მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-44(617)
ლონდონში საკუთარი გვარით, როგორც შექსპიროლოგი გავემგზავრე და ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ერთადერთი დავალება, სადაც არც გრიმი და არც სათადარიგო პასპორტი არ გამომიყენებია. მერიმაც კი იცოდა, რომ ლონდონში მივემგზავრებოდი და აეროპორტშიც კი გამაცილა. გაფრენის წინ მკითხა:
– რამდენ ხანში ჩაფრინდები ლონდონში?
– მოსკოვიდან, მე მგონი, სამსაათ-ნახევარში, – მივუგე მერიკოს, – პროგრამა „ვრემია“ რომ დაიწყება, უკვე ლონდონში ვიქნები.
– აბა, შენ იცი, ფრთხილად იყავი. ხომ იცი, კაპიტალისტური ქვეყანაა და საბჭოელებისადმი მტრულად არიან განწყობილები.
– დარდი ნუ გაქვს, საყვარელო, ფრთხილად ვიქნები, – დავაიმედე მერიკო, შემდეგ გადავკოცნე და თვითმფრინავისკენ გავემართე, რომელსაც თბილისიდან მოსკოვში უნდა ჩავეყვანე.
ბრიტანეთის დედაქალაქში მას მერე გავფრინდი, რაც ლუბიანკაზე შევიარე, სადაც ჩემს უფროსებთან ერთად კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ „ცეერუსგან“ მოსალოდნელი საფრთხეები და მათი თავიდან აცილების ღონისძიებები დავსახეთ.
– მისტერ კოკი! ნუთუ ეს თქვენ ხართ? საკუთარ თვალებს არ ვუჯერებ! – მითხრა ფრაკში გამოწყობილმა ელეგანტურმა ჯენტლმენმა, რომელიც უმალვე ვიცანი და მივუგე:
– სასიამოვნო სიურპრიზია, მისტერ ტონი ბრუკ!
ტონი ბრუკი მრავალი წლის წინათ გავიცანი ყირიმში, ახალგაზრდულ ბანაკში და მან მაშინ ინგლისში დამპატიჟა. ისიც შექსპიროლოგი იყო და ჯერ კიდევ ბანაკში მოიხიბლა ჩემით, როდესაც ლიტერატურულ ვიქტორინაში გავიმარჯვე და შექსპირის საფუძვლიანი ცოდნა გამოვამჟღავნე.
– კოკი, ძვირფასო, ჩემი სახელი გახსოვთ? ნამდვილად არ მოველოდი!
– თუ თქვენ გახსოვართ, მე რატომ უნდა დამვიწყებოდით?
– ეეჰ, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ. მაშინ ძალიან ახალგაზრდები, თითქმის ბავშვები ვიყავით, – მითხრა ბრუკმა და მხარზე ხელი მომითათუნა, – მაინც, სად გაუჩინარდით, კოკი? მე თქვენი ნაშრომი გულდასმით მაქვს შესწავლილი და, გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა შექსპიროლოგიაში. ამ წლების განმავლობაში თქვენთან დაკავშირებას ვცდილობდი, თუმცა, ერთხელაც ვერ მოვახერხე. ოთხჯერ ვიყავი მოსკოვში, ოთხჯერვე მოგიკითხეთ, მაგრამ, მითხრეს, რომ მივლინებაშიაო. კოკი, ძვირფასო, გამაგებინეთ, ასეთ რა სამსახურში მუშაობთ, რომ სულ მივლინებაში ხართ? თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არ არის?
– არა, რა საიდუმლო. ორი სამსახური მაქვს: პირველი და მთავარი გიდობაა. ძირითადად, საერთაშორისო-დიპლომატიურ დელეგაციებს ვემსახურები და საბჭოთა კავშირის ღირსშესანიშნავ ადგილებს ვაცნობ მათ. ხშირად უცხოეთშიც მიწევს გასვლა; მეორე სამსახური კი, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის კონსულტანტობაა შექსპიროლოგიის განხრით. თქვენ სად მოღვაწეობთ, ტონი?
– მე კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და შექსპიროლოგიას ვასწავლი, – მითხრა ბრუკმა, შემდეგ თავისი თანმხლები პირი გამაცნო, რომელიც უხმოდ, ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ჩვენს დიალოგს და მითხრა: გაიცანით, ეს მისტერ პერი როჯერსია, ჩვენი ამერიკელი კოლეგა...
პერი როჯერსი, რა თქმა უნდა, შეხედვისთანავე ვიცანი, რადგან მისი სურათები გულდასმით დავათვალიერე შჩუკინის კაბინეტში. თხრობას ოდნავ წინ გავუსწრებ და ვიტყვი, რომ ტონი ბრუკი არც მაშინ ცდებოდა, როდესაც როჯერსს „კოლეგა“ უწოდა. საქმე ის იყო, რომ ბრუკი, ისევე როგორც როჯერსი და მე, საიდუმლო სამსახურის ოფიცერი იყო. თუმცა, ბრუკმა და როჯერსმა ჩემი „კაგებეშნიკობის“ ამბავი არ იცოდნენ და მხოლოდ შექსპიროლოგი და გიდი ვეგონე. როჯერსი, როგორც უკვე ვთქვი, „ცეერუს“ მაიორი იყო და საბჭოთა მიმართულებით მუშაობდა; ბრუკი ბრიტანეთის დაზვერვა „მი 6-ის“ მაიორი იყო და, როჯერსის მსგავსად, ისიც საბჭოთა მიმართულებაზე მუშაობდა. იმ პერიოდში მეც მაიორი ვიყავი, თუმცა, კონკრეტული მიმართულებით არ ვმუშაობდი და ვასრულებდი ცენტრის განსაკუთრებული სირთულის საიდუმლო დავალებებს.
ჩვენი შეხვედრა ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროში შედგა, სადაც ეს კვირეული იმართებოდა და იქვე ვიყავი დაბინავებული ერთოთახიან ნომერში.
თავისი ტემპერამენტით ტონი ბრუკი უფრო სამხრეთელს ჰგავდა, ვიდრე ბრიტანელს, თუმცა, გარეგნობით ინგლისელ ლორდს ჩამოჰგავდა.
– კოკი, ჩემო კარგო, ძალიან დაღლილი ხართ? – მკითხა ბრუკმა.
– მოსკოვიდან ლონდონამდე ფრენამ, ცოტა არ იყოს, დამღალა, – მივუგე ბრუკს, რადგან, მივხვდი, რომ მას რესტორანში, ვახშამზე უნდოდა ჩემი დაპატიჟება, მე კი ერთი-ორი საათი მჭირდებოდა გონზე მოსასვლელად, სიტუაციის შესაფასებლად და მეკავშირესთან დასაკონტაქტებლად, რომ მისთვის როჯერსის ამბავი მეცნობებინა, რათა ცენტრში გადაეცა. იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ბრუკი „მი 6-ის“ თანამშრომელი იყო.
– კეთილი, ჩემო კოკი, ორი საათი გეყოფათ დასასვენებლად? – მკითხა ბრუკმა.
– სრულებით...
– ჰოდა, ძალიან კარგი, – ბრუკმა საათს დახედა, – ახლა ზუსტად 20 საათია, 22 საათსა და 30 წუთზე რესტორანში დაგელოდებით მე და პერი. დაისვენეთ, ოღონდ, არ ჩაგეძინოთ, ორსაათ-ნახევარში გელოდებით.
ჩემს ნომერში ავედი და შიფროგრამა დავწერე. შემდეგ ტელეფონზე დავრეკე და ვთხოვე:
– თუ შეიძლება, ზეინკალი გამომიგზავნეთ ნომერში.
– ეს სასტუმროა, მისტერ, და არა ქარხანა. ჩვენ ზეინკალი არ გვყავს, მისამართი შეგეშალათ.
– არ შემშლია. ფანჯარას ვერ ვაღებ, ეტყობა, ჩაიჟანგა და ზეინკალი იმისთვის მინდა, რომ ხელსაწყოთი გახსნას.
– ბოდიშს გიხდით, მისტერ, ახლავე ყველაფერს მოვაგვარებ. თქვენთან ჩვენს თანამშრომელს გამოვგზავნი, – მომიგო მამაკაცის ხმამ და ტელეფონის ყურმილი დაკიდა.
ჩვენი სატელეფონო საუბარი პაროლების გაცვლა იყო. ჩვენს უწყებას სასტუმროში რამდენიმე თანამშრომელი ჰყავდა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უნდა დამხმარებოდნენ.
ხუთი წუთის შემდეგ, სასტუმროს მოსამსახურის უნიფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა მეწვია ნომერში და მითხრა:
– ეს თქვენთან არ იღება ფანჯარა, სერ?
– თქვენ ზეინკალი ხართ?
– არა, მხოლოდ მსახური, თუმცა, შემიძლია, ფანჯარა გავაღო. აბა, მაჩვენეთ, რომელი ფანჯარა?
– გმადლობთ. ეს პრობლემა მე თვითონ მოვაგვარე – ფანჯარა უკვე გავაღე, – მივუგე ახალგაზრდას, რითაც ჩვენი პაროლების გაცვლა დავასრულე. მას დაშიფრული რადიოგრამის ტექსტი გადავეცი და, თუკი ვინმე გვისმენდა, მის გასაგონად ხმამაღლა ვუთხარი – და, კიდევ ერთი: იქნებ, მსუბუქი ვახშამი მომიტანოთ, თორემ, მრავალსაათიანმა ფრენამ ძალიან დამღალა და ცოტა მომშივდა კიდეც.
– რას მიირთმევთ, სერ?
– რამე მსუბუქს.
– ნახევარ საათში მოგართმევთ, ხომ არ გეჩქარებათ?
– არა.
უნიფორმიანი მოსამსახურე ნახევარ საათში მსუბუქი ვახშმით დაბრუნდა, თან მოსკოვიდან გამოგზავნილი პასუხი დამიტოვა, რომელშიც ეწერა: „ტონი ბრუკი ბრიტანული „მი 6-ის“ მაიორია. როგორც ეტყობა, ბრიტანელები და ამერიკელები ერთობლივ ღონისძიებას ატარებენ და ძალიან ყურადღებით იყავი, რომ არაფერი გამოგეპაროს“.
ტონი ბრუკის მზვერავობა დიდი მოულოდნელობა იყო ჩემთვის, თუმცა, ინტუიცია მკარნახობდა, რომ ჩვენი ნაცნობობა ჩემი დავალების შესრულებაში დამეხმარებოდა.
რესტორანში დათქმულ დროს მივედი. ბრუკი და როჯერსი უკვე იქ იმყოფებოდნენ, მელოდნენ და, როდესაც მათ შევუერთდი, ბრუკმა მკითხა:
– როგორ დაისვენეთ, კოკი?
–გმადლობთ. კარგად. საათ-ნახევარი მეძინა კიდეც. აქაურობა საუცხოოა. პირველად ვარ ასეთ მდიდრულ და ძალიან კომფორტულ გარემოში, – მივუგე ბრუკს და რესტორნის მოოქრულ ჭერს შევავლე თვალი, რომელზეც ულამაზესი პეიზაჟები ეხატა.
– თუ ასე მოგწონთ, დარჩით ჩვენთან. თქვენისთანა ნიჭიერი მეცნიერი გიდობაზე არ უნდა ცდებოდეს. აქ თქვენ ყველა პირობას შეგიქმნიან და პირადად მე ვიკისრებ თავდებობას, – მითხრა ბრუკმა და ფუჟერები შამპანურით შეავსო, – რას იტყვით, კოკი, არ გაწყობთ?
– რას ბრძანებთ, ტონი! მე რომ ეს გავაკეთო, „კაგებე“ ცოლ-შვილს დამიხოცავს, – თავი გავაქნიე და დავამატე – გამორიცხულია.
– ცოლ-შვილის პრობლემა რომ მოგიგვაროთ? – ლაპარაკში პერი როჯერსი ჩაერთო.
– როგორ უნდა მომიგვაროთ?
– აქ რომ ჩამოგიყვანოთ.
– მაშინ, ვიფიქრებ, – მივუგე ამერიკელს.
– კარგი, გვეყოფა, წინ კიდევ ერთი კვირა გვაქვს და ამ საკითხს დავუბრუნდებით, ახლა კი ჩვენი შეხვედრა აღვნიშნოთ, – თქვა ბრუკმა, შამპანურით სავსე ჭიქა ასწია და მოგვიჭახუნა.
ნომერში გვიან ღამით დავბრუნდი. რესტორნის ამბები დაშიფრულ წერილში აღვწერე და მეკავშირეს გავატანე, რომელიც იმავე საშუალებით გამოვიძახე, ოღონდ, ამჯერად მას მინერალური წყლის მოტანა ვთხოვე და, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მან სამარკო „ბორჯომი“ ამომიტანა.
ცენტრის პასუხი მალევე მივიღე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბრუკისა და როჯერსისთვის ჩემი გადაბირების იმედი მიმეცა და აუცილებლად ჩავწვდომოდი მათ ჭეშმარიტ გეგმებს.
პასუხი რომ წავიკითხე, დავწვი. შემდეგ წამოვწექი და ფიქრი დავიწყე. უცებ, ერთმა აზრმა გამიელვა თავში და გამეცინა, რადგან, შჩუკინის კაბინეტში განხილულ ვარიანტებს შორის ის არ ფიგურირებდა. ამიტომ, სასწრაფოდ ახალი დაშიფრული რადიოგრამა შევადგინე, რომელშიც ეწერა: „ჩვენი ამოცანის გადასაჭრელად აუცილებელია მიკრომოსასმენი მოწყობილობა, რომლის მიმაგრებაც სხეულსა და ტანსაცმელზე შეიძლება. ამიტომ, გთხოვთ, გამომიგზავნოთ მსგავსი ტექნიკური მოწყობილობა და, აგრეთვე, მიმღები საშუალება“.
იმ პერიოდში „კაგებეს“ უკვე საკმაოდ დახვეწილი მიკროელექტრონული საშუალებები გააჩნდა, ამიტომ, ოცდაოთხი საათის შემდეგ მოთხოვნილი მოწყობილობის კომპლექსი მივიღე. ის შედგებოდა ერთი მიმღები საშუალებისგან, რომელიც საუბრებს იწერდა და რვა ეგრეთ წოდებული „ჟუკისგან“, რომლებიც ობიექტის ტანსაცმელზე მაგრდებოდა.
შექსპირის კვირეულის მესამე დღეს ბრუკი და როჯერსი უკვე მე დავპატიჟე რესტორანში, ორივეს შეუმჩნევლად მივამაგრე მიკროფონიანი ქინძისთავი შარვალსა და ფეხსაცმელზე და მოქმედებას შევუდექი, ანუ, ჩემ მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ინგლისელი და ამერიკელი მზვერავების პროვოცირება უნდა მომეხდინა და როდესაც დროებით დავტოვებდი სუფრას, მათ ერთმანეთში ჩემთვის საინტერესო თემაზე უნდა ესაუბრათ, ჩემს დამხმარეებს კი, ეს საუბარი უნდა მოესმინათ და შინაარსი ჩემთვის შეეტყობინებინათ.
– მეგობრებო, მე მგონი, თანახმა ვარ თქვენს შემოთავაზებაზე, მაგრამ, ჩემი ცოლ-შვილის უსაფრთხოების მყარი გარანტიები მჭირდება, – ვუთხარი ბრუკს და როჯერსს ვახშმის დასაწყისში და მათი დღეგრძელობისა შევსვი.
– სიტყვას გაძლევთ, რომ თქვენს ცოლ-შვილს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და მათ აუცილებლად გადმოვიყვანთ საზღვარზე, – მითხრა ბრუკმა, თან დაამატა, – თქვენ აქ მეფესავით იცხოვრებთ და არაფერი მოგაკლდებათ.
– და, როგორ უნდა მოხდეს ეს?
– თქვენი ცოლ-შვილი ბრიტანეთის საელჩოს მეშვეობით მოხვდება აქ, ამისთვის კი საჭიროა, რომ ისინი ჩვენს წარმომადგენელს შეხვდნენ დათქმულ ადგილზე, დათქმულ დროს და ყველაფერი „ფრიადზე“ მოგვარდება. ანუ, საამისოდ პატარა ოპერაციის ჩატარებაა საჭირო, რასაც, გარწმუნებთ, რომ ჩვენები უნაკლოდ განახორციელებენ.
– ეს ოპერაცია, ალბათ, ამ ოთხ დღეში უნდა მოესწროს, ანუ, მანამდე, სანამ შექსპირის კვირეული დასრულდება.
– რა თქმა უნდა, ჩემო კოკი, ამაზე ნუ იდარდებთ.
– იცით, ტონი, – ვუთხარი ბრუკს, – მთელი ჩემი ცხოვრება დასავლეთში ცხოვრებაზე ვოცნებობდი და, მგონი, ეს ოცნება მისრულდება.
– რა თქმა უნდა, – გამიღიმა ბრუკმა და შამპანურით სავსე ჭიქა ასწია, – ამით ჩვენი ოცნებების ასრულებას გაუმარჯოს!
– გაუმარჯოს! – მივუგეთ ბრუკს მე და როჯერსმა, მერე კი დავამატე – ამიერიდან მე თქვენთან ვალში ვარ და, თუკი ჩემი სამსახური დაგჭირდებათ, არ დაგზარდებით.
– ვალი გადახდითაა კარგი, – მითხრა ბრუკმა, – შეიძლება, მართლაც ერთი პატარა თხოვნა გვქონდეს და, იმედია, უარს არ გვეტყვით.
– რას ბრძანებთ, ტონი, უარს როგორ გეტყვით, – მივუგე ბრუკს, გუნებაში კი გავიფიქრე, მგონი, „ჭამეს“-მეთქი. შემდეგ უხერხულად გავიღიმე და თანამესუფრეებს დარცხვენით ვუთხარი – ბოდიში, მეგობრებო, მაგრამ რამდენიმე წუთით უნდა დაგტოვოთ და იქ გავემართო, სადაც თვით მეფეებიც კი მოწმეების გარეშე დადიან.
მე წამოვდექი და ტუალეტისკენ გავემართე, ათიოდე წუთში უკან დავბრუნდი, თანამესუფრეებს მოვუბოდიშე და ოციოდე წუთით სუფრის დატოვების ნებართვა ვთხოვე.
– მოხდა რამე, კოკი? – მკითხა ბრუკმა, მე კი მუცელზე დავიდე ხელი, ამოვისუნთქე და მივუგე:
– ცოტა კუჭი მაწუხებს და სპეციალურ აბებს ვსვამ. ნომერში ავალ, თავს მოვიწესრიგებ და მალევე შემოგიერთდებით.
– ხომ არ გამოგყვეთ? – მკითხა ბრუკმა, მე კი მივუგე, რომ გაცილება არ მჭირდებოდა და რესტორნიდან გავედი.
ჩემს ნომერში ჩემი დამხმარე იმყოფებოდა, რომელმაც უხმოდ გამიკეთა ყურსასმენები და ბრუკისა და როჯერსის მოსმენას შევუდექი.
– მე მგონი, კოკი შესაბამისი კანდიდატურაა და ჩვენი ოპერაციის ჩატარებაში დიდად დაგვეხმარება, – უთხრა ბრუკმა როჯერსს და დაამატა – შენ წარმოიდგინე, რამხელა წარმატება იქნება – სამ კურდღელს ერთდროულად მოვიხელთებთ.
– კი, კარგია, მაგრამ, ჩვენი ვარაუდები რომ არ გამართლდეს, ლენგლიში ტყავს გამაძრობენ.
– გამართლდება, პერი, დარდი ნუ გაქვს. მარტა მიულერს კოკის შევახვედრებთ და მასზე ზემოქმედებას მოვახდენინებთ. იქნებ, ლოგინშიც კი ჩავუწვინოთ და ფირზე გადავიღოთ. მაშინ ეს ყველაფერი ათმაგად იოლი იქნება და სანუკვარ მიზანსაც მივაღწევთ.
– იდეა კარგია, ტონი, მაგრამ, მოვახერხებთ კი მის განხორციელებას?! რომ არ ისურვოს იმ ქალმა კოკისთან ჟიმაობა? და, საერთოდაც, კოკის აღარ ვეკითხებით? იქნებ, მას სულაც არ იტაცებს უცხო ქალთან სექსი და ცოლის ერთგულია? ხომ ნახე, როდესაც „კერვა“ დავუწყეთ, უპირველესად, ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები მოგვთხოვა.
– ეს ბუნებრივია. რაც შეეხება ჟიმაობას, არსებობს კი ჯანმრთელი კაცი ამქვეყნად, ვინც ლამაზ ქალთან დაწოლაზე იტყვის უარს?! თანაც, კოკი ჩვენთან ვალშია და უარს არ გვეტყვის.
– რას ეტყვი, რით აუხსნი მას ჩვენი თხოვნის არსს? – არ ცხრებოდა როჯერსი.
– არც არაფრით. უბრალოდ, ვთხოვ და მორჩა. არა მგონია, რომ გამოკითხვები დამიწყოს, რატომ ვთხოვ ასეთ რამეს, – უთხრა ბრუკმა როჯერსს.
მე ყურსასმენები კვლავ ჩემს დამხმარეს მივეცი, შემდეგ დაშიფრული წერილი შევადგინე და ისიც მას გადავეცი. წერილში კი ეწერა: „ბრუკი და როჯერსი აპირებენ, რომ მარტა მიულერთან შემახვედრონ, მასთან სქესობრივი კონტაქტი დამამყარებინონ და ეს ყველაფერი ფირზე გადაიღონ. ამის მეშვეობით კი ის დააშანტაჟონ და რაღაცაზე დაიყოლიონ. ხოლო, იმ „რაღაცის“ შესახებ არაფერი უთქვამთ. მარტა მიულერი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდანაა, შექსპიროლოგია და კვირეულში მონაწილეობს. გთხოვთ, მალევე მაცნობოთ პასუხი, რომ შესაბამისად ვიმოქმედო“.
ოცი წუთის შემდეგ კვლავ რესტორანში დავბრუნდი და თანამოსაუბრეებს მოვუბოდიშე.
– უკეთ ხართ, კოკი? – მკითხა ბრუკმა.
– არც ისე, – შევიჭმუხნე მე, – ამ აბების მიღების შემდეგ ორიოდე საათით დაწოლაა რეკომენდებული.
– მერე, რა გიშლით ხელს, კოკი? – საუბარში როჯერსი ჩაერთო, – საკმაოდ გვიანაა, ჩვენც დავიღალეთ. მოდი, ახლა დავიშალოთ და ერთმანეთს ხვალ შევხვდეთ, სამუშაო სხდომის დასრულების შემდეგ. გაწყობთ?
– თუ უხერხული არ იქნება, – მოკრძალებით მივუგე როჯერსს, ბრუკმა კი დაამატა:
– სულაც არა, ჩემო კოკი, დავიშალოთ. დაისვენეთ. ხვალ შევხვდეთ ერთმანეთს და ერთი პატარა თხოვნითაც მაშინ მოგმართავთ.
– კარგი, მეგობრებო, თუ ასეა, მირჩევნია დავისვენო, რომ დილისთვის ფორმაში ვიყო, – მივუგე ბრუკსა და როჯერსს, ორივეს ხელი ჩამოვართვი და რესტორანი სწრაფი ნაბიჯით დავტოვე.
ცენტრის პასუხი ღამის 2 საათზე მომივიდა, რომელშიც ეწერა: „მარტა მიულერი ცნობილი საბჭოთა მეცნიერის, პავლე სეროვის მეუღლეა. ის ბალისტიკურ რაკეტებს აკეთებს ჩვენი არმიისთვის და, როგორც ეტყობა, ამერიკელებს მარტას მეშვეობით უნდათ მისი ხელში ჩაგდება. ამიტომ, ჩვენ ამაღამვე გამოვიყვანთ მარტას ლონდონიდან, შენ კი მზვერავებთან ურთიერთობა განაგრძე და, თუკი რამე ახალი იქნება, დაუყოვნებლივ შეგვატყობინე. შემდეგ ინსტრუქციებს კი მოგვიანებით მიიღებ“.
დილით საკონფერენციო დარბაზში რომ მივედი, სადაც შექსპირის კვირეულის მონაწილეები იყვნენ შეკრებილები, მარტა მიულერი იქ აღარ დამხვდა და მივხვდი, რომ ის იქაურობას გაარიდეს. დარბაზში არც ბრუკი და როჯერსი იმყოფებოდნენ. ისინი მთელი სხდომის დროს არ გამოჩენილან, რაც იმას ნიშნავდა, რომ მარტას გაუჩინარება შეიტყვეს და, სავარაუდოდ, მას ეძებდნენ. ამგვარად, ჩემი მისია დასრულებული იყო და თავისუფლად შემეძლო, მოსკოვში დავბრუნებულიყავი და შჩუკინისთვის დავალების წარმატებით შესრულება მეპატაკა. თუმცა, მთელ ამ ამბავს ერთი დიდი მინუსი ჰქონდა და ლონდონში მის გამოსასწორებლად დავრჩი.
ჩემი დიდი მინუსი ის იყო, რომ ბრიტანეთის დედაქალაქში ყოველგვარი შენიღბვის გარეშე, ნამდვილი სახელით ვიყავი ჩასული და მოულოდნელი გაუჩინარება გამშიფრავდა. თანაც, ბრუკისა და როჯერსისთვის დარჩენის პირობა მქონდა მიცემული და, რომ წამოვსულიყავი, „მი 6“ და „ცეერუ“ აუცილებლად მიხვდებოდნენ, რომ მარტა მიულერის ამბავი მე „გავხეთქე“, რომ „კაგებეს“ თანამშრომელი ვარ და, საერთოდ, ერთ-ერთი უპირველესი სამიზნე გავხდებოდი, რაც არც ჩემს ოჯახს აწყობდა, არც მე და არც „კაგებეს“. ამიტომ, კვალი უნდა წამეშალა და მოსკოვში ისევე ლეგალურად დავბრუნებულიყავი, როგორც იქიდან ჩამოვედი. პირველ ყოვლისა, სიმშვიდე და ბრუკისა და როჯერსის ნახვა იყო საჭირო. ამიტომ, სხდომას ბოლომდე დავესწარი და, დარბაზიდან რომ გავდიოდი, ჯერ ბრუკი დავინახე, შემდეგ როჯერსი, რომელიც ტონის მიუახლოვდა და გვერდით ამოუდგა. აშკარა იყო, მე მელოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად იკავებდნენ თავს, შევატყვე, ძალიან გაღიზიანებულები იყვნენ და ნაძალადევად მიღიმოდნენ.
– მეგობრებო, როგორ ხართ, რამე ხომ არ მოხდა. სხდომაზე რატომ არ იყავით? – ვკითხე ბრუკსა და როჯერსს.
– როგორც ეტყობა, წუხელ ცუდი პროდუქტებით გვავახშმეს რესტორანში და ორივეს ისეთი მუცლის გვრემა დაგვემართა, რომ ნახევარი დღე ვიწექით, – მითხრა ბრუკმა, როჯერსმა კი დაამატა:
– ძლივს გამოვკეთდით, მაგრამ, ძალიან დავსუსტდით.
– ხომ არ აჯობებდა, მეგობრებო, რომ ჯანმრთელობისთვის მიგვეხედა, უკეთ დაგვესვენა, ჩვენი შეხვედრა კი ხვალისთვის გადაგვედო? – შევთავაზე მათ.
– არა, არა! – კატეგორიული უარი მითხრა ბრუკმა, რაშიც მას როჯერსიც დაეთანხმა. ჩვენ რესტორანში ჩავედით, მსუბუქი ვახშამი შევუკვეთეთ და ვუთხარი:
– თუ არ ვცდები, ჩემთან რაღაც თხოვნა გქონდათ.
– არა, არაფერი, – თავი გააქნია ბრუკმა და მითხრა: – მოდი, ახლა თქვენი ცოლ-შვილის უსაფრთხოებაზე ვილაპარაკოთ. მათი კოორდინატები მომეცით და, გპირდებით, რომ ისინი ზეგ უკვე თქვენ გვერდით, ლონდონში იქნებიან.
– მისტერ ბრუკ, უკვე ყველაფერი შეათანხმეთ შესაბამის ორგანოებთან? – ვკითხე ბრუკს, მან კი მომიგო:
– ჯერ არა, კოკი, მე ჯერ თქვენი აქ დარჩენის ამბავიც კი არ მითქვამს, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება და ხვალ დილით მოგვარდება ეს საქმე. ზეგ კი თქვენი ცოლ-შვილის გვერდით იქნებით.
ბრუკს ჩემი ცოლ-შვილის ცრუ კოორდინატები მივეცი, კიდევ ერთი საათი ვისხედით ერთად რესტორანში და შემდეგ ჩემს ნომერში დავბრუნდი.
იმავე ღამეს, ჩემმა დამხმარეებმა, რომლებიც „კაგებეს“ კარგად მომზადებული და აღჭურვილი აგენტები იყვნენ, ბრუკი და როჯერსი სასტუმროს სარდაფში დახოცეს, ბოლოს კი ორივე გვამს სპეციალური სითხე დაასხეს და უკვალოდ გააქრეს.
ლონდონში, რა თქმა უნდა, კვირეულის დასრულებამდე დავრჩი და მოსკოვში ისე ჩავფრინდი, რომ ჩემდამი ინტერესი არავის გამოუჩენია. როგორც ეტყობა, „მი 6“ და „ცეერუ“ იმდენად გადაერთნენ მარტა მიულერის ძებნაზე, რომ მე სრულიად გამოვრჩი მხედველობიდან და, ჩემი სრული ლეგალურობის გამო, ეჭვმიტანილთა სიიდან ამომიღეს.
ორიოდე წლის შემდეგ მარტა მიულერთან შეხვედრა მაინც მომიწია, რადგან ის აღმოსავლეთ ბერლინიდან მოულოდნელად გაუჩინარდა და პირადად აკადემიკოს პავლე სეროვის დაჟინებული მოთხოვნით გამგზავნეს მის მოსაძებნად.
შჩუკინთან რომ მივედი, არ ვიცოდი, რისთვის ვიყავი დაბარებული.
– შენი ორი წლის წინანდელი ლონდონური ვოიაჟი გახსოვს? – მკითხა მან.
– შექსპირის კვირეული?
– დიახ.
– მახსოვს.
– მაშინ, მარტა მიულერიც გემახსოვრება.
– მახსოვს. ის აკადემიკოს პავლე სეროვის ცოლია და მისგან ორი შვილი ჰყავს.
– მოკლედ, ჩემო კოკი, ეს ქალი გუშინწინ ბერლინში გაუჩინარდა. მისი ქმარი გაცოფებულია, ქალის სასწრაფოდ პოვნას მოითხოვს და სწორედ ამიტომ დაგიბარეთ. შენ სასწრაფოდ უნდა გაემგზავრო ბერლინში და მარტას კვალს მიაგნო.
– ჩვენი გერმანელი კოლეგები საქმის კურსში არიან?
