გადასცემს. ეს თუ მოხდა, უკრაინაში აღარ გვეცხოვრება. რუსეთშიც ვერ მოვხევთ. იქ მალიშევი მოგვიღებს ბოლოს!
– და რას ითხოვს თქვენგან მალიშევი?
– შენი და გუსმანის დახოცვას!
– თქვენ უკვე სცადეთ გუსმანის მოკვლა, ახლო წარსული – შეახსენა ლუკამ.
– ჰო... – ჩაიბურტყუნა მერკულოვმა, – ეს შეცდომა იყო, მაგრამ კლიმს ვერაფერი შევაგნებინე!
– და ისევ აპირებთ იმავე შეცდომის გამეორებას? – ჰკითხა ლუკამ.
– იგივეს განმეორებას რომ ვაპირებდე, აქ არ მოვიდოდი, – სწრაფად თქვა მერკულოვმა.
– თქვენს სასტავში რას ფიქრობენ ამაზე?
– არავის მოსწონს ეს საქმე. ყველა ხვდება, რომ კლიმი ჩიხისკენ მიექანება. თავად კლიმსაც არ აქვს ჩვენი ხალხის იმედი. ყველას ეჭვის თვალით უყურებს. დაცვა გაიორმაგა. აგარაკიდანაც ძალიან იშვიათად გადის.
– მაშინ ვისი ხელით უნდა მოაგვაროს გუსმანის საკითხი?
– მოსკოველი ჩეჩნების ხელით!
– ჩეჩნების?! – გაუკვირდა ლუკას, – ეგენი საიდანღა გამოძებნა?!
– ჩვენ არ გვიჩალიჩია. ტიხონოვმა ჩამოიყვანა მოსკოვიდან, – თქვა მერკულოვმა.
– რა კავშირი გაქვთ ტიხონოვთან? – ჰკითხა ლუკამ.
– კლიმის კომპანიაშია წილში. დროდადრო კიევში გარკვეული საკითხების მოგვარებაში გვეხმარება.
– სხადნიაკის თაობაზე ტიხონოვს ვინ მიაწოდა ინფორმაცია?
– კლიმმა მიბრძანა. ხომ ხვდები, რომ უარს ვერ ვეტყოდი, – ყრუდ ჩაილაპარაკა მერკულოვმა.
– ესე იგი, ტიხონოვიც „ნორდსტრიმის“ საქმეშია ჩართული?
– ჰო... ამ დამპალმა აქციებმა ყველა შეშალა. ვიყავით მშვიდად. ვცხოვრობდით... ფულს ვშოულობდით. თავიდანვე ვაფრთხილებდი კლიმს. არ გვინდა, თავი გავანებოთ მაგ საქმეს. „ეფესბესთან“ საქმის დაჭერა კარგს არაფერს მოიტანს-მეთქი!... მაგრამ არ შეისმინა. ეგონა, ერთი-ორი გასროლით მოაგვარებდა ყველაფერს.
– ესე იგი, ტიხონოვმა ჩემი მოკვლა დაუკვეთა ჩეჩნებს? – განაგრძო ლუკამ.
– არა... ტიხონოვს არაფერი უთქვამს შენზე. მან მხოლოდ გუსმანის მოკვლა დაუკვეთა. შენზე კლიმმა წამოიწყო ბაზარი, – უპასუხა მერკულოვმა.
– არ გეცოდება? ხომ ხვდები, რომ ასეთი რამის შემდეგ კლიმს აღარ ვაცოცხლებ! – ცივად თქვა ლუკამ.
– მე ვიცი, რაც დაემართათ მარჩუკსა და ციგანოვს. არ მინდა, მეც ასევე დავამთავრო. კლიმი კი... არ ვიცი, რა ბუზმა უკბინა. თავიდან გადავწყვიტეთ, შეგშვებოდით. არ გვინდოდა, შენს სასტავთან ომი. მაგრამ, როგორც კი ის ჩეჩნები გამოჩნდნენ, კლიმმა აზრი შეიცვალა შენი თავი შეუკვეთა.
– სად არიან ახლა ის ჩეჩნები?
– ჯერჯერობით კლიმის აგრაკზე ცხოვრობენ. მე ხარკოვში გამომგზავნეს. აქაური ვითარება უნდა გავიცნო. როცა ყველაფერი მზად იქნება, ის ჩეჩნები ხარკოვში ჩამოვლენ.
– ჩემთან რისთვის მოხვედი?
– მე არ ვაპირებ თქვენთან ომს და არც გუსმანის მკვლელობაში ჩავერევი. კლიმი ვერ ხვდება, რაც მოჰყვება ამას. მალიშევიც აღარ მოგვეშვება. მოკლედ, საქმეს გთავაზობ.
– მაინც რას? – ჰკითხა ლუკამ.
– ჩეჩნებს ჩემს თავზე ვიღებ. მათ მე მოგაშორებთ, მაგრამ კლიმს ვერ შევეხები. მისი ცოცხლად დატოვება არ შეიძლება. მალიშევი მომავალშიც განაგრძობს მის შანტაჟს. მისი სიკვდილის შემდეგ კი, გინდ გუსმანს გაუგზავნოს ის ჩანაწერები და გინდ გენერალურ პროკურორს.
– თქვენი სასტავი?.. როგორ შეხვდებიან ისინი კლიმის სიკვდილს?
– კლიმმა ყველას მოაბეზრა თავი. ასეთი საქმეების შემდეგ არავის გააკვირვებს მისი სიკვდილი. ზოგი კი მართლაც შვებით ამოისუნთქებს.
– კარგი... მიხედე ჩეჩნებს, – მცირე ფიქრის შემდეგ თქვა ლუკამ, – დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკებთ!
* * *
ვასილიჩმა სწრაფად გადაკვეთა ქუჩა და წამით შეჩერებულ მანქანაში ჩაჯდა. მანქანა მაშინვე დაიძრა ადგილიდან და დიდი სისწრაფით გაუყვა გზატკეცილს.
– რამე შეიცვალა? – ჰკითხა გუსმანმა მის გვერდით მჯდომ ვასილიჩს.
– თქვენ პირობა მოგვეცით, რომ „ვერშინასა” და ლუკას არავინ შეეხებოდა.
– რა, ვინმე შეგეხოთ? – ჰკითხა გუსმანმა.
– ჯერჯერობით არა, მაგრამ ტიხონოვი რაღაცას ამზადებს. ამზადებს ოფიციალურად და არაოფიციალურადაც!
– რას ნიშნავს, ოფიციალურად და არაოფიციალურად? – ჩაეძია გუსმანი.
– ოფიციალურად ის ხარკოვის ოლქის მილიციის უფროსს შეხვდა და ახლო მომავალში, ლუკას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვა, – უპასუხა ვასილიჩმა.
– რა მოტივით?
– ტიხონოვი რუსეთიდან რაღაც მასალებს ელის. საქმე მოსკოვში მომხდარ ქურდულ რაზბორკას ეხება...
– მარჩუკისა და ციგანოვის ისტორიას გულისხმობ?
– კარგად ხართ ინფორმირებული.
– მაგ საქმეზე გეგეშიძეს არავინ შეაწუხებს. რუსეთიდან მასალები რომც ჩამოვიდეს, პოპოვთან არ მოხვდება. კიევში, პროკურატურაში დარჩება. შეიძლება, გეგეშიძე ერთხელ დაკითხონ და ამით დამთავრდება ყველაფერი. არაოფიციალურში რას გულისხმობდი?
– ეგ მხოლოდ ლუკას არ ეხება. ტიხონოვმა თქვენც შეგარჩიათ სამიზნედ.
– რა მეც უნდა დამდოს ბრალი ქურდების დახოცვაში? – გაეღიმა გუსმანს.
– არა... უფრო მარტივი გზით აპირებს წასვლას... უბრალოდ, მოკვლას გიპირებთ! – უპასუხა ვასილიჩმა.
– ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, კლიმოვის სასტავი დაშლის პირასაა. მისი ხალხის ნაწილი საერთოდ გადაიხვეწა რუსეთში.
– ჩვენ გვაცნობეს, რომ ტიხონოვმა მოსკოვიდან ჩეჩენი ქილერები მოიწვია. ჯერჯერობით ისინი რუსეთში კლიმოვის აგარაკზე იმყოფებიან.
– ეს უკვე საინტერესოა... კიდევ რა იცით მათ შესახებ?
– ისინი მანქანის აფეთქებას ამზადებენ. შეიძლება, ჩვენ ყველაფერი არ ვიცით. ამიტომაც, სიფრთხილე ზედმეტი არ იქნება.
– გავითვალისწინებ, – თავი დაუქნია გუსმანმა.
– ტიხონოვს დავუბრუნდეთ, – განაგრძო ვასილიჩმა, – მის მოთოკვას ვერ შეძლებთ?
– ხომ გითხარი, რომ გეგეშიძეს არავინ შეეხება!
– მე მომავალს ვგულისხმობ. ტიხონოვი შურისმაძიებელი ადამიანია. თან, „ეფესბეს” მითითებით მოქმედებს. მოსკოვი ასე იოლად ვერ შეურიგდება „ნორდსტრიმის“ საქმეში დამარცხებას. დარწმუნებული ვარ, მალიშევი ტოხონოვის ხელით შეეცდება გეგეშიძეს დასჯას.
– ვასილიჩ, იმაზე მეტს ნუ მომთხოვთ, ვიდრე შემიძლია. მე შეგპირდით, რომ ხელისუფლება მას არ შეეხება და ამ პირობას შევასრულებ. მაგრამ, მე ვერ გავაკონტროლებ იმ ქილერებს, რომლებსაც მალიშევი მოსკოვიდან გამოგზავნის!
– ტიხონოვს უფრო მკაცრად რომ მიუდგეთ?
– რას გულისხმობ მკაცრად მიდგომაში?
– მე მოგცემთ მასთან მკაცრად გასაუბრების საბაბს, – ამ სიტყვებთან ერთად ვასილიჩმა ჯიბიდან გარე მეხსიერების ჩიპი ამოიღო და გუსმანს გაუწოდა.
– რა არის ეს? – ჰკითხა მან.
– აქ რამდენიმე ჩანაწერია. ჩანაწერზე ტიხონოვი თქვენს ლიკვიდაციაზე ესაუბრება კლიმის თანაშემწეს. საქმე მოსკოვიდან ჩამოსულ ქილერებს ეხება. იქვე, ფიქსირდება მალიშევის გვარიც. არის მისი და კლიმოვის საუბარიც, რომელიც ასევე თქვენს მკვლელობას ეხება. მოკლედ, მოუსმინეთ. არ ინანებთ.
– კარგად მუშაობთ, – გაეღიმა გუსმანს, – გინდა, რომ ამ მასალებს ოფიციალური მსვლელობა მივცე?
– არა... – თავი გაიქნია ვასილიჩმა, – ეს ნამეტანი იქნება. ასეთ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. ის კი, ადრე თუ გვიან, ჩვენც მოგვიკითხავს.
– არაოფიციალურად დაველაპარაკო?
– მგონი, საკმარისი იქნება მის შესაჩერებლად.
– კეთილი... ვცდი... – უპასუხა გუსმანმა და ჩიპი ჯიბეში ჩაიდო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში