კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

მაზიაშვილი

მაზ-ა უცხოურიდან შემოსული სიტყვაა. მას ნოყიერი ნიადაგი უნახავს ჩვენში, რომელიც რამდენიმე სიტყვად დაყოფილა და სულ სხვადასხვა მნიშვნელობები შეუძენია, ნაწილი კი საკუთარ სახელადაც ქცეულა და ქართული გვარების ფუძეც გამხდარა.

მაზა საკუთარ სახელადაც გვხვდება, მაზანდა კი – მეტსახელად. ასევე, შემორჩენილია საკუთარი სახელი მაზმი (მაზიმი). მაზიმატი, მაზიმატები კი საგვარეულო წოდებაა.

„მაზანასშვილი გულეულს მცხოვრები, მამულით წილად ხვდა როსტევან ჯანიაშვილს“ (1537-1538 წლები).

ამავე ფუძისაა გვარები: მაზატაშვილი, მაზმადაშვილი, მაზმანაშვილი, მაზმანიშვილი, მაზმისშვილი.

საქართველოში 1 144 მაზიაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 312, თბილისში – 270, გორში – 136. არიან სხვაგანაც.

კირეულიშვილი

ქართველების წინაპრებს ჰქონდათ და დღესაც აქვთ სახელები – კირი, კირა, კირიონ. ასევე, გვხვდება კირეულიც, ის დაფიქსირებულია ალექსანდრე ღლონტის წიგნში „ქართველური საკუთარი სახელები“. ის წერს: „საკუთარი სახელი კირეული, გვარში – კირეულიშვილი“. 

ასევე, გვხვდება გვარები კირაული, კირაულისძე, კირიასშვილი.

კირეულიშვილი ქართული გვარ-სახელია.

საქართველოში 103 კირეულიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 62, გარდაბანში – 28, გორში – 1. არიან სხვაგანაც.

გორდელაძე

გვიან ფეოდალურ საქართველოში გორდა ფართოდ იყო გავრცელებული და, საბას სიტყვით, „ამას ქართველნი ჰყვარობენ“. „ქართლში – პატარა გობი, ცომის მოსაზელი თაბახი“.

ასევე, დაფიქსირებულია მამაკაცის საკუთარი სახელი გორდა. გადმოცემით, გურიაში გორდელაძეები ხმლის მკეთებელი ხელოსნები ყოფილან.

გორდა დასდებია საფუძვლად ქართულ გვარებს: გორდელაძე, გორდელი, გორდაძე, გორდაშვილი, გორდელავა, გორდიშვილი, გორდანიშვილი, გორდიაშვილი, გორდულაძე, გორდულავა.

გორდი სოფელია ხონის რაიონში.

„გორდიშვილის ნაქონი განაყოფი მამული და მასზე მოსახლე ჩერქეზი და ოსი აზნაურიშვილები, თავიანთი მამულებით, თეიმურაზ მეფემ უწყალობა ჩერქეზ ალადაღიშვილს“ (1662 წელი).

საქართველოში 956 გორდელაძე ცხოვრობს: ოზურგეთში – 359, თბილისში – 223, ბათუმში – 86. არიან სხვაგანაც.

კახიშვილი 

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი – კახაბერი. მისი – კნინობით-საალერსო ფორმაა კახა და აქედანაა გვარი კახიშვილი. კახაბერიდან არის წარმოქმნილი ქართული გვარები: კახაბერაშვილი, კახაბერიძე, კახაბრიშვილი, კახაია, კახაშვილი, კახაძე, კახაჯორაული, კახიანი, კახიაშვილი, კახიშვილი, კახიძე. 

კახიშვილები თავადები იყვნენ. მათ გვარი ვახვახიშვილიდან მიიღეს. „თოთხმეტი თავადი ვახვახიშვილი, იყვნენ პირველ სამცხის თავადნი, ვახვახად წოდებულნი, მეფობასა დიმიტრისა, წელსა 1294-ისა, ხოლო უკანასკნელ მოვიდნენ კახეთსა შინა თელავს და დასახლდნენ მუნ და იწოდებიან ვახვახისშვილნად, თავადად, აგრეთვე, ბაზიერთ-ხუცისშვილადაც. ხოლო სახლის კაცნი ამათნი იწოდებიან ყორჩიბაშის შვილებად და კახისშვილებად... ყორჩიბაშისულსა გაუთვისდათ სახელისა გამო, რომელ ყორჩიბაში სპარსულად ნიშნავს აბჯართუხუცესობას, ხოლო კახისშვილმა მამულ სახელისა გამო გაუთვისდათ“ (იოანე ბაგრატიონი, შემოკლებითი აღწერა). 

საქართველოში 420 კახიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 192, კასპში – 44, ახალციხეში – 33. არიან სხვაგანაც.

ხარებაშვილი 

გვარის ფუძეა ხარება. ქრისტიანულ ეკლესიაში ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. წინაპრებს შესაძლებლობა არ გაუშვიათ და დღესასწაულის სახელი მამაკაცის სახელად აუღიათ. ხარება პოპულარული გამხდარა და, ის, როგორც ქართველი კაცის სახელი, ბევრ ისტორიულ წყაროსა და სამართლის ძეგლში მოიხსენიება. 

ხარება ჩაქსოვილია გვარებში: ხარებავა – სამეგრელოში, აბადეთში, სენაკის რაიონში. ნახარებავო სოფელია იმავე რაიონში. ხარაბაძეები ცხოვრობენ ბზვანში, დიდ ჯიხაიშში, ინაშაურში, მაღლაკში, ოფშკვითში, ტყაჩირში, ფარცხანაყანებში. 

საქართველოში 1 135 ხარებაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 335, ყვარელში – 192, საგარეჯოში – 124. არიან სხვაგანაც. 

ციმაკურიძე 

აზნაური ციმაკურიძეები თავდაპირველად ჩანდნენ ახალციხეში და „მუნიდგან იმერეთს და ამათგანი გარდმოვიდნენ ქართლს და დაეშვნენ და ჩანდნენ ვახტანგ მეფისავე დროსა აზნაურად წელსა 1717 და არიან რომელნიმე სამეფოც და საკათალიკოზოც იმერეთს და ქართლსა შინა მოსახლენი და მოხსენებულნი ტრაქტატსა შინაცა“ (იოანე ბაგრატიონი, „შემოკლებითი აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა ოჯახებისა“). „ციმაკურიძე – სათაქთაქიშვილო აზნაური“. 

აზნაური ციმაკურიძეები თავად თაქთაქიშვილის აზნაურები იყვნენ. აზნაური ციმაკურიძეები შეტანილნი არიან 1783 წლის 24 ივნისს ხელმოწერილ გეორგიევსკის ტრაქტატის თანდართულ სიაში. ციმაკურიძე თავად ამილახორისშვილის აზნაურიც არის. 

საქართველოში 529 ციმაკურიძე ცხოვრობს: თბილისში – 255, ბოლნისში – 75, საჩხერეში – 48. არიან სხვაგანაც.

ქაჯაია 

ქაჯა ეთნონიმური წარმოშობის სახელი უნდა იყოს: ქაჯეთის ციხე, ქაჯები. „ქაჯი – მაცთურთა რასმე იტყვიან. საეშმაკოთა, ვითარცა მინოათა, ჭინკათა, ალსა, კორვიანტსა“. 

რუსეთის მთავრობამ ქაჯაიები აზნაურებად ცნო და იმერეთიდან საგვარტომო წიგნში შეიტანა ისინი. 

ნაჟანეულის საკათალიკოსო ბეგარის ნუსხაში, მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს, მოიხსენიება შია ქაჯაია. 

ქუთაისის მაზრის მიხაილოვის სახელობის მემამულეთა ბანკს აუქციონზე გამოაქვს მემამულე გიორგი ტარიელის ძე ქაჯაიას მამული სოფელ ჭაგანში – „ვენახი, სახნავი მიწა და ტყე – 800 კვადრატული საჟენი დესეტინა, კაპიტალური ვალი 871 მანეთი და 16 კაპიკი, გადაუხდელი თანხა 45 მანეთი და 48 კაპიკი, სულ 916 მანეთი და 64 კაპიკი“. 

გვარი მრავალრიცხოვანია. ის შესულია საქართველოში 25 000-ზე მეტი გვარიდან ყველაზე გავრცელებული 1 000 გვარის სიაში და რაოდენობის მიხედვით 157-ე ადგილზეა. 

საქართველოში 3 585 ქაჯაია ცხოვრობს: თბილისში – 872, მარტვილში – 644, ზუგდიდში – 355. არიან სხვაგანაც.

ჯავახიანი 

ჯავახიანი მცირერიცხოვანი გვარია. ფუძისეულად, ჯავახი, ჯავახა – რამდენიმე ქართულ გვარ-სახელში გვხვდება და თითოეულ მათგანს საფუძვლად უდევს ეთნონიმი ჯავახი. 

ჯავახ აფაქისძე მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში. 

ჯავახ-იდან ნაწარმოებია ძველ საქართველოში ერთ-ერთი წარჩინებული საგვარეულო ჯავახიშვილი, ჯავახიშვილ-გამრეკელი; 

ქართლური ჯავახიშვილების წინაპარნი გამრეკელ-თორელნი ყოფილან, მეთორმეტე საუკუნეში გადმოსახლებულან ჯავახეთიდან ქართლში, სოფელ ხოვლეში. მეჩვიდმეტე საუკუნემდე ეს გვარი უტარებიათ, შემდეგ კი, წინანდელი ადგილსამყოფლის მიხედვით, ჯავახიშვილად წოდებულან. 

ჯავახიანი, საჯავახიანოს წაბაძვით შექმნილ გვარად ჩანს. გვარში შემორჩენილი გადმოცემით, გვარის ნაწილი იმერეთში გადასულა, კერძოდ, ზესტაფონში (პირველ სვირში) და გვარად აუღიათ ჯავახიანი, მეორე ნაწილი ქუთაისში (ქვიტირი დასახლებულია და – ჯავახაძეები გამხდარა) ნაწილი კი, ბაღდადში წასულა და იქ ჯავახიებად ჩაწერილან. 

 საქართველოში 22 ჯავახიანი ცხოვრობს: ზესტაფონში – 14, მარნეულში – 4, სამტრედიაში – 4.

ჯღამაია-ჯღამაძე 

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ გვარში ფუძედაა გამოყენებული სახელი ჯაღა და არა ჯაღამა, ჯაღადანაა ნაწარმოები გვარები: ჯღამაძე და ჯღამაია. ჯღამაძე და ჯღამაია ერთსა და იმავე გვარად ჩანან. 

ჯღამაძეებს ადრე რაჭაში უცხოვრიათ. ეს გვარი ჩანს 1545 წელს, შემდეგ გადმოვიდნენ სამეგრელოში: გეჯეთში ჩანს 32 კომლი, მაისში – 7, ალერტკარში – 5 და ასე შემდეგ. ადგილობრივ მეტყველებაში ჯღამაძე ხშირად იცვლება ვარიანტით – ჯღამაია. 

ჯღამაია კი გვხვდება შემდეგ სოფლებში: ხუნწში – 18, ნოსირში – 11, ახალკახათში – 5, ახალაბასთუმანში – 3, სამიქაოში – 3. 

საჯღამაიო უბანია ახალკახათს (დარჩულის საზღვართან) და გეჯეთში (ტეხურის მარცხენა მხარეს). 1733 წელს შედგენილ საბუთში დასახლებულნი არიან „მეჯეთს“ (გეჯეთს) მცხოვრებნი ბაბუშია და ნანაია ჯღამია. 

ჯღამა კოლხეთში გავრცელებული სახელია. 

საქართველოში 822 ჯღამაძე ცხოვრობს: თბილისში – 212, სენაკში – 147, ზუგდიდში – 110. არიან სხვაგანაც. 

326 ჯღამაია: ზუგდიდში – 83, მარტვილში – 63, სენაკში – 38. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

 

скачать dle 11.3