– „შტაზისთვის“ (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დაზვერვა) ოფიციალურად არაფერი შეგვიტყობინებია, თუმცა, სავარაუდოდ, მათ ამის შესახებ იცოდნენ, – მომიგო შჩუკინმა.
მიუხედავად იმისა, რომ „შტაზი“ ჩვენი მომხრე სახელმწიფოს სტრუქტურა იყო, „კაგებე“ მას არასდროს ენდობოდა და ყოველთვის ვცდილობდით, რომ მასთან საქმე არ დაგვეჭირა, მით უმეტეს, სტრატეგიულ საკითხებზე, რადგან, შესაძლებელი იყო, რომ მათ ეს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოეყენებინათ.
– რამე ხელჩასაჭიდი გვაქვს?
– ის თავისი მშობლების ბინიდან გამოვიდა და მას მერე დაგვეკარგა მხედველობიდან, როდესაც მეტროში ჩავიდა ალექსანდრპლაცზე, – მითხრა გენერალმა შჩუკინმა, – მარტა მიულერზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი გვქონდა დაწესებული, მაგრამ, ჩვენმა დოყლაპიებმა ის ხელიდან გაუშვეს.
ბერლინში იმ განწყობით ჩავედი, რომ თივის ზვინში ნემსი უნდა მეძებნა, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. თუმცა, როგორც კი კონსპირაციულ ბინაში მივედი, სათანადოდ აღვიჭურვე, გარეგნობა შევიცვალე და, ის იყო მარტას საძებნელად უნდა წავსულიყავი, მეკავშირემ შემატყობინა, რომ მარტა გამოჩნდა.
– ხომ არაფერი გეშლებათ? – ვკითხე მეკავშირეს.
– არა, აი, სურათები, – მომიგო მან და მარტას სურათები მაჩვენა, რომლებიც სულ რაღაც ორიოდე საათის წინ იყო გადაღებული მისი მშობლების სახლთან.
– ახლა სადაა ობიექტი?
– მშობლების ბინაში. მას ჩვენ ვუთვალთვალებთ, – მითხრა მეკავშირემ, – გამორიცხული არაა, რომ სხვებიც უთვალთვალებდნენ. ამიტომ, ცენტრმა მასთან ფრთხილად დაკონტაქტება გიბრძანათ და მოქმედების სრული თავისუფლება მოგანიჭათ. შეგიძლიათ, იმოქმედოთ თქვენი შეხედულებებისამებრ და შექმნილი სიტუაცირიდან გამომდინარე. იმის უფლებაც კი დაგრთეს, რომ ტაბლეტი „ტ 2“ გამოიყენოთ.
ტაბლეტი „ტ 2“ ეგრეთ წოდებული ასალაპარაკებელი საშუალება იყო. მას ობიექტს სითხეში გარეულს ასმევდნენ და ის ყველა კითხვაზე სცემდა პასუხს. თუმცა, ერთი ასეთი დოზა ადამიანის სხეულში მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს იწვევდა და კიბოს კერის წარმოქმნის ალბათობა იზრდებოდა და, რადგან გასანეიტრალებელი საშუალება არ მოჰყვებოდა, მისი გამოყენება სწორედ ამიტომ იყო უკიდურესად შეზღუდული.
მეკავშირემ „ტ 2“ გადმომცა და წავიდა, მე კი მარტაზე „სანადიროდ“ წავედი, თან მოსკოვიდან გამოგზავნილი ქიმიური საშუალება წავიღე.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მარტა მიულერს უთვალთვალებდა როგორც „შტაზი“, ასევე, „ცეერუ“, რომ აღარაფერი ვთქვათ „კაგებეზე“. ამიტომ, მარტას ფოსტალიონის სახით ვეწვიე სახლში და „შტაზის,“ „ცეერუსა“ და „კაგებეს“ თვალწინ, შეუმჩნევლად გავიტაცე.
ქალი კონსპირაციულ ბინაზე მივიყვანე, „ტ 2-ის“ შესახებ ვუთხარი და ტაბლეტის გამოყენების გარეშე სიმართლის თქმა შევთავაზე. ის დამთანხმდა და მითხრა, რომ „შტაზის“ შტაბ-ბინაში იმყოფებოდა, სადაც მას თავისი ქმრის, პავლე სეროვის გატაცებაში დახმარებას სთხოვდნენ.
მარტა მიულერი ძალიან კონსპირაციულად ჩავიყვანე მოსკოვში და ისე გამოკეტეს, ეშმაკიც კი ვერ მიაგნებდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში