კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიართვა ბერიამ სტალინს მოწამლულღვიძლიანი ღლაბუტები და რა თქვა ბელადმა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო

 

იოსებ სტალინის გარემოცვაში სულ რამდენიმე პოლიტიკური მოღვაწე გამოირჩეოდა, რომელსაც ბელადი აფასებდა და შესაბამისად, პატივსაც მიაგებდა. ასეთი იყო, მაგალითად, ლავრენტი ბერია. იოსებ სტალინმა ლავრენტი ბერია დიდი უფლებებით აღჭურვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც (1938) ის თბილისიდან მოსკოვში გადაიყვანა სამუშაოდ. შეიძლება ამიტომ, ანდა მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ბერია, რბილად, რომ ვთქვათ, არ სარგებლობდა გარშემო მყოფთა შორის დიდი სიმპათიით. მეტსაც გეტყვით, არსებობს მოგონებები, რომელთა მიხედვითაც, თურმე სტალინის ირგვლივ არ ყოფილა უფრო ბოროტი სულის ადამიანი, ვიდრე ლავრენტი ბერია გახლდათ. ეს მოგონებები კი ეკუთვნით ბელადის აგარაკის კომენდანტებსა თუ მომსახურეებს. თითქმის ყოველი მათგანი ლავრენტი ბერიას მიიჩნევს, შინაგანად პროვოკატორ პიროვნებად. უმრავლესობის დახასიათებით, ის იყო ბილწსიტყვა და უხეში. როგორც კი ლავრენტი ბერია შინსახკომის სათავეში მოხვდა, შექმნა აპარატი, რომელიც ამ ადამიანს მონურად ემორჩილებოდა.

მთავრობის დაცვის პასუხისმგებელი მუშაკის, აფანასიევის მოგონების მიხედვით, ლავრენტი ბერიას ჩვევად ჰქონდა, აგარაკზე მისულიყო მაშინ, როცა იოსებ სტალინი იქ არ იყო. დაბორიალობდა ოთახებში და ეძებდა ხარვეზს ჩვენს მუშაობაში, რომ რომელიმეს წაგვჩხუბებოდა. ცდილობდა, მიეღწია იმისთვის, რომ რომელიმე ჩვენგანი გაეთავისუფლებინა და შემდეგ მის ადგილას მისთვის სასურველი და ხელსაყრელი კანდიდატურა მიეღო.

იოსებ სტალინის კაბინეტში, მის სამუშაო მაგიდაზე იდო რადიომიმღები, რომლითაც ბელადი ხშირად სარგებლობდა. ბერიას ერთ-ერთი ვიზიტის დროს ეს რადიომიმღები გაქრა. ეჭვი დაცვაზე ჰქონდათ. იქაურობა გადავაბრუნეთ, მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვეთ. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, რადიომიმღები თოვლში ჩაფლული ვნახეთ. „ამის გაკეთება მარტო ბერიას შეეძლო”, – ამბობს აფანასიევი.

შინსახკომში ხშირად მიდიოდა პროვოკაციული შეტყობინებები, რაც იოსებ სტალინის პირად უშიშროებას ეხებოდა. ს. სოლოვიევი, რომელიც აგარაკ „სემიონოვსკოეს” კომენდანტი იყო, გვიამბობს: „როგორც ცნობილია, 1941-1942 წლებში აგარაკის ტერიტორიას მტერი ნაღმმტყორცნებს უშენდა. ერთხელ გაჩაღებული ომის დროს, შინსახკომში მოვიდა ზესაიდუმლო შეტყობინება, რომ აგარაკის მახლობლად დაეცა ნაღმი და არ აფეთქდა. ამას გარდა, შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ არ არის გამორიცხული, ასეთივე ნაღმი იდოს აგარაკის ფუნდამენტშიო. მე მტკიცედ ვიცოდი, სად ცვიოდა ნაღმები. ჩემი იმედიც მქონდა და დაცვისაც, მაგრამ შეტყობინების შესახებ მაინც მოვახსენე სტალინს. მან თქვა: „რას ვიზამთ, წავედით, ვეძებოთ.” ნაღმსაძიებელი იარაღებით აღჭურვილები მიწის ყოველ მტკაველს ვამოწმებდით და ვეძებდით ლითონის საგნებს. სტალინი გვერდზე მომდევდა, თან ჯიუტად ცდილობდა, ჩემზე წინ წასულიყო. როგორც ვვარაუდობდი, არავითარი ნაღმი არ ყოფილა”.

აგარაკის კომენდანტის მოადგილე პეტრე პოზგაჩევი იხსენებს, რომ იოსებ სტალინი სტუმართმოყვარე პიროვნება ყოფილა. თვითონ, როგორც მოხვდებოდა, ისე იკვებებოდა, დაუდევრად, მაგრამ სტუმრებს თან ჰყვებოდა. ერთხელ ბელადმა დარბაზში გამომიძახა და მთხოვა, რომ სტუმრებისთვის, პოლიტბიუროს წევრებისთვის, მომემზადებინა მეორე თავი საჭმელი ღლაბუტას (ანუ ლოქოს) ღვიძლისგან. მე ვუთხარი: „ამხანაგო სტალინ, თქვენ მთხოვთ ღლაბუტები დავიჭიროთ მოსკოვის ოლქის წყალსაცავში, მაგრამ მათ იქ ვერ იპოვით. თუნდაც დავიჭიროთ ხუთი-ექვსი, მათი ღვიძლი ვის ეყოფა?” თუ არ არის, რას ვიზამთ, – ჩაილაპარაკა სტალინმა. „მე ვიშოვი ღლაბუტებს”, – ჩაერია საუბარში იქვე, მაგიდასთან მჯდომი ბერია. მართლაც ერთი კვირის თავზე მან 300 ცალი ღლაბუტა მოიტანა. რადგან მიგვაჩნდა, რომ ლავრენტი ბერია გაიძვერა და ვერაგი კაცი იყო, ექიმს ღლაბუტების შემოწმება და ანალიზის გაკეთება ვთხოვე.  მართლაც, აღმოჩნდა, რომ ლავრენტი ბერიას მოტანილი ღლაბუტების ღვიძლი თეთრი ბუშტულებით იყო დაფარული. ექიმმა კატეგორიულად აგვიკრძალა მათი საჭმელად გამოყენება.

მოგვიანებით, ბელადმა დამიძახა თავის სამუშაო კაბინეტში და მითხრა: აი, თქვენ ვერ შეძელით ღლაბუტების შოვნა, ბერიამ კი ეს საკითხი ერთ კვირაში მოაგვარაო. მე ვუთხარი იოსებ ბესარიონის ძეს, რომ ლავრენტი პავლეს ძემ ღლაბუტები ლენინგრადის წყალსაცავიდან მოიტანა და რაც მთავარია, – მათი ღვიძლი მოწამლულია თეთრი ბუშტულებით და სუნიც სდის. ექიმებმა აგვიკრძალეს მისი საკვებად გამოყენება-მეთქი.  სტალინს გაუკვირდა: „ეს შეუძლებელია, მოიტანეთ, მაჩვენეთ”, – თქვა მან. მე მისი თხოვნა დაუყოვნებლიც შევასრულე. ღვიძლები ხონჩაზე მოვათავსე და ბელადს კაბინეტში შევუტანე. სტალინმა დახედა და წამოიძახა: „გადაყარეთ, ამ უსაქმურის ნდობა არ შეიძლება.”

ცნობილია, რომ სტალინს კბილები არ უვარგოდა. ამიტომ მაგარ საჭმელს ერიდებოდა. ერთხელ ბაზიდან მსხალი მივიღე, რომელიც, თითქოს ბელადის ჯიბრზე, მაგარი აღმოჩნდა. ამის შესახებ იოსებ ბესარიონის ძემ მიმანიშნა. საწყობში, მხოლოდ ასეთი მსხალი ჰქონდათ, ამხანაგო სტალინ, ვიმართლე თავი. ბერია, რომელიც იქვე იყო, ჩვენს საუბარში ჩაერია: „კარგი რაც იყო, თვითონ შეთქვლიფეს, ნარჩენები კი თქვენ მოგიტანეს”, – თქვა მან და დასძინა, მე საუკეთესო მსხალი მაქვსო. ცნობილია, რომ ლავრენტი ბერიაც იგივე საწყობით სარგებლობდა. ამ სიტყვების შემდეგ მე მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა. ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა, მე კი ვიდექი, ცოცხალ-მკვდარი. სიჩუმე ბელადმა დაარღვია: „წაჰყევით ლავრენტი პავლეს ძეს და წამოიღეთ მისი მსხალი”, – დაგვავალა მან. ჩვენ, რა თქმა უნდა, უსიტყვოდ შევასრულეთ ბელადის თხოვნა. ბერიასაგან მოტანილი მსხალიც ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც მას ჰქონდა.

ლავრენტი ბერიას გულისამაჩუყებელი სცენების გათამაშებაც უყვარდა. ერთხელ, თავის რეზიდენციის სადარბაზოსთან, შემთხვევით შეეჩეხა სამსონ მამულიას მეუღლეს. სამსონი ამ დროს უკვე რეპრესირებული იყო. ბერიამ ძველი ბოლშევიკის მეუღლეს მოუბოდიშა და უთხრა: გარწმუნებთ, მე სამსონისა და თქვენი ოჯახის მტერი არა ვარო. მამულიას წარბშეკრულმა მეუღლემ უშიშრად უპასუხა: შენ მთელი საქართველოს მტერი ხარო. მას ეს სიტყვები ძვირად დაუჯდა.

ცნობილია, იოსებ სტალინი ბევრს უსმენდა და ცოტას საუბრობდა. ის ლაპარაკობდა დაბალ ხმაზე, დინჯად. მეტყველებდა დახვეწილად და საუბრისას არანაირ განსაკუთრებულ ნიშნებს არ ამჟღავნებდა. იოსებ სტალინს არ უყვარდა, როცა მას აქებდნენ. პოტსდამის კონფერენციის წინ ბელადმა ჟუკოვს უთხრა: „არ იფიქროთ, ჩემს შესახვედრად მოაწყოთ საპატიო ყარაული ორკესტრების თანხლებით. სადგურში მოდით თვითონ თქვენ და კიდევ ისინი, ვისაც თქვენ საჭიროდ ჩათვლით”.

პოდპოლკოვნიკი ვ. ტუკოვი იხსენებს: „ომი უკვე დამთავრებული იყო. კრემლში სტალინი სხვებთან ერთად კინოსურათს უყურებდა. კინოში იყო ეპოზოდი, სადაც ხალხი ტაშს უკრავს ბელადს. ისმის შეძახილები: ვაშა ამხანაგ სტალინს! ვაშა ამხანაგ სტალინს...” ამ ეპიზოდის ხილვისთანავე, იოსებ სტალინმა მიმართა კონოფიკაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს: მეორედ ასეთი მისალმებანი და შეძახილები, არც ერთ კინოში არ ვნახოო. მეორე კინოსურათში, ამჯერად დოკუმენტურში, სტალინი აეროდრომზე თვითმფრინავიდან ჩამოდის. ეს რომ დიდმა ბელადმა დაინახა გაბრაზდა და თქვა: „ეს რა იაფფასიანი ხალტურაა, სად გადაიღეთ ის, რაც არასდროს ყოფილა?!” ბერიამ და მალენკოვმა, სცადეს, სტალინის დარწმუნება, რომ ეს ყოველივე ისტორიისთვის იყო საჭირო. „თუ ღმერთი გწამთ, დამიფარეთ ასეთი ისტორიისგან”, – იყო იოსებ სტალინის პასუხი.

 

 

скачать dle 11.3